რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის პოლიციის უფროსის მოადგილის ცემაში ბრალდებული საბოლოოდ გამართლდა
უზენაესმა სასამართლომ გორში მცხოვრები რამაზ ქოქოშვილი, რომელსაც პოლიციის უფროსის მოადგილის ცემა ედებოდა ბრალად, საბოლოოდ გაამართლა. მოსამართლეთა კოლეგიამ გორის პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელი დატოვა. თავდაპირველად, რამაზ ქოქოშვილი გორის მოსამართლემ ლევან დარბაიძემ გაამართლა.

საქმის მასალები საბოლოოდ გასაჯაროვდა და ცნობილი გახდა როგორც პროკურატურის, ასევე, მოსამართლეთა მსჯელობის დეტალები.

პროკურატურის მტკიცებით,
2
016 წლის 2 ივნისს, დაახლოებით 23:25 საათზე, ნასვამმა რამაზ ქოქოშვილმა, გორში რესტორან ,,დარიალის" მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს შს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს - მიხეილ ლომიძეს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით, მიაყენა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ლომიძემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, ხოლო ქოქოშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევიდან რამდენიმე ხანში, 2016 წლის 3 ივნისს, სტალინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამაზ ქოქოშვილმა საქართველოს შს გორის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ალექსანდრე თოფჩიშვილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, როდესაც იგი ბრალდებულის სახით აკავებდა ქოქოშვილს, მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ასევე გაუწია წინააღმდეგობა და ძალის გამოყენებით დაუზიანა სამსახურებრივი ფორმის მაისური.

გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განაჩენით რამაზ ქოქოშვილი, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გაუქმდა მის მიმართ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მოსამართლე დარბაიძემ განუმარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ: რამაზ ქოქოშვილის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ივლისის განაჩენით გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.



 

სააპელაციო სასამართლოს განმარტება

თბილისის სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს რამაზ ქოქოშვილის ბრალეულობას შემდეგ გარემოებათა გამო:

მტკიცებულებების შეფასებამდე, სააპელაციო პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია კონკრეტული დანაშაულის შემადგენლობის განმარტება, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელია სრულყოფილი და ცხადი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ძალადობით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით. აღნიშნული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება ძალადობის, ძალადობის მუქარის ან იძულების განხორციელების მომენტისთანავე, მიუხედავად იმისა, რეალურად ხელი შეეშალა თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ან შეწყდა თუ არა პოლიციის მუშაკის საქმიანობა. ამასთან, აღნიშნული მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ზემოაღნიშნული ხერხებით პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის დროს პირი მოქმედებდეს იმ მიზნით, რომ ხელი შეუშალოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, შეწყვიტოს პოლიციელის კანონიერი საქმიანობა.

ამ მხრივ საყურადღებოა მტკიცებულების სტანდარტი ანალოგიურ საქმეებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით. ევროპული სასამართლოსათვის ასევე მიუღებელი აღმოჩნდა, როცა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე გაკეთებული დასკვნები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ემყარებოდა, რომლებიც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, არ ყოფილიყვნენ მიუკერძოებელი მოწმეები.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ იმ პირობებში, როდესაც წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ქოქოშვილმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის თანამშრომლებს (პირველ შემთხვევაში რესტორან დარიალში), მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით რამაზ ქოქოშვილის დამნაშავედ ცნობისათვის.

რაც შეეხება რამაზ ქოქოშვილის დაკავებისას გაწეულ წინააღმდეგობას და პოლიციელის მაისურის დაზიანების ფაქტს, აღნიშნულ ნაწილშიც, გარდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებისა, არ წარმოდგენილა სხვა მტკიცებულებები. უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან მოწმეები, რომლებიც, ბრალდების მხარისავე განმარტებით, ქოქოშვილის დაკავებისას იმყოფებოდნენ მასთან ერთად.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ გამოძიებისას და სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულან ასევე სხვა მოწმეები, მაშინ, როდესაც გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, მოწმე პოლიციელმა თავიდანვე აღნიშნა, რომ ეს პირები მასთან ერთად იმყოფებოდნენ რესტორან ,,დარიალში“.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დაზარალებული პოლიციელებისა და სასამართლო სხდომებზე მოწმის სახით დაკითხული სხვა პოლიციელებისა და ფაქტის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები არ არის თანმიმდევრული და ურთიერთთავსებადი. ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს აფასებენ განსხვავებულად. შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისად ვერ ჩაითვლება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.



