რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორის ქალთა გუნდის კვალდაკვალ - ევროპაში
სტატიის ავტორი - ანზორ შომახია, საქართველოს სახალხო არტისტი,  პროფესორი:

ქართულმა ნიჭიერებამ მთელი ევროპა დაიპყრო, ქართველმა ერმა კი მუსიკაში წლის საუკეთესო მოვლენად შეაფასა


ნურავის შეეპარება ეჭვი, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. შეიძლება მართლა არა გვაქვს ბევრი რამ, გვაკლია სიმდიდრე, კარგი ცხოვრება, აწყობილი ქვეყანა, მაგრამ ის, რაც ყველაზე მთავარია, ღმერთმა უზომოდ დიდი გვიბოძა- ნიჭიერება...

და აი, სწორედ ქართულმა ნიჭიერებამ ტრიუმფით მოიარა მთელი ევროპა, გაარღვია ყველა კედელი, მისწვდა ალბიონის ქვეყანას და 21-ე საუკუნეში სიკეთის, მუსიკის, მაღალი საგუნდო ხელოვნების შესანიშნავი სოლო-მუზიცირების მეშვეობით მოახდინა „ძლევაი საკვირველი“.

მინდა ქართველმა მკითხველმა წაროიდგინოს და გაიგოს ქართული კულტურისა და ხელოვნების უდიდესი წარმატების მრავალჯერ მომსწრე ადამიანის გაკვირვება და აღფრთოვანება, გამოწვეული ქართული საშემსრულოებლო ხელოვნების აშკარა ტრიუმფით.

ვინ თქვა, რომ ალბიონის ქვეყანაში, ან რომელიც გნებავთ ევროპულ სახელმწიფოში თავშეკავებული და ცივი მაყურებელიაო? საზღვარი არ ქონდა ოვაციებს, შეძახილებს, რომელთა შორის გერმანიასა თუ საფრანგეთში, ჰოლანდიასა თუ დანიაში, პოლონეთსა თუ შვეიცარიაში, ბელგიაში თუ ინგლისში, მეხივით დასჭექდა ქართული სიტყვაც:- „მადლობა“, „ყოჩაღ“, „გაუმარჯოს საქართველოს“ და სხვა...

მე არ გახლავართ ის პიროვნება, რომელიც ანგარიშმიუცემლად დაბრმავებული თავისი ერის სიყვარულით აქებს და ადიდებს ყველაფერ ქართულს. მე სხვაზე უკეთ ვიცი ჩვენი დღევანდელი ნაკლიც და სიდიადეც. მინდა, რომ დავეთანხმო ბატონ ზვიად გამსახურდიას, რომელმაც შესანიშნავად ბრძანა- „ნაკლოვანებაზე საუბარი მეტად სასარგებლო და საჭირო საქმეა, მაგრამ ის არ უნდა გადაიზარდოს საკუთარი ერისადმი ცილისწამებაში“. დღეს რომ გვიჭირს ეს იოტისოდენადაც ვერ დაამცირებს ვერც ჩვენს უძველეს კულტურას, ვერც ჩვენს ღირსებას და ვერც ჩვენს წვლილს კაცობრიობის განვითარების ისტორიაში შეტანილს. ამის ცოცხალი დადასტურება იყო გორის ქალთა გუნდისა და ქეთი მელუას ერთობლივი პროექტი, რომლითაც მოიარეს და მოაჯადოვეს ევროპა.

ქართული ფოლკლორისა და საგუნდო მუსიკის ისეთი მაღალი კულტურის ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო არ უნდა გვიკვირდეს მაღალი კლასის დიდი თუ პატარა საგუნდო კოლექტივის ყოლა, მაგრამ ის წარმატება, რომელიც გორის ქალთა გუნდმა ქეთი მელუასთან ერთად გამართულ ევროპულ ტურნეში მოიპოვა, დიდი აღფრთოვანების, ეროვნული სიამაყის, უდიდესი პროფესიონალიზის, ქართული საგუნდო ხელოვნების ტრიუმფის, ქართული კულტურის განუმეორებლობის უტყუარი, დამადასტურებელი საბუთია. მინდა ხელისუფლებას შევახსენო, რომ ქართველებს მსოფლიო საზოგადოების წინაშე თავმოსაწონი არაფერი გვაქვს ხელოვნებისა და კულტურის გარდა და ამ ფენომენს მათი მხრიდან მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდება!

