რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები პირველი ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე
პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება - რა სიახლეები დახვდება საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს, რა იცვლება ამომრჩევლისთვის და რა ეტაპზეა საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა - ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პასუხობს.

- ბატონო გიორგი, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით წელს უკვე მეორე არჩევნები ჩატარდება, სად და ვის ირჩევენ ამომრჩევლები?

- პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს აირჩევენ საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანში კი ჩატარდება მერის რიგგარეშე არჩევნები.

ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რადგან, გარდა იმისა, რომ ამომრჩევლები შეძლებენ აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტში თუ თვითმმართველობის ორგანოში, ამას გააკეთებენ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით. როგორც გაზაფხულზე ჩატარებული არჩევნებისას, ახლაც საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს ფართო მასშტაბით გამოიყენებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი - უკვე განსაზღვრულია, რომ 2024 წელს პარლამენტის არჩევნებზე საარჩევნო უბნებზე მისულ ამომრჩეველთა 90% ხმის მიცემას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლებს და ეს საქართველოში არჩევნებზე ტექნოლოგიების ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოყენების პირველი პრეცედენტი იქნება. შესაბამისად, ტექნოლოგიების კარგად შესწავლა, გამოცდა მნიშვნელოვანია და სწორედ ამის საშუალება მოგვცა 29 აპრილს ჩატარებულმა არჩევნებმა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ წარმოადგენდა ერთგვარ „გენერალურ რეპეტიციას. სწორედ ამ არჩევნებზე დიდი მასშტაბით გამოვცადეთ ტექნოლოგიები. პრაქტიკაში ვნახეთ, შედარებით ფართო მასშტაბის პირობებში, როგორ იმუშავა ტექნოლოგიებმა და რა იყო მისი დადებითი მხარეები. ასევე, ყველა ადგილობრივი ორგანიზაციის ანგარიში შესწავლილია, იდენტიფიცირებულია გამოწვევები და საჭიროებები. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე 7 არჩევნებზე გამოიყენა სხვადასხვა მასშტაბით ელექტრონული ტექნოლოგიები, რომელსაც 2018 წლიდან ტესტავს და ატარებს პილოტებს. აღნიშნულმა პილოტებმა, ასევე არჩევნებზე დაკვირვების მიზნით სხვა ქვეყნებში ვიზიტებმა და მათი გამოცდილების გაზიარებამ, მნიშვნელოვანი გამოცდილება შეგვძინა. პირველ ოქტომბერს არჩევნებით დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, ასევე პრაქტიკაში კიდევ ერთხელ ვნახავთ იქნება თუ არა ისეთი საკითხები, რომელსაც ჩვენი მხრიდან კვლავ გარკვეული ყურადღების მიქცევა დასჭირდება იმისთვის, რომ 2024 წელს გასამართ არჩევნებს კიდევ უფრო მეტად მომზადებულები შევხვდეთ.

- კონკრეტულად როგორ ჩატარდება პირველ ოქტომბერს არჩევნები? უფრო დეტალურად ავუხსნათ მკითხველს, რას გულისხმობს ეს ტექნოლოგია. მაგალითად, აუცილებელია თუ არა საარჩევნო უბანზე მისვლა, თუ ხმის მიცემა დისტანციურად იქნება შესაძლებელი?

