რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
წერილები ფრონტიდან - ვეტერანთა სახელმწიფო სამსახური სამკუთხა ბარათების გამოქვეყნების სერიას იწყებს
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გთავაზობთ მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტიდან გამოგზავნილ სამკუთხა ბარათების სერიას.

ჭიღლაძე გიორგი ონისიმეს ძე. საჩხერის რაიონი,სოფელი სარეკი

დაბადებული 1914 წელს. იყო დაწყებითი კლასების მასწავლებელი. სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა ბელორუსიაში, საზღვართან ახლოს. მეორე მსოფლიო ომმა მოუსწრო ამ დროს. ომის დაწყებისთანავე დაიჭრა, თუმცა, ფრონტი არ მიუტოვებია და ბრძოლა განაგრძო.

ბოლო წერილი მისგან ოჯახმა მიიღო 1943 წელს...  მიიჩნევა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. მან საქართველოში დატოვა ცოლი, ქსენია ბერიშვილი და 2 კვირის ვაჟი, იოსები.



„სალამი ძვირფასო მშობლებო და ცოლ-შვილო!

როგორი წერილი მოგწეროთ იმის შემდეგ, რაც გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის ომი დაიწყო. ვერ მომიფიქრებია, მაგრამ გწერთ ჩემს ფიქრებს და შემდეგ 22 ივნისს, რომელ ღამის სამ საათზედ მოულოდნელად გადმოიჭრნენ საზღვარზედ ეს ძაღლები და გააჩაღეს ცეცხლი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზედ. რა თქმა უნდა, ჩვენი ჯარი ერთიანი ძალით შევუდექით საქმეს, მაგრამ რას ხედავს თვალები, როგორც ცხვრები, ისე გამოგვრეკეს..

მზვერავიც გაუწყვეტია, მესაზღვრეებიც, ამ შავ ძაღლებს. ჩვენ საზღვარზედ ახლოს ვიყავით, რაღაც 40 კილომეტრით ვიქნებოდით დაშორებული, მაგრამ ნაწილი ჩვენი წასული იყვნენ საზღვარზედ სამუშაოდ და მთლად გაუნადგურებიათ ამ სისხლისმსმელ მგლებს მთელი ბატალიონი. მოედვენ ჯაშუშები, მოედვენ მგლები ლიტვას, მოვედევით ფრონტს ჩვენც. ჩაყლაპას გვიპირებდა მათი სამალიოტები. მოვედევით ქალაქს, მაგრამ შემოპარულად შიგნით გრაჟდანები, ხელს უწყობენ მათ აქედანაც ისვრიან ტყვიას, იქიდანაც. აქედანაც სამალიოტები ბომბებს ყრის ზევიდან.

არი გაჩენილი ცეცხლი, გაუდის გრიალი, წყდება ხალხი სულ მოფენილია ქუჩა და ტყე. ჩემ წინ ამოსდით სული ჩემ ქართველ ამხანაგებს. მიკვდება გული, მაგრამ რა უშველო, ვიმაგრებ გულს. ცეცხლის ბოლში ვარ გახვეული, ვიმალამ თავს, რომ როგორმე თავი გადვირჩინო.

პეპეტეა სასროლი,რომელშიდაც 71 პატრონა ჩადის შიგ ‘’კუნტში’’ გადის ეს პატრონა მთლად. მოკლედ ეს სასროლი იარაღი მაქვს, პატრონა მაქვს უამრავი დანარჩენი ვეში ყველაფერი გადავყარე. ხან ერთ სახლს მიუდგამ და ხან მეორე სახლს.....

ერთი ბიჭია ქართველი, ქუთაისელი. დაწყებული სახლიდან წამოსული ერთად ვიყავი დაჭრილი კიდაი არავარ თვითონ გოროდ კამუნაში ბევრი ვირბინე, ბევრი ვიხტუნე იმისათვის, რომ თავი დამეცვა, თორემ ვისაც ხელში ჩაიგდებდნენ, მაშინათვე კლამდნენ ან ამახინჯებდნენ. თვალებს კუჭდენ, ენას ჭრიდენ ყურებს, ცხვირს და რა ვიცი.

მეორე დღეს ისევ ფრონტზედ. ეს ქუთაისელი ბიჭი სხვა ბატალიონს შეუერთდით. წავედით წინ. დედამიწას იღებს ტყვია... ხოხამთ... გავიხედე შუაში ვარ. აღარავინ მიდის წინ. თურმე ჯარი გაწყვეტილა, დავრჩენილვართ ათი კაცი. ამ დროს მომხვდა ტყვია ხელში, გავმაგრდი მაინც. აბა, ხუციძე, თავს უშველოთ, ათი კაცი ვართ კიდეთქო.

