რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ოთარ ამილახვრის რეზიდენცია - როგორ ებრძოდა რუსეთის იმპერიას ,,შფოთის თავი'' თავადი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთარშენში (იგივე ორთაშენი) თანამედროვე ტიპის ეკლესია შენდება. ეს ის ადგილია, სადაც ერეკლე მეორის პერიოდში თავადმა ოთარ ამილახვარმა კოშკი ააშენა, ხოლო სოფელ ქვემო ჭალიდან ფაქტობრივად რეზიდენცია გადაიტანა.

მართალია, ოთარ ამილახვარი გორის ციხეში ცხოვრობდა, თუმცა გორელებთან, განსაკუთრებით ვაჭრებთან გართულებული მდგომარეობის გამო, მნიშვნელოვან დროს ოთარშენის კოშკში ატარებდა.

ისტორიული ძეგლების აღწერილობის მიხედვით, კოშის ეზოში წმ. გიორგის სახელობის ნიში იყო; იქვე იდგა სათვალთვალო კოშკი, სადაც თავადი ამილახვარი ამალითურთ მტრის შემოსევას უმკლავდებოდა.

კოშკს სათოფურები ჰქონდა, ორი პირველ სართულზე, ხოლო სამი - მეორე სართულზე.

სხვადასხვა წყაროების მიხედვით, სოფელი ოთარშენი სწორედ გორის მოურავმა ოთარ რევაზის ძე ამილახვარმა დააარსა და სახელწოდებაც ,,ოთარ-შენი'' სავარაუდოდ აქედან მოდის. თავადმა აქ გამოსყიდული ტყვეები დაასახლა.

ვინ იყო ოთარ ამილახვარი (რევაზის ძე) (175-1827)

ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი თავის წიგნში ,,გორის ისტორია'' წერს, რომ გორელებს, განსაკუთრებით ვაჭრებს, ერეკლეს დროს არ უყვარდათ ამილახვრები. ამის გამო, გორის მოურავის წინააღმდეგ არაერთი საჩივარი დაწერეს ერეკლე მეფის წინაშე.

ისტორიკოსის ცნობით, მოურავის წინააღმდეგ მოქალაქეთა გამოსვლას მსხვილი ვაჭრები უბიძგებდნენ. 1789 წლის საჩივარი გორელებმა ერეკლეს მანუჩარ თუმანიშვილის ჩაგონებით მიართვეს:

ოთარი 1785 წელს დაღესტნელების წინააღმდეგ იბრძოდა, ხოლო 1795 წელს კრწანისის ბრძოლაში მონაწილეობდა
.
ოთარ ამილახვარს მეფესთან რომ ყოველთვის კარგი ურთიერთობა არ ჰქონდა, ჩანს 1780 წლის 16 ოქტომბრის ერთი საინტერესო საბუთიდან. ეს არის ოქმი ერეკლე მეორისა ოთარ ამილახვრისადმი. მოვიყვან ამ საბუთს მთლიანად:

,,ქ. ჩვენ მაგიერად მის ბრწყინვალებას ამილახვარს ბატონს ოთარს მრავალი მოკითხვა მოხსენდეს. მერე დღეს რომ ამ თვის თექვსმეტი არის ჩვენი შვილის ფარნაოზისა და ქისიყის მოურავის ზაქარიას წიგნი მოგვივიდა. წუხელის სამი საათი იყო ღამისა გასული რომ ყარაულები მოგვივიდნენო, ომარ-ხან ჯარით ურდოს ფონზე გამოვიდაო. ეს ათი-თორმეტი დღე არის რომ წიგნი მოგწერეთ და შენი სასარდლოს ჯარით ქალაქს დაგიბარეთ. შენ ახლა ქალაქს გვგონიხარ და თუ ვინიცობა არის ჯერ არ წამოსულიყო ეს ჩვენი ოქმი რომ მოგივიდეს მაშინვე საჩქაროდ მდევრულად გამოსწიო და შენის სასარდლოს კაცით ამ თარიღიდამ ოთხს დღეებზე ქალაქს უნდა ჩამოხვიდე. არ დაიგვიანო თორემ პასუხს ვეღარ მოგცემ დიდად. სიჩქარეს უნდა ეცადო, დღე და ღამე გაასწორო და ქალაქს ჩამოხვიდე და ქალაქს როგორც ჩვენი ამბავი… ჩვენს უწინდელს ოქმში ეწერა ჩვენ ამის მეტს ოქმს აღარ მოგწერთო, მაგრამ ხალხი არ მოგვეშვა და იმათ მოგვაწერინეს თორემ შენთან წიგნის მოწერას აღარც ვაპირებდით, ამიტომ, რომ უწინდელის ოქმი რაც ასე მოგწერეთ, რომ... სხვა ოქმ აღარ მოგწერთო’’

თუ ციტირებული საბუთი ს. კაკაბაძემ სწორად დაათარიღა, მაშინ ოთარი ამილახვარი და ზემო ქართლის სადროშოს სარდალი ყოფილა ჯერ კიდევ 1780 წელს.

ოთარ ამილახვარმა თავი გამოიჩინა გორელებისადმი მკაცრი მოპყრობით და გადასახადების გადიდებით. ჩვეულებრივი ამბავი იყო მისი კაცების მიერ გორში დუქნების ძარცვა, ხალხის მოტაცება გამოსასყიდის წასართმევად. ქალაქის საგადასახადო დავთარი, რომელიც მოქალაქეთა მიერ ამორჩეულ თავკაცებს უნდა ჰქონოდათ, ოთარმა წაიღო, თავის სახლში დასდო და გადასახადებს მოქალაქეებს როგორც უნდოდა ისე ახდევინებდა. გორელებს განსაკუთრებით აწუხებდათ ოთარ ამილახვარის გორში დასახლება.

1789 წელს გორელებმა ერეკლე მეფესთან იჩივლეს ამილახვრის თვითნებობის გამო. მეფემ ბრძანა:

,,ამილახვრის გორიდან აუყრელობა არ იქნება. ეს მკა და კალო რომ გათავდეს, უნდა აიყაროს და გორიდამ გადავიდეს, ჭალას ჩავიდეს და იქ თავის სამკვიდრო სახლში დადგეს’’.

მეფის ბრძანებით, გორელებს თავიანთი მოვალეობა ოთარ ამილახვრის წინაშე პირნათლად უნდა შეესრულებინათ. მაგრამ ოთარის გორიდან გაყვანა, ვერც მეფე ერეკლემ და ვერც გორელებმა შეძლეს.

გორელებსა და ამილახვარს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გამწვავდა ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ. მას გორელები აღარ ემორჩილებოდნენ და ემუქრებოდნენ კიდეც. ამიტომ იყო, რომ გიორგი XII გორელებს აფრთხილებდა და მოუწოდებდა ოთარისადმი ერთგულნი ყოფილიყვნენ, თუ არა მკაცრად დაისჯებოდნენ.

ისე გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე, რომ გორელების და ამილახვრის შერიგება ვერ შეძლო.

ოთარ ამილახვარი ხელისუფლებისათვის მებრძოლთა იმ დაჯგუფებას მიემხრო, რომელიც იულონ ბატონიშვილის გამეფებას ცდილობდა. იულონი ოთარის სიძე იყო.

ამილახვრების სოფ. ჭალაში 1800 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა მოწოდება, რომლითაც ბატონიშვილებმა _ იულონმა, ვახტანგმა და მირიანმა ამილახვარს და გორელებს მიმართეს.

1801 წლის 28 იანვარს ოთარ ამილახვარი ბატონიშვილ იულონს მიემხრო სხვა თავადებთან ერთად და აცხადებდა: უმჯობესია მოვკვდე ვიდრე ბატონიშვილი დავითი გვყავდეს მეფედო.

ბატონიშვილმა დავითმა თავისთან დაიბარა ოთარ ამილახვარი სხვა თავადებთან ერთად. იგი მათ დაემუქრა: ვინც შეყოვნდება, იმპერატორის ჯარის მიერ დაისჯებაო. მან თავის ძმა თეიმურაზს უბრძანა ამილახვრები და სხვა თავადაზნაურები სურამიდან ჭალამდე შეკრიბე გორში და ფიცი დაადებინეო.

ოთარი დააპატიმრეს. იგი შემდეგნაირად აღწერდა თავის დაპატიმრებისა და სატუსაღოში მისადმი მოპყრობას:

,,წინაპართა ჩემთა ჰქონდათ ამილახვარობა, სარდლობა და გორის მოურაობა… მეფე ერეკლესაგან ბოძებული და ეგრეთვე მეფის გიორგისაგან დამტკიცებული და არც იმის სიცოცხლეში ეს სახელოები არ ჩამომრთმევია. იმის მიცვალებას უკან ეს სახელოები ორი თვე კიდევ მეჭირა. მას უკან ჩემ მტრებმა ასე რიგად დამაბეზღეს ბატონიშვილის დავითთან, რომ არას გლეხს ისე არ მოეპყრობოდა, მე ისე მომეპყრო, ამისთვის, რომ იულონ ბატონიშვილი ჩემი სიძე იყო, ერთმანეთს რომ მტრობდნენ, იმისთვის. გამომისია სამოცი ყაზახი,გორს, ჩემს სახლში ვიყავი. ჩამომიხდნენ ღამე, მძინარე ამაყენეს და გარეთ გამათრიეს ტიტველა და იქ ერთის გლეხის ტყავი ჩამაცვეს, გამიკრეს მკლავები, ორი საბელიც წელზე მომაბეს და ისე წამომიყვანეს ქალაქისაკენ. წინ და უკან შუბებით მიმიყვანეს ქალაქში და თათრის მეიდანში სალდათებს მიმაბარეს. დამაგდეს ერთს სახლში. არც კაცი მამიყვანეს და არც საჭმელი შემოუშვეს თვინიერ სალდათის პურის მეტი. ღვინოს თხოვნაზე ერთმა სალდათმა თავიც გამიტეხა. ვიყავ ამ მწუხარებაში სამი თვე, ამასაც არ დამაჯერეს. სახლში თუ რამ მებადა, ბატონიშვილს თეიმურაზს ამიკლებინეს. დავით ბატონიშვილის ბრძანებით ზემოხსენებული სახელოებიც ჩამომართვეს, გიორგი ამილახვარს მისცეს’’

1801 წლის თებერვალში დაკითხვის დროს, აზნაურმა დავით მამაცოვმა, რომელიც ბატონიშვილებთან ერთად იმყოფებოდა კახეთში, განაცხადა, რომ ბატონიშვილებიდან რუსული რეჟიმის დამყარების წინააღმდეგ განსაკუთრებით აქტიურობს ვახტანგი, შემდეგ ფარნაოზი; თავადებიდან ჯანყის თავები არიან ოთარ ამილახვარი, თამაზ ორბელიანი, ჩოლოყაევები, რევაზ ბარათოვი და გორჯასპი ქაიხოსრო.

დავით ბატონიშვილის თხოვნით, გენერალმა ლაზარევმა ოთარ ამილახვარი, როგორც შფოთის თავი, გორში დააპატიმრა და თბილისში წიაყვანა. 1801 წლის თებერვალში მას ქონება და ყველა თანამდებობა ჩამოართვეს.

20 თებერვალს ლაზარევი კნორინგს მოახსენებდა, რომ ოთარმა დაკითხვის დროს თქვა:

,,მე მქვია ოთარ ამილახვარი, ვარ ქართველი თავადი, ვცხოვრობ გორის ციხეში’’.

ბატონიშვილები კახეთში გადავიდნენ იმ განზრახვით, რომ იქაური მოსახლეობა დაეფიცებინათ ქართლელების მსგავსად, შემდეგ თბილისზე გაელაშქრათ და რუსები საქართველოდან გაეძევებინათ. მაგრამ ქიზიყში მისულმა რუსეთის ჯარმა აიძულა ბატონიშვილები დაბრუნებულიყვნენ ქართლში. მათ მუხრანთან დაეწია ალექსანდრე ბატონიშვილი და შეთქმულთა გეგმები ჩაშალა.

ბატონიშვილები თავინთი მომხრეებითურთ გაიფანტნენ: იულონი იმერეთში გადავიდა, რათა იქაური ჯარით შეჭრილიყო ქართლში.

ამის შემდეგ ოთარ ამოლახვარი გორში, თავის სახლში დაბრუნდა.

დავით ბატონიშვილმა წერილობით აცნობა ლაზარევს, რომ საქართველოს დაუმორჩილებლობის მთავარი დამნაშავე არის ოთარი ამილახვარი. მან თავადი რამდენჯერმე დაიბარა თავისთან, მაგრამ არ ეახლა. ამის შემდეგ დავითმა მისი დაპატიმრება მოითხოვა. ლაზარევმა გორის ციხეში გაგზავნა რაზმი და დააპატიმრებინა ოთარი, რომელსაც ზემოთ ციტირებული ჩვენება ჩამოართვა. დავითი მოითხოვდა ოთარი გაესამართლებინათ რუსული ან ქართული კანონებით.

კნორინგი ლაზარევს წერს (1801 წ. 12 მარტი), რომ ,,ოთარ ამილახვაროვი, რომელიც დაპატიმრა თქვენმა უმაღლესობამ მემკვიდრე ბატონიშვილის, დავითის მოთხოვნით, უქვეშევრდომილესი წერილით მოვახსენე მისი იმპერატოროსობის უდიდებულესობას.

