რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,მზად ვართ საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის" - ანატოლი ბიბილოვის ინტერვიუ ,,იზვესტიასთან"
რუსული გამოცემა „იზვესტია“ აქვეყნებს ინტერვიუს დე-ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან. ინტერვიუში ის საქართველოს პრეზიდენტზე, ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმსა და რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრობს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი გთავაზობთ ამ ინტერვიუს თარგმანს. აქვე აღვნიშნავთ, რომ qartli.ge არ იყენებს ტერმინებს, რომლებიც ინტერვიუში შეგხვდებათ, ისინი შენარჩუნებულია მხოლოდ ინტერვიუს ავთენტურობისთვის.

სამხრეთ ოსეთი წელს რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ელოდება. ამის შესახებ „იზვესტიას“ რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უთხრა. ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ მზადაა საქართველოს ახალ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მოლაპარაკებებისთვის, თუ თბილისი ხელს მოაწერს ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმს. გარდა ამისა, პოლიტიკოსმა ინტერვიუში ისაუბრა იმაზეც, რომ წელს, შესაძლოა, სირიაში გაიხსნას რესპუბლიკის საელჩო, სამხრეთ ოსეთში კი მუშაობა დაიწყოს სირიის დიპლომატიურმა მისიამ.

- გასული წლის ბოლოს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. შეინიშნება თუ არა რაიმე დადებითი ძვრები მეზობელ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, ახალი ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის არჩევის შემდეგ?


- მხოლოდ იმის გამო, რომ იქ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება. ვიდრე რეალური ცვლილებები არ იქნება ქართველი პოლიტიკოსების რუსეთის ფედერაციასთან დამოკიდებულებაში, სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობაშიც არაფერი შეიცვლება უკეთესობისკენ. უკვე მეთერთმეტე წელი დაიწყო სამხედრო აგრესიის შემდეგ, მაგრამ საქართველო ამ დრომდე არაა მზად ხელი მოაწეროს ძალია არგამოყენების შესახებ მემორანდუმს. შესაბამისად, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის ხელისუფლებაზე არის გარკვეული შიდა გავლენა და ისინი საკუთარ თავს არ ეკუთვნიან.

ამიტომაც, ახალს არაფერს ველოდებით და პრინციპში, ეს ქვეყნის განვითარებაზე დიდად არც მოქმედებს. ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი, რომელთანაც ვაშენებთ ურთიერთობებს, გვაქვს განვითარების ჩვენი გზა, რომელიც სამხრეთ ოსეთის აღიარებას და რუსეთთან მაქსიმალურ ინტეგრაციას უკავშირდება.

- მზად ხართ საქართველოს ახლად არჩეულ ლიდერთან პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის?


- ყველაფერი თბილისის პოზიციაზეა დამოკიდებული. ჩვენ ადრეც გვითქვამს, რომ მზად ვართ საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის, როგორც შუამავლის დახმარებით, ისე პირისპირ. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა, რომ შუამავალი რუსეთი იყოს, თუმცა ჩვენი მთავარი მოთხოვნა მაინც ძალის არგამოყენების შესახებ მემორანდუმია. სამხრეთ ოსეთის ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამგვარი შეთანხმების სახით ქართულ მხარეს აქვს პასუხისმგებლობა მსოფლიო საზოგადოების წინაშე და რომ ისინი არასოდეს გამოიყენებენ სამხედრო ძალას ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ვიდრე ეს წინაპირობა არ შესრულდება, რომც შევხვდეთ, არაფერი გვექნება სალაპარაკო.

- გასული წლის სექტემბერში თქვენ განაცხადეთ, რომ ქართული პროვოკაციების შედეგად საქართველოს საზღვართან დაახლოებით 400 ადამიანი იყო დაკავებული. ამ დროისთვის რა ვითარებაა საზღვარზე?

