შსს: ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებულიოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოვლენილი და ქრთამის აღების ფაქტზე მხილებულია საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიული ორგანოს 7 რწმუნებული. ამჟამად ყველა მათგანი დაკავებულია. ქრთამის აღების ფაქტზე დაკავეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ტარიელ გურგენიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ქანდას რწმუნებული ირაკლი ხირდაევი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიწმენდის რწმუნებული დავით სუხიაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშას რწმუნებული გელა შიოლაშვილი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯის რწმუნებული ჰოვჰანნეს თევანიანი და ქრთამის აღებაში მონაწილე პირი მანველ აბრაგიანი. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 11-12 ივნისს, აღნიშნულმა პირებმა წინასწარი შეთანხმების მიხედვით, შეადგინეს და ყალბი ცნობა გასცეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენის შესახებ, რის სანაცვლოდაც მათ ქრთამის სახით გარკვეული თანხები აიღეს.“ (ციტატის დასასრული)
ბრიფინგის გამართვიდან რამდენიმე დღეში ერთ ერთმა ადვოკატმა სტუდია მონიტორს შეატყობინა, რომ დაკავებული მოხელეების უმრავლესობის საქმეში ერთი და იგივე საეჭვო მოწმე ფიგურირებდა.
სტუდია მონიტორი ინფორმაციის გადასამოწმებლად სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ჩამოთვლილი მოხელეებიდან პირველს მცხეთის რაიონის სოფელ ბიწმენდის რწმუნებულს დავით სუხიაშვილს შეხვდა. სუხიაშვილი ყვება, რომ მასთან პიროვნება მივიდა რომელმაც საქონლის შეძენაში დახმარება და შეძენის დამადასტურებელი ცნობის გაცემა სთხოვა.
დავით სუხაშვილი: ,,არაფერი, მოვიდა საქონლის ყიდვა უნდოდა აქედან გაყვანა ამის ცნობის გაკეთება.”
კანონმდებლობის მიხედვით რწმუნებულის მოვალეობაა, თუ სოფელში საქონლის გაყიდვის ფაქტი დაფიქსირდება, ამის შესახებ ცნობა გასცეს. ცნობაში უნდა აღინიშნოს, ვინ ყიდის, ვინ ყიდულობს რითი ხდება ტრანსპორტირება. რწმუნებული საქონლის გაყიდვის ფაქტში უნდა დარწმუნდეს, ადგილზე მივიდეს და შეამოწმოს ნამდვილად ყიდის თუ არა მისი თანასოფლელი საქონელს. ცნობა უფასოა და აუცილებელია რათა მყიდველს საქონლის ტრანსპორირებისას სამართალდამცავებთან პრობლემა არ შეექმნას.
რწმუნებული სუხიაშვილი ამბობს, რომ მოქალაქეს რომელმაც უთხრა, რომ უმეტესად აზერბაიჯანში იყო და მცირე დრო ჰქონდა, დაპირდა, რომ საქონლის მოძებნაში დამხმარეს უპოვიდა და ცნობასაც მისცემდა.
დავით სუხაშვილი: საქონელიო მოძებნე შენო და ხარჯები ჩემი იქნებაო. დანარჩენზე დავილაპარაკებთო. მე ვუთხარი ამაში ჩარევის უფლება არ მაქვსო მოხელე ვარ და ვინმე ახლობელს ვთხოვ მეთქი.კარგი ჩარიეო. საუბარი იყო პატივისცემაზე რამდენ სულსაც ანახებდი იმაზე.
- ფული?
- რა ფული იყო?
- ხარჯების.
- ვისთვის უნდა მიგეცათ?
- ვისაც ჩავრევდი რა საქმეში. ეს იქნებაო, ხარჯების ფულიო, საწვავი იქნებაო, საჭმელი იქნებაო. მონო იქნებაო, მე აზერბაიჯანში ვიქნები და იქ დარეკვა ძვირი ღირსო.‘’
საბოლოოდ რწმუნებულმა სუხიაშვილმა მოქალაქეს 400 ლარი გამოართვა. რის შემდეგაც დააკავეს და ბრალი დასდეს, რომ ცნობის გაცემაში 400 ლარი ქრთამი აიღო.
