რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ივანე ჯავახიშვილის სახლი ხოვლეში 1917-1924 წწ-ში
23 აპრილს ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 142 წლისთავი შესრულდა. ქართველი მეცნიერის, უნივერსიტეტის დამაარსებლის სახლ-მუზეუმში მოსწავლეებმა ღონისძიება გამართეს. სახლ-მუზეუმი ოფიციალურად 1968 წელს გაიხსნა. გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა ჯავახიშვილების საგვარეულო სახლის შესახებ, მნიშვნელოვანი დოკუმენტები მოიძია. ამ დოკუმენტების მიხედვით, ხოვლის სახლი ჯავახიშვილებს ჯერ 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, სოციალ-დემოკრატების მენშევიკების ფრთამ, შემდეგ კი, - საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისას, იგივე სოციალ-დემოკრატების ბოლშევიკების ფრთის წევრებმა ჩამოართვეს.

ახალქალაქის თემში ჩამორთმეული ქონებები

ბოლშევიკებმა ახალქალაქის თემში ათობით ოჯახს ჩამოართვეს უძრავ-მოძრავი ქონება და ყოველგვარი პირობის გარეშე სახელმწიფოს გადასცეს. მაგ. 1923 წლის 3 მარტის კრებაზე ახალქალაქის თემში სახლი ჩამოართვეს ლიზა თარხნიშვილს. მისი საცხოვრებელი ხელოვნების ნიმუშად მიიჩნიეს და იმ მოტივით, რომ თარხნიშვილების სასახლე არ დანგრეულიყო, სახლის მოვლა სახელმწიფომ ითავა. სასახლის მეპატრონისათვის საცხოვრებელში ერთი ოთახი გამოჰყვეს, რათა შენობისათვის ყურადღება მიექცია. თუმცა, მას შენობის მესაკუთრის უფლება აღარ ჰქონდა.

ამავე კრებაზე ჩამოერთვათ საცხოვრებელი სახლი მაკინე და პეტრე წერეთლებს. მათი ქონება ახალქალაქის თემის აღმასკომის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით თემის განკარგულებაში გადავიდა. ასეთივე გადაწყვეტილება იქნა მიღებული გურამიშვილების სახლზე. საცხოვრებელი ჩამოართვეს გოგლიკა თარხნიშვილს და მის ძმებსაც. მათი სახლი რაიაღმასკომის გადაწყვეტილებით ასევე თემს გადაეცა.

ახალქალაქის თემის აღმასკომის პრეზიდიუმმა სახლი და ორთვალიანი წისქვილი ჩამოართვა ყოფილ პოლკოვნიკს - ესტატე დიმიტრის ძე თარხან-მოურავს, ხოლო მცირე ხნის შემდეგ მას წისქვილი უკან დაუბრუნეს. დაბრუნების მიზეზად დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ესტატე თარხან-მოურავს წისქვილი საბჭოთა პერიოდში ჰქონდა აშენებული. სოფელ დოესში საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს რევაზ ერისთავს, რომელიც ამავე სოფლის სკოლას გადაეცა.

ახალქალაქის თემის აღმასკომმა 1923 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით ქონება ჩამოართვა გიგო ჯავახიშვილს.

აღმასკომის გადაწყვეტილბები ივანე ჯავახიშვილის სახლის შესახე

ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ასეთივე განაჩენი გამოუტანა ქართული საისტორიო მეცნიერების ფუძემდებლის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის ოჯახს. ახალქალაქის თემის აღმასკომმა 1923 წლის 3 მარტს ივანე ჯავახიშვილს სოფელ ხოვლეში საცხოვრებელი სახლი ჩამოართვა. აღმასკომის პრეზიდიუმის სხდომის ოქმის ამონაწერში ვკითხულობთ:

,,ამონაწერი ახალქალაქის თემის აღმასკომის პრეზიდიუმის ოქმიდან 1923 წ. 3 მარტის კრებისა. ივანე და გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილის სახლის ჩამორთმევის შესახებ. მოისმინეს: ხოვლის სასწავლებლის შენობა, რომელიც ეკუთვნოდა ივანე და გიორგი ალექსანდრეს ძე ჯავახიშვილებს, რომელი შენობაც გამოირკვა, რომ სოფ. ხოვლისათვის დიდ საჭიროებას წარმოადგენს, დაადგინეს: ჩამორთმეული იქნას ჯავახიშვილების სახლი და გადაეცეს ხოვლის სასწავლებელს აღმასკომის განკარგულებაში”.
დოკუმენტს ხელს აწერს აღმასკომის თავმჯდომარე ჩიტიაშვილი და მდივანი მეზურნოვი.