ეხლა კი, კვალდაკვალ მივყვეთ გორის ქალთა კამერულ გუნდს, მის ხელმძღვანელს თეონა ცირამუას და ქეთი მელუას.

რა თქმა უნდა 28 კონცერტის რეცენზირებას ერთი კი არა 10 სტატია მაინც უნდა, მაგრამ მე შევეცდები, მოხლოდ ძირითადზე გავამახვილო თქვენი ყურადღება და ამით შეგიქმნათ სრული შთაბეჭდილება ამ ბრწყინვალე ტურნეს შესახებ.

28 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გამართულმა პირველმა კონცერტმა უკვე ცხადყო, რომ ტურნე წარმატებით დაიწყო. ფრანკფურტი გერმანიის კულტურის ერთერთი ცენტრია და იქ გამოსვლა მეტად საპასუხისმგებლოა. ქართველების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ეს გამოცდა ბრწყინვალედ ჩააბარეს. საზღვარი არ ქონდა ოვაციებს, ფეხზე ამდგარ ტაშისცემას ყოველი ნომრის შემდეგ და ხანგრძლივ ოვაციას კონცერტის დასრულების შემდეგ. მეორე კონცერტი ნიურბერგში გაიმართა 29 ოქტომბერს. ნიურბერგი ყველასათვის ცნობილი შესანიშნავი ქალაქია, თავისი ბწყინვალე არქიტექტუერული ძეგლებით. აქაც თავი ისახელა გუნდმაც და ქეთი მელუამაც. კონცერტის ბოლოს მაყურებელს არ სურდა დარბაზის დატოვება.

მესამე კონცერტიც გერმანიში- ქალაქ მიუნხენში ჩატარდა. არ მივცემ ჩემ თავს უფლებას, ვინმეს ავუხსნა, როგორი მუსიკალური კულტურის ქვეყანაა გერმანია, რომ მას ყავს უამრავი მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორები და მუსიკოს შემსრულებლები, რომ იქ გამოსვლა ყველასათვის ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. გეტყვით მხოლოდ, რომ მიუნხენის ფილარმონიის უმნიშვნელოვანეს დარბაზში გამართულმა ოვაცვიებმა და შეძახილებმა (სადაც მხოლოდ ჰერბერტ ფონ კარაიანის დასახელებაც კი საკმარისია ამ დარბაზის მნიშვნელობის აღსანიშნავად) თავდაჯერებულობა შემატეს ქართველ შემსრულებლებს. მათ იგრძნეს, რომ ძლიერები არიან. რამაც ძალა და გამბედაობა შემატა მათ და განაწყო შემდგომი გამარჯვებისათვის.

შემდგომი „დასაბყრობი“ ქვეყანა ჰოლანდია გახლდათ. ქალაქ უტრეხტში გამართული კონცერტი თავიდან თავშეკავებული ტაშით დაიწყო, მაგრამ პირველი გამყოფილების ბოლოს ისე „გაცხელდა“ მაყურებელი, რომ შეძახილებს და ოვაციებს ბოლო არ უჩანდა. ჰოლანდიიდან ისევ გერმანიაში გადაინაცვლეს. ახლა უკვე, როგორც შიანურები, ისე მიიღეს გერმანელებმა ქართველები. უკვე იცოდნენ ვისთან ქონდათ საქმე და კონცერტის მნახველთა ინტერესი ერთიორად გაიზარდა. რაც მთავარია, მორიგი კონცერტი დიუსელდორფში გაიმართა.

