,,ნაციონალური მოძრაობის" გორის ორგანიზაციის განცხადება: ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების კლანური ნეპოტიზმის კიდევ ერთი ფაქტი. მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ შესყიდვებში ძირითადად თანხებს შპს ,,ვერელი + "-ი ითვისებს, რომლის ხელმძღვანელი როინ მიხანაშვილი არის გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის მოყვარე (ცოლის ძმა), ხოლო როინ მიხანაშვილის ქალიშვილი, ანუ გორის მერის ზურაბ ჯირკველიშვილის დის შვილი სოფო მიხანაშვილი არის შიდა ქართლში რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. რათქმაუნდა, ყველანი შიდა ქართლის რწმუნებულის ზურაბ რუსიშვილის კლანს მიეკუთვნებიან" (სტილი დაცულია)
თუ რომელ პერიოდს გულისხმობს ,,ნაციონალური" მოძრაობა", ეს დაკონკრეტებული არ არის. თუმცა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიძია მასალები, რომლის მიხედვით, კომპანია ,,ვერელი პლიუსი" მასშტაბურ პროექტებს იმ პერიოდშიც იგებდა, როდესაც გორის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი კახა ტოლიაშვილი იყო. ტოლიაშვილი ამჟამად ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის შტაბის უფროსია.
ასე მაგალითად:
კომპანია ,,ვერელი +" ასპარეზზე 2011 წლიდან ჩანს. ერთ-ერთი მასშტაბური ტენდერი, რომელიც 2011 წელს, ,,ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში გორში მოიგო 2011 წლის აგვისტოში მოხდა. მას კონკურენტად ჰყავდა შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1", რომლის ერთ-ერთი მფლობელი აბულაძე შიდა ქართლის მაშინდელი გუბერნატორის მოადგილის სიმამრი, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის მამას წარმოადგენდა. ,,ვერელი +"-მა 2 მლნ 337 ათასს ლარიანი ტენდერი მოიგო. ამ ხელშეკრულების მიხედვით, გორში არაგვის, ბესიკის, ბუხაიძის, დრიალის, დუშეთის, გორგასლის, ჯუღაშვილის, კოსტავას, ყიფიანის, მეჯვრისხევის, მელიქიშვილის, მუსხელიშვილის, პეტრიაშვილის, ქუთაისის, რუსთავის, სტურუას, თელავის და ა.შ. გზების რეაბილიტაცია მოხდა.
კიდევ მეორე მაგალითი. 2012 წლის 20 ივნისს კომპანია ,,ვერელი პლიუსმა" მოიგო 245 ათას ლარიანი ტენდერი, რომელიც ბერუაშვილის, ვაჩნაძის და ჭონქაძის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით გამოცხადდა. ამ ტენდერში ,,ვერელი პლიუსმა" კვლავ ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" დაამარცხა.
რატომ იმარჯვებდა ,,ვერელი პლიუსი" ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ამაზე ,,ნაციონალური მოძრაობა" არაფერს ამბობს.
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მსხვილ ტენდერებში შპს ,,ვერელი +" მთავარი კონკურენტი, კვლავ ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ია. თავისი არსებობის მანძილზე ,,ვერელი +"-სს, ყოფილი ნაციონალების საარჩევნო ფონდში მსხვილი თანხების შემწირველი კომპანია, 17-ჯერ ,,გადაეღობა."
საქმე იმაშია, რომ 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე, შპს ,,ვერელი "+"-ს მონაწილება მიღებული აქვს 50 ელექტრონულ ტენდერში, აქედან დამარცხდა 26-ში, ხოლო გაიმარჯვა - 24-ში.
2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე (,,ქართული ოცნების" გამარჯვებამდე") შპს ,,ვერელი +"-მა მოიგო 8 ტენდერი, ხოლო დამარცხდა - 12-ში. ერთი - შეუწყვიტეს. 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ კი, ახალი ხელისუფლების პირობებში, ,,ვერელი პლიუსმა" 16 ტენდერი მოიგო, ხოლო დამარცხდა - 14-ში.
,,ნაციონალების" მმართველობის პერიოდში ,,ვერელი პლიუსის" მიერ მოგებული 8 ტენდერიდან, 4 ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის, 3 - ქარელის გამგეობის, ერთი კი ,,რეგიონალური განვითარების სამინისტროს" კუთვნილებაა. ამ რიცხვში არ შედის 2012 წლის სექტემბერს მოგებული ტენდერი, რომელიც გორში ეზოების რეაბილიტაციას ეხებოდა და 2012 წლის სექტემბერში გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეუწყვიტა.
2012 წლის ივლისის ჩათვლით, ანუ იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნება" მოვიდოდა, შპს ,,ვერელი +"-მა, ჯამში, 3 მლნ 270 350 ლარიანი ტენდერები მოიგო, რომლის სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულება 2 მლნ 477 622 ლარი შეადგინდა. დაიზოგა 800 ათას ლარზე მეტი. 2011 წლიდან 2014 წლის ნოემბრის ჩათვლით კი, ,,ვერელი პლიუსის" მიერ მოგებული კონტრაქტების საერთო საბაზრო ღირებულება 7 მლნ 078 957 ლარია.
ამჟამად, ,,ვერელი პლიუსს" 3 მიმდინარე ტენდერი აქვს. ბოლო ტენდერი გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2014 წლის აპრილში აქვს მოგებული. ხოლო გორის მერად ზურაბ ჯირკველიშვილის არჩევის შემდეგ არცერთი.
რაც შეეხება საგზაო სამშენებლო სამმართველოს, ამჟამად, მას 5 მიმდინარე ტენდერი აქვს. 2011 წლიდან მოყოლებული, გამარჯვებულია 34 ტენდერში, დამარცხებულია - 29-ში. მისი მოგებული კონტრაქტების საბაზრო ღირებულება ჯამში 16 მლნ 527 ათას 133 ლარია. ამ კომპანიამ, 590 ათას ლარიანი ტენდერი გორის მუნიციპალიტეტში ბოლოს 2013 წლის 25 ნოემბერს მოიგო.
ფოტოზე: გორის მერი ზურაბ ჯიკველიშვილი და გუბერნატორი ზურაბ რუსიშვილი
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები