რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ახალი ამბები
რა გავლენა აქვს პოლიტიკურ კრიზისს საქართველოს ეკონომიკაზე
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' ცნობით, დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციები და შიდა პოლიტიკური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე ნაწილობრივ უკვე აისახა: ეკონომიკის ზრდის ტემპი შემცირდა, მოსახლეობას დეპოზიტები ლარიდან დოლარში გადააქვს, ლარი გაუფასურდა, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები შემცირდა, საინვესტიციო გარემო გაუარესდა

საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველო დაწესებული და პოტენციური სანქციების მიმართ მოწყვლადია.

,,მომავალში ეკონომიკური სიტუაცია რამდენად გაუარესდება, პირველ რიგში, მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზე და შინაარსზე არის დამოკიდებული. სანქციების გაფართოებას კი, თავის მხრივ, პოლიტიკურ კრიზისის გაგრძელება განაპირობებს'' - ვკითხულობთ ანგარიშში.
​​​​​​​
შეფასება

საქართველოს პატარა (33 მილიარდი დოლარის), ღია ეკონომიკა აქვს. ეკონომიკური გლობალიზაციის ინდექსში საქართველო 26-ე ადგილზეა, რაც ეკონომიკის მაღალი დონით გახსნილობის დასტურია. მოკლედ წარმოგიდგენთ არგუმენტებს, რის გამოც დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება და ევროკავშირისგან საქართველოს დაცილება უარყოფით გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე:

ეკონომიკის დასავლეთზე დამოკიდებულება

საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები საკმაოდ დივერსიფიცირებულია, მაგრამ ყველაზე მაღალი დამოკიდებულება დასავლეთის ქვეყნებთან აქვს. 2023 წელს, ევროკავშირიდან, აშშ-დან და გაერთიანებული სამეფოდან სხვადასხვა გზით მიღებული ფინანსური რესურსები საქართველოს ეკონომიკის 30%-მდე იყო.

საბანკო ოპერაციების მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაშია

საქართველოს საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების 54% და გაცემული სესხების 43% უცხოურ ვალუტაშია (აშშ დოლარი ან ევრო). უძრავი ქონების ბაზარი დოლარში ან ევროში მუშაობს. სახელმწიფო ვალის 75% უცხოურ ვალუტაშია. სახელმწიფო ბიუჯეტი დეფიციტურია. დეფიციტის 53% დასავლეთის ქვეყნების მთავრობებიდან და დასავლური საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან (WB, EBRD, ADB, EIB და ა.შ.) სესხების აღებით იფარება. საქონლის და მომსახურების იმპორტი საქართველოს მშპ-ის 58%-ია. საგარეო ვაჭრობის დეფიციტი 10 მილიარდი დოლარია, რომელიც ტურიზმით, ემიგრანტების ფულადი გზავნილებით, ინვესტიციებით და სესხებით ბალანსდება. აღნიშნული წყაროებიდან მიღებული თანხის უმეტესობა დასავლურ ქვეყნებზე მოდის. ეს რეალობა ქმნის საქართველოს ეკონომიკის ისეთ სპეციფიკას, რაც მას დასავლური სანქციების მიმართ მოწყვლადს ხდის.

ხშირად ქართული კომპანიების რეგისტრაციის ადგილი ევროპაა

გარდა იმისა, რომ საქართველო ეკონომიკური ურთიერთობებით მჭიდროდ არის დაკავშირებული დასავლეთის ქვეყნებთან, ხშირად, ქართული მსხვილი ბიზნესიც რეგისტრაციის ადგილად სხვადასხვა დასავლურ ქვეყნებს ირჩევს. ყველაზე აქტუალური გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი, მალტა და დასავლური ქვეყნების იურისდიქციაში მყოფი სხვადასხვა ოფშორული ტერიტორიებია. ეს გარემოება დასავლური სანქციების მსხვილ ბიზნესზე გავლენას ზრდის.

ლარის კურსი ეცემა ანტიდასავლური განცხადებების შემდეგ

საქართველოში შიდა თუ გარე შოკებით (ამ შემთხვევაში სანქციები) გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები და ნეგატიური მოლოდინი პირველ რიგში ლარის კურსზე აისახება. ლარის გაუფასურება კი ინფლაციას და ვალის მომსახურების ზრდას უწყობს ხელს, რაც მოსახლეობას აღარიბებს.

