რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორიჯვრობა და მისი რიტუალები
მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლის თითქმის ყველა სოფელში იყო წმინდა გიორგის ეკლესია, მთავარ სალოცავად მაინც გორიჯვრის წმინდა გიორგი ითვლებოდა.

ეს ის სალოცავია, სადაც თვით კომუნისტური მმართველობის პერიოდშიც არ შეუწყვეტია ქართლის მოსახლეობას სიარული.

გორიჯვრის შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "გორის პირისპირ არს ეკლესია წმინდის გიორგისა, მარალსა გორასა ზედა ნაშენი, სასწაულმოქმედი. თავი წმიდისა გიორგისა მდებარეობს ჯვარსა შინა, უწოდებენ გორიჯვარს" (ქართლის ცხოვრება 1973:). ამ კომპლექსის ისტორია ძალზე ძველია. როგორც XIX საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX საუკუნის ტეტრაკონქის ტიპის ნაგებობას განეკუთვნებოდა, რაც დადასტურდა კიდეც 1988 წელს გ. აბრამიშვილის მიერ წარმოებულმა არქეოლოგიურმა შესწავლამ.

"გორს თავდაპირველად ცენტრალურგუმბათოვანი ეკლესია გადმოჰყურებდა, როგორც მცხეთას-ჯვრის სახელზე აგებული ტაძარი. ასეთი სახელდება აქ პირველად ღმართული ჯვრის, აგრეთვე ეკლესიის შიდა სივრცის ორგანიზაციით უნდა ყოფილიყო განპირობებული, რადგან ორივე ეკლესიას-მცხეტის ჯვარს და გორიჯვარსაც საფუძვლად ედო წმინდა ჯვარი-სიმბოლო ქრისტიანული რწმენისა. მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა" (აბრამიშვილი 2001: 4).

განსაკუთრებულად აღსანიშნავია საკურთხევლის წინ აღსამართავი ჯვარი, რომელზეც გამოსახულია წმინდა გიორგის ცხოვრებისა და წამების კომპოზიციები. ჭედურობა მიეკუთვნება XVI, ხოლო მისი საბურავი XIII საუკუნეშია შექმნილი. 

ზედადგარის ტრადიცია

გორიჯვრობა გორელების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძვირფასი საეკლესიო დღესასწაულია. აქედან გამომდინარე გორიჯვრის მონასტერიც უძველესი დროიდან ითვლებოდა გორისა და მისი მახლობელი სოფლების მოსახლეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის სალოცავ ადგილად. ცნობილია მთელი რიგი წესჩვეულებებისა, რომლებიც ძველად სრულდებოდა, დღეისათვის კი მივიწყებულია. აქ გამართული იყო ქვის ზედადაგარი, რომელზეც იდგა წყლით სავსე ვერცხლის თასი და ამ თასში მოთავსებული იყო მტრედის კვერცხის ოდენა ვერცხლის თვალის კაკალი.

გორიჯვრობას, ვისაც შეთქმული ჰქონდა მიდიოდა ამ ზედადგართან და მის ქვეშ გაძვრებოდა, შემდეგ იგი თვალის კაკალს დაატრიალებდა სველ თითებს თვალებზე მოისვამდა, თან წმ. გიორგის შესთხოვდა თვალის საღობას და მხედველობის გაძლიერებას (მაკალათია 1938: 37). ხალხის რწმენით, ამ რიტუალის შესრულების შემდეგ ღრმა მოხუცებულობამდე შეინარჩუნებდა სინათლეს.

ძაფის შემოვლება ტაძარზე

მაგალითად: მრავალი მლოცველი ეკლესიას შემოახვევდა ბამბის ძაფს და ცდილობდა, რომ ძაფი არ გაწყვეტილიყო, რადგან ეს ითვლებოდა წარუმატებლობისა და უბედურების მომასწავებლად. თუ მლოცველი ძაფს დაუბრკოლებლად შემოახვევდა, მაშინ ყველა სურვილი კეთილად აუსრულდებოდა. განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო ოთხფუთიანი ჯაჭვის კისრით ტარება, რასაც უმთავრესად ქალები აკეთებდნენ.

ხალხის რწმენით, გოგონა, რომელიც ამ წესს შეასრულებდა, აუცილებლად გათხოვდებოდა, ხოლო უშვილო ქალს ასევე აუცილებლად შვილი შეეძინებოდა.

ჯაჭვის ტარება

ეს ჯაჭვი, რომელსაც ხალხი რატომღაც "დადიანს" უწოდებდა, ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. ჯაჭვი აღწერა მ. ხუბუამ. სიგრძით იგი 3,5 მეტრი იყო, თავსა და ბოლოში კისერზე დასადები ბრტყელი, ნახევარ რკალისებური რკინის ნაწილით და ჯაჭვის მეორე თავში დატანებული რგოლით. ის, როგორც ჩანს, განკუთვნილი იყო "შეწირულთათვის". 

დაიდებდნენ კისერზე ამ მძიმე ჯაჭვის ერთ თავში მოძრავად მიბმულ ნახევარ რკალისებური ფორმის რკინას, რომლის მოკაუჭებულ ბოლოში ჩამოჰკიდებდნენ ხოლმე ტანზე შემოხვეული ჯაჭვის რგოლს. ამგვარად, მთელი ამ ჯაჭვით ტანზე შემოხვეული და კისერთან შეკრული უვლიდნენ გარშემო სალოცავ ადგილს".( მამისთვალიშვილი 1999. 150).