ამ შესანიშნავ ქალაქს კარგად ახსოვს ჩვენი ოქროს ბიჭების განავარდება და ბწყინვალე გამარჯვება ფეხბურთში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. ამჯერად გოგონების ჯერი იყო და უნდა მოგახსენოთ, რომ მათი გამოსვლა სპორტში იმ გამარჯვების ტოლფასი იყო, ოღონდ ხელოვნებაში. დიუსელდორფიდან კოლექტივმა საფრანგეთს მიაშურა-პარიზს, საოცრებათა ქალაქს. პარიზში ორი კონცერტი გაიმართა. ორივე კონცერტმა ისე ჩაიარა, რომ არ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო პარიზელების აღფრთოვანების აღსაწერად. აღსანიშნავია, რომ კონცერტებს ბევრი ქართველი ესწრებოდა, მათ შორის ჩვენი სასიქდულო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი. ბოლო არ უჩანდა მილოცვებს, მადლობებსა და საჩუქრებს. ჩემში ფრანგების ამ აღფრთოვანებამ ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ თითქოს პასუხი გასცა ყველაფერ ქართულისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას.

მე შემეძლო, თქვენთვის სხვანაირად მომეთხრო ამ კონცერტების შესახებ. მაგალითად, დამელაგებინა ისინი ქვეყნების მიხედვით, მაგრამ მე უნდა გამომეტოვებინა ჩემი აზრით მთავარი- თუ რა ტიტანური შრომა გაწია გუნდმა და მისმა ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ ქეთი მელუასთან ერთად. 28 კონცერტის ზედიზედ ჩატარება, (რადიო - ტელევიზიებს თუ ჩავთვლით 40-მდე გამოსვლა), თანაც ერთიმეორეზე უკეთესად, ათასობით კილომეტრის ავტობუსით გავლა ადვილი საქმე როდია. ამასთან, რაც ჩემთვის მთავარია, ჩვენმა გოგონებმა გამოიჩინეს მაღალი ზნეობა. ყველა ქვეყანაში აჩვენეს, რომ საქართველო ღირსეული, ცივილიზებული ადამიანების ქვეყანაა. 2 თვის მანძილზე არ ყოფილა შემთხვევა, გუნდის რომელიმე წევრს შეებღალა საქართველოს მოქალაქის სახელი.

შემდეგი კონცერტი ისევ გერმანიაში- ქალაქ კილში გაიმართა. კილი ჩვეულებრივი, გერმანული ქალაქია. მოვლილი, სუფთა და ლამაზი. კონცერტმა აქაც შესაშური წარმატებით ჩაიარა. გეგონებოდა გერმანიის ქალაქები ერთანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უკეთ უმასპინძლებდა ქართველებს. კარგად მოგეხსენებათ, რომ გერმანელი ტყუილად ტაშს არავის დაუკრავს.

გერმანიის შემდეგ ჩვენი გოგოები ღამით დანიაში გადაბარგდნენ. დანიაში პირველი კონცერტი ქალაქ აალბორგში გაიმართა. დანიელი მაყურებელი (მსმენელი) კონცერტის დასაწყისს მოზომილი ტაშით შეხვდა, მაგრამ პირველი განყოფილების დასასრული უკვე ჩვეული დიდი ოვაციით დამთავრდა. თითო-ოროლა ქართველი დანიაშიც გვესწრებოდა.

ასეა თუ ისე, დანიაში ჩვენების გამოსვლა დიდი წარმატებით დაიწყო და უფრო დიდი წარმატებით გაგრძელდა მომდევნო ქალაქებში. მომდევნო კი გახლდათ დედაქალაქი კოპენჰაგენი. ნამდვილი ხელოვანი არასოდეს არ აქცევს ყურადღებას სად გამოდის და ვის წინაშე. ის ყოველთვის ცდილობს, თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენოს მაყურებელს. ასე მოხდა კოპენჰაგენშიც. ევროპაში ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება და კოპენჰაგენელებმა უიკვე იცოდნენ, რომ მათ წინაშე ღირსეული კოლექტივი იდგა. არც კოპენჰაგენელებმა დაიშურეს ოვაციები და მოწონების შეძახილები. 2129 ადგილიანმა დარბაზმა „ბრავო“-ს ძახილით გაისტუმრა კოლექტივი დანიის მესამე ქალაქ აარჰუსში. ამ ქალაქს უკვე ქონდა ინფორმაცია გუნდისა და ქეთი მელუას შესახებ და ფარდის ახდისთანავე დიდი ოვაციით შეხვდნენ მათ. იმავე ღამეს, კონცერტის შემდეგ, ჩვენმა გოგონებმა დატოვეს დანია და პოლონეთში ამოყვეს თავი. ქალაქი შჩეცინი ძალიან ლამაზი, მოვლილი, მწვანეში ჩაფლული ქალაქია. ჩვენგან განსხვავებით, ძალიან უვლიან ბუნებას- ფლორას და ფაუნას. შჩეცინის საკონცერტო არენა 3000 კაცს იტევს. როგორც კი დაიწყო კონცერტი, მაყურებელი ფეხზე ადგომითა და ტაშის გრიალით შეხვდა ქართველებს.