- 1 ოქტომბერს ამომრჩეველთა 85.3%-ს ექნება შესაძლებლობა, თავად ნახოს, თუ როგორ მუშაობს ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიები. არჩევნებისთვის 133 საარჩევნო უბანი გაიხსნება. ცესკოს გადაწყვეტილებით, ამომრჩეველთა ვერიფიკაციის და ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ამ ახალი ტექნოლოგიების დანერგვა არ ნიშნავს იმას რომ ხმის მიცემა სახლიდან, საკუთარი მოწყობილობიდან იქნება შესაძლებელი. ამომრჩეველი არჩევანის გასაკეთებლად აუცილებლად უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე, ან შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მოითხოვოს გადასატანი ყუთი. ჩვენ გამოვიყენებთ ორი ტიპის ტექნოლოგიას, მათ შორის, როგორც ამომრჩეველთა რეგისტრაცია/ვერიფიკაციის აპარატებს, ისე ხმის დათვლის აპარატებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ შემთხვევაში, აპარატები არ იქნება ქსელში ანუ ინტერნეტში ჩართული, რაც, რა თქმა უნდა, გამორიცხავს კიბერჩარევის საფრთხეს. საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის მონაცემებს რეგისტრატორი ელექტრონული ვერიფიკაციის აპარატით გადაამოწმებს. აღსანიშნავია, რომ ვერიფიკაციის აპარატში მხოლოდ იმ კონკრეტული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა სია იქნება ჩატვირთული. ვერიფიკაციის აპარატი იძლევა ორმაგი დადასტურების შესაძლებლობას. კერძოდ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის აპარატზე გატარების/შემოწმების შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება დოკუმენტის მფლობელის ფოტოსურათი, რის საფუძველზეც დადასტურდება მისი ვინაობა. ამოიბეჭდება შესაბამისი ქვითარი, რომელზეც ამომრჩეველი მოაწერს ხელს.



განსხვავებული იქნება საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის სახელის წინ არსებული წრე. ამასთან, ბიულეტენს აქვს დამატებითი დაცვის შესაძლებლობებიც - ინდივიდუალური QR კოდი და შტრიხკოდი, რაც გამორიცხავს იმას, რომ სხვა უბნის ბიულეტენი ან იგივე ბიულეტენი განმეორებით მოხვდეს ყუთში.

რა თქმა უნდა, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა - მას შემდეგ რაც ფარული კენჭისყრის კაბინაში გააფერადებს სასურველი კანდიდატის წინ არსებულ წრეს, ამომრჩეველმა ბიულეტენი უნდა ამოაბრუნოს და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში. სწორედ ეს აპარატი ავტომატურ რეჟიმში დაითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე დაბეჭდავს კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს.

ბიულეტენები ასევე გადაითვლება ხელით და სწორედ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმი.

- რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, რომლებიც ამ 85%-ში ვერ მოხვდნენ, როგორ მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას?

- მინდა განვმარტო, რომ ძველი წესით არჩევნები ჩატარდება ისეთ უბნებზე, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 300-ზე ნაკლებია და 20 კილომეტრზე მეტით არის დაშორებული საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილიდან. აგრეთვე, ისეთ უბნებზე, რომლებიც გამონაკლის შემთხვევებში შეიქმნება ან განთავსებული იქნება ძნელად მისადგომ ადგილას.

ის, რომ არჩევნები ამ უბნებზე ტრადიციული მეთოდით ტარდება, არ ნიშნავს რომ რამე ძალისხმევას დავაკლებთ. ამ უბნებზე კენჭისყრა აუცილებლად სათანადო, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიმართება. მით უფრო იმ ფონზე, რომ გარკვეულწილად ეს უბნებიც მოდერნიზებული იქნება და დამატებით გამჭვირვალობის ზრდის მიზნით განხორციელდება ბიულეტენების გაციფრულება და გასაჯაროება.

- რა უპირატესობა აქვს არჩევნებში ტექნოლოგიების დანერგვას? საინტერესოა, შემცირდება თუ არა ხმების დათვლისა და შედეგების გასაჯაროების დრო?

- უკვე წლებია, საარჩევნო ადმინისტრაცია საპილოტე რეჟიმში იყენებს ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებს და სწავლობს დანერგვის შესაძლებლობებს. ამასთან, სისტემატურად ვეცნობით ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებას. სწორედ საარჩევნო ტექნოლოგიების პილოტირებამ და მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების გამოყენება უზრუნველყოფს პროცედურების სიმარტივეს და გარკვეულწილად აზღვევს ადამიანურ შეცდომებს. ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესი უფრო კომფორტულია; მცირდება ხმის მიცემის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის დაყოვნების დრო; ხმის მთვლელი აპარატები საშუალებას იძლევა ოპერატიულად დამუშავდეს მონაცემები, შესაბამისად უზრუნველყოფილია საზოგადოების დროული ინფორმირება.