- ახლა ზამთარია და მაინც ცოტა სიმშვიდეა, რადგან ამ დროს პლაკატით დიდხანს ვერ დაჯდები საზღვართან, თუმცა წვრილმანი პროვოკაციები მაინც ხდება. ღამით მიდიან სასაზღვრო ბოძთან და მის გადაყირავებას ან აბრის ჩამოგდებას ცდილობენ. შესაძლოა, ასე ქმედება დიდად არ ძაბავს სიტუაციას, მაგრამ გარკვეულ უხერხულობას ნამდვილად უქმნის ჩვენს მესაზღვრეებს. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ეს პროვოკაციები, შემდეგ როგორ 180 გრადუსით სხვანაირად შუქდება დასავლურ მედიაში. თუმცა ამისთვის მზად ვართ, ჩვენი მხრიდან ყველაფერი ფიქსირდება.

- აპირებთ წელს სამხრეთ ოსეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევას?

- ვლადიმერ პუტინს აქვს სამხრეთ ოსეთში ჩამოსვლის მოწვევა. შეთავაზება რუსეთის პრეზიდენტისთვის ყოველთვის ღიაა. ეს იმდენად ჩემგან არ მოდის, რამდენადაც ოსი ხალხისგან, რომელიც ღრმა პატივისცემითაა გამსჭვალული ვლადიმერ პუტინის მიმართ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ჩვენს მიწაზე ძვირფასი ადამიანის მისაღებად. ცხადია, რუსეთის პრეზიდენტი მოწვეული იქნება ღონისძიებებზე, რომლებსაც რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთის აღიარების მეტერთმეტე წლისთავის აღსანიშნავად გავმართავთ (რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა, რეგიონში, საქართველოს მიერ პროვოცირებული სამხედრო კონფლიქტის შემდეგ - „იზვესტიის“ შენიშვნა).




- შარშან თქვენ მონაწილეობდით იალტის მეოთხე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში. წელსაც, აპრილშიც, ხომ არ გეგმავთ მონაწილეობას?

- დიახ. ნახევარკუნძულთან ჩვენ კარგი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა. როგორც კი ყირიმი მშობლიურ ნავსაყუდელს დაუბრუნდა, ჩვენ აქტიური კონტაქტი დავიწყეთ და ნახევარკუნძულის ხელმძღვანელობასთან ძალიან თბილი ურთიერთობები გვაქვს. მეხუთე ფორუმზე ჩვენ კვლავაც განვიხილავთ იმ პროექტების განხორციელების შესაძლებლობას, რომლებიც ყირიმის რესპუბლიკასაც აინტერესებს და სამხრეთ ოსეთსაც. სრულიად შესაძლებელია, ფორუმის ფარგლებში ხელი მოეწეროს ახალ კონკრეტულ შეთანხმებებსაც. დღეისთვის, მაგალითად, გვაქვს პროექტი, რომელშიც ყირიმელი მეღვინეები მონაწილეობენ. პროექტი მუშაობს და ჩვენთან წარმოებული ღვინო უკვე რუსეთისკენ მიემგზავრება.

- სახელმწიფოების უმრავლესობა დღემდე არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტს. თქვენი აზრით, კიდევ რამდენი წელი დასჭირდება საერთაშორისო აღიარებას?

- სამხრეთ ოსეთი უკვე აღიარებულია. ქვეყნების რაოდენობით აღიარება არც იმატებს და არც იკლებს. ბევრი ამბობდა, რომ სამხრეთ ოსეთს აღარავინ აღიარებდა, მაგრამ ნახეთ, სირიამ გააკეთა ეს შარშან. აღიარების საკითხი - ეს ჯაჭვია. ერთმა ქვეყანამ აღიარა, შემდეგ მისი მოკავშირეებიც დაფიქრდნენ. ამიტომაც ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია. რა დრო დასჭირდება, ხუთი, შვიდი თუ ათი წელი, - ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ პროცესი მიდის. მაგალითისთვის, სირიასთან ახლა ვამუშავებთ საკითხს, რომ გამოიყოს ადგილი სირიის საელჩოსთვის სამხრეთ ოსეთში, შესაბამისად, ჩვენი საელჩოსთვის - სირიაში. ამ დეტალებს ჩვენ განვიხილავთ და გადავწყვეტთ, როგორ მოვიქცეთ. დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას 2019 წელს უნდა ველოდოთ.