სუხიაშვილი 2000 ლარიანი გირაოთია გათავისუფლებული მის საქმეს მცხეთის სასამართლო იხილავს, ინტერვიუზე და საქმის მასალების გაცნობაზე არ დაგვთანხმდა. თუმცა იმ მთავარი მოწმის ვინაობა გვითხრა ვინც თანხა გადასცა და გადაცემის ფაქტი ფარული კამერით გადაიღო.
(ჟურნალისტი) – სახელი რამე გვარი იცით?
დავით სუხიაშვილი: – რუსლან მამედიანი, თუ მამედოვი იყო. მამედოვი.
- ეს ნამდვილი სახელია? რუსლან მამედოვი?
- კი. მოწმის სახითაც ასეა დაკითხული. ეს 10 წელია აგენტია, ყველაფერი გაშიფრულია.
- წინა მთავრობის დროსაც იყო?
- კი. ცხოვრობს ფონიჭალაში.
- სხვების ნახვაც მინდა მათთანაც თუ რუსლან მამედოვი ფიგურირებს…
- ამათთან ვიცი, უეჭველი ბაზარია ამათან ეგ არის.
- ვინც თქვენთან ერთად იყო?
- კი.
- ამ სამთან?
- კი.”
მეორე მოხელე, ვინც 400 ლარის ქრთამის აღებისთვის დააკავეს მცხეთის რაიონის სოფელ ძველი ქედის რწმუნებული ირაკლი ხირდაევია. ხირდაევიც 2000 ლარიანი გირაოთია გამოშვებული და მის საქმესაც მცხეთის სასამართლო იხილავს. სქემა აქაც იგივეა სამართალდამცავების ინფორმაციით რწმუნებულმა მოქალაქეს ცნობის გაცემის სანაცვლოდ 400 ლარი ქრთამი გამოართვა. ღია ინტერვიუზე არც ხირდაევი დაგვთანხმდა.
ირაკლი ხირდაევი: ,,დავუწერე ცნობა რეგისტრაციის წიგნშიც კი არ გამიტარებია ვერ მოვასწარი გატარება, რომ დავწერე ეს ცნობა დავდე უნდა გავატარო წიგნში ამან ცნობას ხელი დაავლო, ამოიღო ფული ბევრ რამეს ლაპარაკობს, მაგრამ მე არ მესმის რას ლაპარაკობს, თანხაზე მე საერთოდ ლაპარაკი არ მქონია, არც მოთხოვნაზე არც რაოდენობაზე არც იმაზე. მაჩეჩებს ხელში ფულს და ცნობიანად გამორბის გარეთ.
- ფული მოთხოვეთ თქვენ?
- მე არაფერი ფული არ მომითხოვია და ეს კარგად ჩანს იმ ჩანაწერში.
- თქვენთანაც იგივე პიროვნება იყო ვინც დათოსთან?
- კი.
- ვინ იყო სახელ გვარი გახსოვთ?
- რუსლან მამედოვი, კი. იგივე ვარიანტი ყოფილა იმასთანაც როგორ გავიგე,
- რუსლან მამედოვი იყო თქვენთან და სხვებთანაც?
- კი.”
მამედოვის კიდევ 1 მსხვერპლი კობის რწმუნებული გელა შიოლაშვილია, ჩვენ სოფელ კობში მოვედით. სქემა აქაც იგივეა, მამედოვმა ცნობის სანაცვლოდ 400 ლარი გადაიხადა და ეს ფაქტი გადაიღო.
გელა შიოლაშვილი: ,,ფულის აღება როგორ მოხდა, მე ვეუბნებოდი არა მეთქი თურმე დაუტოვებია და შეატოვა და გაიქცა, მეორე კარიდან გავარდა. რომ გავარდა მაშინვე კი მივხვდი, რომ რაღაცა ჩამიტარა ამან.
- თქვენ სახელი გითხრათ?
- კი რუსლანი მამედოვი, დაჟე კამერიდან რომ გამომიყვანეს ერთმა გამოყო თავი რაზეო? მე ვუთხარი ცნობაზეო. იმანაც რუსლან მამედოვმაო? ისეთი გინება ატეხეს.“
სამივე რწმუნებული ერთ დღეს დააპატიმრეს, ჩვენ მოვიპოვეთ საქმის მასალების ნაწილი. ერთ ერთი მთავარი დოკუმენტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი პატაკია. გამომძიებელი ზემდგომს წერს, რომ დაუკავშირდა მისი ნაცნობი მოქალაქე რუსლან მამედოვი, და აცნობა, რომ საჯარო მოხელეებმა ოფიციალური დოკუმენტის გაცემის სანაცვლოდ მოსთხოვეს გარკვეული თანხა. პატაკში ჩამოთვლილია ზემოთნაჩვენები რწმუნებულების სახელ გვარები.