სააპელაციო პალატა დაეთანხა პირველი ინსტანციის სასამართლოს საბოლოო შეფასებას, რომ 2016 წლის 2 ივნისს, საღამოს საათებში, თავდაპირველად რესტორან ,,დარიალის“ დარბაზში, ხოლო შემდეგ - რესტორნის წინ, ნამდვილად მოხდა რამაზ ქოქოშვილსა და პოლიციელ ვლადიმერ (ლადო) შავდათუაშვილის სუფრის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება, თუმცა, აღნიშნული გარემოებები საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, რამდენადაც გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დასტურდება რამაზ ქოქოშვილისს ბრალეულობა ძალადობით პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში. მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები, ასევე ექსპერტიზის დასკვნები, რამაზ ქოქოშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა პირდაპირი მტკიცებულების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

სააპელაციო პალატამ, მართალია, არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ პოლიციელთა ჩვენებებს შორის არსებობდა არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, მაგრამ მიუხედავად ამ გარემოებისა, აღნიშნა, რომ რამაზ ქოქოშვილსა და რესტორან ,,დარიალში“ მომხდარი შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებებით შეიქმნა ეჭვი, რაც ვერ გაბათილდა პოლიციელთა ჩვენებების გარდა, სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულებებით.

როგორც პალატამ უკვე აღნიშნა, ამ კატეგორიის საქმეებზე არსებობს მტკიცების მაღალი სტანდარტი და სასამართლომ ერთობლივად უნდა შეაფასოს, თუ რა დამატებითი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, რაც გაამყარებდა პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს. მოცემულ შემთხვევაში შესაფასებელი იყო რამაზ ქოქოშვილის მიერ (წარდგენილი ბრალდებით) ორჯერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი. პირველ შემთხვევაში - რესტორან ,,დარიალთან“, ხოლო მეორე შემთხვევაში - მისი დაკავების დროს.

როგორც აღინიშნა, მოცემული კატეგორიის საქმეებზე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს ნაკლები მტკიცებულებითი ძალა აქვს, რაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი აძლევენ ცრუ ჩვენებას, მაგრამ ქმედების ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მათი ჩვენებების სხვა მტკიცებულებებით გამყარება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც შემთხვევა მოხდა რესტორნის ტერიტორიაზე. რესტორან „დარიალთან“ მომხდარ ქმედებაზე პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებისგან განსხვავებული ჩვენებები მისცეს მოწმეებმა, რომელთაც უარყვეს ქოქოშვილის მონაწილეობა კონფლიქტში და ასევე არ დაადასტურეს რაიმე სახის ფიზიკური დაპირისპირება. რაც შეეხება რესტორან „დარიალის“ თანამშრომლებს, ისინი არ წარმოადგენენ ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს.

სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა რამაზ ქოქოშვილის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარემ უპასუხოდ დატოვა კითხვა, თუ რა ვითარებაში მიიღო თავად ბრალდებულმა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილზე ნაჭდევებისა და სისხლჩაქცევის სახით და მიუთითა, რომ ქოქოშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების მიყენების დეტალური გამოკვლევა სცდებოდა განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს, ვინაიდან სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა მტკიცებულებების საკმარისობის დადგენა ქოქოშვილის ბრალდების დასადასტურებლად, რაც უკავშირდებოდა მის დაკავებამდე და არა - დაკავების შემდგომ პერიოდს.

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. უფრო მეტიც, წარდგენილი ბრალდება ემყარებოდა მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებს, რომელთა უტყუარობის დასამტკიცებლად, მოცემულ შემთხვევაში, საჭირო იყო დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.



უზენაესი სასამართლოს პოზიცია

2017 წლის 10 ივლისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ია მეფარიშვილმა. კასატორი საჩივრით ითხოვს გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

საკასაციო პალატამ დაასკვნა, რომ გი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად. საჩივარი იმ შემთხვევაში განიხილება, თუ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლისნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვისშედეგზე; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.