რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
იაკობ გოგებაშვილი და ვარიანის სკოლა - ისტორიული ცნობები
დღეს, 14 აპრილს, "დედაენის" დღესთან დაკავშირებით იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში, სხვადასხვა წელს გამოცემული "დედა ენის" სახელმძღვანელოები გამოფინეს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის ვარიანის საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება სახელწოდებით "იავნანამ რა ჰქმნა" ?! მოეწყო ლექცია-საუბრები სახლ-მუზეუმის ექსკურსიამძღოლების მიერ, თემით : "იაკობისეული მეთოდით დედა ენის მნიშვნელობაზე". ასევე ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ვარიანის საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეები, მათ სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

ყველა ეს ღონისძიება იმ ოთახში ჩატარდა, სადაც ერთ დროს, სკოლა გახსნეს. ამ სკოლის გახსნისთვის ,,დედაენის" დამაარსებელმა დიდი ბრძოლა გადაიტანა. იაკობ გოგებაშვილს წერა-კითხვის სკოლის გახსნას ბევრი ადამიანი ეწინააღმდეგებოდა. ეს ამბავი მოთხრობილია ორ წერილში, ერთი უშუალოდ იაგობ გოგებაშვილის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში, მეორე კი, იაკობ გოგებაშვილის ერთ-ერთი ძმისშვილის, შალვა გოგებაშვილის მოგონებებში.

იაკობ გოგებაშვილის წერილი ,,ვარიანის სკოლის შესახებ
"

,,ამას წინად ,,სახალხო გაზეთში“ წავიკითხე კორესპონდენცია შესახებ სოფლის ვარიანისა და მისი სკოლის ბედისა. დამწერს კარგად ვერ გაუცვნია საქმის გარემოება და ამიტომ ჯეროვანს ნათელს ვერა ჰფენს საგანსა. საქმე ასე გახლდათ.

ამ რამდენსამე ხნის წინად მე განვიძრახე დამეარსებინა ჩემი ხარჯით ჩემს სამშობლო სოფელში სახალხო სკოლა. იმ დროს სადირექციო სკოლებში გამეფებული იყო მუნჯური მეთოდი. შევეკითხე დირექციას, არ შეიძლება, რომ კერძო სახალხო სკოლა დავაარსო ჩემი გეგმით ჩემ სოფელში მეთქი. არაო, კანონი მაგისი წინააღმდეგიაო. ავდექი და ჩემს პატარა სოფელში დავაარსე წერა-კითხვის სკოლა, რომელიც რეგლამენტაციის გარეშე იდგა მაშინ და მთელი სწავლება შეიძლებოდა მოწყობილიყო მშობლიურ ენაზე. მასწავლებლად გავამწესე ჩემი ძმისწული, მცხოვრები ვარიანში თავის პატარა მამულში და სასულიერო სასწავლებელში კურსდამთავრებული. ჯამაგირი დავუნიშნე პატარა, რადგანაც მაშინ მეტის გაღება არ შემეძლო და თვითონაც ჩემს ძმისწულს თავის მამულიდან საკმარისი შემოსავალი ჰქონდა. ჩემმა ძმისწულმა სკოლა მოათავსა თავისსავე სახლში, მეორე სართულში, სადაც დიდი, ნათელი ოთახი იყო. სასკოლო ავეჯი გავუკეთე ჩემი ხარჯით. საჭირო წიგნებსაც და ყოველ გვარს სასკოლო კუთვნილებას ვუგზავნიდი უფასოდ, ასე, რომ ამ პატარა სკოლაზე ღარიბს ვარიანს გროშიც კი არ ეხარჯებოდა. სკოლაში მიაბარეს ვარიანელებმა როგორც ვაჟები, ისე პატარა ქალებიც. სწავლა რიგზე მოეწყო და რამდენსამე წელიწადს ნორმალურად სწარმოებდა, სოფელი კმაყოფილი იყო და შეჰხაროდა თავის ნორჩ სკოლასა. მაგრამ წინ წაუხედველობამ, რომელიც ასე ხშირია ქართველთა შორის, ძირი გამოუთხარა ამ სკოლასა. ჩემს ძმისწულს და მაშინდელ ვარიანელ მღვდელს, ჩემს დაუკითხავად ჩაეგონებინათ გლეხებისთვის, რომ უკეთესი იქნებოდა ეს პატარა სკოლა დიდ სამრევლო სკოლად გადაკეთდესო, და ესრედ წოდებული სოფლის ,,პრიგოვორიც“ დაედგენინებინათ. ეთქვათ გლეხებისთვის, რაც სკოლას იმაზე მეტი ფული მოუნდება, რასაც იაკობი ხარჯავსო, საეკლესიოდან მოგცემთო. გლეხებსაც ,,პრიგავორზე“ ხელი მოეწერათ, მაგრამ ის იმედი, რომ ზედმეტი ხარჯი სოფელს არ გადახდებოდა, გაცრულებულიყო.

