რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2024 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
შვეიცარიულმა აგრარულმა განათლებამ დმანისში მთელი მსოფლიოდან მოუყარა მხარდაჭერას თავი
შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია” დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ სარკინეთში მეოთხე სასწავლო წელია ფუნქციონირებს. ამ პერიოდში სკოლამ 100-ზე მეტი მსმენელი მოკლევადიან კურსებში ჩართო, ხოლო 18 სტუდენტი ორწლიან სასწავლო პროფესიულ პროგრამებზე “ფერმერი” და “რძის პროდუქტების წარმოება” მოამზადა.

სკოლის სასწავლო ბაზა სალექციო აუდიტორიებს, სტუდენტურ საცხოვრებელს, 50 ზრდასრულ საქონელზე აშენებულ თანამედროვე ფერმას, საძოვარს, სათიბსა და რძის პროდუქტების საწარმოს აერთიანებს. აქ დამზადებული რძის ნაწარმის რეალიზებისთვის, უახლოეს პერიოდში თბილისში ყველის კაფე გაიხსნება, სადაც სტუმრებს დმანისში წარმოებული ყველის ბაზაზე დამზადებულ საკონდიტრო ნახელავს შესთავაზებენ.




სკოლა

სკოლის შესაქმნელად, მისი დამფუძნებლის, მიხო სვიმონიშვილის გუნდი 2017 წლიდან მუშაობს. “მარგებელი ჰოლდინგისა” და შვეიცარიული მხარდამჭერი ფონდის თანადაფინანსებით, სასწავლებლის დაარსებისთვის პირველი ნაბიჯები წარმატებულად გადაიდგა, შეიქმნა არაკომერციული ორგანიზაცია “გამოყენებითი განათლებისა და განვითარების ქართული ასოციაცია ეიდი”, რომლის მიზანია გამოყენებითი განათლების გავრცელება და კულტურული აქტივობების განვითარება. მოგვიანებით, შვეიცარიის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების, ასევე ამერიკისა და ევროპის დონორი ორგანიზაციების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, დმანისში აგრარული დარგის განვითარების მასტიმულირებელი, პრაქტიკულ სამუშაოზე დაფუძნებული სასწავლებელი აშენდა. მომდევნო პერიოდში სასწავლო ბაზა მასწავლებლის სახლითა და ტრენინგ ცენტრით შეივსება.

პირველი სტუდენტები სკოლამ 2021 წელს მიიღო. ამის შემდეგ, “ფერმერისა” და “რძის პროდუქტების წარმოების” პროგრამებზე ჩარიცხული მოსწავლეები, შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად, არა მხოლოდ ქართულ, არამედ შვეიცარიულ ფერმებსა და საწარმოებში გადამზადდნენ. სკოლამ, თავისი მუშაობის პერიოდში მრავალჯერ მხარი დაუჭირა ქართული აგრო წარმოების პოპულარიზებას, აგრარულ გამოფენებზე წარადგინა გაუმჯობესებული გენეტიკის მქონე საქონელი, გაიმარჯვა არაერთ კონკურსში და მესაქონლეობის სექტორის ქართველ და შვეიცარიელ პროფესიონალებს ერთ საგანმანათლებლო სივრცეში მოუყარა თავი, სადაც მოსწავლეებს თანამედროვე ცოდნას ახალი თაობის ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური აღჭურვილობით სარგებლობის პირობებში გადასცემენ.

მიზნები



სკოლის მიზნები შორსმიმავალია და მისი წარმატების ამბავი გრძელდება. სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, მესაქონლე ფერმერები საკუთარი ფერმების შექმნისა და მართვისათვის შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღიჭურვონ. რძის პროდუქტების მწარმოებლებმა კი ფერმიდან მიღებული ნედლეულის გადამუშავების სრული ციკლი დამოუკიდებლად და ზედმიწევნით უნდა აწარმოონ. სკოლა ჩარიცხულ სტუდენტებს სრულყოფილ სასწავლო მასალებსა და პრაქტიკული სამუშაოსთვის აუცილებელ რესურსებს სთავაზობს.





საგანმანათლებლო და საწარმოო საქმის მრავალფეროვნება ინტერესს არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ფონდებსა და დონორ ორგანიზაციებში იწვევს. მის მიმართ მხარდაჭერას სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ. “შვეიცარიის სამხრეთ კავკასიის ფონდმა” / Gebert Rüf Stiftung და გაეროს განვითარების პროგრამამ / UNDP, ასევე შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტომ / SDC მსხვილი დონაციები გასწიეს “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის” დაარსებისა და განვითარებისათვის.

მხარდაჭერა მთელი მსოფლიოდან

პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთნენ ინდივიდუალური ინვესტორებიც. დენიელ ბეკერი, მონტენეგროს მოქალაქეა და თბილისში ცხოვრობს. ის სამეწარმეო საქმითაა დაკავებული და ინვესტიციებს ქსელურ აპლიკაციებში, ასევე ხელოვნური ინტელექტის ბაზაზე შექმნილ ხელსაწყოებში ახორციელებს.