ამ პატაკის შედგენიდან 1 დღეში მოქალაქე რუსლან მამედოვის ჩვენებების საფუძველზე ჩატარდა რწმუნებულების დაკავების ოპერაცია, სამივე მათგანი ერთდროულად დააკავეს.
ვინ არის რუსლან მამედოვი, როგორც გავარკვიეთ მამედოვს ყველა მოხელესთან შეხვედრისას თან ახლდა 1 ოპერატიული მუშაკი, ისიც და მამედოვიც შეხვედრებს ფარული კამერით იღებდნენ. ჩვენ ოპერატიული ვიდეო ჩანაწერი მოვიპოვეთ, სადაც ოპერ მუშაკის კამერით რუსლან მამედოვის სახეა გადაღებული.
ლია მუხაშავრია (უფლებათადამცველი, იურისტი): ,,იკვეთება, რომ ეს ადამიანი არ არის ჩვეულებრივი მოწმე. არამედ ეს არის აგენტი პროვოკატორი+საქმის მასალები ადასტურებს რომ არ შეიძლება 3 -ზე მეტ საქმეში ერთი და იგივე პირი გადის დაზარალებული მოწმის სტატუსით”.
პასუხისგებაში მიცემული რწმუნებულები ამბობენ, რომ რუსლან მამედოვი 3-ზე მეტ, ათეულობით მოხელის საქმეში ფიგურირებს, ჩვენ ამის გადასამოწმებლად საძიებო სისტემის გამოყენებით რწმუნებულების დაკავების შესახებ საინფორმაციო გამოშვებებში გასული რეპორტაჟები მოვიძიეთ.
ბაკურციხის რწმუნებული თემურ ზავრაშვილი პოსტზე დანიშვნიდან 3 დღეში დააპატიმრეს, შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და 2000 ლარიანი ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 3 წლიანი პირობითი და 4 წლიანი გამოსაცდელი ვადაც მიუსაჯეს.
თემურ ზავრაშვილი: ,,რუსლან მამედოვი იყო ჩემთანაც, ეს არის რა ეგ იყო მარნეულში. აქაურმა ბიჭმა მომიყვანა, ღვინო მივყიდეო, თურმე ისიც პოლიციის აგენტი ყოფილა. ნაცნობმა მოიყვანა და იმიტომ იიმან მიყიდა ღვინო და ჩემი ღვინოც უნდა წაეღო + 0730 და რა ფული დაყარა, მაგიდაზე ვერ გავიგე, რა ფულია მეთქი. ესა სინჯები რომ წამოვიღე იმის ფულიაო, მოიცა ძმაკაცს დავურეკო რისი ფულია მეთქი, ვცადე დარეკვა დაკავება იყო ამასობაში გავიდნენ გარეთ, მამედოვი დაეშვა კიბეებზე სანამ დავკეტავდი კარებს კი მივხვდი რაღაცაში იყო საქმე გამოვეკიდე, მაგრამ კიბეებზე დამიხვდნენ ფინანსური პოლიციის ხალხი.“
მამედოვის მეშვეობით დააკავეს დედოფლის წყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის რწმუნებული ბეჟან სუხიაშვილი და ამავე სოფლის მცხოვრები ემზარ გოგბაიძე. ინტერვიუზე მათაც უარი გვითხრეს.
ემზარ გოგბაიძე: ,, მოვიდა და 1 სიკეთე გამიკეთეო, ცხვრები ვიყიდე და იქნებ დამიწერო, რომ შენგან ვიყიდე და პატივს გცემო. მე ვთქვი დავუწერ ცნობას.
- რომ გაჩვენოთ ფოტო შეიძლება იცნოთ?
- მამედოვი? ეგ არის, ეს არის. 200 ლარი გამოვართვი. რომ მიჭირდა და გაჭირვებული რომ ვიყავი იმიტომ გამოვართვი, გლეხი ვარ არ ვიცი რა.”