- ყველაზე აქტიურად რა მიმართულებებით ვითარდება რუსეთთან თანამშრომლობა?

- ურთიერთანამშრომლობა რუსეთთან აბსოლუტურად ყველა სფეროშია. ვდგამთ გარკვეულ ნაბიჯებს შინაგან საქმეთა სამინისტროების მიმართულებით. ფაქტობრივად, გასული წლის ბოლოდან უკვე არსებობს საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი, სადაც ინფორმაცია გროვდება, მიმდინარეობს ერთობლივი ოპერატიული ღონისძიებები ორგანიზებულ დანაშაულთან და მთლიანად კრიმინალთან საბრძოლველად. და მე ვფიქრობ, რომ ამ სტრუქტურის ეფექტურობას ჩვენ მომავალში კიდევ დავინახავთ. ცენტრი აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე ტექნიკით, რაც საშუალებას გვაძლევს ჩავატაროთ ისეთი ურთულესი კვლევები, როგორსაც მანამდე რესპუბლიკაში ვერ ვაკეთებდით. შემდეგ მოდის, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა განათლებისა და კულტურის სფეროში, სამხედრო სფეროში, ფაქტობრივად, ყველა მიმართულებით ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური პროექტები. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ვიმკით მოსავალს. შარშან 20 ტონა ვაშლი ავიღეთ. ეს ძალიან მცირე ნაწილია იმ პოტენციალისა, რომელიც რესპუბლიკას აქვს. წელს რუსი ბიზნესმენები კიდევ ახალ საფუძველს ქმნიან ვაშლის ბაღების გასაშენებლად. ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულებაა მინერალური წყლის წარმოება. თავისი კლიმატური პირობების გამო, სამხრეთ ოსეთი, ასეთი პროდუქტის საწარმოებლად იდეალური ადგილია.

- ცნობილია, რომ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროებიც აღრმავებენ ურთიერთობას. აინტერესებს თუ არა თქვენ ქვეყანას თავის ტერიტორიაზე ისეთი ჰუმანიტარული ცენტრის შემქნა, რომელიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში ოპერატიულად მოქმედებას შეძლებდა?

- როდესაც მე საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმღვანელი ვიყავი, რუსეთთან ჯერ კიდევ მაშინ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, რომელშიც დეტალურადაა გაწერილი ყველაფერი, რის გაკეთებას და როგორ ვაპირებთ სტიქიური უბედურებების დროს. ასევე, მასში საუბარია სამხრეთ ოსეთისთვის დახმარების გაწევის აუცილებლობაზეც და რუსეთის ტერიტორიაზე ჩვენი ქვეყნის მონაწილეობაზეც ჰუმანიტარულ ოპერაციებში. სწორედ ახლახან მოეწერა ხელი დამატებით შეთანხმებას, რომელიც აუცილებლობის შემთხვევაში ავიაციის გამოყენებას ითვალისწინებს. პრინციპში, ეს ცენტრი დე-ფაქტოდ არსებობს კიდეც, უბრალოდ იმ შეთანხმებების დონეზე, რომლებიც რეალურად მუშაობს. ამ შეთანხმებების ეფექტურობა დამატებითი ცენტრის შექმნის მიზეზს არ გვაძლევს, თუმცა თუკი ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ასეთ ცენტრს შევქმნით.

ავტორი: დმიტრი ლარუ, ინტერვიუ გამოქვეყნდა 22 თებერვალს, წყარო ,,იზვესტია"
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.