კრების ოქმის ამონაწერი შედგენილია 1924 წლის 15 აპრილს. დოკუმენტიდან არ ჩანს, ვინ აღასრულა ახალქალაქის თემის აღმასკომის 1923 წლის 3 მარტის გადაწყვეტილება, მაგრამ როგორც სხვა დუკუმენტებიდან ირკვევა, ადგილობრივი ჩინოვნიკებისაგან იქმნებოდა სპეციალური კომისია, რომელსაც ჩამორთმეული ქონების შესახებ აქტი უნდა შეედგინა.

პროფესორი გიორგი სოსიაშვილი კიდევ ერთ დოკუმენტს მიაკვლია, რომელიც ეხება გარიყულაზე მცხოვრებ მიხეილ ნიკოლოზის ძე თარხნიშვილის სახლის და ქონების ჩამორთმევას, საიდანაც ჩანს, რომ ქონების კონფისკაციის კომისიაში შედიოდნენ: ახალქალაქის თემის აღმასკომის თავმჯდომარე ი. ჩიტიაშვილი (სწორედ ის პიროვნება, რომლის გადაწყვეტილებითაც ჩამოართვეს სახლი ივ. ჯავახიშვილს), ასევე თემკომის ინსტრუქტორი ამხ. არშაკუნი, ცენტრიდან გამოგზავნილი მიწის რეფორმის რწმუნებული ამხ. გოგინაშვილი და მილიციის უფროსი ბარამიძე.

აღნიშნულმა კომისიამ მიხეილ თარხნიშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე თავისივე სახლში საცხოვრებლად ორი მცირე ოთახი გადასცა.

რაც შეეხება ივანე და გიორგი ჯავახიშვილების სახლს, დოკუმენტის შენიშვნაში აღნიშნულია, რომ მათი სახლი დანგრეული იყო. იმისათვის, რომ ჯავახიშვილების საცხოვრებლის ჩამორთმევა და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა გამართლებული ყოფილიყო, იგი დანგრეულად მიიჩნიეს. თუ რატომ, ამის შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის სხვა დოკუმენტი: ,,ინსტრუქცია შინაგან და საქმეთა და იუსტიციის სახალხოკომისარიატებისა შენობის უთადარიგოთ შენახვის გამორკვევის წესისათვის და ამ საფუძვლით შენობის მუნიციპალიზაციისათვის”.

დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,თანახმად საქართველოს სოც. საბ. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს მიერ 1923 წ. ივნისის 11-ს გამოცემული და ივნისის 15-ს გამოქვეყნებული ,,კომუნისტი #125” დეკრეტის და სამოქალაქო სამართლის კოდექსის 59 მუხ. შენიშვნისა. შენობათა მუნიციპალიზაცია, როგორც საერთო ღონისძიება 1923 წ. ივნისის 15-ს შემდეგ არ შეიძლება. შენობის მუნიციპალიზაცია, სრულიად საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელი კომიტეტის და სახალხო კომისართა საბჭოს მიერ 1923 წლ. სექტემბრის 26-ის საცხოვრებელი სადგომების შესახებ გამოცემული დეკრეტის ძალით, შეიძლება მხოლოდ სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის და თანახმად რეკვიზიციისათვის მიღებული წესდებისა სამოქალაქო სამართლის კოდექსის 69 და 70 მუხლის დანართით. სახელმწიფოებრივი საჭიროება კი მოითხოვს, რომ საცხოვრებელი სადგომი წესიერად ინახებოდეს, არ ინგრეოდეს, რათა ამით საბინაო კრიზისი უფრო არ გამწვავდეს. ამიტომაც შენობის უთადარიგოთ შენახვა, რასაც თანა სდევს შენობის დანგრევა, შეიძლება საბაბად და საფუძვლად მისი მუნიციპალიზაციისათვის. მაგრამ უთადარიგოთ შენახული სახლის სამუნიციპალიზაციოთ წარდგენა დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. აქ უნდა დაცულ იქმნეს გარანტია იმისა, რომ მუნიციპალიზაცია საფუძვლიანი და მიზანშეწონილია. უკეთუ სატეხნიკო-საკონტროლო აპარატი აღმოაჩენს სახლის უთადარიგოთ გამგეობას, რის გამოც სახლი ინგრევა, უნდა შესდგეს აქტი, სადაც აღინიშნება, თუ სახლს რა აქვს დანგრეული, აქტი უნდა შეადგინოს სატეხნიკო-საკანტროლო ზედამხედველობამ, აქტის შედგენა უნდა ეცნობოს სახლის პატრონს და მოხდეს მისი თანდასწრებით, უკეთუ იგი გამოცხადდება. ამ დათვალიერების აქტის ძალით კომუნალური განყოფილება გაუგზავნის სახლის პატრონს წერილობით განცხადებას, რომ საჭიროა სახლი ისეთ მდგომარეობაში იქმნეს მოყვანილი, რომ იქ შეიძლებოდეს ცხოვრება, რისთვისაც იმის და მიხედვით, თუ რა მდგომარეობაშია სახლი და რამდენი დრო დასჭირდება მის შეკეთებას, სახლის პატრონს მიეცემა განსაზღვრული ვადა, მაგრამ ყოველშემთხვევაში არა უმეტეს ერთი წლისა, გაფრთხილებით, რომ თუ სახლი შეკეთებული არ იქნება იგი როგორც უთადარიგოთ შენახული, წარდგენილ იქმნება მუნიციპალიზაციისათვის.“