ემზარ გოგბაიძე ამბობს, რომ მამედოვს 200 ლარი გამოართვა, სოფლის რწმუნებულთან გაყვა და დაუდასტურა, რომ თითქოს მამედოვმა მისგან ცხვარი შეიძინა.
ემზარ გოგბაიძე: ,,დავწერე ცნობა, რომ ამან გაყიდა ცხვარი, იყიდა რუსლან მამედოვმა და მიყავს ყარაჯალაში თუ სადღაც ზუსტად აღარ მახსოვს. იღებს ჯიბიდან ფულსა, მე მაძლევს აქეთ. რა არის ესა მე ვუთხარი. ფული ხომ მოვრიგდითო. რა ფული მოვრიგდით თურმე იმას გამოურთვია 200 ლარი. თურმე იმას მოურიგდე კიდევ მოვალ კიდევ ვიმუშავებთო. ფულზე ხელი არ მოვკიდე, გამომძიებლებმა მითხრეს შენ ვინ ყოფილხარ ქრთამს გაძლევდა არ აიღე ესეთი რამ არავის უქნიაო. მე ვუთხარი ეხლა შენ ამ ფულსა ანა გცემ ანდა მოგკიდებ ხელს წაგიყვან განყოფილება გვაქვს არხილოში ეს არის ქრთამის მიცემა, მანქანაც აქ დაგრჩება ცხვარიც და ერთი 5 ტიშიც დაგიჯდება. კანფეტი უყიდე კაცოო. მე ვუთხარი ჩემს ბავშვებს კანფეტი აქვს-მეთქი. კიდევ რომ მოვიდეო? ძალაზე მედგა ძალაზე, კანფეტი უყიდე კაცო, კანფეტი უყიდე კაცო აბა მე რომ კიდე მოვიდე კაცოო? მე ვუთხარი მილიონჯერ რომ მოხვიდე მილიონჯერ მე ამას დაგიწერ კანონის საწინააღმდეგოს მე არაფერს არ ვაკეთებ-მეთქი“
მიუხედავად იმისა, რომ ქრთამი არ აიღო ქედის გამგებელი მაინც დააპატიმრეს, განაჩენის მიხედვით მას სამსახურებრივ სიყალბეში დასდეს ბრალი, რაც იმაში გამოიხატა, რომ ცნობა ისე გასცა ადგილზე არ შეამოწმა თანასოფლელმა ნამდვილად მიყიდა თუ არა ცხვარი მამედოვს. თელავის სასამართლოს განაჩენით რწმუნებულს და მის თანასოფლელს 3-3 ათასი ლარის ჯარიმა და რამდენიმე წლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა.
ემზარ გოგბაიძე: ,,3000 ლარი გირაო გადავიხადე და 2 წელი პირობითი მომცეს.
- ანუ საპროცესო შეთანხმება გააფორმეთ?
- კი. კი.
- 3 ათასი ლარი ეს თვითონ მოითხოვეს?
- ჩვენ არაფერი თვითონ ასე გააკეთეს, სასამართლომა.
- ვინ გყავდათ ადვოკატი?
- თავად დამინიშნეს.
- ფული გადაიხადეთ?
- არა სად მქონდა მაგის ფული.
- ის 3 ათასი როგორ გადაიხადეთ.
- 1 ჰექტარი საკარმიდამო გავყიდე”
პასუხისგებაში მიცემული რწმუნებულები ერთხმად ამბობენ, რომ რუსლან მამედოვმა მათ პროვოკაცია მოუწყო.
ირაკლი ხირდაევი: ,,ეს იყო დანაშაულის პროვოცირება, საქმეს სწორად რომ მივუდგეთ ეს არის დანაშაულის პროვოცირება.”
დავით სუხიაშვილი: ,,პროვოკაცია იყო, ყველა ვარიანტში პროვოკაცია იყო. ფაქტიურად წამოვეგე, ის ცნობა მე უნდა წავსულიყავი მენახა. მართლა ძაან მოინდომეს და იმიტომ გაკეთდა.”
დანაშაულის პროვოცირებაზე საუბრობს სამართლის ექსპერტი ლია მუხაშავრია, რომელსაც ჩვენ მამედოვის მრავალ საქმეში მონაწილეობის დამადასტურებელი მასალები მივუტანეთ.