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ როგორც მოდერნიზებული, ისე ტრადიციული უბნების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა, რაც გამოიხატება ბიულეტენების ხელით გადათვლით. კერძოდ, აპარატის მიერ ბიულეტენების დათვლისა და წინასწარი მონაცემების ამობეჭდვის შემდგომ, პროცესში კვლავ განსაზღვრულია ხელით გადათვლა, რის შემდგომაც შედგება იურიდიული ძალის მქონე შემაჯამებელი ოქმი. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად ჩვენ არ ველოდებით ხელით გადათვლის შედეგებს. ხმის მთვლელი აპარატი ავტომატურ რეჟიმში ითვლის ხმებს და კენჭისყრის დასრულების შემდეგ, სავალდებულო პროცედურების განხორციელებისთანავე, აპარატებიდან ამოიბეჭდება შედეგების ამსახველი ამონაწერები (ქვითრები), რომლებიც უმოკლეს ვადებში გადაიგზავნება ცესკოში და ასევე ძალიან მოკლე დროში გასაჯაროვდება.

ახალი მიდგომა და გადაწყვეტა გვაქვს იმის თაობაზეც, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო უბანზე ამობეჭდილი წინასწარი მონაცემების გადმოგზავნა საარჩევნო კომისიაში როგორც მოდერნიზებული, ასევე ტრადიციული უბნებიდან. ამისათვის გამოყენებული იქნება პლანშეტები, რაც შემაჯამებელი ოქმების დასურათების, მონაცემების სკანირებისა და ცენტრალურ სერვერზე მყისიერად გადმოგზავნის საშუალებას იძლევა, რაც პირველად და წარმატებით გაიტესტა 29 აპრილის არჩევნებზე.

- ელექტრონული აპარატის გამოყენებით ხმის მიცემისას როგორ იქნება დაცული ხმის ფარულობა?

- ფარულობა - ეს არის არჩევნების ფუნდამენტური პრინციპი და, რა თქმა უნდა უზრუნველყოფილი და დაცული იქნება. ამომრჩეველმა ბიულეტენი სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით, ამობრუნებული ფორმით უნდა მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში. შესაბამისად, შეუძლებელია, უბანზე ვინმემ შეძლოს იდენტიფიცირება, თუ ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

- ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვით რა იცვლება უშუალოდ ამომრჩევლისთვის? ელექტრონულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ ID ბარათისა და პასპორტის მქონე პირებს შეუძლიათ, თუ შესაძლებელია ლამინირებული მოწმობის გამოყენება?

- ვერიფიკაციის აპარატი უზრუნველყოფს უტყუარ დადასტურებას, რომ ამომრჩეველმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, რისთვისაც ID ბარათები და პასპორტი გამოიყენება. პირველ ოქტომბერს არჩევნებში ხმის მიცემა ლამინირებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითაც იქნება შესაძლებელი, რადგან ვერიფიკაციის აპარატებს მონაცემების ხელით შეყვანის ფუნქციაც აქვს, ხოლო 2024 წლის არჩევნებში კი უკვე ამომრჩევლის ვერიფიკაცია მხოლოდ ელექტრონული ID ბარათისა და პასპორტის წარდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

- შეიძლება თუ არა რომ საარჩევნო უბანზე რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოდეს? რა ხდება ასეთ შემთხვევაში?

- საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებით, ალბათობა იმისა, რომ რომელიმე აპარატი მწყობრიდან გამოვიდეს, მინიმალურია. მაგრამ, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული და დაზღვეულია მსგავსი შემთხვევებიც. მთავარი არის ის, რომ არცერთ შემთხვევაში არ შეწყდება კენჭისყრა. მაგალითად, თუ ვერიფიკაციის ერთი აპარატი მწყობრიდან გამოვა, შემცირდება რეგისტრატორთა რაოდენობა და შესაბამისად მოიხსნება მწყობრიდან გამოსული აპარატი და ვერიფიკაცია გაგრძელდება მეორე აპარატის გამოყენებით. იმ შემთხვევაში, თუ ყველა აპარატი გამოვა მწყობრიდან, საარჩევნო უბანზე დალუქულ მდგომარეობაში იქნება ამომრჩეველთა სამაგიდო სიები და ტრადიციული მეთოდით გაგრძელდება კენჭისყრის პროცესი.