ქართველებმაც მთელი მონდომებით შეასრულეს პროგრამა. კონცერტის დასასრულს 3000 პოლონელი სიყვარულით აცილებდა ქართველ გოგონებს. მეორე დღეს ვროცლავში იყო კონცერტი დაგეგმილი. აქაც 3000 კაციანი არენა ისე იყო სავსე, რომ როგორც იტყვიან ნემსის წვერიც არ ჩავარდებოდა. ვროცლაველებმა ისე მიიღეს ქართველები, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. კონცერტის დასასრულს პოლონელმა მაყურებელმა ქართული შეძახილებით გააცილა გორის ქალთა გუნდი სცენიდან. ეს იმდენად ამაღელვებელი იყო, რომ გოგონებმა ცრემლები ვერ შეიკავეს. პოლონელებთან გამოსათხოვარი მესამე კონცერტი ტორუნში უნდა გამართულიყო. ტორუნი მსოფლიოში ცნობილი ქალაქია, ვინაიდან ის გახლავთ უდიდესი მეცნიერისა და პიროვნების ნიკოლო კოპერნიკის დაბადების ადგილი. ტორუნის არენაც 3000 კაცს იტევს. ტორუნელებმა შესანიშნავად მიიღეს ქართველები. სხვა ქართველებთან ერთად კონცერტს ესწრებოდა საქართველოს ელჩი პოლონეთში. კონცერტის ფინალურ ნაწილში აღფრთოვანებულ ოვაციებს და შეძახილებს საზღვარი არ ქონდა.

გუნდი იმდენად მიეჩვია ბორბლებზე ცხოვრებას, რომ კონცერტის შემდეგ უკითხავად ჩასხდენენ ავტობუსში და გეზი უკვე აპრობირებულ გერმანიისკენ აიღეს. ქართველებმა ერთხელ კიდევ „შეახსენეს თავი“ რაიღსტაგს. შემდეგი კონცერტი ბერლინში უნდა გამართულიყო. უნდა გითხრათ, რომ ბერლინის კონცერტზე გუნდმა განსაკუთრებული ყურადღებთ იმუშავა. შეიძლება იმიტომ, რომ ბერლინი კულტურის უდიდესი ცენტრია, შეიძლება იმიტომ, რომ ქართველებიც ბლომად იყვნენ, შეიძლება იმიტომ, რომ ამჟამად თავისი ხელოვნებით სურდათ „აეღოთ“ ბერლინი, მაგრამ ფაქტია გუნდმა, მისმა ხელმძღვანელმა თეონა ცირამუამ და ქეთი მელუამ უმაღლესი ხელოვნება აჩვენეს ბერლინელებს. 1626 ადგილიან ულამაზეს დარბაზში ტევა არ იყო. აღსანიშნავია, რომ კონცერტი თავიდან ბოლომდე, პირდაპირი ეთერით გადასცა ბერლინის ტელევიზიამ. განსაკუთრებით თვალში და გულში მოსახვედრი იყო, რომ დიდებულად შეხვდნენ ქართულ ნაწარმოებს. დარბაზში საკმაოდ იყვნენ ქართველები, რომელთა თვალებში სიხარულს ცრემლები ბრწყინავდა. ღმერთო! ყველა საქმეში ასეთი წარმატებით ატარე ჩემი სამშობლო.

მეორე დღეს ჰამბურგში იყო დანიშნული კონცერტი. ამ კონცერტით ქართველები ემშვიდობებოდნენ გერმანიას. ჰამბურგის უზარმაზარი 2530 ადგილიანი დარბაზი გადაჭედილი იყო მაყურებლით. ზოგი ჭირი მარგებელიაო - გუნდმა, მისმა არაჩვეულებრივმა დირიჟორმა თეონა ცირამუამ და ქეთი მელუამ იმდენად „დაამუღამეს“ რეპერტუარი, რომ შეუცდომლად ასრულებდნენ პროგრამას. ასე იყო ჰამბურგშიც. მადლიერ მაყურებელს დიდხანს არ სურდა ქართველებთან დაშორება, მაგრამ რას იზამ- განრიგი განრიგია!

მეორე დღეს, გუნდი უკვე შვეიცარიაში - ქალაქ ბაზელში უნდა ყოფილიყო. ძალიან ძნელია შვეიცარიელი მაყურებელი რამეთი გააკვირვო, მაგრამ თეონა ცირამუას არტისტული დირიჟორობით და ქეთი მელუას სიმღერით განცვიფრებული მსმენელები აღტაცებას ვერ მალავდნენ. როგორც ბაზელში, ისე ციურიხში, კონცერტის დამთავრების შემდეგ არ სურდათ ქართველებთან დაშორება.

შვეიცარიიდან გუნდმა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გადაინაცვლა. პირველი სამი ნაწარმოების შესრულებისას მაყურებელმა თავშეკავებული ტაშით აჯილდოვებდა ქართველებს. თანდათან ემოციამ იმძლავრა და პირველი განყოფილების დასასრული აშკარა ოვაციებით დამთავრდა. მეორე განყოფილებაში მაყურებელს დაავიწყდა ბელგიური თავშეკავება და ყველა ნომერი ხანგრძლივი ტაშით დააჯილდოვა. ქების გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ ბრიუსელში კონცერტი დამაჯერებელი გამარჯვებით დამთავრდა.

მეორე დილას ქართველები ავტობუსიდან ბორანზე გადასხდნენ და ინგლისის ნაპირებს მიადგნენ. ევროპული ტურნეს პროექტი ინგლისურ- ქართული გახლდათ. მუსიკოს- შემსრულებლები ქართველები იყვნენ, ხოლო ყველაფერი დანარჩენის უზრუნველყოფა ინგლისელებს ევალებოდათ. აქედან გამომდინარე, მთელი ევროპული ვოიაჟის დამამთავრებელი და ყველაზე პასუხსაგები ფინალი ინგლისში გამოსვლები და ამ გამოსვლებით ევროპული ტურის დაგვირგვინება იყო. ამიტომ, ქეთი მელუამ საჭიროდ ჩათვალა, ჩემი, როგორც კონსულტანტ პედაგოგის საკუთარი ხარჯებით მიწვევა. 23 ნოემბერს პირველი კონცერტი გველოდებოდა ინგლისის ქალაქ გილფორდში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როცა ვიხილე საკუთარ თავში დარწმუნებული გუნდი, რომელსაც ესმის საკუთარი მისია და გრძნობს, რომ მის უკან საქართველო დგას. პირველმა კონცერტმა გილფორდში არნახული წარმატებით ჩაიარა.

