რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,სპირტის ამბავი’’ - როგორ გაჩნდნენ ხაშურში პირველი მილიონერები
სურამში ერთ-ერთ ეკლესიის კედლის წარწერაში ვკითხულობთ, რომ ეკლესია აგებულია ბიზნესმენების მიერ. წარწერა 1997 წლით თარიღდება.

ვინ იყვნენ და რას საქმიანობდნენ ეს ბიზნესმენი, აღწერილია საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში. არქივებში მოიძებნა მერაბ ტურავას გადაწყვეტილება, სადაც აღწერილია, თუ რა ხდებოდა 1997 წელს ხაშურში; და სადაც ის ადამიანები ფიგურირებენ, ვინც ეკლესიის წარწერაში არიან მოხსენიებულნი.

ამბავი უკავშირდება სპირტის ბიზნესს. ამ საქმეზე დააკავეს შპს ,,ხაშურის"" წარმომადგენლები - დ.გ და ბ.ნ.

როგორც შემდეგ ინტერვიუებით ირკვევა, მსჯავრდადებულებს შორის, ხაშურის აწ უკვე ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ახლობელი იგულისხმებოდა. ვალერი გელაშვილი ირწმუნებოდა, რომ ბრალი ახლობლებს, მის გამო, უკანონოდ წაუყენეს და სტრასბურგის სასამართლოში აპირებდა გასაჩივრებას. აღსრულდა თუ არა მერაბ ტურავას გადაწყვეტილება, რომელიც 2001 წელს მიიღო, ამ ეტაპზე უცნობია.

მერაბ ტურავას გადაწყვეტილებით, კომპანია ,,ხაშურის"" წარმომადგენლებს ბიუჯეტის წინაშე გადასახდელად 12.5 მლნ ლარის გადახდა დააკისრეს.

მერაბ ტურავას გადაწყვეტილების მიხედვით, ხაშურელმა ბიზნესმენებმა აშშ-დან და გერმანიიდან სპირტის შემოტანა გადაწყვიტეს, შემდეგ კი ლიტვასა და ირლანდიაში - მისი გაგზავნა.

როგორც ქვემოთ გადაწყვეტილებაში ვნახავთ, დაბა აგარის საწყობში მოთავსებული სპირტი არა თუ გერმანიაში ან ლიტვაში გაგზავნეს, არამედ მისი გაყიდვა დაიწყეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენებს უნდა გადაეხადათ იმპორტის გადასახადი, რაც გაცილებით ძვირი დაუჯდებოდათ.

დეტალურად ვნახოთ, რა მოხდა ხაშურში, მივყვეთ მერაბ ტურავას გადაწყვეტილებას:

შპს ,,ხაშურის"" დირექტორის მოადგილე იყო რა ირლანდიის ფირმა "პანელ ინდუსტრიალ ინკის"სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოში და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ხაშურის" დირექტორის მოადგილე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე ეთილის სპირტის კონტრაბანდული გზით გადატანისა და გადმოტანის, დიდი ოდენობით საბაჟო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, 1997 წლის ნოემბრის თვეში დანაშაულებრივად დაუკავშირდა ფირმა "პანელ ინდუსტრიალ ინკის" დირექტორს და ამავე ფირმის სავაჭრო წარმომადგენელს, რომელიც ასევე იყო შპს "ხაშურის" დირექტორი.

1997 წლის 21 ნოემბრიდან 1998 წლის 24 ნოემბრამდე ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ტრანზიტული რეჟიმით, თითქოსდა ირლანდიასა და ლიტვის რესპუბლიკაში შემდგომი გადაგზავნის მიზნით, რეალურად კი საქართველოში სარეალიზაციოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდული გზით გადმოიტანეს დიდი ოდენობით ეთილის სპირტი, რომელიც შემდგომ, საქართველოში რეალიზაციის გაადვილების მიზნით, შეიტანეს და მოათავსეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "ხაშურის" ქარელის რაიონის დაბა აგარაში არსებულ საბაჟო საწყობში.

