რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ცხოვრების გაუმჯობესება მარტოხელებისთვის, უმწეოებისთვის, ხანდაზმულებისთვის – უცხოური დაფინანსებით
ავთო მეყანწიშვილი 10 წელია უსინათლოა. გლაუკომის დაავადებამ მას სხვა ბევრი პრობლემაც შეუქმნა. განუვითარდა განგრენა, რის გამოც, ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი იუმორი განთქმულია მთელ გორში. მეგობრები დღესაც ხშირად სტუმრობენ მას და ეუბნებიან, რომ მისი ეს იუმორი მათაც უხანგრძლივებს სიცოცხლეს.

ბატონ ავთოს ყოველდღიურად სჭირდება სამედიცინო მეთვალყურეობა. მეთვალყურეობას უწევენ კარიტასის ექიმები. თინათინ განჯელაშვილი ერთ-ერთია კარიტასიდან,რომელიც ავთო მეყანწიშვილს თითქმის ყოველდღიურად სტუმრობს:

,,აქედან რომ გავდივარ, თან ძალიან დიდი პოზიტივი მიმაქვს. მიუხედავად იმისა, რომ მხედველობის პრობლემები აქვს, გრძნობს, მე რა განწყობაზე ვარ. ხვდება, კარგ განწყობაზე ვარ თუ ცუდი. აქედან ყოველთვის კარგ განწყობაზე გავდივარ.“- გვიყვება თინა განჯელაშვილი, ,,კარიტასის“ ექიმი, რომელიც შინმოვლის პროექტშია ჩართული.

ჩვენი სტუმრობა მასპინძელს ძალიან გაუხარდა. გაგვიმხილა, რომ ლექსებს ხშირად წერს. უფრო სწორად, მისი გულიდან ამოსულ სიტყვებს სხვა ინიშნავს ფურცლებზე, თვითონ კი, ზეპირად იცის. წაგვიკითხა საკუთარი ლექსიც, რომელიც ყველაზე მეტად აღწერს მის განწყობას:

,,სიყმაწვილემ ჩაიქროლა, როგორც მტკვარზედ თოლიამ,
მოგონებად დამიტოვა, ზაფხული და თოვლია.
თვალში ჩაქრა ნაღვერდალი, გახდა ნაცრისფერია,
ეს ცხოვრება უმადური, მართლად, არაფერია.

თქვენთვის დილა, გარიჟრაჟი, ჩემთვის უკვე ბნელია
ეს მომენტი, ცხოვრებაში, ყველაფერის ძნელია.
ვარდი ერთხელ მოწყვეტილი, სულ ფურცლებად დაიშლება.
ვარდი ფურცლად ანაკრეფი, ვარდის კონა არ იქნება.“

ლექსის წაკითხვის შემდეგ, ექიმს ჰკითხა – მოამბეში ვიქნებიო?

ახალგაზრდობაში დაამთავრა გორის უმაღლესი სასწავლებელი, ისტორიული ფაკულტეტი. იხსენებს, რომ მუშაობდა მაღალ თანამდებობეზე. ბაქოშიც კი იყო გაგზავნილი სამუშაოდ.

წლები გავიდა. თვითონაც იცის, რომ იმ წლებს აღარავინ დააბრუნებს. ამჯერად, მთავარი საზრუნავია, გაიადვილოს ყოველდღიურობა, რაშიც ორგანიზაცია ,,კარიტასი“ ეხმარება. ბატონ ავთოს ისეთი განწყობა აქვს, რომ ორგანიზაციის წარმომადგენლები ამპუტირებულ ფეხის პრობლემასაც კი მოუგვარებენ.



ორგანიზაცია კარიტასი დაარსდა 1994 წელს. საქველმოქმედო ორგანიზაცია ფუნქციონირებს უცხოური დონორების დახმარებით. ამჟამად, დაფინანსების 80% გერმანიის მთავრობაზე მოდის.

გორში, კარიტასის პროგრამა, კერძოდ, შინმოვლის პროექტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. თავდაპირველად, ზრუნვის ობიექტი დევნილები იყვნენ. დროთა განმავლობაში ბენეფიციართა რაოდენობა გაიზარდა და მოიცვა მარტოხელა უმწეო ადამიანებიც.

,,ეს პროგრამა დაიწყო როგორც გადაუდებელი პროგრამა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის,“ - ამბობს კარიტასის გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ცირა მინდიაშვილი.

რას ნიშნავს შინმოვლის პროგრამა? ცირა მინდიაშვილი დეტალურად გვიხსნის, თუ რას საქმიანობენ მისი ორგანიზაციის წარმომადგენლები.

,,შინმოვლა გათვალისწინებულია იმ პაციენტებისთვის, ვისაც არ შეუძლია საკუთარი თავის მოვლა, სამედიცინო, სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება ბინაზე,“ - გვიხსნის ქალბატონი ცირა.

