ზარდიანთკარის მცხოვრები გენადი ბესტაევისთვის დე-ფაქტო პროკურატურა ორწლიან სასჯელს ითხოვს. ბესტაევი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე მესამედ დააკავეს, ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორშია. მას სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ეთნიკურად ოსი, საქართველოს მოქალაქე ცხინვალში სამივეჯერ ეთნიკურად ქართველი ცოლისა და ორი შვილის სანახავად მიდიოდა. მისი ოჯახი ცხინვალში 2008 წლის ომის შემდეგ გადასახლდა. იმ დროს გენადი ბესტაევი საქართველოს ციხეში მკვლელობის ბრალდებით 14 წლიან სასჯელს იხდიდა, შინ დაბრუნებულს კი მავთულხლართები და ცარიელი სახლი დახვდა.
გენადი ბესტაევის საცხოვრებელი სახლი ზედ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე დგას. ,,მწვანე ღობე“ მისი ბინის კედელთანაა გავლებული. სახლი, ფაქტობრივად, ე.წ. ,,უკონტროლო ზონაშია“, რომელიც ერთმანეთისგან 300 მეტრით დაშორებულ ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის მდებარეობს.
ამ ზონაში ათიოდე სახლია. იქ შესვლა, მხოლოდ, ქართველი პოლიციელების თანხლებით შეიძლება. მწვანე ღობესთან 50 მ მანძილზე მიახლოება, პოლიციელების თანხლებითაც, შეუძლებელია. გენადი ბესტაევის სახლი, სწორედ, ამ 50 მ-იან სიახლოვეს დგას. მას რუსი სამხედროები იქ შესვლის ნებართვას აძლევენ, თუმცა ღობეზე გადასვლას არ პატიობენ.
ზარდიანთკარელების სახლების შემდეგ ცხინვალის რაიონის სოფელი ხელჩუა იწყება. ხელჩუას ერთ-ერთ სახლშია განთავსებული რუსული საგუშაგო.
ამ შემოდგომით, ვიდრე გენადი ბესტაევს დააკავებდნენ, ,,უკონტროლო ზონაში“ ფაქტობრივად სამი ოჯახი ცხოვრობდა. ახლა ორია, მათ შორის, მარტოხელა 94 წლის კიაზო გობოზოვი.
ფოტოზე: საგუშაგოებს შორის მოქცეული ერთ-ერთი ბოლო სახლი ხელჩუას ,,მწვანე ღობესთან“
გენადი ბესტაევს 14 წლიანი პატიმრობის ვადა 2017 წლის მაისში ამოეწურა. 2003 წელს, როდესაც დააკავეს, ბავშვები პატარები იყვნენ. მეუღლე ტყვიაველია, ამიტომაც მცირეწლოვანი შვილიშვილების მოსავლელად ტყვიავიდან დროებით ზარდიაანთკარში გადავიდა გენადის სიდედრი, ნაზო ტერაშვილი. აგვისტოს ომის შემდეგ, ბესტაევების სახლი ზარდიანთკარში ზედ გამყოფ ხაზზე აღმოჩნდა, გენადის ცოლ-შვილი ცხინვალში წავიდა, ნაზო ტერაშვილი კი ტყვიავში დაბრუნდა.
,, ვეხმარებოდი ჩემს შვილს. თვითონ ხილს კრეფდა ცხინვალის გარშემო სოფლებში. მერე ომიც დაიწყო და მათ სახლში ცხოვრება აღარც შეიძლებოდა. ჩემთან რომ გადმოსულიყვნენ საცხოვრებლად, შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ჩემი სახლი. აქ როგორ უნდა ეცხოვრათ?“, - გვეუბნება ნაზო ტერაშვილი და ტყვიავში თავის სახლს გვათვალიერებინებს, - „ჩემს გოგოს ოსმა ქალებმა ურჩიეს, მათკენ გადასულიყო და ისევ გაეგრძელებინათ მუშაობა ხილის კრეფაზე. ისევ ის ქალები დაეხმარნენ, ვისთან ერთადაც მუშაობდა. ცოტა ხანს მაზლის ცოლთან ვლადიკავკაზში წავიდა შვილებით, თუმცა იქ დიდხანს ვერ გაძლო. ვლადიკავკაზიდან ცხინვალში ჩავიდა. როგორც ბესტაევი (ქმრის გვარზე დარჩა), ცხინვალში ოროთახიანი ბინა მისცეს და დღემდე იქ ცხოვრობს. ფაქტიურად, მე შვილს ვკარგავ, რადგან ძალიან მიჭირს მასთან კონტაქტი. ჩვენ ტელეფონებს მაგათთან მიღება არა აქვს.“
ფოტოზე: ნაზო ტერაშვილი,
გენადი ბესტაევის სიდედრი
ბავშვებმა სკოლა ცხინვალში დაამთავრეს. უფროსი, ვაჟი სამხედრო
სამსახურში გაიწვიეს, ქალიშვილი კი ცხინვალის უმაღლეს სასწავლებელში
სწავლობს.
,,რომ გამოვიდა, ჯერ ჩემთან მოვიდა სიძე. არ შემოვუშვი სახლში.