საწყობში მოთავსებისთანავე, 1997 წლის 25 ნოემბრიდან 1998 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით,საქართველოში, მათთვის სასურველ ფიზიკურ პირებზე მოახდინეს 8 579 294 ლიტრი ეთილის სპირტის რეალიზაცია 10 659 470 ლარად და 30 თეთრად.

1997 წლის 19 ნოემბრის გააფორმეს უნომრო ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციის ქ. ვლადიკავკაზის არარსებულ სს "კრუგს" შორის. აღნიშნულის საფუძველზე, 1997 წლის 25 ნოემბრიდან 1998 წლის 7 ნოემბრის ჩათვლით,ქ. ვლადიკავკაზის არარსებულ სააქციო საზოგადოება "კრუგს", თითქოსდა ტრანზიტული რეჟიმით, მიეწოდა 10 659 470 ლარის ღირებულების 8 579 294 ლიტრი ეთილის სპირტი.

იმავე პერიოდში, ე.ი. 1997 წლის 1 დეკემბრიდან 1998 წლის 5 მაისის ჩათვლით, საქართველოში, მათთვის სასურველ ფიზიკურ პირებზე მოახდინეს 92 857,2 ლიტრი ეთილის სპირტის რეალიზაცია 104 548 ლარად და 37 თეთრად.

1997 წლის 18 ნოემბრის გაფორმდა ხელშეკრულება უზბეკეთ-ზერბაიჯანის არარსებულ, ერთობლივ საწარმო "შარკ-სტორზს" შორის, თითქოსდა ამ უკანასკნელისათვის 230 852 აშშ დოლარისა და 16 ცენტის ღირებულების 299 808 ლიტრი ეთილის სპირტის მიყიდვაზე; ასევე ამავე ხელშეკრულების შესაბამისი, მოგონილი ფირმის დირექტორის, ვინმე მ-ოვის წერილებით, საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს სთხოვდნენ ეთილის სპირტის ფირმა "შარკ-სტორზე" გადამისამართებას და ტრანზიტის რეჟიმით გაფორმებას.

დეკლარაციებში მიუთითეს, რომ თითქოს ფირმა "შარკ-სტორზს" ტრანზიტული რეჟიმით მიეწოდა 104 548 ლარისა და 37 თეთრის ღირებულების 92 857,2 ლიტრი ეთილის სპირტი.

ფაქტობრივად კი ეთილის სპირტის შემსყიდველ ფიზიკურ პირებს მისცეს საშუალება, ტრანზიტის რეჟიმით, მოგონილ ფირმა "შარკ-სტორზის" სახელით ეთილის სპირტი გაეტანათ საქართველოდან თავიანთი შეხედულებისამებრ გამოსაყენებლად.

1998 წლის 13 თებერვლიდან 31 დეკემბრამდე სასურველ ფიზიკურ პირებს საქართველოში მიჰყიდეს 649 026,4 ლიტრი ეთილის სპირტი 949 492 ლარად და 44 თეთრად.

შემდეგომში თითქოს ეთილის სპირტი ტრანზიტული რეჟიმით იგზავნებოდა აზერბაიჯანის მცირე საწარმო "ვუგარის" სახელზე.

დეკლარაციების მიხედვით, 949 492,44 ლარის ღირებულების 659 026,4 ლიტრი ეთილის სპირტი "სამთაწყაროს" და "წითელი ხიდის" საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით, თითქოსდა ტრანზიტული რეჟიმით, მიეწოდა აზერბაიჯანში არარსებულ ფირმა "ვუგარს".

ფაქტობრივად კი ეთილის სპირტის შემსყიდველ ფიზიკურ პირებს მისცეს საშუალება, ტრანზიტის რეჟიმით, მოგონილი ფირმა "ვუგარის" სახელით, ეთილის სპირტი გაეტანათ საქართველოდან თავიანთი შეხედულებისამებრ განკარგვის მიზნით.

