რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
100 წელი 1924 წლის აჯანყებიდან - რა ხდებოდა გორის მაზრაში
ავტორი: ქეთევან მაჭარაშვილი, გორის არქივ

1924 წლის აჯანყება იყო შეიარაღებული, ორგანიზებული ამბოხი, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციისგან გათავისუფლება. როგორც ცნობილია, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით, ქვეყანაში შეიქმნა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი), კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღმოსავლეთ საქართველოში აჯანყების ხელმძღვანელობა დაევალა ქაქუცა ჩოლოყაშვილს.

გორის ადგილობრივ არქივში დაცული მასალებით ნათელი ხდება, როგორ მიმდინარეობდა და რა შედეგები მოიტანა 1924 წლის აჯანყებამ გორის მაზრაში. აგვისტო-სექტემბრის აჯანყებამდე ქართლის სოფლებში გახშირდა ლელო ჩიქოვანის, მიხეილ ლაშქარაშვილის და სხვების ორგანიზებული შეხვედრები მეამბოხეებთან:

"ამხანაგო გიორგი, გატყობინებთ რომ ამ უკანასკნელს ხანებში მომდის ბევრი ცნობები ბანდიტების შესახებ. ცნობები მაქვს რომ კავთისხევის რაიონში იჩინა თავი ბანდიტებმა ლელო ჩიქოვანის და ლაშქარაშვილის ხელმძღვანელობით, რომლებსაც აზრადა ქონიათ ახალქალაქის და კავთისხევის აოხრება, ამ რამოდენიმე დღის წინედ ყოფილან სოფელს ქვემო ხანდაკში რამდენიმე კაცი ზემოთ დასახელებულების ხელმძღვანელობით რომლებიც მზად ყოფილან დასაცემად...იმ ბანდიტებთან ექეიფნა ნამყოფს სოფლის ამორჩეულს კაცს მათე ლაშქარაშვილს, ლექსო კაკალაშვილს, ლადიმერ ქათამაშვილს, გიგო ჩიქოვანს ლელოს მამას, როგორც მითხრეს მებორნეს გამოუკითხავს გვარი... გწერთ დავით მათიაშვილი (?) - ამჟამად ძეგვში ვიმყოფები და გწერთ იქიდგან" - 16/VIII-23.

სრულიად საქართველოს საბჭოებთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მიერ, 1924 წლის ოქტომბრის თვეში მიღებული წერილით, გორის მაზრის აღმასკომს დაევალა დაწვრილებითი გამოძიება მოეხდინა შინდისის რაიონის სოფელ ყელქცეულის მცხოვ. თამარ გიორგის ასული ჩხეიძის განცხადებაზე და თუ შესაძლებლობას დაინახავდნენ გამოკვლევის შემდეგ აღედგინათ თავის კანონიერ უფლებებში -"ამა წლის სექტემბრის პირველს რიცხვებში ჩვენს სოფელში მოვიდნენ სოფ. საქაშეთში მცხოვრებნი პ.ბ; რ.მ და სოფ. ახალდაბის მცხ. მ-ძე, შეიპყრეს მამა ჩემი გიორგი როსტომის ძე ჩხეიძე, ბიძა ჩემი ერმალოზ როსტომის ძე ჩხეიძე და ბიძაშვილი რევაზ ბეჟანის ძე ჩხეიძე. მამა ჩემი გორში გაისტუმრეს, სადაც იგი დღესაც დაპატიმრებულია, ხოლო ბიძაჩემი ერმალოზ და ბიძაშვილი რევაზ ჩხეიძე სოფ. რუისში წაიყვანეს და დახვრიტეს. ამ შემთხვევის მეორე დღეს იგივე პირნი კვლავ მოვიდნენ ჩვენს სოფელში, გუთნიდან გადმოიყვანეს მეორე ჩემი ბიძაშვილი დიმიტრი ბეჟანის ძე ჩხეიძე, გაიყვანეს სოფლის ბოლოს და მოჰკლეს.

ოქტომბრის 8-ს ჩვენთან მოვიდნენ ერთი უცნობი ჩვენთვის პირი და ჩვენივე სოფლის მცხოვრებნი... აგვიწერეს სახლი, ჩამოგვართვეს ყველაზე დიდი ოთახი და განაცხადეს რომ აქ შემდეგში სასოფლო სკოლას მოათავსებენ, მათ თან წაიყვანეს ცხენი თავისი კვიცით...ჩვენ დღემდე გაუყრელად ვცხოვრობდით და თუ შეგვიძენია რამე მხოლოდ საკუთარი შრომით და ოფლის ღვრით...მაგრამ თუ მთელს ქონებას ჩამოგვართმევენ და ბინას მოგვიშლიან ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია თუ არა კარის-კარი სიარული და გლახაკობა". თამარ ჩხეიძე. 25 10.1924 წ. ქალ. ტფილისი.