რაც შეეხება ხმის დათვლის აპარატებს, ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებული იქნება არანაკლებ 2 აპარატი, ერთი აპარატის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ჩანაცვლება მოხდება მეორე აპარატით, ხოლო თუ ყველა გამოვა მწყობრიდან, ყუთს მოეხსნება ზემოდან დამაგრებული სკანერის აპარატი და პროცესი ძველი წესით გაგრძელდება (ამომრჩეველი ბიულეტენს ყუთის ჭრილში მოათავსებს).

- რამდენად არის საარჩევნო ადმინისტრაცია მზად ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატაროს პირველი ოქტომბრის არჩევნები და რა გავლენა ექნება მას 2024 წლის არჩევნებზე?

- საარჩევნო ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს. ამასთან, არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაგეგმა შესყიდვები და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან თანამშრომლობით, ღია საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე, გამოვლინდა ვენდორი კომპანია. 2023-2024 წლების განმავლობაში, საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკი“ მოემსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „სმარტმატიკს“ სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამის ტექნიკას თავადვე აწარმოებს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. მათ შორის განხორციელებული აქვს ამ ტიპის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები და ა.შ.

არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების მიზნით, ჩვენთვის, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია ამომრჩეველთა ინფორმირების უზრუნველყოფა, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების განხორციელება. უკვე შემუშავებულია სამოქმედო გეგმა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს ყველა აქტივობას. საგანმანათლებლო პროექტები, წლევანდელი და შემდეგი წლის, მთლიანად მიეძღვნება კენჭისყრაში ელექტრონული საშუალებებით მონაწილეობის საკითხს. გარდა ამისა, დაგეგმილია ამომრჩეველთა ინფორმირების ინოვაციური კამპანიები. შეგახსენებთ ცესკოსა და სწავლების ცენტრის საგანმანათლებლო პროექტებს - მაგალითად „ცესკოს საარჩევნო სკოლა“, „საარჩევნო ბანაკები“, „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები“, „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ და ა. შ. ამასთან, ყოველი არჩევნებისთვის ტარდება ინფორმირების კამპანია „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“, რომლის ფარგლებშიც საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ამომრჩევლებს ხვდებიან და აცნობენ საარჩევნო პროცედურებს, გადასცემენ საინფორმაციო ბროშურებს, ეხმარებიან ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებაში. უკვე განხორციელდა და კიდევ დაგეგმილია ელექტრონული ტექნოლოგიების დემონსტრაცია ხალხმრავალ ადგილებში. მედიაში განთავსდება საინფორმაციო-სარეკლამო რგოლები. გამოვიყენებთ ყველა შესაძლებლობას, იმისათვის რომ ამომრჩევლამდე ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიტანოთ.

ამასთან, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ამ არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიები  ფართო მასშტაბით იქნება გამოყენებული და მოგვცემს საშუალებას კიდევ ერთხელ ერთად დავაკვირდეთ და შევისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენების ყველა თავისებურება. მათ შორის დავაკვირდეთ იმას, ინფორმირების რომელი საშუალება მუშაობს უფრო ეფექტურად, მიღებული გამოცდილება კი გავითვალისწინოთ 2024 წლის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად.

არჩევნების მოდერნიზება ძალიან კომპლექსური საკითხია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლებას და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, ახალი რეალობის შესაბამისი საარჩევნო კულტურის დამკვიდრებას, საარჩევნო ადმინისტრაციამ, პოლიტიკურმა გაერთიანებებმა, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა და მედიამ ერთად უნდა შევუწყოთ ხელი, რადგან არჩევნები საერთო საქმეა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.