ავტობანზე აქცია 2015 წლის 22 მაისს დილის 9 საათზე გაიმართა. ადგილზე მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა გულიაშვილი, მისი თანაშემწე - ილია ქელეხსაშვილი, პრესსამსახური გიორგი ეგნატაშვილი, რუისის წარმომადგენელი საკრებულოში გია კუთხაშვილი და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. სოფლის წარმომადგენელს ადგილობრივ მკვიდრთან, ბონდო ბალიაშვილთან სიტყვიერი კამათი მოუვიდა.
,,შენთან საქმე არა მაქვს. ის მოვიდეს, გუშინ რომ დედა მაგინა. შენ კაცი ხარ? ორი კვირაა ხრეში ვერ დაგიყრია გზაზე" - ეუბნებოდა ბონდო ბალიაშვილი გია კუთხაშვილს. როგორც გაირკვა, სოფელ რუისში წინა დღეს კიდევ ერთი აქცია გამართულა, სადაც, ბონდო ბალიაშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავიანთი მომხრეები შეკრიბეს. სწორედ, ამ შეხვედრას გულისხმობს ბალიაშვილი, როცა გამგებლის მხრიდან გინების ფაქტზე საუბრობს.
ბონდო ბალიაშვილმა რაიონის გამგებელს ზაზა გულიაშვილს კრიმინალი უწოდა: ,,დედა რატომ მაგინე? გუშინ რატომ მითხარი, ყბებს დაგინგრევო" - უთხრა ბალიაშვილმა რაიონის გამგებელს. ზაზა გულიაშვილი აცხადებს, რომ წინა დღეს გამართულ შეხვედრაზე გინებას ადგილი არ ჰქონია.
,,გუშინდელ შეხვედრაზე თვითონ სოფლის მოსახლეობამ აუხსნა მას, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია. მერე ერთმანეთში მოუვიდათ ჩხუბი და მაბრალებს რაღაცეებს" - გვითხრა მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
22 მაისის აქციაზე მოსახლეობას გამგებლის თანაშემწე ილია ქელეხსაშვილი და პრესსამსახური გიორგი ეგნატაშვილი პასუხობდნენ. ,,შენ რა უნდა გადაგვიწყვიტო, სპეციალისტი ხარ უბრალოდ" - უთხრეს ეგნატაშვილს.
,,ხელებს ნუ მიშლი რა" - უპასუხა ეგნატაშვილმა რუისელს. სიტუაცია დაიძაბა და პრესსამსახური გვერდით გაიყვანეს: ,,გაიყვანე ეგ აქედან, თორემ გადავუვლი" - ცხარობდა თავის მხრივ ეგნატაშვილი. ,,ვის გადაუვლი ბიჭო?" - ამ სიტყვებზე ეგნატაშვილს იმ ადამიანმა მოსთხოვა პასუხი, ვინც ხალხმრავლობიდან გაიყვანა. ,,შენ რაღა გინდა ვერ გავიგე, ჩემთვის ვლაპარკობ" - უპასუხა ეგნატაშვილმა.
სიტუაცია კიდევ მაშინ დაიძაბა, როდესაც გამგებლის თანაშემწე ილია ქელეხსაშვილი ,,გამოვიდა წყობილებიდან". ხალხმრავლობიდან პოლიციის თანამშრომელმა მისი გაყვანა სცადა. ქელეხსაშვილი იგინებოდა: ,,ხელით როგორ შემეხო, მაგის დედა"-ო.
ინციდენტიდან ორ საათში შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს რუისში მომხდარი ფაქტის თაობაზე განმარტების გაკეთება სთხოვა. გულიაშვილის თქმით, იმ დროს, როდესაც აქცია მიმდინარეობდა, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები ნაკვეთებში ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად უკვე მუშაობდნენ.
განმარტება გააკეთა საავტომობილო გზების დეპარტამენტმაც:
,,დღეს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთის მიმდებარედ, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მონაკვეთის მიმდებარედ, დაგეგმილია ადგილობრივი მიმოსვლის საავტომობილო გზების მოწყობა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სიტუაციას და მოსახლეობას შეხვდნენ. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება და პროცედურების შესაბამისად შესრულდება სამუშაოები. პროექტის საბოლოო დასრულებამდე, მოსახლეობისთვის მოეწყობა ჩქაროსნული მაგისტრალიდან გადასასვლელი დროებითი მიერთების გზები, რაც ადგილობრივებს მისცემს საშუალებას შეუფერხებლად გადაადგილდნენ."
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები