რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
,,წამება, არაადამიანური მოპყრობა'' - სახალხო დამცველმა გაზაფხული-ზამთრის აქციების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის საპროტესტო აქციებზე, ადგილი ჰქონდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობას, მათ შორის, წამებას და არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.

სახალხო დამცველის ცნობით, რამდენიმე ათეული მსხვერპლი მიუთითებს სპეცრაზმის მხრიდან არასათანადო მოპყრობის მსგავსი, ერთნაირი ხერხებისა და მეთოდების გამოყენებაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლები არ ატარებენ რაიმე მაიდენტიფიცირებელ ნიშანს, რაც არსებითად უშლის ხელს პასუხისმგებელი პირების გამოვლენას და მნიშვნელოვნად აზიანებს გამოძიების პროცესს. რაც, თავის მხრივ, ახალისებს დაუსჯელობას

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გარკვეულ შემთხვევებში, უარს ამბობს ეთანამშრომლოს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტული პირების ამოცნობაში. ამით, გამოძიებას, ხელი ეშლება ადამიანის უფლებათა დარღვევაზე პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში

არასათანადო მოპყრობის ჩამდენ პოლიციელთა მიმართ პასუხისმგებლობის დაყენების საკითხი იმ შემთხვევაშიც არ დამდგარა, როდესაც მათი ამოცნობა შესაძლებელი იყო (მაგალითად, ორ შემთხვევაში, დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ, და ლეონიძის ქუჩაზე მომხდარი ძალადობის ფაქტების დროს, როდესაც პოლიციელებს არ ეკეთათ ნიღბები და შესაძლებელი იყო მათი სახეზე ამოცნობა)

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება არ არის ეფექტიანი

გამოძიება ეპიზოდურია და მიმდინარეობს მხოლოდ ცალკეული თანამშრომლების შესაძლო პასუხისმგებლობის გამოვლენის ირგვლივ და არ შეისწავლის მოვლენებს სისტემურად, მათ შორის ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლო ბრძანებისა თუ მდუმარე თანხმობის გამოვლენისა და სრული სურათის აღსადგენად

გამოძიება არ მიმდინარეობს წამების, წამების მუქარის, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლებით. გამოძიება როგორც გაზაფხულის, ისე ზამთრის აქციების ეპიზოდებზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლებით მიმდინარეობს, რაც სათანადოდ არ ასახავს გავრცელებული არასათანადო მოპყრობის ინტენსივობასა და სიმძიმეს

გამოძიებამ თითქმის ვერ მოიპოვა რელევანტური ვიდეოჩანაწერები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან თუ კერძო ობიექტიდან, ასევე პოლიციელების სამხრე ვიდეოკამერების ჩანაწერები და ე.წ. რაციების აუდიოჩანაწერები, მათ შორის, დაუსაბუთებელი ან ურთიერთგამომრიცხავი განმარტებებით

სახელმწიფო კვლავ არათანმიმდევრულად და თვითნებურად იყენებს სისხლის სამართლის კოდექსის (სსკ) 156-ე მუხლს (დევნა შეუწყნარებლობის მოტივით) და პოლიტიკური ან/და განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დევნის მსგავს შემთხვევებს სხვადასხვა მუხლით აკვალიფიცირებს

გაზაფხულის აქციების პერიოდში აქტივისტებსა და პოლიტიკოსებზე ფიზიკურად მოძალადე სხვადასხვა ჯგუფიდან/პირიდან პასუხისგებაში მიცემული თითქმის არავინ არის. ასევე დაუსჯელები არიან ზამთრის აქციებისას ე.წ. შავნიღბიანი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც სასტიკად დაესხნენ თავს, მათ შორის, ჟურნალისტებს

არ არის გამოვლენილი გაზაფხულის აქციებისას მოქალაქეებზე მიმდინარე სატელეფონო მუქარების, შეურაცხყოფების სავარაუდო ორგანიზატორები და ამსრულებლები

დაკავებულებს თვითნებურად და შაბლონურად უხანგრძლივდებათ დაკავების 24 საათი 48 საათამდე, რაც განზრახ უკანონო დაკავებაზე შეიძლება მიანიშნებდეს