კარიტასის გორის ორგანიზაცია მუშაობს როგორც ქალაქად მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე – სოფლად.

,,მუშაობს მობილური ჯგუფი. კერძოდ, ექთანი მიდის ბინაზე და ემსახურება პაციენტს. სამუშაო წინასწარ დაგეგმილია, რა თქმა უნდა, შინმოვლის პროექტის კოორდინატორის მიერ. ვის რა დახმარება სჭირდება, იმის მიხედვით.“ - ამბობს ცირა მინდიაშვილი.

გარდა შინმოვლის მომსახურებისა, კარიტასის გორის ორგანიზაციას ასევე აქვს საგანმანათლებლო მიმართულება, რომელიც გამორჩეულია მათ საქმიანობაში.

,,ეს არის ტრენინგი, როგორც პაციენტის ახლობლებთან, ასევე, შეიძლება არაფორმალურ მომვლელებთან, ვინც არიან მაგალითად მეზობლები, რომლებიც ჩართულნი არიან პაციენტის მომსახურებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ მივაწოდოთ მოვლის უნარ-ჩვევები. ტრენინგს ჩვენ ვატარებთ საზღვარგარეთ წამსვლელთათვის, ვისაც აუცილებლად სჭირდებათ შინმოვლის კურსის გავლა. მათ, ვინც ამ კურსებს გაივლის, გადაეცემათ ხოლმე ორენოვანი სერთიფიკატი.“ - აღნიშნავს კარიტასის წარმომადგენელი.

ცირა მინდიაშვილის ცნობით, დღეს, პროფესიულ სასწავლებლებში დაინერგა შინმოვლის მოდული, რაც ადრე არ ისწავლებოდა. მოდულის დანერგვაში მონაწილეობა მიიღო ჯანდაცვის სამინიტრომ. პროფესიულ სასწავლებლებში ტრენერებად მიწვეულნი, სწორედ, კარიტასის წარმომადგენლები არიან.

შინმოვლის პროექტში დღეს ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველებიც.

,,კარიტასის აქტიური ჩართულობით, ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, მომსახურება შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში. ამ წლიდან ჩაშვებულია საპილოტე პროგრამა. კარგი და სასიამოვნო ის არის, რომ თუ ჩვენ აქამდე ვემსახურებოდით სოციალურად დაუცველებს, ახლა ამას არ ექნება არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობა. პროგრამაში შეიძლება ჩაერთნენ არასოციალურად დაუცველებიც.“ - აღნიშნავს შინმოვლის პროგრამის კოორდინატორი.



საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა კანონმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობს შესახებ“, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია როგორც ,,რუსული კანონი“, დააფიქრა კარიტასის წარმომადგენლებიც.

კანონი 2024 წლის სექტემბრიდან ამოქმედდება.

მმართველი გუნდის მტკიცებით, კანონი საქართველოში შემოსული უცხოური დაფინანსობის გამჭვირვალობას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობამ 2024 წლის აპრილსა და მაისში, ხალხმხრავალი პროტესტისა და დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად მიიღო კანონი, რომელიც მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის ძალად, თუკი მათი შემოსავლის 20 პროცენტი უცხოური ფონდებიდანაა.

კანონს სამოქალაქო საზოგადოებამ "რუსული კანონი" უწოდა, რადგან მსგავსმა კანონმდებლობამ რუსეთში უკვე გააქრო ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი, მედია და სამოქალაქო სექტორი.

თუ გაქრება კარიტასის მსგავსი ორგანიზაციები საქართველოში, ეს დიდი შეცდომა და დანაშაული იქნება გორში მცხოვრები მარტოხელა ია მელიქიძისთვის, რომელიც ახლა 83 წლისაა. იხსენებს, რომ კარიტასის წარმომადგენლები ძალიან ეხმარებოდნენ წლების წინ ხანდაზმული დედის მოვლაშიც:

,,ესენი მოდიოდნენ ჩემთან დედაჩემის დროიდან. დედაჩემი რომ ავად იყო, ორჯერ ინსულტი დაემართა, ლოგინად ჩავარდნილი იყო და ესენი უვლიდნენ. ვინც ეს ორგანიზაცია დააარსა, იმათაც დიდი მადლობა ჩემგან რომ ხალხზე ასე იზრუნეს, დღემდე ამდენ უპატრონო და ავადმყოფ ხალხს მკურნალობენ და უვლიან.“ - ამბობს ია მელიქიძე.

ქალბატონი ია სტალინის გამზირზე ცხოვრობს. ამჟამად, აღარ მუშაობს. ფეხი მოიტეხა და თავისუფლად გადაადგილება უჭირს. ამბობს, რომ კარიტასის წარმომადგენლების გარეშე, ცხოვრება არ შეუძლია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.