დოკუმენტზე, რომელიც 1924 წლის 21 თებერვალს არის შედგენილი, ხელს აწერენ იუსტიციის სახალხო კომისარის მოადგილე კ. ოკუჯავა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარის მოადგილე ტალახაძე.

არსებობს კიდევ ერთი დოკუმენტი, საიდანაც ჩანს, რომ ჯავახიშვილების საცხოვრებელი ხელისუფლებამ ხოვლეს სკოლას გადასცა, დოკუმენტს აწერია: ,,გორის რაიაღმასკომების გამგებლობაში მყოფი როგორც სახელმწიფო, ისე ჩამორთმეული ყველა ქონება”.
აღნიშნულ საბუთში დასახელებულია ხოვლეში მცხოვრები ჯავახიშვილი გიორგი (ივ. ჯავახიშვილის უმცროსი ძმა), რომელსაც მიწის რევკომის #14 გადაწყვეტილებით ჩამოერთვა სახლი (სწორედ ის საცხოვრებელი, რომელსაც ეხება ზემოთ ნახსენები ორი დოკუმენტი). წისქვილი, ვერმორელის აპარატი 1 ცალი, დოკუმენტს ახლავს შენიშვნები, სადაც აღნიშნულია, რომ ჯავახიშვილების საცხოვრებელი გადაეცა ხოვლეს სკოლას. დოკუმენტი თარიღდება 1924წლით.

ჯავახიშვილების სახლი მენშევიკების მთავრობის დრო

პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა მიაკვლია ერთ-ერთ დოკუმენტს, საიდანაც ირკვევა, რომ ჯავახიშვილების ქონების ჩამორთმევა ჯერ კიდევ ქვეყნის გასაბჭოებამდე მოხდა. სახლი ივანე ჯავახიშვილს საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის დროს ჩამოართვეს მენშევიკებმა. ამას ადასტურებს 1922 წელს შედგენილი დოკუმენტი, კერძოდ, ,,გორის სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმის სხდომის ოქმი”, დოკუმენტი შედგენილია 12 სექტემბერს.

გორის სამაზრო აღმასკომს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატისაგან განსახილველად გადაეგზავნა საკითხი: ,,ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პროფესორ ჯავახიშვილის სახლის დაბრუნების შესახებ”.