მკვლელი ხარ-მეთქი და გავაგდე. მერე გადასულა ცხინვალში ცოლთან. ერთი
თვე უცხოვრია, მაგრამ ვერ გაძლო, ისევ გადმოვიდა ზარდიანთკარში.
მეზობელ სოფელ მერეთში და ჰყავს გათხოვილი. იქაც არ ჩერდება. იპარება
თავის სახლშიო. ახლა გავიგე, რომ ისევ დაუკავებიათ. რას იზამენ, არ
ვიცი... გამოვა ჩემი შვილიშვილი ჯარიდან და ალბათ მერე გადაწყვეტენ.“
- ამბობს ნაზო ტერაშვილი.
გენადის შვილებს კარგად იცნობს მოხუცებული კიაზო გობოზოვიც. ამბობს,
რომ მამა-პაპისეულ სახლში ისინი ხშირად მიდიან.
,,ძალიან კარგი შვილები ჰყავს გენადის. ბიჭი მოდის ხოლმე აქ,
სამხედროშია. გოგო უკვე სწავლობს. სულ აფრთხილებდნენ და მეც
ვეუბნებოდი, ნუ გადახვალ იქით, ნუ გადახვალ-მეთქი, მაგრამ არ გაიგონა.
სამჯერ გადავიდა ცხინვალში ცოლ-შვილის სანახავად“, - ამბობს კიაზო
გობოზოვი.
,,როგორც ჩანს, დალია და გადავიდა. წინა შემთხვევაზე ვიცი, რომ
ცხინვალში დააკავეს, ახლა არ ვიცი, სად დააკავეს. შეიძლება მანდვე,
ხელჩუაში. ძალიან მეცოდება. მარტო ცხოვრობს მაგ სახლში „- გვითხრა
ზარდიანთკარელმა თინა ტერაშვილმა.
ფოტოზე: თინა გუდაძე,
გენადი ბესტაევის და
გენადი ბესტაევის და, თინა გუდაძე სოფელ მერეთში ცხოვრობს. ამბობს,
რომ მისი ძმის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან ცხინვალის
ტერიტორიაზე ყოფნის უფლებას არ აძლევენ, ზარდიანთკარში კი სრულიად
მარტოა, ყურადღების გარეშე.
,,ხომ ნახეთ სახლი? ზედ საზღვარზეა. მეც არ მიშვებენ მაგ სახლში.
სახიფათოა მიახლოებაც კი. ჩემი ძმა მანდ ცხოვრობს, ზოგჯერ საკვების
მიწოდებაც ხომ უნდა?. ღობის იქით, რომ დაბალი სახლია, იქ რუსის
სამხედროები არიან. სამადლოდ გადმოუგდებენ ხოლმე საკვებს, მაგრამ
როდემდე უნდა იყოს ასე გასაცოდავებული,“ - ამბობს თინა გუდაძე.
გენადის დამ არც ის იცის, რა ბედი ეწევა ძმას მესამედ დაკავების
შემდეგ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელი ამბობს,
რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მის
გასათავისუფლებლად. კახა ქემოკლიძე იქვე განმარტავს, რომ გენადი
ბესტაევი საქართველოს მოქალაქეა და დე-ფაქტო რესპუბლიკაში ცხოვრების
უფლებით არ სარგებლობს, - „,ის არის უკანონო პატიმარი, რომელიც
დაკავებული ჰყავს დე-ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას. საქართველოს
ხელისუფლება და საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს ამ ე.წ.
საზღვარს, რომლის გადაკვეთის ბრალდებითაც შეუფარდეს წინასწარი
პატიმრობა“
ცხინვალის მედიისთვის გენადი ბესტაევის დაკავების ფაქტი 1 ნოემბერს
გახდა ცნობილი. დე-ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს
პრეს-სამსახურის ცნობით, გენადი ბესტაევი მანამდე ორჯერ,
აგვისტო-სექტემბერში დააკავეს.
,,პროკურატურამ ყველა საჭირო დოკუმენტაცია მოამზადა და გადაუგზავნა
სასამართლოს პატიმრობის შესაფარდებლად“, - აცხადებენ ცხინვალში, სადაც
ბესტაევის საქმის სასამართლო განხილვა ორი თვეში უნდა დაიწყოს, მას
შემდეგ რაც წინასწარი პატიმრობის ვადა ამოიწურება.
გამყოფი ხაზის გადაკვეთისას პირველად დაკავების დროს საქართველოს
მოქალაქეები 2000 რუბლით ჯარიმდებიან, მეორედ დაკავებისას, ეს ჯარიმა
ორმაგდება, ხოლო თუ საქართველოს მოქალაქეს დე-ფაქტო ხელისუფლება
მესამედაც დააკავებს, მაშინ მას ორწლიანი პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევი 2017 წლის 31 ოქტომბერს რუსეთის
სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს. იგი დე-ფაქტო
რესპუბლიკისა უშიშროების კომიტეტს გადასცეს. გენადი ბესტაევის
სასამართლო 2017 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართება
ვიდეო:
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
სტატიის გამოყენების პირობები