ლია მუხაშავრია: რუსლან მამედოვი არამც და არამც არ არის ჩვეულებრივი მოქალაქე ის არ არის ბედნავსი კაცი რომელიც ტავის გზაზე ყოველთვის გადაეყრება უკანონობას ის აშკარად გეგმაზომიერად დაგეგმილად მიდის გარკვეულ პირებთან ის აშკარად ცდილობა ამ ადამიანებს შეუქმნას უკანონო ქმედების მოტივაცია. ის აშაკარად მოქმედებს როგორც აგენტი პროვოკატორი და ეს ძალიან მარტივად იკვეთება რამდენიმე საქმის ერთდროულად გადაკითხვის შემთხვევაში.”
რუსლან მამედოვი მთავარი მოწმის როლში მხოლოდ ზემოთ ნაჩვენები ექვსი მოხელის საქმეში არ გვხვდება, ჩვენ უზენაესი სასამართლოს მეშვეობით განაჩენები და განჩინებები გამოვითხოვეთ, ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ რუსლან მამედოვი პროკურატურის მთავარი მოწმე ჯამში 11 პირის მიმართ წაყენებულ ბრალდებაშია. დაბადების თარიღით, პირადი ნომრით უტყუარად დასტურდება, რომ ყველა საქმეში მონაწილე მამედოვი ერთი და იგივე პირია. მისი მონაწილეობით მხოლოდ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში დანაშაული გამოავლინეს, გორში, ხაშურში, ქარელში, მცხეთაში, თელავში, დედოფლისწყაროსა და ახმეტაში.
მამედოვის მეშვეობით დაკავებული პირების სია ასე გამოიყურება:
დავით სუხიაშვილის, ირაკლი ხირდაევის გელა შიოლაშვილის, ტარიელ გურგენიძის, ელგუჯა კილაძის; მარგარიტა ყულიჯანოვას; გიორგი ნოზაძის სისხლის სამართლის საქმეეში რუსლან მამედოვი როგორც საქონლის მყიდველი მონაწილეობდა და გამოძიების ვერსიით რწმუნებულებს ქრთამის სახით 300 ზოგიერთს კი 400 ლარი გადაუხადა.
ქარელის რაიონის ყოფილი გამგებლის ივანე ოსაძის საქმეში მამედოვი როგორც აზერბაიჯანელი ინვესტორების წარმომადგენელი მონაწილეობს და გამოძიების ვერსიით ოსაძეს 7 ათასი ამერიკული დოლარი გადასცა.
თემურ ზავრაშვილის საქმეში რუსლან მამედოვი რესტორნის მეპატრონე იყო, მას ღვინის შეძენის დამადასტურებელი ცნობა ჭირდებოდა და აქაც 300 ლარი ფიგურირებს. ბეჟან სუხიაშვილისგან მამედოვმა ცხვრების შეძენის დამადასტურებელი საბუთი მიიღო, თუმცა სუხიაშვილმა თანხა არ გამოართვა. რუსლან მამედოვმა 200 ლარი გადაუხადა ემზარ გოგბაიძეს ცხვრების შეძენის დამადასტურებელი საბუთის შედგენაში მონაწილეობისთვის.
რუსლან მამედოვი ირანელი ინვესტორის წარმომადგენელი იყო მერაბ ზვიადაურის საქმეში და გამოძიების ვერსიით ზვიადაურს უკანონო მშენებლობის მფარველობისთვის 500$ ამერიკული დოლარი გადაუხადა.
კიდევ 1 ნიშანდობლივი დეტალი მამედოვი ზოგიერთ საქმეში დაკითხვისას ამბობს, რომ ქართულ ენას ვერ ფლობს და თარჯიმანს საჭიროებს, სხვა საქმეებში კი ქართულად აქვს ჩვენებები მიცემული.
ჩვენ მამედოვთან გასაუბრების მიზნით ჩვენებებში მითითებულ მისამართზე მივედით. ფონიჭალაში მდებარე სახლში მხოლოდ რუსლან მამედოვის ძმა დაგვხვდა.
ნამიკ მამედოვი: - კი, ჩემი ძმა არის,
- სად მუშაობს?
- დეპარტამენტში მუშაობს,
- რომელ დეპარტამენტში მუშაობს? -შინაგან საქმეთა სამინისტროში?
- კი.
- იქ ორი შენობაა და რომელში მუშაობს? პროკურატურაში თუ სამინისტროში?
- სამინისტროში.”
