რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
პოლიციის მანქანის გატაცების საქმე - რატომ მიიღო დაზიანება პოლიციელმა
პოლიციელმა გიორგი პატიაშვილმა იმ ღამით სხეულის დაზიანება მიიღო, მათ შორის, სახის არეში. ეს ფაქტი ექსპერტიზამ მსუბუქი ხარისხის დაზიანებად მიიჩნია. გიორგი პატიაშვილი აცხადებს, რომ ის, მანქანის გატაცების დროს, ღია ფანჯარას ჩამოეკიდა და ძირს იხოხიალა. მანქანა კი, მისი მტკიცებით, 17-წლის მოზარდმა გასტაცა. პროკურორი ნათია კიკალიაც ამტკიცებს, რომ იმ მანქანის საჭესთან, რომელიც 2019 წლის 10 ივნისს, დილის 01:35 სთ-ზე ,,გაიტაცეს“, 17-წლის კახა წაველიძე იჯდა.

კახა წაველიძე, 10 დღის შემდეგ, მაინც უნდა დაეკავებინათ. ის 18 წლის ხდებოდა და პოლიციელები ემუქრებოდნენ - სანთელსაც კი არ ჩაგაქრობინებთ, 00:01 სთ-ზე უნდა დაგაკავოთო. ის, რომ გორის პოლიცია ერთ-ერთი არასრულწლოვნის დაკავებას აპირებდა, ამას Qartli.ge-ც წერდა 2019 წლის დასაწყისში. გორის შს სამმართველოს თანამშრომლები ერთ-ერთი არასრულწლოვნის იუბილეს ელოდებოდნენ. იმ დღეს, როდესაც ის 18-წლის გახდებოდა.

თუმცა, მოვლენებმა მის დაგეგმილ დაკავებას წინ გაუსწრო. 10 ივნისს, შუადღეს, დაახლოებით 15:00 საათზე კახა წაველიძე, სოფელ ორთაშენში, მეურვესთან სახლში ყოფნის დროს, დააკავეს. მის მეურვეს უთხრეს, რომ მოზარდს ბრალი ედებოდა ავტომანქანის გატაცების ფაქტზე, სადაც ასევე 2 პოლიციელი იჯდა.

მოგვიანებით, ერთ-ერთი პოლიციელი საქმიდან ,,გაქრა“, დარჩა მხოლოდ გიორგი პატიაშვილი.



რა მოხდა 10 ივნისს გამთენისაას? - გამოძიების ვერსია

2019 წლის 10 ივნისს, დილის 01:24 სთ-ზე პოლიციის მანქანა მოძრაობს გურამიშვილის გამზირზე, მანამდე, ჩაუარა გორის სტადიონს და ბენზინგასამართ სადგურს. ეს ფაქტი ,,ელიტ ელექტრონიკის" მაღაზიის კამერამ დააფიქსირა.

ვიდეოს ეს ნაწილი Qartli.ge-მაც დაათვალიერა. მანქანა გურამიშვილის გამზრიზე მშვიდად მოძრაობს. აგრძელებს გზას კულტურისა და დასვენების პარკის ჭიშკრისკენ. 

8 წუთის შემდეგ, ის კვლავ გურამიშვილის გამზირზე ჩნდება, ოღონდ ე.წ. საბითუმო მაღაზიების მხარეს. მანქანა ,,ფარმადეპოს“ კამერამ დააფიქსირა. ამ კადრებში მანქანა უკვე სწრაფად მოძრაობს გორის ციხისკენ. პროკურორი ნათია კიკალია გვეუბნება, რომ აღნიშნულ მონაკვეთში მანქანას ჯერ ისევ პოლიციელი გიორგი პატიაშვილი მართავს.




1 სქემა - გზა, რომლითაც პოლიციელმა და მოზარდმა ერთად გაიარეს. იწყება გურამიშვილის ქუჩიდან, შემდეგ გადის სამეფო ქუჩაზე, მიუყვება ჭავჭავაძის გამზირს, ბრუნდებიან გურამიშვილის ქუჩაზე და მიემართებიან წმინდაწყალზე, იქ სადაც ლერმონტოვის ქუჩა მდებარეობს.

5 წუთის შემდეგ, 01:39 სთ-ზე მანქანა მოძრაობს წმინდაწყლზე, დიდი სიჩქარით.  ,,ლუკოილის" კამერამ დააფიქსირა, რომ პოლიციის მანქანა მიემართება ავტობანის ხიდისკენ.

პროკურორი ნათია კიკალია აცხადებს, რომ აქ უკვე მანქანა გატაცებულია. თუ პროკურორის ვერსიას დავუჯერებთ, არასრუწლოვანმა, რომელსაც მართვის მოწმობა არა აქვს და მის ახლობლებს საჭესთან საერთოდ არ უნახავთ, შეძლო ავტობანამდე გზის უპრობლემოდ გავლა, თანაც დიდი სიჩქარით; გაერკვია საგზაო ნიშნებში და ავტობანის ხიდზე ავიდა.