მეორე კონცერტი ქალაქ ბრისტოლში გაიმართა. სწორედ ბრისტოლში მოხდა ინგლისისთვის მეტად უჩვეულო შემთხვევა. ქალაქში მომხდარი დიდი ავარიის გამო ქალაქში ჩაქრა შუქი. გამოირთო მიკროფონები და ქეთი მელუა იძულებული გახდა გასულიყო სცენიდან. შიშმა შემიპყრო, ფრიად არასასიამოვნო აზრების ბურუსში ვიყავი გახვეული და ამ დროს უცებ სიბნელიდან ავანსცენისკენ გამოემართა თეონა ცირამუა და ამ სიბნელეში გაისმა მისი ხმა „Emanjeni Babiloni“. ეხლა სხვა შიშმა შემიპყრო, იჟღერებს კი ამ უზარმაზარ დარბაზში, უმიკროფონოდ მისი ხმა??? ფეხზე ავდექი, შემოვტრიალდი და დარბაზის ექოს- რეზონირებას დავუგდე ყური. თეონას ხმა საკმაოდ კარგად ჟღერდა. დამშვიდებულმა დავიკავე ადგილი. თეონამ მოტვინა, რომ სიტუაცია სახსნელი იყო. მისი ალღო და ნიჭიერება კარგად ცნობილია საზოგადოებისათვის, მაგრამ ახლა გუნდს მივაშტერდი: რას იზამს გუნდი? გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სანამ თეონა სოლოს მღეროდა გუნდი ელვისებურად გადაეწყო აფრიკული სიმღერის შესასრულებლად და ზუსტად აყვა მის ხელმძღვანელს. როგორც იქნა დავმშვიდდი. ამ დროს, თავისი მომხიბლავი ილეთებით წინ გამოჭრნენ მოცეკვავეები თამარ ილურიძე და მანანა გოგიჩაშვილი.

თავიანთი ტემპერამენტით ისეთი ცეცხლი დაანთეს, რომ იგრიალა აპლოდისმენტებმა. ოვაციებით დამთავრდა ეს ნომერი. გუნდის და თეონას გამჭრიახობამ ვერ უშველა და შუქი ვერ აღდგა, ამიტომ მელუა იძულებული იყო ანტრაქტი გამოეცხადებინა. 15-20 წუთის შემდეგ შუქი მოვიდა, დარბაზი არავის დაუტოვებია და კონცერტი არაჩვეულებრივი წარმატებით დამთავრდა. ამ სტრიქონებს რომ ვწერ მეღიმება, ვინაიდან, მივიღეთ ჩვენი გუნდის დიდი გულშემატკივრის მარინა ბერიძის მესიჯი, რომელმაც მომენტალურად მოხსნა ჩვენი ნერვიული დაძაბულობა. ბერიძე გვწერდა: „რა ეგონათ მაგათ, თქვენ შუქის ჩაქრობა შეგაშინებდათ? ისე გაიზარდეთ უშუქობაში, მგონია შუქი უფრო გიშლით ხელს ვიდრე უშუქობა!“ ამ მესიჯმა „ვალერიანკაზე“ უკეთ იმოქმედა ჩვენზე. წარმატებული იყო აგრეთვე კონცერტი ქალაქ საუთჰემპტონში. ეს, შედარებით პატარა, მაგრამ ძალიან სუფთა და ლამაზი ქალაქია.

26 ნოემბერს გამოსასვლელი დღე იყო, რათა ყველას დაესვენა და მობილიზებული შეხვედროდა უმნიშვნელოვანეს დღეს- კონცერტს ინგლისის დედაქალაქში, რომელიც 27 ნოემბერს გაიმართა. ქართველებმა კონცერტი ძალიან აკადემიურად დაიწყეს, რასაც ინგლისელთა თავშეკავებული მაგრამ ძლიერი ტაში მოყვა. მივხდვი, რომ გავიმარჯვეთ. პირველი განყოფილება კი ოვაციებით დამთავრდა. 2500 ადგილიანი გადაჭედილი დარბაზი ძალიან დიდხანს უკრავდა ტაშს. მეორე განყოფილებას ჩვეულებისამებრ ქეთი იწყებდა, ხოლო გარკვეული ნომრების შესრულების შემდეგ კვლავ მოუხმობდა გუნდს. ამჟამად, რატომღაც გუნდის წარდგენის შემდეგ რაღაცაზე საუბარი დაიწყო ინგლისურად. მე გავოცდი, ამ დროს ქეთის დედამ ჩემსკენ გადმოიწია და ჩამჩურჩულა- თქვენზე ლაპარაკობსო.