რაც შეეხება საქართველოს საბაჟო საზღვარზე კონტრაბანდული გზით გადმოტანილ 1 821 537,4 ლიტრ ეთილის სპირტს, რომელიც მოთავსებულ იქნა შპს "ხაშურის" საბაჟო საწყობში, მისი რეალიზაცია ვერ მოახერხეს მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული რაოდენობის ეთილის სპირტი 1999 წლის 21 აპრილს დააყადაღა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.

ადვოკატი ითხოვდა განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას. იგი მიუთითებდა, რომ ქმედებაში არაა დანაშაულის შემადგენლობა, რადგან ,,ხაშურის"" დირექტორის მოადგილეს არ ჩაუდენია მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლო კოლეგიას რომ სწორი შეფასება მიეცა საქმეში არსებული მასალებისათვის, უნდა დაედგინა გამამართლებელი განაჩენი. სასამართლომ, უბრალოდ, აიღო და საბრალდებო დასკვნა გადაწერა განაჩენში.

განაჩენი კი ემყარება ვარაუდებს, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებებს და ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და არ შეიძლებოდა საფუძვლად დასდებოდა გამამტყუნებელ განაჩენს.

უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ადვოკატის არგუმენტები და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ დანაშაული დადგენილად მიიჩნია შემდეგი დამამტკიცებელი საბუთებით: რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ ოსეთის უშიშროების ფედერალური სამმართველოდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ ქ. ვლადიკავკაზში, სააქციო საზოგადოება "კრუგი" და მისი დირექტორი, ვინმე ა-ოვი არ არსებობს.

რუსეთის ფედერაციის საბაჟო საზღვრის გავლით დასახელებულ სააქციო საზოგადოებას ეთილის სპირტი არ მიუღია.

დაადგინა, რომ ირლანდიის ფირმა "პანელ ინდუსტრიალ ინკის" სახელით რუსეთის ფედერაციაში ეთილის სპირტს საბაჟო საზღვარი არ გადაუკვეთია.

ადვოკატის მითითება, რომ ქ. ვლადიკავკაზში არსებობს სამი ფირმა "კრუგის" სახელით, არ ცვლის საქმის გარემოებებს, რადგან ის ფირმა, რომელთანაც თითქოს შპს ,,ხაშურმა"" გააფორმა ხელშეკრულება ტრანზიტის რეჟიმით ეთილის სპირტის მოწოდების შესახებ, არ არსებობს.

ანალოგიური მდგომარეობაა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტაუზის რაიონის მცირე საწარმო "ვუგართან" დაკავშირებითაც. კერძოდ, დადგენილია, რომ ტაუზის რაიონში მცირე საწარმო "ვუგარი" და მის დირექტორად ნაჩვენები ვინმე მ. ა-ოვი არ არსებობს და ამ უკანასკნელის სახელზე აზერბაიჯანის საბაჟო საზღვრის გავლით ეთილის სპირტი არ გადატვირთულა.

ანოლოგიური მდგომარეობაა უზბეკეთ-აზერბაიჯანის ერთობლივ საწარმო "შარკ-სტორზის" დირექტორ, ვინმე მ-ოვთან დაკავშირებითაც.

დაადგინეს, რომ სამარყანდის ოლქის ტაილაკსკის რაიონის მაგისტრალნაიას ქუჩაზე საწარმო "შარკ-სტორზი" არ არსებობს. დაადგინეს ის გარემოებაც, რომ ერთობლივ საწარმო "შარკ-სტორზს" საქართველოს გავლით, ტრანზიტის წესით, ეთილის სპირტი არ მიუღია.

,,აღნიშნული გარემოებები ნათლად მიუთითებენ იმ ფაქტზე, შპს,,ხაშურმა"" ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან ტრანზიტის რეჟიმის საფარქვეშ, ფაქტობრივად კი საქართველოში სარეალიზაციოდ, ნამდვილად შემოიტანეს 11 296 391 ლარის ღირებულების 11 277 638 ლიტრი ეთილის სპირტი და იგი მოათავსეს შპს "ხაშურის" საბაჟო საწყობში, საიდანაც 9 456 101 ლიტრ ეთილის სპირტს გაუკეთეს რეალიზაცია საქართველოში, უშუალოდ შპს "ხაშურის" დაბა აგარაში არსებული საბაჟო საწყობიდან. მითუმეტეს, ყალბად შედგენილ დოკუმენტებში ზემოაღნიშნულ, მოგონილ ფირმებს ეთილის სპირტი არ მიუღიათ.