ჩემი ქმარი ნიკოლოზ (იგივე ფაცია) ფალავანდიშვილი 9 სექტემბერს მოუკლავთ სადგ. ქარელში ვიღაც ჩემთვის უცხო პირებს, სრულიად უდანაშაულოდ... ჩემი ქმარი ქარელში იმყოფებოდა ამა წლის 1 მაისიდან და არაფერში შემჩნეული არ ყოფილა არც ამ ხნის განმავლობაში და არც წინათ, ქარელში ის ასაღებდა მარილს რომელიც მას ჰქონდა წამოღებული ქ. ფოთიდან რადგან ცხოვრების სხვა საღსარი არ მოგვეპოვებოდა, ჩემი ქმრის სიკვდილის დროს მე შორაპნის მაზრაში ვიყავი ბიძებთან და ეს უბედურება გავიგე მხოლოდ 21 სექტემბერს, ჩემი მული, მოკლულის და, თბილისიდან ჩამოსულა ქარელში მკვდრის დასამარხად, მაგრამ ადგილობრივ ახალგაზრდა კომუნისტების წარმომადგენელს ამისი ნებაც არ მიუცია და გვამი დღემდე უპატრონოდ იმყოფება მიწაზე ქარელში...უმორჩილესად გთხოვთ სათანადო განკარგულებას ქარელის აღმასკომის სახელზე, რათა ნება მომცეს მიცვალებული დავასაფლავო და დამიბრუნდეს ჩამორთმეული მარილი, ხორბალი და სხვა ქონება და მით შევიძლო უპატრონოდ დარჩენილი ბავშვები ცოტა ხნით მაინც გამოვკვებო. თამარა ფალავანდიშვილი, 23.09.1924 წ.

აჯანყების დამარცხებით შეწყდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამუშავდა საბჭოური რეპრესიული მანქანა, სასტიკი წმენდის მსხვერპლი გახდა ქართველი ერის ელიტარული ნაწილი-თავადაზნაურობა, სამღვდელოება, პროგრესული ინტელიგენცია, შეძლებული გლეხობა. საქართველომ დიდი ხნით დაკარგა სუვერენიტეტის აღდგენის შანსი.

არქივში დაცულ, 1924 წლის 31 ოქტომბრის დადგენილებას "საქართველოს ყოფილი დამფუძნებელი კრებისა და მენშევიკური მთავრობის ზოგიერთი წევრის ქონების კონფისკაციის შესახებ" თან ახლავს 48 კაცის სახელობითი სია.

აქტიურად მიმდინარეობდა თემის აღმასკომებში დასმენების და გადასახლების მოთხოვნები, ავლევის თემში საკმარისი არ აღმოჩნდა "ავანტიურისტული გამოსვლების დროს" დახვრეტილი ვალა ყაფლანის ძე ფალავანდიშვილის, ილიკო ბეჟანის ძე ფალავანდიშვილის, საშიკო დავითის ძე ფალავანდიშვილის და სხვების შენობების და ქონების კონფისკაცია, 1925 წლის აპრილში ავლევის თემის საბჭომ მოისმინა და დაადგინა საკითხი დახვრეტილების ქვრივების გადასახლების შესახებ- "ეთხოვოს გორის სამაზრო აღმასკომს, რათა გაგვიწიოს დახმარება და აღძრას შუამდგომლობა სადაც ჯერ-არს რომ ყველა ასეთი თავად-აზნაურები, რომლებიც გლეხობისათვის არის მოსისხლე მტერი და ეწევიან პროვოკაციას ხალხის ასაჯანყებლად, რომ იქნან ერთხელ და სამუდამოთ სოფლიდგან გაძევებულნი და მათი ხმა აღარ ესმოდეთ მშრომელ მასას".

1924 წლის 3 ოქტომბერს კონფისკციის აქტი შედგა სოფელ თედოწმინდაში მცხოვრები, დახვრეტილი თავადის დავით ილიას ძე გარსევანიშვილის ქონებაზე, დახვრეტილი ძმების ერმალაოზ, რევაზ და მიტუშა ჩხეიძეების, სოფელ ფხვენისში მცხოვრებ, დახვრეტილ დავით ციცქიშვილის ქონებაზე.

კონფისკაცია ჩაუტარდა ქვემო ნიქოზში მცხოვრებ ზაქარია საძაგლიშვილის, სოფელ ხელთუბანში მცხ. ბაბალე თუმანიშვილის, კარალეთში მიხეილ ერისთავის, ცერონისში ალექსანდრე ფალავანდიშვილის და სხვათა საჯაროდ გაყიდულ ავეჯს და ქონებას.