ერთის წლის შემდეგ, სასულიერო მთავრობას სოფლისაგან მოეთხოვა სასკოლო ფული, და რადგანაც სოფელს უარი ეთქვა, პოლიციისთვის დაევალებინა, ძალით გადაახდევინეო. მე რომ ეს შევიტყე, დაუყოვნებლივ გორის სამაზრო განყოფილებას გავუგზავნე ის ფული, რასაც იგი ითხოვდა ვარიანელებისგან და ვთხოვე ნუღარაფრით შეაწუხებთ-მეთქი ღარიბ სოფელსა.

სოფელი დაფრთხა, სკოლიდან გაიყვანა ყველა მოწაფენი და ქვა მიაგდო. მთავარი დამნაშავე ამ საქმეში ჩემი ძმისწული უნდა ყოფილიყო. იმას ალბად უნდოდა, რომ ჩემგანაც ეღო ჯამაგირი და გორის განყოფილებიდანაც და ამ აზრით შეადგენინა ,,პრიგოვორი“. მღვდელსაც უთუოდ იმედი ჰქონდა, რომ მეც მერგება ლუკმაო. ბოლოს და ბოლოს ორივენი კი ხელცარიელნი დარჩნენ და სოფელსაც ვნება მიაყენეს.

ახლა ამ აზრზე ვდგავარ: თუ სახელმწიფო სათათბიროს გეგმა, რომლის ძალით სწავლება დედა-ენაზე უნდა სწარმოებდეს ოთხის წლის განმავლობაში, კანონად დაიდო, ვარიანში გავხსნი, თუ დამცალდა, სრულს სკოლას ჩემი ხარჯით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი - არა“

იაკობ გოგებაშვილი. 1912 წელი, #564, ,,სახალხო გაზეთი“
(წერილი გამოქვეყნებულია კრებულში ,,იაკობ გოგებაშვილი, რჩეული თხუზებულებანი, ტომი 3, 1990 წელი)

ძმისწული, რომელზედაც იაკობ გოგებაშვილი საუბრობს, გახლდათ ალექსანდრე გოგებაშვილი. წერა-კითხვის სკოლის დაარსების შესახებ იაკობის ერთ-ერთ ძმიშვილს მოგონებები გამოქვეყნებულია წიგნში ,,იაკობის სამრეკლო“.  შალვა გოგებაშვილი იხსენებს:

შალვა გოგებაშვილი: მოგონებანი ბიძაჩემის - იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებიდან

,,სოფელი ვარიანი, სადაც იაკობი დაიბადა, მეტად ჭაობიანი და ქარიანი სოფელია. ამ სოფლის მცხოვრებნი წინათ ძალიან ღარიბი და ჩარჩ-ვაჭრებისგან დავალიანებულნი იყვნენ. ამ სოფლის ვითარებას საუცხოოდ ახასიათებს თვით ვარიანელების მიერვე გამოთქმული შაირი:

,,ვარიანი ვალიანი, უტყეო და ქარიანი“

იაკობს ძალიან აინტერესებდა სოფლის ცხოვრება და დიდ მზრუნველობას იჩენდა თავის მშობლიურ, მეტად ღარიბ სოფელ ვარიანის მიმართ. როდესაც სოფლიდან მასთან მივდიოდი, მთხოვდა, რომ დაწვრილებით მეამბნა, თუ როგორ ცხოვრობს გლეხობა და რა გაჭირვება ადგიათ მათ, განსაკუთრებით ჩარჩ-ვაჭრებისგან. როდესაც მგზავრს ვინმეს ნახავდა, უსათუდოდ ქინაქინს თან გაატანდა დიდი რაოდენობით: ვარიანელ გლეხებს დაურიგეთ, იქ ციება იცის, გაჭირვებულ გლეხებს დაეხმარეთო.

იაკობს ძალიან აწუხებდა ის გარემოება, რომ სოფელ ვარიანში არ იყო სკოლა, ამიტომ განიზრახა თავისი ხარჯით მოეწყო. მაგრამ ჯერ ძალზედ გაჭიანურდა სკოლის გახსნის ნებართვის აღება, შემდეგ კი, როგორც კი ნებართვა აიღო, სოფელში დატრიალდნენ პროვოკატორები, რომლებიც გლეხობას აქეზებდნენ: სკოლა თქვენ დაგღუპავთ, თქვენს შვილებს სამუშაოზე მოაცდენსო. პროვოკაციამ გასჭრა - კინაღამ სკოლისათვის აღმოჩენილი ბინა ძირიანად დასცეს. ამ ამბავმა იაკობი ძალიან შეაწუხა და იძულებული გახდა სკოლის გახსნა შემდეგი წლისთვის გადაედო. ოფიციალურად სკოლის გახსნამდე კი, შინაურულად სწავლება დაავალა თავის ძმისწულს ალექსანდრე გოგებაშვილს და შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. სოფ. ვარიანს მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დროს ეღირსა არა მხოლოდ უბრალო პირველდაწყებითი, არამედ სრული საშუალო სკოლა, რომელიც ამჟამად მოთავსებულია იმ სახლში, სადაც დაიბადა იაკობ გოგებაშვილი“

შალვა გოგებაშვილი
წიგნი ,,იაკობის სამრეკლო", 1990 წელი, გვ. 368

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.