დენიელისთვის დმანისის სკოლა აღმოჩენა იყო. ინტერვიუს დროს მითხრა, რომ სკოლის შესახებ შემთხვევით, ერთ-ერთ მიღებაზე ჰელენ შულტესისგან და მარტინ იანსენისგან შეიტყო. ვიზიტის შემდეგ მან მხარდაჭერის სახით, ფონდში დონაციის სურვილიც გამოთქვა. თინათინ მახარაძემ, სკოლის დირექტორმა საუბრისას განმიმარტა, რომ ასეთ შემთხვევებში, კერძო დონორი მიმდინარე, აქტიურ პროექტში ერთვება. დანიელის შემთხვევაში ეს მასწავლებელთა სახლის ინფრასტრუქტურული მოწყობა აღმოჩნდა. მისი შემოწირულობით სკოლას თანამედროვე ტექნიკური კომპონენტი შეემატება.



ამერიკელ ინვესტორს აგრეთვე, აგრარული ტექნოლოგიებისა და წარმოების ციფრული მხარდაჭერის განვითარების ინტერესი აქვს. მისი თქმით, ტექნოლოგიური ეპოქა სტუდენტებმა სწორად უნდა გამოიყენონ და საკუთარი საქმიანობა ამ საუკუნეში ხელმისაწვდომი შესაძლებლობებით გაიუმჯობესონ.

“გლობალურად, სურსათის მიწოდების ჯაჭვი ძალიან მყიფეა, საქართველოსთვის უფრო დიდი მოცულობების წარმოება კი სავსებით რეალურია. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია, რომ დარგში დასაქმებულ ადამიანებს საქმე და პრაქტიკული უნარ-ჩვევები შევუნარჩუნოთ. ხშირია, როდესაც ეს უნარები იკარგება და ძნელია მათი აღდგენა. “შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას” ეროვნული მნიშვნელობის ხედვა აქვს, ის დარგს ახალ კადრებს უზრდის, აწვდის რა შესაბამის უნარებსა და ცოდნას. სკოლა მართლაც ფანტასტიკურია. გამიმართლა, ჰელენისგან და მარტინისგან მის შესახებ რომ გავიგე. ეს არის ქართული საინიციატივო ჯგუფისა და უცხოელი პარტნიორების უნიკალური თანამშრომლობის შედეგი. მიხო სვიმონიშვილმა მართლაც დიდი სამუშაო გასწია შვეიცარიაში შესაბამისი ადამიანების პოვნით. აქ ახალი თაობის ფერმერებს შესაძლებლობების გამოვლენის დიდი ასპარეზი ეძლევათ. მათთან თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებ”, - მითხრა დენიელ ბეკერმა.



ჰელენ შულტესი და მარტინ იანსენი საქველმოქმედო ფონდის “შვეიცარიული აგრარული სკოლა “კავკასიას” მხარდამჭერი ასოციაციის” დამაარსებლები არიან. საგანმანათლებლო და სამეცნიერო წრეებში სკოლის ფინანსური გაძლიერების მიზნით ღონისძიებების ორგანიზება მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათი ჩართულობით შვეიცარიაში დადებული შეთანხმების შედეგად თინათინმა, საკუთარ გუნდთან ერთად საქართველოში აგრარული სკოლის დაფუძნების იდეა სისრულეში მოიყვანა. შვეიცარიელი ცოლ-ქმარი საქველმოქმედო საღამოებს ხშირად აორგანიზებს, სკოლის მხარდამჭერ წინადადებებს ადგილობრივ კომპანიებს, ბიზნესსა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს უგზავნის. შედეგად, 2017 წლიდან დღემდე, ქართული სკოლის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მოცულობის ფონდები შეივსო.

პარტნიორები

თინათინ მახარაძისთვის, რომელიც სკოლის დირექტორია, პარტნიორების მხრიდან “შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიას” მხარდაჭერა საგულისხმო ჟესტია, თუმცა მთავარ მხარდამჭერად მაინც შვეიცარიულ აგრარული სკოლა “პლანტაჰოფს” ასახელებს. ამ სკოლამ ქართულ სასწავლებელს ცოდნის ტრანსფერისა და შვეიცარიული მასტერკლასების მომზადების საშუალება მისცა, საკუთარი ხარისხის ნიშანი და პარტნიორი სკოლის სტატუსი მიანიჭა.

სკოლის განვითარების პარალელურად, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის და მასთან ერთად, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. თინათინ მახარაძისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები შესაბამისი განათლებით დაინტერესდნენ, რადგან საერთო ფონზე ნათლად ჩანს, რომ დარგში წარმატების მოსაღწევად ცოდნა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია.