საინტერესოა რატომ ერქვა გორიჯვრის ჯაჭვს "დადიანური"? ცნობილია, რომ სამეგრელოს მთავრები დადიანები დამნაშავეებს სპეციალური ჯაჭვით აბამდნენ. XVII საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოში მოღვაწე კათოლიკე მისიონერი არქანჯელო ლაბერტი გადმოგვცემს:"როცა მთავარი მოინდომებს ვისიმე დაჭერას, ბრძანებს, რომ მას ყელზე წამოაცვან რკინის საყელო დიდის და მძიმე ჯაჭვითო და ამ სახით ჩააბარეთ დარაჯსო" (ლამბერტი1938: 79). ამგვარად აქ საქმე გვაქავს ძველად დასასჯელად გამოყენებულ ჯაჭვთან, რომელმაც შიდა ქართლის (და არა მარტო) ხატებში განსხვავებული ფუნქცია შეიძინა.

გორიჯვრის ჯაჭვი რიტუალური დანიშნულებით გამოიყენებოდა და მასაც იგივე სახელი ერქვა. აქ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გორიჯვრის ჯაჭვი ან სამეგრელოში იყო დამზადებული და იქიდან გორში მოტანილი და სახელიც თან მოჰყვა ან ამ ჯაჭვსაც ოდესღაც დამნაშავეთა დასაბმელად იყენებდნენ და იმ დროიდან შემორჩა სახელი "დადიანი", როგორც დასჯის იარაღს. (მამისთვალიშვილი 1999:151 ).

ყურმოკვეთილი ცხვრები

გორიჯვრის დღესასწაულზე ჩვენთვის საინტერესო კიდევ ერთი წესი სრულდებოდა. ა. გარსევანიშვილის გადმოცემით, ეს წესი ძალზე წააგავდა წინაქრისტიანულ მსხვერპლთშეწირვას. ის სრულდებოდა აღთქმის მიხედვით და უმეტეს წილად წმ. გიორგის დღესასწაულზე ნოემბერში. ხდებოდა შემდეგი: ცხვარს მოკვეთდნენ ყურებს, ჩააწყობდნენ ჭურჭელში, რომელიც გავსებული იყო ცხვრის თბილი სისხლისა და ღვინის ნაზავით, რომლის ერთ ნაწილს სვამდნენ, ნაწილს კი ირგვლივ აპკურებდნენ.

ამიტომ წმ. გიორგის სახელობის ყველა ეკლესია; განსაკუთრებით კი გორიჯვარი, ათასობით მლოცველს იზიდავდა და მისი დღესასწაული გამოირჩეოდა ზეიმურობით. აქ მლოცველი მოდიოდა მთელი ქართლიდან. ერთი პატარა ხალხური ლექსი გვამცნობს :

"გორიჯვრის წმინდა გიორგი,
გადმომცქერალი მტკვრისაო.
მლოცავი ბევრი წამოვა,
ქარელისა და სკრისაო". (სონღულაშვილი 1955:88)

ამავე დროს, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ გორიჯვრის ნიში გორისა და კასპის რაიონის თითქმის ყველა სოფელშია დასტურებული. ის მლოცველები, რომლებიც გორიჯვარში ვერ მიდიოდნენ, ადგილზე თავისი სოფლის ნიშთან ასრულებდნენ რიტუალებს.

უნდა აღინიშნოს,რომ გორიჯვრობას დღესაც ასეთი მასშტაბურობით აღნიშნავს შიდა ქართლის მოსახლეობა. 6 მაისიდან დაწყებული-23 ნოემბრის ჩათვლით, დღესასწაულის ყოველ სწორზე სალოცავში უამრავი მლოცველი მიედინება.

გორიჯვრის ეკლესიასა და მის დღესასწაულს ლექსში აღწერს ცნობილი ისტორიკოსი და მწერალი დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილი. ვფიქრობთ მისი სრულად

„ გორასა ზედა მაღალსა, სდგა ეკლესია ქებული,
წინ უდის მტკუარი მდინარე, შორით კერძოით ღებული.
სხვა მხარე ტყესა მოუცავს, ზოგან კი გამინდვრებული,
შიგ სუფევს ჯვარი ცხოველი, ქრისტიანთაგან ქებული.

ნოემბრის ათსა იციან ყოველთვის მისი ჯვარობა,
ერი ურიცხვად შეკრბების, თუ იქნა კარგი დარობა,
გარს მიერტყმიან მლოცველნი და ისმის მათგან ხარობა,
მამწონს ძველთაგან დანაშთი ესრეთი ჩვენი გვარობა.

უკეთუ მზისა შუქისგან ღრუბელნი განათდებიან,
ჯვარსა მლოცველნი ზედიზედ დასთატა ეახლებიან,
ტურფად დართულნი აღმართზედ, იღალებიან, დგებიან
ოფლი კოკურად აყრიათ, ღაწვიცა მათი ლბებიან.

ცეცხლები ღამით კაშკაშებს, მწვადებიც მასზე ტრიალებს,
ზოგნი ღვინითა დამთვრალნი, მღერის, ხმამაღლა ღრიალებს
ზოგან ძილითა დამტკბარნი ფშვინავს და ამოხრიალებს
ფერხული ბრუნავს მრავალი, ზარებიც რიგზე წკრიალებს“ 

ავტორი
თამილა კოშორიძე, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.