ოთარ ამილახვარი გორში დაბრუნდა. დავით ბატონიშვილმა გენერალ ლაზარევს სთხოვა, რომ ოთარ ამილახვარი, როგორც შფოთის თავი, დაისაჯოს რუსული ან ქართული კანონების მიხედვით. დავითი მის ერთ-ერთ სერიოზულ დანაშაულად იმას თვლიდა, რომ გორიდან ამილახვარი რამდენჯერმე თავისთან დაიბარა, მაგრამ არ ეახლა.

ამის შემდეგ (1802 წ. 10 აგვისტო), ხელისუფლებამ გადაწყვიტა ოთარ ამილახვარი თბილისიდან არ გაეშვათ.

ოთარ ამილახვარს მფარველად მოევლინა პ. ციციანოვი, რომელმაც 1803 წ. 26 მარტს უქვეშევრდომილეს მოხსენებაში აღნიშნა:

,,თავ. ოთარ ამილახვარმა მომართვა თხოვნა, რომელშიც განმარტავს, რომ მისი წინაპრები და თვითონაც უკანასკნელი მეფის გიორგის აღსასრულამდე საქართველოში ფლობდნენ ამილახვრის, სარდლის და გორის მოურავის ჩინებს; მაგრამ ბატონიშვილმა დავით გიორგის ძემ, რომელსაც იმედი ჰქონდა საქართველოს სამეფოზე მემკვიდრეობისა და ამის გამო წინააღმდეგობაში იყო ბატონიშვილ იულონთან, რომელსაც ცოლად ჰყავს ხსენებული ამილახვრის და, დაბეზღების და ურთიერთმტრობის შედეგად, მაშინ, როდესაც მთელი საქართველო იყო დაფლეთილი, _ მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ, მალე, მოითხოვა სამხედრო რაზმი და თავ. ამილახვარი დააპატიმრა მისსივე სახლში; ის ჩაიყვანა თბილისში და დაპატიმრებული ჰყავდა სამი თვის განმავლობაში, ბოლოს მას ჩამოართვა ყველა ჩინი და ღირსება და ისინი გადასცა თავ. გიორგი ამილახვარს. თ. ოთარ ამილახვარმა დაივიწყა განცდილი წყენა, ითხოვს დაუბრუნონ მისი კუთვნილი ტიტულები სარდლის, ამილახვრის და გორის მოურავობისა, რომლებიც უკანონოდ და ძალით ჩამოართვეს ბატონიშვილი დავითისაგან პირადად დევნის შედეგად, რომელსაც არავითარი უფლება არ ჰქონდა საქართველოს მართვისა. როგორც მე-17 ეგერთა პოლკის შეფმა, გენერალ-მაიორმა ლაზარევმა, რომელიც იმ დროს საქართველოში ჯარის მეთაური იყო, წერილობით მაცნობა, რომ თავ. ოთარ ამილახვრის ჩვენება მისი დაპატიმრებისა და ჩინების ჩამორთმევის შესახებ ჭეშმარიტებაა და ის ამ შემთხვევაში ხელმძღვანელობდა ბატონიშვილ დავითთან ურთიერთობით, რომელსაც აღიარებდა უფროსად სამეფო ოჯახში. გავბედავ და ვითხოვ თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობის ნებართვას, თავ. ოთარ
ამილახვარს დაუბრუნდეს წინანდელი ტიტულები და აღსდგეს წინანდელ ღირსებაში...’’

1803 წლის 5 მაისს ციციანოვმა იმპერატორისაგან მიიღო პასუხი ოთარ ამილახვარის საქმეზე: `განვიხილე რა თქვენი 26, 28 და 31 მარტის წარდგინებები სხვადასხვა, თქვენდამი რწმუნებულ სამართველოსთან დაკავშირებული საქმეების შესახებ, ვბრძანებ:

- თავ. ოთარ ამილახვარს საქართველოში არეულობის დროს წართმეული ტიტულები და ღირსებები ამილახვრის, სარდლისა და გორის მოურავობის დაუბრუნდეს…


პ. ციციანოვმა იმპერატორის ბრძანების შესახებ აცნობა გორის კომენდანტს, მაიორ რეიხს იმავე წლის 22 აგვისტოს.