ქეთიმ ხელი გამოშვირა ინგლისის დედოფლის ლოჟისაკენ, სადან მე და ქეთის მშობლები ვისხედით და ამცნო მაყურებელს: „ჩვენთან სტუმრად ჩამოვიდა ჩვენი ვოკალის პროფესორი საქართველოდან და მე მინდა მას მადლობა გადავუხადო“. მეც თავხედურად, ვითომ ინგლისურის დიდი მცოდნე ვიყავი შევძახე ის ერთადერთი სიტყვა, რაც ინგლისურად ვიცი „სენქ იუ ვერი მაჩ!!!“. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ამ შემთხვევამ 10 წლის სიცოცხლე მომიმატა. კონცერტი არნახული წარმატებით დამთავრდა. კონცერტს ესწრებოდა საქართველოს ელჩი ინგლისში- თამარ ბერუჩაშვილი, რომელთანაც კონცერტის შემდეგ გულთბილი საუბარი გაიმართა. ლონდონში გამარჯვების შემდეგ ვიგრძენი, რომ გორის ქალთა გუნდის „ვოიაჟი“ ქეთი მელუასთან ერთად არაჩვეულებრივი წარმატებით დამთავრდებოდა. ასეც მოხდა- ინგლისის დანარჩენ ქალაქებში ლესტერში, ლივერპულში, მანჩესტერში და გლაზგოშიც უშეცდომოდ და მაღალი პროფესიონალიზმით დაასრულეს თავიანთი გამოსვლები. მინდა, მხოლოდ გამოვყო ლივერპული. ეს ქალაქი „ბითლზების“ მშობლიური ქალაქია, მაყურებელი აქ ძალიან მაღალი გემოვნებისაა, მაგრამ ისეთი წარმატება გვხვდა, რომ, უბრალოდ, უფრო დიდი წარმატება წარმოუდგენელია.

ამ ევროპული ტურის დროს გუნდმა, მოტორიანი ცხენებით გაიარა 30000 კილომეტრზე მეტი მანძილი. დარბაზში გამართულ კონცერტებს დაესწრო 100000-ზე მეტი მაყურებელი. თუ მასმედიის მსმენელებს დავთვლით რაოდენობა რამდენიმე მილიონს მიაღწევს, ხოლო თუ სოციალურ ქსელებსაც ჩავთვლით, სადაც ნაჩვენები ყველა ვიდეო და ფოტომასალა უაღრესად პოპულარული იყო, მე ნამდვილად ვერ დავითვლი და ეს თქვენთვის მომინდვია.

ასე დამთავრდა ეს დიდებული ტურნე. ძალიან გამიხარდა, როცა ტელეეკრანიდან თეონა ცირამუამ მადლობა გადაუხადა ქეთი მელუას და თქვა: „დიდი მადლობა ქეთი მელუას! ის რომ არ ყოფილიყო ეს ტურნე არ შედგებოდა!“ მართლაც უდიდესი გრძნობაა მადლიერების გრძნობა.

და აი, 20 დეკემბერს ქეთი, თეონა და გუნდი უნდა წარმდგარიყო ქართველი მაყურებლის წინაშე. ქეთი მელუას აზრით, თბილისში გუნდს უნდა ემღერა რამოდენიმე ნაწარმოებით მეტი, ვიდრე პროექტში იყო, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში გუნდი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, როდესაც თეონა ცირამუამ გადაწყვიტა, რომ ქართველ მაყურებელს უნდა ენახა ზუსტად ის პროექტი, რაც ნახა და მოისმინა მთელმა ევროპამ. არაფერს მოგახსენებთ თბილისის კონცერტზე, რომ კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა, რომ როგორც ევროპის ყველა ქალაქში ხალხმა ფეხზე ადგომით დიდი ოვაცია გაუმართა ქეთი მელუას, თეონა ცირამუას და გუნდს, ვინაიდან ეს უდიდესი წარმატება და სიამოვნება, რაც მაყურებელმა მიიღო, თქვენი თვალით იხილეთ.

შეიძლებოდა ეს წერილი აქ დამემთავრებინა, მაგრამ, მოსვენებას არ მაძლევს აზრი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ.