ტრანზიტის რეჟიმის საფარქვეშ, ფაქტობრივად კი იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ეთილის სპირტის საქართველოში რეალიზაციისა და სხვადასხვა ავტომანქანით მოგონილი ფირმების სახელზე გაგზავნის ფაქტი დადგენილია საქმეზე დაკითხული არა ერთი მოწმის (ავტომანქანის მძღოლების) ჩვენებებით; ამოღებული სატვირთო საბაჟო დეკლარაციებით, სასაქონლო სატრანსპორტო ზედდებულებით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.

ირლანდიასა და ლიტვის რესპუბლიკაში ეთილის სპირტის გადაზიდვისათვის არსებობდა სხვა, უმოკლესი გზა, მაგრამ ამით ფირმა "პანელ ინდუსტრიალ ინკის" წარმომადგენლებს არ უსარგებლიათ.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ეთილის სპირტი საქართველოში შემოტანის შემდეგ არც ერთხელ არ გაგზავნილა დასახელებულ ქვეყნებში და შემოტანის შემდეგ ხდებოდა მისი გადამისამართება.

აღნიშნულიც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ტრანზიტის რეჟიმი გამოყენებული იყო, ფაქტობრივად, იმპორტის რეჟიმის დასაფარავად და იმპორტის რეჟიმის გადასახადისაგან თავის ასარიდებლად, რადგან იგი ბევრად უფრო დიდი ოდენობის გადასახადია, ვიდრე ტვირთის ტრანზიტის რეჟიმის დროს უნდა იქნეს გადახდილი.

პალატა თვლის, რომ ეთილის სპირტის საქართველოში შემოტანის დროს საბაჟო გადასახადი გადახდილია ტრანზიტის რეჟიმისათვის, ფაქტობრივად კი უნდა გადახდილიყო იმპორტის რეჟიმისათვის დადგენილი საბაჟო გადასახადი.

ამიტომ გადასახდელად დაკისრებულ თანხას _ 13 758 717 ლარს უნდა გამოაკლდეს ტრანზიტის რეჟიმისათვის გადახდილი თანხა _ 1 211 088 ლარი (13 758 717 _ 1 211 088 = 12 547 629) და უნდა დაეკისროს 12 547 629 ლარის გადახდა."" - წერია ტურავას გადაწყვეტილებაში. კოლეგიაში შედიოდა კიდევ ორი მოსამართლე, მათ შორის, ნინო გვენეტაძე.

გადაიხადეს თუ არა მაშინ ეს თანხა, უცნობია.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს
ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.

ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.

15:16 / 27.03.2025
სოფელ ზერტში, 1936-37 წლებში, შიმშილობა იყო. ამას ის უბედურებაც
დაერთო, რომ სოფელში 50-მდე ბავშვი წითელათი დაიღუპა.
სოფელ ზერტში, 1936-37 წლებში, შიმშილობა იყო. ამას ის უბედურებაც დაერთო, რომ სოფელში 50-მდე ბავშვი წითელათი დაიღუპა.
20:59 / 26.03.2025
საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო
სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.
საქმე ეხებაა სტიქით დაზარალებულ სოფლებში სახურავების სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებულ დავას.
14:42 / 26.03.2025
დაკავებულებს შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.
დაკავებულებს შორის არის ლაშა ხეთერელი. ის უკვე მეათედაა დაკავებული.
12:39 / 26.03.2025
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძაღლი განსაკუთრებით აგრესიული მას
შემდეგ გახდა,
როგორც ადგილობრივები ყვებიან, ძაღლი განსაკუთრებით აგრესიული მას შემდეგ გახდა,
10:35 / 26.03.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.