2022-2023 წლებში ლარის კურსი პოსტპანდემიური პერიოდის ეფექტის და რუსეთიდან მილიარდობით დამატებითი ფულის შემოსვლის გამო გამყარდა. თუმცა, 2023 წლის მეორე ნახევრიდან რუსული ფულის ეფექტი შემცირდა და ლარმა გაუფასურება დაიწყო, 1 დოლარის ფასი 2.5-დან 2.7-ლარამდე გაიზარდა.

2024 წელმა აჩვენა, რომ დასავლეთის მხრიდან შესაძლო სანქციებზე საუბარიც კი საქართველოში მოლოდინებს აუარესებდა და ლარის გაუფასურებას იწვევდა. „ქართული ოცნების“ მიერ „რუსული კანონის“ მიღებამ ლარი 6%-ით გააუფასურა, მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა აპრილ-მაისში 220 მილიონი დოლარი გაყიდა. კურსზე განმეორებით ზეწოლა 2024 წლის სექტემბერ-ოქტომბერში იყო, როცა აშშ-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი მაღალჩინოსანი მაგნიტსკის აქტში შეიყვანა და ხელისუფლების ათობით წევრს ამერიკაში შესვლა აუკრძალა. გარდა ამისა, დასავლურმა ქვეყნებმა საქართველოს მთავრობაზე ახალი გრანტების გაცემა შეაჩერა. სიტუაციას მოახლოებული არჩევნებიც ამძიმებდა. სექტემბერ-ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის 2.72-ზე შენარჩუნებისთვის 700 მლნ დოლარი გაყიდა.

28 ნოემბრის განცხადებამ პოლიტიკირი კრიზისი და ლარის კურსზე ზეწოლა გაზარდა

ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი და არასტაბილურობა გაღრმავდა, სანქციები გაფართოვდა, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდისგან განსხვავებით, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ვარდნა (2.88-მდე) დაუშვა და დეკემბერში 29 მლნ დოლარი შეისყიდა. იანვარში განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გახდება ცნობილი.

მონაცემთა წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები შემცირდა

ჯამში, 2024 წელს ეროვნულმა ბანკმა 435 მლნ დოლარით მეტი გაყიდა, ვიდრე იყიდა, თუმცა წლიურად კურსი 4.4%-ით მაინც გაუფასურდა. 2024 წელს ეროვნული ბანკის ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები (რომელიც ძირითადად უცხოურ ვალუტას და ოქროს მოიცავს) 561 მილიონი დოლარით შემცირდა. რეზერვების ადექვატურობის დონის მაჩვენებლად მიჩნეულია 3 თვის იმპორტთან ფარდობა. 2024 წლის ბოლოს რეზერვები სამი თვის იმპორტის მაჩვენებელს 5%-ით ჩამოსცდა, როცა 2023 წლის ბოლოს პირიქით, 3 თვის იმპორტის მაჩვენებელს 24%-ით აჭარბებდა.

მოსახლეობამ დანაზოგების ნაწილი ლარიდან დოლარში გადაიტანა

2024 წლის ოქტომბრიდან ქართულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანის ტენდენცია გამოიკვეთა, რაც ბოლო 3 თვეში ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზია და ამავე დროს, მოსახლეობის პესიმისტურ მოლოდინს აჩვენებს. როცა კრიზისია მოსალოდნელი, მოსახლეობას ურჩევნია დანაზოგები უფრო სანდო ვალუტაში შეინახოს, როგორიც არის აშშ დოლარი და ევრო.

2024 წლის სექტემბრის ბოლოს კომერციულ ბანკებში 29.7 მილიარდის დეპოზიტი იყო ლარში განთავსებული, რაც ოქტომბერ-დეკემბერში 2 მილიარდი ლარით შემცირდა. 3 თვეში ასეთი კლება არასდროს დაფიქსირებულა. პარალელურად, უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები 786 მილიონი დოლარით გაიზარდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებს გამოკვეთილი მაღალი ზრდის ტემპი 2024 წლის მაისიდან აქვს, რაც მიანიშნებს, რომ ლარის დეპოზიტების უცხოურ ვალუტაში გადატანა „რუსული კანონის“ მიღებიდან დაიწყო.