მოკითხვა დედას, მამას, სოსოს...


8/VII 41 წელი



"წერილები ფრონტიდან"

1945 წლის 30 იანვარი
ალექსანდრე სანდრო შავერდაშვილი

"ნეტავი შენა წერილო
.. და მიეჩქარები
... თვალით მანახა
საცა შენ დაიარები"

სანდრო შავერდაშვილი 1945 წლის ივნისიდან ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად. დაიკარგა 21 წლის ასაკში სავარაუდოდ, ავსტრია-ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. ოჯახის ფრონტიდან გამოგზავნილი წერილების გარდა ალექსანდრესაგან სამახსოვროდ არაფერი შემორჩა.

"უპირველეს ყოვლის გისურვებთ კარგად ყოფნას, დიდხანს სიცოცხლეს, ცხოვრებაში წინსვლას და გისურვებთ იმ მიზნების განხორციელებას რომელი მიზნებიც თქვენს გულს აწუხებდეს.

ახლა თუ ჩემს ამბავსაც იკითხავთ, მეც კარგად ვარ, არაფერი მიჭირს თქვენი უნახველობის მეტი. თქვენიდან რომ წერილი მოდიოდეს ხშირად და ვიგებდე თქვენს და მანდაურ ამბებს იმის მეტი არაფერი მინოდა, მაგრამ წერილი თქვენი ძლიერ იგვიანებს. თვეში ერთხელ მომდის მეტით არ მოდის. ამჟამად ვიმყოფები ქალაქი ბ. აქედან მე გამოგიგზავნეთ რამდენიმე წერილი. იმათ შორის ორ წერილში ჩემი და ჩემი ამხანაგის იყო და გთხოვთ როგორც კი მიიღოთ სურათი, წერილი გამომიგზავნეთ და შემატყობინეთ თუ რამდენი სურათი მიიღეთ. მე გამოვაგზავნე 2 ცალი. ჩემთან ერთად სურათში ქართველი არაა არცერთი. რუსები არიან, ჩემთან ერთად სკამზე რომ ზის ის ლეიტენანტი ... მეთაური ...

... მე ჩემს ცხოვრებას მივეჩვიე და არც ისე ძლიერ ვწუხდები. ცოტა იმაზე ვარ შეწუხებული, რომ წერილები თქვენგან ხშირად არ მოდის. მე კი ყოველ დღე წერილებს გწერთ თქვენ შეიძლება ელოდეთ იმ დროს სანამ ქალაქში არ წახვალთ, მაგრამ ეს სულ ტყვილია, თქვენი ფოსტიდანაც შეიძლება წერილების გამოგზავნა. ამით თქვენ თავს ვერ გაიმართლებთ, რომ მარტო ქალაქიდან შეიძლება წერილების გამოგზავნა..."


წერილები ვეტერანების სამსახურს მიაწოდა ალექსანდრე სანდრო შავერდაშვილის ოჯახის ახლობელმა დავით მჭედლიძემ.


---------------

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მიმართავს ყველას, ვის ოჯახშიც დღემდე შემორჩა ფრონტის წინა ხაზიდან გამოგზავნილი წერილები, ბარათები, რომლებშიც აღწერილია ომის ამბები, ასევე,მისალოცები და ფოტოები. ეს წერილები,თუ ბარათები ყველაზე ნათლად გადმოსცემს ჯარისკაცის ემოციებს, ომში განცდილ ტკივილს, თუ სიხარულს, ოჯახის, საყვარელი ადამიანების მონატრებასა თუ თანამებრძოლების ცხოვრებას ფრონტის წინა ხაზზე.

მივიღებთ, როგორც ამ წერილებისა თუ ბარათების დედნებს, ასევე ასლებს მათი ავტორების ფოტოებთან ერთად. ვგეგმავთ, რომ შეგროვებული მასალა ერთ წიგნად გამოვცეთ სახელწოდებით: ’’ წერილები ფრონტიდან’’. ასევე, სურვილი გვაქვს, ეს წერილები წარმოდგენილი იყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოწყობილ მუდმივმოქმედ ფოტო გამოფენაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, დაგვიკავშირდით სამსახურის ცხელ ხაზზე: 248 26 16
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.