“ხშირად პოსტ-ფაქტუმ ხდება ცოდნის დანაკლისის შევსება. როდესაც ადამიანს უკვე ფერმა და წარმოება აქვს, რთულია ორი წლით დატოვოს და პროფესიის შესასწავლად სრულ კურსზე წამოვიდეს. როგორც წესი, ცდილობენ მოკლევადიანი პროგრამებით შეივსონ დანაკლისი. თუმცა, ამ პროგრამებით საფუძვლიან შედეგს, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებენ. მოკლევადიანი, სწავლებებისთვის ბევრი ისეთიც მოდის, რომელიც კომპანიამ გამოგზავნა. მაგალითად გვყოლია ერთ-ერთი კომპანია დასავლეთიდან, რომელმაც თავის თანამშრომლებს რამდენიმე განსხვავებული ტრენინგი გაატარა. ამით ცდილობენ დაფარონ დანაკლისი, რაც, რა თქმა უნდა, კარგია. გვიხარია რომ დაინტერესება მაღალია, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმაცია და განათლება დარგობრივი განვითარებისთვის”, - მითხრა თინათინმა.

“შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია” რძის ნაწარმის მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა. მეურნეობიდან მიღებული ნედლეულით, ხუთი სახეობის ბრენდირებული ყველი, კარაქი, იოგურტი და მაწონი მზადდება. საწარმო დღემდე მხოლოდ მცირე სიმძლავრითაა დატვირთული. თინათინის თქმით, მას 8-ჯერ დიდი მოცულობის რძის გადამუშავება შეუძლია. უახლოეს პერიოდში, სკოლა მიზნად ადგილობრივი ფერმერებისგან რძის მიღებას ისახავს. მომდევნო ეტაპისთვის კი უკვე კურსდამთავრებულთა ფერმებიდან და საწარმოებიდან მიღებული ახალი პროდუქტების საზოგადოებისთვის წარდგენა იგეგმება.








აგრარული განვითარება

საქართველოს აგრარულ დარგს ახალი თაობის მესაქონლე ფერმერი ჯერ მხოლოდ რამდენიმე ჰყავს. მათი მეურნეობების მიხედვით თანამედროვე ფერმის რეალური მოდელიც კი შეიძლება შეიქმნას. აქ დანერგილი ტექნოლოგიები, რომელიც ფერმერს მნიშვნელოვნად უმცირებს დანახარჯს, უთავისუფლებს დროსა და ენერგიას, მხოლოდ შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე მენეჯერების, ფერმერებისა და ტექნიკური ჯგუფის მიერ ადაპტირდება მეურნეობაში. ტექნოლოგიების ეფექტურობას გამოსავლიანობის ზრდამდე მივყავართ, ხოლო მათთან სამუშაოდ ეფექტური მენეჯმენტი მხოლოდ პროცესის მუდმივი მეთვალყურეობითა და შედეგად მიღებული სასარგებლო გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი.

“შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია” მსურველს ფერმერობის თანამედროვე ხედვის გააზრებაში უწყობს ხელს და საქმეს სრულად შეასწავლის. შვეიცარიელი და ქართველი პროფესიონალები როგორც აუდიტორიაში, ისე ველად სტუდენტებთან ერთად აქტიურად მუშაობენ. მეურნეობის მართვისა და წარმოების საუკეთესო ევროპულ სტანდარტზე წვდომით კი სტუდენტებს მუდმივი განახლებებისა და განვითარების საშუალება აქვთ. ევროპული გამოცდილება, ფერმერის პრაქტიკულ საქმეზე ორიენტირებული სამუშაოები და რძის გემრიელი ნაწარმი, ეს არის ის, რაც დმანისში სტუმრებს თავს ამახსოვრებს და სკოლას მომავალი წარმატების საფუძველს უქმნის.


ავტორი: დემეტრე ერგემლიძე






Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გახსნა დაგეგმილია 12 ოქტომბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის
პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ტერიტორიაზე.

გახსნა დაგეგმილია 12 ოქტომბერს გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ტერიტორიაზე.

18:19 / 19.09.2024
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო
ძალებმა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა
17:00 / 19.09.2024
,,ევროპული კულტურა აფასებს და იცავს ადამიანის უფლებას, თავისუფლად
გამოხატოს თავი ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში.
,,ევროპული კულტურა აფასებს და იცავს ადამიანის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს თავი ხელოვნების, მეცნიერებისა და სხვა სფეროებში.
14:54 / 19.09.2024
თელიას ცნობით, ავტო საგზაო შემთხვევებმა და რამოდენიმე სატრანსპორტო
საშუალებების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლამ,
თელიას ცნობით, ავტო საგზაო შემთხვევებმა და რამოდენიმე სატრანსპორტო საშუალებების ერთდროულად მწყობრიდან გამოსვლამ,
12:43 / 18.09.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.