პ. ციციანოვმა განიზრახა ქართველი თავადაზნაურობის გულის მოგების მიზნით მათთვის აღედგინათ ქართველი მეფეების დროინდელი პრივილეგიები. მისი აზრით, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფეების _ გიორგის ან ერეკლეს მიერ დანიშნული ჯამაგირის ან პენსიების რაოდენობის გათვალისწინებით, შეიძლება დაენიშნოთ სამხედრო მოხელეებს, კარის მოხელეებს და პენსიონერებს სხვადასხვა თანხები, მარჯვენა ფრთის სარდალს თ. ოთარ ამილახვაროვს, იგივე ამილახვარს და გორის მოურავს დაენიშნოს 5.000 რუბლი. იმის გამო, რომ იგი მთელ ქართლში სარგებლობს პატივისცემით და ნდობით დაჯილდოვდეს წმ. ანას მეორე კლასის ორდენით და 2.000 რუბლით.


მართებელმა სენატმა 1804 წლის იანვარში, პ. ციციანოვის წარდგინებით ოთარ ამილახვარს აღუდგინა გორის მოურავობა და მიანიჭა გენერალ-მაიორის წოდება.’’


რუსმა მოხელეებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს ქართველ თავადებთან სასურველი ურთიერთობის დამყარება და, როგორც ჩანს, უკანასკნელნი როდესაც ამბოხებითა და სხვა ძალისმიერი საშუალებებით მიზანს ვერ აღწევდნენ ისევ თავიანთ რიგებში არსებული წინააღმდეგობის გამო. ამით მოხერხებულად სარგებლობდნენ იმპერატორის მოხელეები.

თავადები ცდილობდნენ თავიანთი უკმაყოფილების შესახებ იმპერატორისათვის მიეწვდინათ ხმა.

ქართველი თავადების ერთი ჯგუფის ასეთი განზრახვა გამჟღავნდა 1806 წელს: ისინი აპირებდნენ პეტერბურგში წერილის გაგზავნას.

საქარველოს მმართველმა ლიტვინოვმა თავისთან დაიბარა, მისი აზრით საეჭვო რეპუტაციის თავადები _ თ. გენერალ-მაიორი ოთარ ამილახვარი, ბრიგადირი თ. თამაზ ორბელიანი, სტატსკი სოვეტნიკი ევსტაფი ციციანოვი, კოლეჟსკი სოვეტნიკი და გორის მარშალი თ. რევაზ ერისთავი, თ. ივანე ანდრონიკოვი და კოლეჟსკი სოვეტნიკი თ. დიმიტრი ბარათოვი.

დასახელებულმა პირებმა აღნიშნეს, რომ ზოგიერთმა თავადმა ხელი მოაწერა პეტერბურგში გასაგზავნ წერილს, მაგრამ იმას არა აქვს ძალა, რადგან ის არ ეკუთვნის მთელ საზოგადოებას (იგულისხმება თავადობა). ქვემორე ხელმომწერები ადასტურებენ, რომ არავითარი ქაღალდი არ გაუგზავნიათ, არც აგზავნიან და არც მომავალში გააგზავნიან მთავრობასთან შეთანხმების გარეშე.

ოთარ ამილახვარს ვხედავთ 1807 წლის ზაფხულში, როდესაც მთავრობის, კონკრეტულად კი გენერალ-მაიორ ორბელიანის დავალებით მან უნდა ჩამოაყალიბოს ქართველი ცხენოსნების რაზმი ახალციხიდან გადმოსული მძარცველებისაგან ქართლის საზღვრების დასაცავად. მაგრამ მან გაურკვეველი მიზეზების გამო ამისგაკეთება ვერ შეძლო.

ოთარ ამილახვრისადმი, როგორც იმპერიის მსახურისადმ უარყოფითი დამოკიდებულება გამოსჭვივის საქართველოს და კავკასიის ხაზის მთავარსარდლის, კავალერიის გენერლის ა. პ. ტორმასოვის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ო. პ. კოზოდავლოვისათვის გაგზავნილ შუამდგომლობაში.

ტორმასოვი გაკვირვებას გამოხატავს იმის გამო, რომ გენერალ-მაიორი თამაზ ორბელიანი, რომელმაც თავი გამოიჩინა ყველგან სადაც კი იმპერიის ინტერესები დაცვას მოითხოვდა და ეს პიროვნება გასამრჯელოს იღებს ასიგნაციებით, რომელსაც არავითარი ფასი არ აქვს საქართველოში. მისი აზრით ასეთი მდგომარეობა მით უფრო მიუღებლია, `მაშინ, როდესაც სერდარი გენ.-მ თ. ივანე ორბელიანი და სერდარი გენ.-მ თ. ოთარ ამილახვაროვი, რომლებსაც თავი არ გამოუჩენიათ სამსახურში, წოდების მიხედვით ჯამაგირს იღებენ ვერცხლით’’

ოთარ ამილახვარი გარდაიცვალა 1827 წელს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.