პროტესტის მონაწილეთა ოფიციალური დამკავებელი პირები არ არიან ფაქტობრივად დამკავებელი პირები, რაც პოლიციელთა მხრიდან მტკიცებულების ფალსიფიკაციაზე შეიძლება მიანიშნებდეს

გამოკითხული დამკავებლად გაფორმებული პოლიციელები, როგორც წესი, მიუთითებენ, რომ დაინახეს კონკრეტული პირის მხრიდან სამართალდარღვევა, თუმცა, ამავე დროს, ხალხმრავლობასა და ხმაურზე მითითებით, ვერ ხედავდნენ ამავე მოქალაქეების მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობას

აქციების დროს სამართალდამცველების მხრიდან არაერთი ჟურნალისტი გახდა არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი, მათ ხელს უშლიდნენ პროფესიულ საქმიანობაში

გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს მხოლოდ რამდენიმე პირი მიუთითებდა ტელეფონისა და ნივთების წართმევაზე, ხოლო ზამთრის საპროტესტო აქციების დროს ათეულობით დემონსტრანტი აღნიშნავდა მობილური ტელეფონისა და პირადი ნივთების წართმევის, ასევე, ტელეფონში არსებული ინფორმაციის შემოწმების შესახებ

გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს მხოლოდ რამდენიმე პირი მიუთითებდა ტელეფონისა და ნივთების წართმევაზე, ხოლო ზამთრის საპროტესტო აქციების დროს ათეულობით დემონსტრანტი აღნიშნავდა მობილური ტელეფონისა და პირადი ნივთების წართმევის, ასევე, ტელეფონში არსებული ინფორმაციის შემოწმების შესახებ

გამოიკვეთა სავარაუდო არასათანადო მოპყრობა არასრულწლოვნებისა და შშმ პირის მიმართ

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ამ დრომდე არ დაუყენებია რომელიმე პოლიციელის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოქალაქე და დაკავებული მიუთითებდა სხვადასხვა უფლებადარღვევასა თუ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე

აქციების მონაწილეთა მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც სრულად არ ითვალისწინებს სამართლიანი სასამართლოს უფლების შესაბამის გარანტიებს. უფლებრივი გარანტიების არარსებობის ფონზე, პარლამენტმა არსებითად გაამკაცრა შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელები

ორ საქმეში, სადაც ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალების ე.წ. ჩადებაზე და მათ უკანონო დაკავებაზე მიუთითებენ, პოლიციას ჩხრეკა-ამოღების განხორციელების პროცესში არც კი უცდია ნეიტრალური მტკიცებულებები მოეპოვებინა

სახალხო დამცველის აპარატისათვის გართულებულია დაკავებული პირების მოძიება და ადგილსამყოფელის დადგენა დროებითი მოთავსების იზოლატორებში შესახლებამდე.

„ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, საპროტესტო აქციების ფარგლებში გამოვლენილი უფლებადარღვევები, სპეციფიკისა და, განსაკუთრებით, მასშტაბურობის გათვალისწინებით, მრავალ ასპექტს მოიცავს. საპროტესტო აქციების კონტექსტში ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობის, თავისუფლების უფლების, საქმის სამართლიანი განხილვის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევებს, რასაც წინამდებარე ქვეთავში, ქვემოთ, მოკლედ მიმოვიხილავთ“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველმა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან (სსს), 2024 წლის აპრილისა და მაისის საპროტესტო აქციებზე მონაწილეთა მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიების მასალებზე საგამონაკლისო წესით დაშვება მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა.

„გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფორმები, მეთოდები მათი გამოვლენის ხერხები, მსხვერპლებში იწვევდა ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილსა თუ მორალურ ტანჯვას, რაც თითქმის ყველა შემთხვევაში, წარმოადგენდა არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, ხოლო რამდენიმე პირის მიმართ, აქციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯის მიზნით ჩადენილი ძალადობა თავისი ინტენსივობის, ხასიათის, ხანგრძლივობის გათვალისწინებით, სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდებოდა. მაგალითისთვის, ერთ-ერთ შემთხვევაში, მსხვერპლის მიმართ ხანგრძლივი სასტიკი ძალადობის გარდა, მისივე გადმოცემით, ადგილი ჰქონდა გდდ-ს წევრების მხრიდან მოხრჩობის გზით მკვლელობის მცდელობის იმიტაციას. აუტანელ ტკივილს თან ახლდა უმწეობის შეგრძნება, დამცირების განცდა და მძიმე სულიერი ტანჯვა. მოცემულ ეტაპზე არსებული საქმის მასალებით, აპარატისთვის შესაძლებელი გახდა წამების თვალსაჩინო და აშკარა რამდენიმე შემთხვევის გამოკვეთა“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, მომიტინგეთა გამოკითხვების ოქმების მიხედვით, მათ მიმართ შავნიღბიანი სპეცრაზმელების მიერ არასათანადო მოპყრობას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ დაკავების დროს, არამედ დაკავების შემდეგაც – ე.წ. ცოცხალ დერეფანსა და მანქანებში.

„ისინი დაკავებულებს ურტყამდნენ ხელებს, ფეხებს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ხელკეტებს. არის ჩვენება აირწინაღისა და ფარის განზრახ დარტყმის თაობაზე. ურტყამდნენ ხელებაწეულ და ძირს დაცემულ/დაგდებულ ადამიანებსაც, რომლებიც არანაირ წინააღმდეგობას არ უწევდნენ პოლიციას. ძალადობა გრძელდებოდა რამდენიმე წამიდან – რამდენიმე წუთამდე დროის პერიოდში. დარტყმები იყო რამდენიმედან რამდენიმე ათეულამდე (40- 50 დარტყმა), ძალადობდნენ ძირითადად ჯგუფურად, რამდენიმე სპეცრაზმელი ერთდროულად. დაკავებულებს თავის არეში ურტყამდნენ იმდენად ძლიერად, რომ რამდენიმემ გონება დაკარგა და ტვინის შერყევა მიიღო, რამდენიმე პირს ჰქონდა სისხლდენაც. დაკავებულთა ჩვენებების მიხედვით, გარდა ფიზიკური ძალადობისა, პარალელურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას უკიდურესად დამამცირებელი და დისკრიმინაციული ლექსიკით, რაც დაკავებულებისთვის მორალურად და ემოციურად მძიმე იყო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დაკავებულებზე ძალადობა გამოძიების მასალებში არსებულ ვიდეოჩანაწერებშიც იკვეთება.

„ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ჩანს ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ძალადობა ათამდე სპეცრაზმელის მხრიდან. კადრების თანახმად, ერთ-ერთ სპეცრაზმელს დაჭერილი აქვს მისი მარჯვენა ხელი, ხოლო მეორე სპეცრაზმელი მარცხენა ხელს უჭერს და უწევს მაღლა, რათა ვერ შეძლოს თავის დაცვა. შემდეგ ძირს დაგდებულს წიხლებს ურტყამენ სახეში და სხეულის სხვა ნაწილებზე. სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით, ამ პოლიტიკოსს, სხვა დაზიანებებთან ერთად, აღენიშნებოდა თვალბუდის ფსკერისა და ცხვირის ძვლების მოტეხილობა.

დაკავებული არასრუწლოვნებიც მიუთითებენ მათ მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ. არის ქალების ჩვენებები მათ მიმართ ძალადობის თაობაზე. საპროტესტო აქციაზე მყოფი სასულიერო პირები ასევე მიუთითებენ წიწაკის სპრეის სახეში შესხმასა (ასახულია ტელევიზიით გასულ კადრებშიც) და 3-4-ჯერ ფეხის დარტყმაზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, იკვეთება პოლიციელების მხრიდან დაკავებული კაცის მიმართ გაუპატიურების მუქარაზე მითითება.

ანგარიშის თანახმად, რამდენიმე დაკავებულმა კაცმა გდდ-ს წევრების მხრიდან ხელკეტით გაუპატიურების მუქარის შესახებ მიუთითა.

„დაკავებულების გადმოცემით, არასათანადო მოპყრობას ჩადიოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წევრები (მათ მოიხსენიებდნენ სპეცრაზმელებად, რობოკოპებად, შავნიღბიანებად და ა.შ.), თუმცა, საჩივრები შემოსულია არასათანადო მოპყრობაზე სამინისტროს სხვა დანაყოფების მხრიდანაც. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მონახულებული დაკავებულებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად: გდდ-ს წევრები მათ ურტყამდნენ ჯგუფურად, მათ შორის, 3-15 პირის ჩათვლით და ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ურტყამდნენ წიხლებს, ხელებს, ფეხებს, მუშტებს, ხელკეტებს, ფარს, ჩაფხუტს სხეულის სხვადასხვა არეში; დაკავებულებს დაზიანებები თვალხილულად ძირითადად თავისა და სახის არეში აღენიშნებოდათ. დაკავებულები აღნიშნავდნენ დამცირების მიზნით ფეხის საჯდომის არეში ამორტყმის შესახებ“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

როგორც დოკუმენტშია აღწერილი, დაკავებულების განმარტების მიხედვით, გდდ-ს მწკრივებად განლაგებული წევრებისგან მოწყობილი იყო ერთგვარი „დერეფანი“, სადაც ატარებდნენ დაკავებულებს და სპეცრაზმელები ჯგუფურად ძალადობდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ; გდდ-ს წევრები დაკავებულებს ფიზიკურად ჯგუფურად და სასტიკად უსწორდებოდნენ მიკროავტობუსებშიც: ურტყამდნენ ხელებს და ფეხებს.

„მიკროავტობუსში ყოველი ახალი დაკავებულის შეყვანისას ყველას ცემდნენ და ეს რამდენჯერმე მეორდებოდა; რამდენიმე დაკავებული აღნიშნავს, რომ მიკროავტობუსში შეასხეს წიწაკის სპრეი და კარი დაუხურეს. გამოიკვეთა შემთხვევები, როცა მომიტინგეები მიუთითებდნენ ახლო ნათესავების ერთმანეთის წინ ცემის შესახებ; ძალადობის სასტიკი ფორმების გამოყენებაზე მიუთითებენ პოლიტიკური მოტივითაც; რამდენიმე პირი მიუთითებდა საყურის ყურიდან ჩამოგლეჯის შესახებ.

2025 წლის 2 თებერვლის აქციაზე დაკავებულები მიუთითებდნენ, რომ გდდ-ს ხელმძღვანელმა დაიწყო მოქალაქეთა გინება, ხოლო სპეცრაზმმა – დაკავებები. ერთ-ერთი პირი აცხადებდა, რომ ხსენებული პირი სპეცრაზმელებს აძლევდა მითითებებს ეცემათ დაკავებულები; არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა შშმ პირი, რომელსაც ვიზუალურადაც აღენიშნებოდა დაზიანებები. რაც შეეხება შსს სხვა დანაყოფების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებს: სისხლის სამართლის წესით დაკავებულებიდან ერთი ბრალდებული მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური ძალადობის შესახებ; ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი მიუთითებდა პოლიციის განყოფილების შენობაში, შესასვლელ სივრცეში, 10-მდე ადამიანის თანდასწრებით სრულად გაშიშვლებაზე და ბუქნების გაკეთებაზე, რაც დამამცირებელი იყო; ერთი პირი მიუთითებდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გინებაზე, სთხოვდნენ ტელეფონის კოდის მოხსნას, თავში ურტყამდნენ ტელეფონს და ლაზერს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯემალ წიკლაურმა 2004 წლის მოვლენები გაიხსნა, როდესაც ის ქონების
ჩამორთმევის მიზნით,
ჯემალ წიკლაურმა 2004 წლის მოვლენები გაიხსნა, როდესაც ის ქონების ჩამორთმევის მიზნით,
20:38 / 02.04.2025
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა დაასახელა.
22:07 / 01.04.2025
განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

17:00 / 01.04.2025
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
16:20 / 01.04.2025
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
12:06 / 31.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.