ამ პროექტმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა ევროპის ყველა ქვეყანაში, იყო მიწვევები ყველა ქვეყნის რადიო-ტელევიზიებში. თვლა არ ქონდა ინტერვიუებს პრესაში, იყო მიწვევა ინგლისის დედოფლის ფავორიტ გადაცემაში „გრაჰამ ნორტონის შოუ“, სადაც ქართველები პირველად გამოჩნდნენ... მოკლედ ყველგან მიიღეს უმაღლესი შეფასება. ასე იყო თბილისშიც, მაგრამ, მაინც გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც „... ავი სიტყვა ურჩევნიათ სულსა გულსა“, თანაც ისეთები, ვისი აზრიც არავის აინტერესებს, ვინაიდან, მათ არასოდეს არაფერი შეუქმნიათ და შურისაგან გაბერილები, მხოლოდ შხამს ანთხევენ. შეიძლება ქეთი მელუას შემოქმედება შენს გემოვნებაში არ ზის, მაგრამ მას მსოფლიოში ჰყავს მილიონობით მსმენელი, ის დღეს არის მსოფლიო დონის ვარსკვლავი, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა. როდესაც ქართველ მოღვაწეს მსოფლიო აქებს, შენ, ქართველმა, რომლის მთელი არსებობა ქეთი მელუას ერთ სიმღერად არ ღირს, როგორი უზნეო უნდა იყო, რომ მას აგინო. შე ოჯახაშენებულო! არ მოგწონს? ვინ დაგპატიჟა, რატომ მოხვედი, შხამი რომ ანთხიო? ასეა თუ ისე, ხსენებული პროექტი უდიდესი მოვლენა იყო ქართული ხელოვნების ისტორიაში და მისი მონაწილეების უდიდესი გამარჯვება. ქართველი ხალხი ბრძენია! აკი ქართველმა ხალხმა ეს პროექტი შეაფასა, როგორც წლის საუკეთესო მოვლენა მუსიკაში!

ქართულმა დღევანდელობამ კონცერტზეც იჩინა თავი. კულტურის სამინისტრომ და მთავრობამ ხალხისგან განსხვავებით გორის ქალთა გუნდს წარმატება „განსაკუთრებულად მიულოცა“. ხელფასები, რომელიც ისედაც მწირი ქონდათ (330 ლარი ტიტანური შრომისათვის) 10 პროცენტით დაუკლეს და ამის გარდა ადგილობრივ ხელისუფლებას დაფინანასება აუკრძალეს. რამდენად უზნეო ჩინოვნიკი უნდა იყო, რამდენად ფეხებზე უნდა გეკიდეოს შენი კულტურა, როგორ პატივს არ უნდა სცემდე შენი ერის აზრს, როგორი ურცხვი უნდა იყო, რომ ეს გააკეთო. ის მაინც მოგეტვინათ, ერთი თვით გადაგედოთ თქვენი დეგენერატული გადაწყვეტილება, რომ თვითმფრინავის ტრაპთან არ „მიგეხარებინათ“ თქვენი ურცხვი და უზნეო გადაწყვეტილება.

მეორე, ძალიან დიდი სირცხვილი, რომელიც კონცერტზე მოხდა:-- პრეზიდენტმა ქეთი მელუა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ეს ძალიან კარგია, მაგრამ, ან პრეზიდენტს, ან მის გამოგზავნილს, ნუთუ უბრალო ქართული ზრდილობა არ აღმოაჩნდა, რომ ამ პროექტის თანაავტორისა და სულისჩამდგმელის თეონა ცირამუასათვის მადლობის წერილი მაინც გადაეცათ? ნუთუ ამას სწავლება უნდა? სცენაზე და დარბაზში ისეთი უხერხულობა შეიქმნა, რომ თქვენს მაგივრად, ბატონებო, ხალხი გაწითლდა! ამაზრზენი იყო პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილი კაცის საქციელი. მთელი ამ დაჯილდოვების მანძილზე უკანალით მიტრიალებული იდგა 23 ქალბატონისა და მისი უნიჭიერესი ხელმძღვანელის მიმართ. მინდა ეს წერილი შეკითხვით დავამთავრო. ჩვენ ვართ ერი, სხვისი მაღმერთებელი და საკუთარის გამანადგურებელი - რ ა ტ ო მ ???
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.