რა შედეგი დადგა ქართული ეკონომიკისთვის

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 9.5% იყო. 9.5% მაღალი მაჩვენებელია, თუმცა, თუ იანვარ-ოქტომბერში საშუალო თვიური ზრდა 9.6% იყო, ნოემბერში ზრდამ 7.5%, ხოლო დეკემბერში 6.7% შეადგინა. ზრდის ტემპის კლება ეკონომიკურ კრიზისს არ ნიშნავს, მაგრამ ეკონომიკის გარკვეულ დარგებში აქტივობის კლების შედეგია.

2024 წლის პირველ 3 კვარტალში (მე-4 კვარტალი ჯერ ცნობილი არ არის) საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40%-ით შემცირდა. მე-3 კვარტალში ინვესტიციები 55%-ით შემცირდა, თუმცა უფრო მაღალი - 70%-იანი კლება იყო პირველ კვარტალში (იანვარი-მარტი), ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ინვესტიციების კლება „რუსული კანონის“ მიღებამ განაპირობა. „რუსული კანონის“ მიღება, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა და სანქციები მომავალ ინვესტიციებზე აისახება.

რომ შევაჯამოთ, შიდა პოლიტიკური არასტაბილურობის და სანქციებიდან გამომდინარე იზოლაციის შიში გარკვეულწილად უკვე აისახა საბანკო დეპოზიტების სტრუქტურაზე, ლარის კურსზე და ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებზე. ეკონომიკის გარკვეულ დარგებში (მაგალითად, რესტორნები და სასტუმროები) აქტივობა შემცირდა, თუმცა ჯამურად ეკონომიკა არ შემცირებულა.

რა გველოდება

ორგანიზაცია PMCG-ის მიერ იანვარში გამოქვეყნებულმა „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომისტები ნეგატიურად აფასებენ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას და მომდევნო ექვს თვეში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოელიან. ზოგადად, ეკონომიკაში მოლოდინი დიდ როლს თამაშობს. როდესაც ნეგატიური მოლოდინია ინვესტიციები კლებულობს, ბიზნესი და მოსახლეობა გაურკვევლობის დასრულების მოლოდინის რეჟიმში გადადის და ეკონომიკურ აქტივობას ამცირებს.

მომავალში ეკონომიკური სიტუაცია როგორ შეიცვლება, პირველ რიგში, მოსალოდნელი სანქციების მასშტაბზე და შინაარსზე არის დამოკიდებული. მთავარი საფრთხე საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკიდან გამომდინარეობს: მაღალი სავაჭრო დეფიციტი, დეფიციტური სახელმწიფო ბიუჯეტი და საგარეო ინვესტიციებზე და სესხებზე დამოკიდებულება, საქართველოს პოტენციური სანქციების მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის, ვიდრე ეს სხვა, აქამდე დასანქცირებული ქვეყნების შემთხვევაში გვინახავს. საგარეო ბალანსის გაუარესება ლარის მნიშვნელოვნად გაუფასურებას გამოიწვევს, რაც გაზრდის ინფლაციას, საპროცენტო განაკვეთებს და სესხის მომსახურების ხარჯს, შეამცირებს მოსახლეობის განკარგვად შემოსავალს და მოხმარებას.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ ვერ იქნა შემჩნეული ვერც
საწყობის გამგის, ვერც საწყობის გამგის მოადგილეების მიერ.''

,,965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ ვერ იქნა შემჩნეული ვერც საწყობის გამგის, ვერც საწყობის გამგის მოადგილეების მიერ.''

14:04 / 06.02.2025
,,პაპაჩემის ძმა გამოიძახეს რუისში და თან მამაჩემიც წაიყვანა. გზაში
რომ მიდიოდნენ. პაპაჩემის ძმას მიეპარნენ
,,პაპაჩემის ძმა გამოიძახეს რუისში და თან მამაჩემიც წაიყვანა. გზაში რომ მიდიოდნენ. პაპაჩემის ძმას მიეპარნენ
23:47 / 05.02.2025
,,ლექსი, რომელსაც საცენზურო კომიტეტი მიუთითებს კატეგორიულ წერილში,
1912 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა
,,ლექსი, რომელსაც საცენზურო კომიტეტი მიუთითებს კატეგორიულ წერილში, 1912 წლის 5 დეკემბერს გამოქვეყნდა
19:23 / 05.02.2025
,,ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ვიმყოფებოდი ხაშურის მერიაში.
კომპეტენტური პირები უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე.
,,ამ და სხვა საკითხების გასარკვევად ვიმყოფებოდი ხაშურის მერიაში. კომპეტენტური პირები უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე.
14:50 / 02.02.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.