სამაზრო აღმასკომის პრეზიდიუმის სხდომას დაესწრნენ: მოწონელიძე, გიორგაძე, ქურდაძე, ბუხნიკაშვილი, იანოვიჩი, ყანჩელი. სხდომის თავმჯდომარე იყო მოწონელიძე, ხოლო მდივანი - გრ. ყანჩელი. დადგენილებაში ვკითხულობთ:

,,დაადგინეს: ვინაიდან პროფესორ ივანე ჯავახიშვილის სახლი ჯერ კიდევ ყოფილ მენშევიკების მთავრობის მიერ ყოფილა რეკვიზიციით ჩამორთმეული და მის უკან დაბრუნებით ადგილობრივ გლეხებს შორის გამოიწვევს დიდ აურზაურს და უკმაყოფილებას და მესამე სახლში მოთავსებულია შრომის სკოლა და მისი დახურვა შეუძლებელია, რადგან სხვა შესაფერისი შენობა სკოლისათვის სოფ. ხოვლეში არ მოიპოვება, ამიტომ სახლის დაბრუნებაზე უარი ეთქვას”.

მენშევიკური ხელისუფლების მიერ ხოვლეში მცხოვრები ჯავახიშვილებისათვის ქონების ჩამორთმევა სხვა წყაროებითაც დასტურდება. ამ მხრივ, ძალზე საყურადღებო ცნობებს გვაწვდის თავის მოგონებებში ივანე ჯავახიშვილის ბიძაშვილი, ცნობილი პედაგოგი ქეთევან ჯავახიშვილი, იგი წერს:

,,ჩემი ნატვრა ეხლა ის არის, რომ მოვესწრო ჩემ სოფ. ხოვლეს გაუმჯობესებას. ზემოთაც ვწერ ბევრი სოფლები გვქონდა, მაგრამ ისე როგორც ნიკოლოზმა გაანადგურა სოფ. ხოვლე და იმდენი მსხვერპლი რაც სოფ. ხოვლემ გაიღო, არა სოფელი ისე არ დაზარალებულა. მენშევიკებმა ხომ რაც მეფის მთავრობამ და ნიკოლოზმა დააკლო იმათ შეამსეს. მთლად გაანადგურეს და ბევრი ახალგაზრდა გამოასალმეს წუთისოფელს... მენშევიკების მთავრობამ მომცეს ნორმაში ჩემი საკუთარი სახლი ორსართულიანი 14 თვალი ოთახი და სახლის გასწვრივ იყო სარდაფი ქვევრებით. ეს სახლი იყო სოფ. ხოვლეში. ეზო ჰქონდა ორი დესეტინა, წნული ღობე ჰქონდა შემოზღუდული. შიგ წყარო იყო. მე მადლობა გადავუხადე და უთხარი: ,,სად შემიძლია ამოდენა შენობას მოვუარო. მე ვითხოვ რომ ჩემ სოფელს არც სკოლისათვის აქვს შენობა და არც საავადმყოფოსთვის. და აი გთხოვთ ჩემ სოფელს მისცეთ ეს შენობა. მე ქ. გორში ვარ მასწავლებლად. სახლიც მაქვს და კარიც. დიდი აღტაცებით შეხვდნენ ამ ჩემ თხოვნას. მითხრეს: ,,შენ ყოველთვის იყავი ხალხისთვის და უსათუოდ ავასრულებთ შენ თხოვნას. შენც მანამ ცოცხალი ხარ ორი ოთახი გექნება და თუ გინდა მასწავლებლის ადგილსაც მოგცემთ. მაგრამ მოხდა უბედურობა. მიწისძვრამ დაანგრია ქ. გორი და გორის გორის რაიონის სოფლებიც. დაუზიანებლად არც სოფ. ხოვლე გადარჩა. მე გავედი სოფ. ხოვლეში ვნახე ჩემი სახლი. იყო უვნებლად, ცოტა ზემოდ სართულში აღმოსავლეთისკენ კედელი იყო ცოტა მოშორებული კარნიზს, მაგრამ მშვენივრად შეკეთდებოდა. მენშევიკებს განა ჰქონდათ გაკეთების უნარი? მიჰყვეს ხელი ზემო სართული მოხსნეს და ის მასალა უნდოდათ სოფ. დოესში ჩასატანად. ხოვლელებმა არ დაანებეს უთხრეს: ,,ქეთომ ჩვენ მოგვცა ეგ სახლიო”, დაყარეს ეს მასალაც და ქვემო სართულის ოთახებიც. ასე მოაბნიეს ეს ქონება. ქვემოდ სართულში დასახლდნენ ორი ღარიბი ოჯახი, რომელთაც არ ჰქონდათ სახლი. დანარჩენი მასალა სოფელმა გაინაწილა ვისაც რა ესაჭირვებოდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.