ძმამ ნამიკ მამედოვმა რუსლან მამედოვის ტელეფონის ნომერი მოგვცა, ჩვენ მას დავუკავშირდით.
ჟურნალისტი რუსლან მამედოვს: -თქვენ სად მუშაობთ?
–არსად, არსად არ ვმუშობ.
- თქვენმა ძმამ მითხრა, რომ თქვენ მუშობთ შსს-ს ერთერთ დეპარტამენტში ორთაჭალაში.
- ტყუილია ეგ, ტყუილს გეუბნებათ.
- ჩვენ შევისწავლეთ საქმე და 11-ვეში თქვენ ხართ..
- მე ვარ ბიზნესმენი დავდივარ,მე მიწას ვყიდულობ და მე მას ხომ არ ვაიძულებ დაწერეო , მე ვეკითხები შეგიძლია თუ არ შეგიძლიაოო, რაზეც ის მეუბნება , ეს ფული ღირსოო, მომცემ, დაგიწერო, არ მომცემ არ დაგიწეროო.“
მართალია მამედოვი ამბობს, რომ ბიზნესმენია, თუმცა სამეწარმეო რეესტრის ჩანაწერებში მის მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული ვერც შპს ვიპოვეთ და ვერც ინდმეწარმე.
მამედოვის მონაწილეობით გახსნილ საქმეებს რამდენიმე საერთო დეტალი აქვთ, დაპატიმრებული მოხელეების აბსოლიტური უმრავლესობა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაა დანიშნული პოსტზე. ყველა მათგანის გამოძიებას ერთი უწყება, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებს და გამოძიება პატაკით იწყება, სადაც ზემდგომს ატყობინებენ, რომ მოქალაქე რუსლან მამედოვს მოხელეები ქრთამს სთხოვენ.
ლია მუხაშავრია: ,,რათქმაუნდა იგრძნობა, რომ ეს არის დაგეგმილი ოპერაცია, და ყველაზე საინტერესოა ის, რომ ამ საქმეებს ერთნაირი ხელწერა აქვს. და ერთნაირი ხაზი აქვს. სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ეს არის დაგეგმილი ოპერაცია. რომელიც ხორციელდება ფინანსთა სამინისტროს მიერ. მე ვფიქრობ რომ უბრალოდ ძალიან არაპროფესიონალურად არაკვალიფიციური და დანაშაულებრივი ხელწერის გამო უფრო გამოჩნდა რომ ფინანსთა სამინისტროს ეს საგამოძიებო სამსახური ვერ იძიებს ვერ მუშაობს კანონისა და პროცედურის დაცვით.“
ზემოთ ჩამოთვლილი საქმეების ნაწილი ბრალდებულებთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმებით დასრულდა, ნაწილის სასამართლო განხილვა მიმდინარეობს, მათ შორისაა მერაბ ზვიადაურის საქმე. ზვიადაური ამ წლის აპრილში დააკავეს და 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.
მერაბ ზვიადაურს მამედოვისგან 500 დოლარის ქრთამის აღებაში ედება ბრალი. საქმეს თელავის სასამართლო იხილავს, პროკურორი ხვიჩა ბეგიაშვილია, მოსამართლე მამუკა წიკლაური. პროცესზე ადვოკატმა მოსამართლეს მოახსენა, რომ საქმეში არსებული მთავარი მოწმე რუსლან მამედოვი სხვა მსგავს საქმეებშიც მონაწილეობდა.
სარწმუნოდ მიიჩნევს თუ არა მოსამართლე წიკლაური რუსლან მამედოვის ჩვენებას სასამართლო განხილვის დასრულებისას გაირკვევა. მანამდე კი ჩვენ დოკუმენტაციის შესწავლისას აღმოვაჩინეთ, რომ მოსამართლე მამუკა წიკლაურს მიმდინარე წელს უკვე 2 პირი ყავს გასამართლებული რომელთა საქმეშიც მთავარი მოწმე და მამხილებელირუსლან მამედოვი იყო.
ზვიადაურის პროცესში მონაწილე პროკურორ ხვიჩა ბეგიაშვილსაც ჰქონია შეხება რუსლან მამედოვთან, ჩვენს ხელთ არსებული განაჩენების მიხედვით ბეგიაშვილი მხოლოდ 2013 წელს 4 პირის საქმეში გამოდიოდა პროკურორად რომლებშიც მთავარი მოწმე და ქრთამის გამცემი რუსლან მამედოვი იყო.