1924 წელს ქონება ჩამოერთვა კასპში სერგო წერეთელს, კინო და შურა მესხიშვილებს, გიგო ამილახვარს, იაშა ზაალიშვილს, გოგლე და კოტე ზაალიშვილებს, დიმიტრი, სინკა ზაალიშვილებს, პეტრე ჩელიძეს. ქონება- ჩამორთმეულთა სიას თან ახლავს ჩანაწერი "რადგან გაქცეულები არიან სოფელ კასპიდგან დახვრეტილების ოჯახნი და აქვთ კარებები დაკეტილი ყოფილი კოტე ამილახვრისა და ნიკო მიხეილის ძე ქარუმიძისა, ამისთვის გთხოვთ თქვენს განკარგულებას თუ როგორ მოვიქცეთ და ან რა ზომები მივიღოთ დაკეტილი კარებებისა"-გლეხკომის თავმჯდომარე ვანო სოზიაშვილი.

კავთისხევის გლეხკომის მიერ შედგენილია "მენშევიკური ბანდიტების გამოსვლის დროს დახვრეტილების ჩამორთმეული ქონების სია"- ვანო ონოფრიშვილი (სოფ. ბარდანთუბანი), ლევან შაყულაშვილი (სოფ. შუაუბანი), სვიმონ წიკლაური (სოფ. პარეტისი), ვანო ბექაური (სოფ. ნატბეურა), გიორგი ჩივაძე (სოფ. ჩივანთუბანი) გიგო თარხანოვი (სოფ. ციხის უბანი), შალიკო ჟამუტაშვილი (სოფ. ჩივანთუბანი), ლექსო ყველაშვილი (სოფ. გუდალეთი), ტატო ქეშელაშვილი (სოფ.წინარეხი), აბრამ შარმანაშვილი (სოფ.წინარეხი).

ხაშურის გლეხკომის მიერ შედგენილია, საკონფისკაციაო კომისიის მიერ აღწერილი და გლეხკომზე გადაცემული, დახვრეტილი კონტრევოლიუციონერების მიხა დაბრუნდაშვილის და გიორგი სხილაძის ქონების სია.

1924 წელს დახვრეტილი იქნა სოფელ ატოციდან 1923 წელს გადასახლებული არჩილ დიდებულიძე "რაც შეეხება იმას რომ ის გადასახლებული იყო 1923 წელში და დახვრეტილი იქნა 1924 წელში, ეს იმიტომ მოხდა ასე, რომ ავანტიურისტული გამოსვლების დროს მოსულიყო სოფელში რაღაც ცუდი განზრახვებით, შეემჩნა ეს რომ მას არევ დარევა შექონდა გლეხობაში, მისი ყოველივე ეს განზრახვა გამომჟღავნებული იქნა და ამის მიხედვით იგი დაჭერილი და დახვრეტილი იქნა".

1924 წლის 27 სექტემბრის პრეზიდიუმის ოქმის დადგენილების თანახმად, დახვრეტილთა ქონების ცოცხალი ინვენტარი გადაეცემოდა მაზრის ადგილობრივ მეურნეობას, ხოლო უძრავ ქონებას იტოვდა ადგილობრივი რაიონის აღმასკომი. დახვრეტილთა (კასრაძე, ფანიევი, მაჭავარიანი, ქარუმიძე, ქიტიაშვილი) ქონების ნაწილი გადაეცა მუშათა კლუბს.

გამოსვლების შემდეგ მასიურად დაიწყო დაწესებულებების არასაიმედო პირებისგან გაწმენდა-ოქმში სამუშაოდან დათხოვნის მიზეზად სახელდებოდა -"ლოთი", "ყოფილი პოლიციელი", "ყოფილი ვაჭარი", "ყოფილი მამასახლისი", "ოფიცერი ნიკოლოზის და მენშევიკების დროს", "ყოფილი ფედერალისტი", "ბოქაული" , "პოლიციელი მენშევიკების დროს", "აფერისტი", "დადიოდა ტრაურში მაჭავარიანის დახვრეტის გამო" და სხვა.

მეორეს მხრივ, საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ, აღნიშნული მოვლენები შეფასდა როგორც მენშევიკების ბანდიტური გამოსვლა (ხაშურის თემის აღმასკომის 1924 წლის 16 სექტემბრის კრების ოქმი)

"აგერ მეოთხე წელიწადია, რაც საქართველოში არსებობს საბჭოთა ხელისუფლება, ამ ხნის განმავლობაში არავითარ აჯანყებას და სისხლის ღვრას ადგილი არ ჰქონია, მუშურ-გლეხური მთავრობა ეწეოდა მშვიდობიან ცხოვრებას და გლეხთა საკეთილდღეოდა აშენებდა სახელმწიფოს, ყოფილი მენშევიკური მთავრობა რომელიც დაამხო მუშურ-გლეხურმა ძლიერმა მკლავმა, როგორც მოღალატენი, ვერ ურიგდებოდა ამ მდგომარეობას და დღიდან თავისი დამხობისა გაიხიზნა ევროპის სახელმწიფოებში და ბურჟუაზიული მთავრობის დახმარებით და პროვოკაციის საშუალებით შეუდგა მზადებას საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსასვლელად და გამოვიდნენ კიდეც". კრებაზე მოისმინეს აღელვებული ხმები "სამუდამო დასამარება თავად აზნაურებს, მენშევიკებს, მღვდლებს და ყველა საბჭოთა ხელისუფლების მტრებს"

რუისი - „1924 წლის აგვისტოს თვეში სოფელ რუისის წინაუბნის საზოგადო კრებამ, რომელსაც დაესწრო სოფლის მცხოვრებთა უმრავლესობა დაადგინა ყოფილი თავადაზნაურების-ფანიაშვილების გადასახლება და მათი ქონების კონფისკაცია.

„ყოფილი აზნაური იასონ ვასილის ძე ფანიაშვილი შუახნის კაცი აგვისტოს ავანტურისტული გამოსვლების დროს იღებდა აქტიურ მონაწილეობას ამბოხებაში, რაიც გამოიხატებოდა იმაში, რომ გამოსვლის წინ აწყობდა ფარულ კრებებს, სადაც მოწვეული ჰყავდა მთელი ფანიაშვილები და ეწეოდა მთავრობის წინააღმდეგ აგიტაციას. გამოსვლების წინა დღით მის სახლში მისულა ვიღაც უცნობი, რომელთანაც ერთად იასონ ფანიაშვილის თაოსნობით გამართული ჰქონდა ფარული კრება, თანაც ღვინით ქეიფობდნენ და ელოდნენ მთავრობის დამხობას, მაგრამ მეორე დღეს დაჭერილი იქმნა, საერთოდ იგი იყო მავნე პიროვნება გლეხებისათვის და მოღალატე მთავრობისა, ხშირად უხსენებია გლეხებში, რომ ჩვენ სხვა სისხლი გვიდგიაო, ქეიფის დროს ახსენებდა მენშევიკურ მთავრობის ბელადს და ეტრფოდა მათ მოსვლას“.

რუისში მომხდარი ტრაგედიის, კერძოდ 1924 წლის 14 სექტემბერს 35 ადამიანის ამოხოცვის შესახებ, რუის-ურბნისის რაი აღმასკომის თავმჯდომარე ატყობინებდა გორის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარეს „ამითი გაცნობებთ რომ ჩემდამი რწმუნებულ რაიონშიდ მოხდა გლეხების მიერ თავადაზნაურობაზე დაცემა, რამაც გამოიწვია 35 ქალის და კაცის სხვერპლი საღამოს ცხრის ნახევარ საათზედ სოფ. რუისშიდ წინ უბანზედ ფანიაშვილებზე და რაზედაც იქმნა სათანადო ზომები მიღებული, დაცემა იყო სრულიად მოულოდნელი, რადგან დაშორებულია უბანი აღმასკომის შენობას ვერ გადავარჩინეთ ცხოვრების უმრავლესობა. გლეხები სტიქიურად გამოდიან, მოსალოდნელია სხვა სოფლებშიდაც, რაზედაც გთხოვთ გაგვიწიოთ სათანადო დახმარება რომ თავიდან იქნეს აცილებული მოსალოდნელი ექცეზიები. ნაწილი გლეხებისა შეპყრობილია ისევ ტკბილი სიტყვებით რადგან ძალა არ ყავს აღმასკომს გთხოვთ საჩქაროთ გამოგზავნოთ ჩეკა და აგრეთვე დახოცილ მოქალაქეებს როგორ მოვექცეთ, სახლებზედ დაყენებულია ყარაულები რომ არ გაიფანტოს ნივთები და აგრეთვე დახოცილებზედ, მდგომარეობა აუწერელია გთხოვთ ან თვითონ ჩამოხვიდეთ ანდა გამოგზავნოთ ერთი წარმომადგენელი საქმეების მოსაწესრიგებლად“.

"მოგახსენებთ, რომ ჩემდა მრწმუნებულ რაიონშიდ უკანასკნელად გახშირდა თავად აზნაურების გაქცევა თავიანთი ცოლ-შვილით და მიტოვებული რჩება მათი სახლები უპატრონოდ, რასაც მოსდევს სახლის გატეხა და ვეშის წაღება" მოვლენების თავიდან აცილების მიზნით ჩაყენებული იქნა 15 მილიციონერი, სატუსაღოში იმყოფებოდა 60 კაცამდის ის გლეხობა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს თავად აზნაურების ამოხოცვაში. 15 ენკენისთვე 1924 წელი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
15:12 / 21.11.2024
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.