მე-2 სქემა: გზა, რომლითაც კახა წაველიძე, პროკურატურის ვერსიით, გატაცების შემდეგ გადის.

როგორ მოხდა მანქანის გატაცება 40 წამში?

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მანქანა 01:34 სთ-ზე იმყოფება ,,ფარმადეპოსთან“, სადაც საჭესთან პოლიციელი ზის. 5 წუთის შემდეგ კი, მას 17-წლის მოზარდი მართავს, როგორ მოხდა ეს?

პოლიციელი გიორგი პატიაშვილი მანქანის გატაცების ფაქტს ასე აღწერს:

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მან გურამიშვილის ქუჩაზე დაინახა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კახა წაველიძე, რომელსაც მანამდე იცნობდა. ჩაისვა მანქანაში და სახლში მიყვანა შესთავაზა. თუმცა, არასრულწლოვნის სახლი არ მდებარეობს წმინდაწყალზე. კახა წაველიძის მეურვის სახლი სოფელ ორთაშენშია. ორთაშენში გზა კი, კომბინატის დასახლებიდან მიდის.

პოლიციელი განმარტავს, რომ კახა წაველიძესთან კამათი მოუვიდა. გააჩერა მანქანა ლერმონტოვის ქ. 26-ის სიახლოვეს, საიდანაც კახა წაველიძე გადმოხტა და გაიქცა. მას გაეკიდა გიორგი პატიაშვილი. როგორც პატიაშვილი აცხადებს, ამჯერად, უკვე დასაკავებლად.

პატიაშვილის თქმით, არასრულწლოვანი დაუსხლტა ხელიდან, რომელიც უკან, სწრაფად გამობრუნდა. ჩახტა დაქოქილ მანქანაში და გაიტაცა. თვითონ პოლიციელი კი, ღია ფანჯარაზე ჩამოეკიდა და იხოხიალა.

ეს ყველაფერი მოხდა 01:34 სთ-დან 01:35 სთმდე. ანუ, ფარმადეპოს, აფთიაქთან ჩავლის შემდეგ, 40 წამში. გურამიშვილიდან ლერმონტოვის ქუჩამდე საკმაოდ დიდი მანძილია, შესაბამისად, 40 წამში არასრულწლოვანმა შეძლო მანქანაში ჩხუბი, გადმოხტომა, შემდეგ თავის დაღწევა, ჩახტომა დაქოქილ მანქანაში და გატაცება.

გიორგი პატიაშვილის მტკიცებით, მან გორის შს სამმართველოს სამორიგეო ნაწილს 01:35 სთ-ზე აცნობა გატაცების შესახებ.

სად იყო პატრული?

,,ლუკოილის“ კამერაში ჩანს, რომ მანქანა წმინდაწყალზე 01:39 სთ-ზე დიდი სიჩქარით მოძრაობს და არსად პატრულის ეკიპაჟის მანქანები არ მოძრაობს. ე.წ. რაციით შეტყობინების მიუხედავად, პატრულის მანქანების დევნა არ ხორციელდება, მიუხედავად იმისა, რომ მანქანა უკვე 4 წუთის გატაცებულია.

პატრულის დევნა არ ჩანს ასევე ავტობანზე, სადაც უკვე 02:09 სთ-ზე 112-ზე ავარიის შესახებ ზარი შედის. ზარის ავტორია ჭიათურისკენ მიმავალი მიკროავტობუსის მძღოლი, ვინმე კუპატაძე. ის შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრს ატყობინებს, რომ ავტობანზე ავარია შეემთხვა პოლიციის მანქანას.

სწორედ, ამის შემდეგ, ცხადდება განგაში და შემთხვევის ადგილზე მიდიან რეგიონისა და ქალაქის პოლიციის მთელი შემადგენლობა. შემთხვევის ადგილზე გადასაღებად 02:40 სთ-ზე მივიდა ჟურნალისტიც, რომელიც მანქანამდე არ მიუშვეს.



სად იყო კახა წაველიძე?

კახა წაველიძის მეურვე აცხადებს, რომ ყველა ზემოთჩამოთვლილ პერიოდში კახა წაველიძე სახლში იყო.

ის იხსენებს, რომ დილით ინტერნეტში წაიკითხა სტატია ავტობანზე ავარიისა და ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ, თუმცა, წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მალე ამ საქმეზე მათ პოლიცია მიაკითხავდათ.

,,ავარია შუაღამეს მოხდა. ჩვენთან კი შუადღეს მოვიდნენ. თუ მანქანა ჩემმა შვილმა გაიტაცა, რატომ არ მოაკითხეს იმავე ღამეს? ძალიან კარგად იცოდნენ, რომ კახა ჩემთან ცხოვრობს და მისამართიც ცნობილი იყო მათთვის.’“- გვითხრა მეურვემ.

კახა წაველიძე 14 საათის შემდეგ, დაახლოებით 15:00 სთ-ზე დააკავეს.

ჭიათურელი მძღოლი - ოქროს მოწმე

მოსამართლეს, შალვა კაკაურიძეს, ყველაზე ,,უტყუარი“ მტკიცებულებების სახით, სისხლის სამართლის საქმეში, პოლიციელ გიორგი პატიაშვილისა და ჭიათურელი მძღოლის ვანო კუპატაძის ჩვენებები აქვს.

პატიაშვილი ამბობს, რომ მანქანა კახა წაველიძემ გაიტაცა, კუპატაძე კი აცხადებს, რომ მან ზუსტად ის პატარა ბიჭი დაინახა, რომლის ფოტო ამოსაცნობად წარუდგინეს.

მიკროავტობუსის მძღოლი, ვანო კუპატაძე აცხადებს, რომ ის მოძრაობდა ავტობანზე, რა დროსაც, უკანა მხრიდან დაეჯახა მანქანა. სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც ჰქონდა წარწერა - ,,პოლიცია" ტრაექტორია შეიცვალა და ბორდიურთან ამოტრიალდა, იქაც შეჯახების შემდეგ.

მანქანიდან კი, როგორც კუპატაძე ამბობს, ამოიყვანა პატარა ბიჭი. მისი ჩვენებების მიხედვით, პატარა ბიჭი მაღალჩინოსნის შვილი ეგონა.

Qartli.ge-ს მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ მიკროავტობუსი გადატრიალებულ მანქანისგან საკმაოდ შორსაა გაჩერებული. მიკროავტობუსის მძღოლი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ მოზარდმა მიკროავტობუსის გატაცებაც სცადა, თუმცა ამის თაობაზე, 112-ზე დარეკვისას არაფერი უთქვამს.

პროკურორი ნათია კიკალია გვეუბნება, რომ არ იყო აუცილებელი ღამის 02:09 სთ-ზე, შეტყობინების დროს, დაზარალებულ მძღოლს მიკროავტობუსის გატაცების შესახებ ეცნობებინა. საქმეში დევს 112-ზე დარეკის დროს გაკეთებული ჩანაწერის სტენოგრამა. ვანო კუპატაძე პოლიციას ატყობინებს, რომ ადგილი აქვს ავარიას. მანქანის გატაცების შესახებ, არაფერი აქვს ნათქვამი.

ამავე ზარით დასტურდება, რომ მანქანის გატაცებიდან 01:35 სთ-დან 02:09 სთ-მზე შს სამინისტროში პოლიციის მანქანის გატაცების შესახებ, განგაში არ იყო გამოცხადებული.



ეს არის დაწერილი სცენარი  - აცხადებს ადვოკატი. მზია სიჭინავას აზრით, საქმე შეკერილია. ყველაფერი წარმოჩინებულია იმდაგვარად, რომ მოზარდი მანქანის გამტაცებელია. ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საჭესთან მოზარდი არ იჯდა. ,,ეს ყველაზე კარგად იცის პატიაშვილმაც და კახამაც." - ამბობს ადვოკატი.

კახა წაველიძე ბრალს არ აღიარებს. დაკავების ოქმში წერია, რომ იგი არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას.

,,ბიოლოგიური ექსპერტიზა არ ჩამოვიდა“ - განაცხადა ნათია კიკალიამ სასამართლო სხდომაზე. ამ დროს მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობდა. ,,არც აპირებთ ჩამოტანას?“ - ჰკითხა მას ადვოკატმა. ამ კითხვას კი, პროკურორმა არ უპასუხა.

,,დავასრულეთ მტკიცებულებების გამოკვლევა?“ - იკითხა მოსამართლემ, შალვა კაკაურიძემ. მრავალგვერდიანი ტომი დაიხურა, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებამდე ახალი მტკიცებულებები აღარ დაერთვება.

არ არის გამოკვლეული, თუ რატომ არ აღმოჩნდა კახა წაველიძის ხელის ანაბეჭდები საჭის მექანიზმზე. არ არის გარკვეული, თუ რატომ არ დევს საქმეში ,,ჭკვიანი კამერების“ ჩანაწერები, რომლითაც პოლიციას შეუძლია იმის გარკვევა, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა მანქანაში და ვინ იჯდა საჭესთან? არ არის გარკვეული, ნამდვილად იხოხიალა თუ არა პოლიციელმა ლერმონტოვის ქუჩაზე? არ არის ამოღებული პოლიციის მანქანის სალონში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიც.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.