ჩვენ ხვიჩა ბეგიაშვილს კომენტარი ვთხოვეთ. პროკურორი დაგვპირდა, რომ სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ გვიპასუხებდა. პროკურორმა ბეგიაშვილმა კითხვებზე არც პროცესიდან გამოსვლის შემდეგ გვიპასუხა.
პროკურორ ბეგიაშვილის მსგავსად შიდა ქართლის და მცხეთა მთიანეთის პროკურატურის პროკურორი ვლადიმერ ნარინდოშვილიც მხოლოდ 2013 წელს ჯამში 6 პირის საქმეშია პროკურორად სადაც მთავარი მოწმე და ქრთამის გამცემი რუსლან მამედოვია, ჩვენ კომენტარი ვლადიმერ ნარინდოშვილსაც ვთხოვეთ. ნარინდოშვილმაც კითხვებზე პასუხის გაცემას თავი აარიდა.
ტექსტი: ჩვენ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურს ამ საქმეებზე პროკურორების კომენტარი ოფიციალურად ვთხოვეთ, თუმცა ინტერვიუზე უარი გვითხრეს.
პროკურატურის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავს სამართლის ექსპერტი ნინო გვენეტაძე, რომელიც 1999-2006 წლებში უზენაეს სასამართლოში სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე იყო. გვენეტაძე დღეს სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა.
ნინო გვენეტაძე: ცალსახად იკვეთება, რომ პროკურორმა რომელსაც კანონი ავალდებულებს, დარღვეული აქვს სამოხელეო და თანამდებობრივი დანაშაულები, როცა ერთი და იგივე მოწმეს წარადგენს და ბრალდებას აფუძნებს პროვოკატორს. ამ შემთხვევაში ცალსახად ქმნის გამოძიების დაწყების ვალდებულებას რომ ერთი და იგივე პირი მოწმის სახით არის დაკითხული არა ერთ და ორ საქმეში მოწმის სანდოობა აშკარად ეჭვ ქვეშ დადგა და დანაშაულის პროვოკაციის მუხლით გამოძიება ნამდვილად უნდა დაიწყოს. საქმეში მონაწილე ყველა პირი პროკურორისა და ჩათვლით კანონს არღვევენ.“
კახეთში მუშაობის დროს ერთმა ადვოკატმა გვითხრა, რომ რუსლან მამედოვი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს ფიგურირებდა სისხლის სამართლის საქმეებში როგორც მამხილებელი მოწმე,. მისი მეშვეობით ახმეტელი მეწარმე დააკავეს. მეწარმე, ზაურ ქინქლაძე აღმოჩნდა, რომელსაც ჩვენ ახმეტაში გავესაუბრეთ.
ზაურ ქინქლაძე: ,,2012 წლის მარტში პარკეტი უნდა წაეღოთ ჩემგან, თავიდან იყო საუბარი, რომ საბუთი არ უნდოდათ, რომ დატვირთეს მანქანა მოითხოვეს საბუთი შემოგზავნილები იყვენენ რა. მერე რა მოხდა და საპროცესო გაფორმდა, გადავიხადე ის თანხა და გამოვედი. 5 ათასი გადავიხადე.“
ზაურ ქინქლაძემ ჩვენს მიერ ნაჩვენებ ფოტოზე აღბეჭდილი მამედოვი იმ პირს მიამსგავსა, ვისი მეშვეობითაც ერთი წლის წინ პატიმრობაში აღმოჩნდა.
ზაურ ქინქლაძე: ,,სასამართლოზე კი მამედოვს ახსენებდნენ, არ უჩვენებიათ.“
ქინქლაძის მიერ მითითებული თარიღის მიხედვით თელავის სასამართლოდან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გამოვითხოვეთ. განაჩენი 2012 წლის 16 მარტით თარიღდება, აღმოჩნდა, რომ ამ საქმეშიც მთავარი მოწმე და დანაშაულში მამხილებელი რუსლან მამედოვია. ნიშანდობლივია, ის, რომ განაჩენის მიხედვით პროკურორი მაშინაც ხვიჩა ბეგიაშვილი იყო, მოსამართლე კი იმ საქმეშიც მამუკა წიკლაურია მითითებული. განაჩენი ადასტურებს რომ პროკურორსაც და მოსამართლესაც წინა ხელისუფლების დროსაც ჰქონდათ ინფორმაცია მამედოვის მოწმეობასთან დაკავშირებით.
ლია მუხაშავრია: ,,სამწუხაროა, რომ ის მეთოდი, რომელიც ამ საქმეებში ჩანს 2012 წელსაც გამოიყენებოდა და გრძელდება დღესაც ანუ მეთოდოლოგია ხაზი გამოძიების არის აბსოლიტურად ერთი და იგივე და გრძელდება ის უსამართლობა რასაც ასე თავგამოდებით ვებრძოდით ჩვენ, მედია და უფლებადამცველები. ძალიან არასასიამოვნოა რომ სასამართლოში ასევე საინტერესოა, რომ ერთი და იგივე სასამართლოში იხილება აი იქ სასამართლო ამაზე თვალს ხუჭავს და არანაირად არ აკვირდება, რომ ერთი და იგივე პირი ფიგურირებს რამდენიმე საქმეში.“
იურისტები, რომლებსაც ჩვენს ხელთ არსებული დოკუმენტაცია შესასწავლად წარვუდგინეთ ერთხმად ამბობენ, რომ ჩამოთვლილ შემთხვევებში დანაშაულის პროვოცირებასთან გვაქვს საქმე, რაც კანონით დასჯადი ქმედებაა.
ნინო გვენეტაძე: ,,ჩვენს შემთხვევაში გამოყენებულია უკანონო მეთოდი რასაც უწოდებენ დანაშაულის პროვოკაციას. კონკრეტულ შემთხვევაში მე მეჩვენება, რომ ადგილი გვაქვს ისეთ იურიდიულ ლიტერატურაში ცნობილ მოვლენასთან რომელსაც ქვია აგენტ პროვოკატორის გამოყენება უნდა ვთქვათ რომ აქ ჩვენ კი არ გვაქვს დანაშაულის გამოვლინება, არამედ დანაშაულის პროვოცირება.ცალსახა არის, რომ სახელმწიფოს აქვს კანონი დარღვეული ჩანს რომ 1 პირი გამოიწვევს, აცდუნებს კონკრეტულ პირებს დანაშაულის ჩადენაში.“
რუსლან მამედოვი სისხლის სამართლის საქმეებში არსებულ ყველა დოკუმენტში როგორც რიგითი მოქალაქეა მოხსენიებული. თუ დავუშვებთ, რომ მამედოვი სამართალდამცავების კონფიდენტი ე.წ. აგენტია, იურისტების განმარტებით მაინც კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე.
ლია მუხაშავრია: ,,დასაშვებია აგენტის გამოყენება და არა აგენტ პროვოკატორის, რომელიც თვითონ უქმნის მოტივაციას პირს, რომ ჩაიდინოს დანაშაული. რაიმე კანონსაწინააღმდეგო მოქმედება. აგენტი უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ უკიდურესად მძიმე ორგანიზებული დანაშაულის გასახსნელად მაშინ როცა ყველა სხვა გზა დანაშაულის გასახსნელად ამოწურულია მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება აგენტის გამოყენება. ევროპულმა სასამართლომ გააკეთა ძალიან მკაფიო განმარტება იმაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება აგენტის გამოყენება და როგორ უნდა განვასხვავოთ აგენტი, აგენტი პროვოკატორისგან. თუ აგენტი პროვოკატორი მოქმედებს ისე როგორც ამ საქმეში ასეთ საქმეებზე არ შეიძლება დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.“
მოხელეებმა მართლაც ჩაიდინეს დანაშაული თუ პროვოკაციის მსხვერპლნი გახდნენ ძნელი სათქმელია. რადგანაც რუსლან მამედოვის მეშვეობით დაკავებულმა პირებმა და მათი ადვოკატების აბსოლიტურმა უმრავლესობამ, ღიად თანამშრომლობაზე და საქმის მასალების სრულად მოწოდებაზე უარი გვითხრა. ჩვენი მთავარი მიზანი საგამოძიებო უწყების მიერ საეჭვო მოწმის გამოყენების პრაქტიკის გარძელების ჩვენება იყო მოხელებიის ნაწილმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება უკვე გააფორმა. ნაწილი კი ქართული მართლმსაჯულების სამართლიანობის იმედადაა.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები