რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორში გამართულ აქციაზე შვილმკვდარი მშობლები, პედაგოგები, მსახიობები და სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ
ლიანა ბალიაშვილი გორში სოფელ ახრისიდან ჩამოვიდა და საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეუერთდა. შვილმკვდარმა დედამ სოლიდარობა თბილისში მოკლულ არასრულწლოვანის მშობლებს გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პროკურატურის უსამართლობის მსხვერპლი მისი ოჯახიც გახდა.

,,ჩემი შვილი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაიცვალა, მანქანა დაეჯახა ქობულეთში. მძღოლი აღმოჩნდა თრობის ქვეშ, თუმცა მიუსაჯეს ისეთი მინიმალური სასჯელი, რომ ეს სასჯელი მისთვის შვებაა. გასული წლის სექტემბრიდან ვცდილობ სამართალი ვიპოვო, მაგრამ ვერ ვპოულობ. ჩემი შვილის მკვლელსაც მფარველობენ ჩინოსნები. რატომ მფარველობს პროკურატურა ასეთ ადამიანებს? მით უმეტეს როდესაც ასეთი დანაშაული ადრეც ჰქონიათ ჩადენილი" - ამბობს ლიანა ბალიაშვილი.

დღეს, გორის თეატრის წინ, მთელი დღის განმავლობაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ, არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე, გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში აქციები დაიწყო. პროტესტის მთავარი ადრესატი მთავარი პროკურატურა აღმოჩნდა. აქციის წევრები ამბობენ, რომ პროკურატურამ საქმე ობიექტურად არ გამოიძია.

გორის თეატრთან შეკრებილ ახალგაზრდებს სოლიდარობა პედაგოგებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გამოუცხადეს. მათ შორის იყვნენ გორის თეატრის თანამშრომლები. ინა ლომაური ამბობს, რომ გაუსაძლისი გახდა შვილმკვდარი მშობლების ყურება, რომლებიც სამართალს ვერ პოულობენ.

,,უკვე რამდენი ფაქტია, რომ ასეთ გამწარებულ მშობლებს ვუყურებთ. რამდენი ახალგაზრდა მოკლეს, რამდენი ოჯახი გაამწარეს. ამ უბედურებას კიდევ ემატება ის, რომ გამოძიება არ მიდის ობიექტურად. დღეს უკვე ამ ყველაფრის კულმინაცია იყო," - ამბობს ინა ლომაური.

გორის უნივერსიტეტის ლექტორი მაია ბოლაშვილი პროტესტის მონაწილეებს შეუერთდა. ,,სამწუხაროდ, დღის 4 საათზე ვერ შევუერთდი აქციას, რადგან გაკვეთილები მქონდა. შემდეგ სოციალურ ქსელში ვნახე, რომ იმართებოდა საღამოს 7 საათზე. აღარც კი, გავჩერებულვარ სახლში, მაშინვე წამოვედი აქციისკენ. არ მინდა ჩვენი სტუდენტები საუბრობდნენ იმაზე, რომ მათ ამ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდათ; რომ სურთ საზღვარგარეთ წასვლა და ა.შ. მინდა, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს სამართლიანობა" - ამბობს მაია ბოლაშვილი.

სამოქალაქო აქტივისტი მიშა ჯაფარიძე მთელი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურობდა. წერდა, რომ აუცილებელია თბილისში გამართული აქციისთვის სოლიდარობა გორშიც გამოეცხადებინათ. ,,საზოგადოება უნდა გაიზარდოს, უნდა შექმნას ისეთი სისტემა, სადაც მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება. არ უნდა უწევდეს ადამიანს პროკურატურასთან ტირილი. როდესაც ქვეყანაში კანონის უზენაესობა იქნება, საპროტესტო აქციები აღარ იქნება საჭირო." - ამბობს მიშა ჯაფარიძე.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლექსო ვალიაური იყო. ის წლების განმავლობაში პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობს. ის გორის თეატრის ეზოში არაერთხელ გამოსულა პლაკატებით. მათ შორის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში. პლაკატით ხელში დღესაც მოუწია გამოსვლა:

,,მე მიხარია, რომ გორელებმა შეძლეს პროტესტის გამოხატვა, გამოსვლა. სისტემას, რომელსაც ვებრძვით დიდი ხანია, ისევ ცოცხალია. აუცილებელია, ერთმანეთის გვერდით დგომა, რომ საბოლოოდ ეს სისტემა დაინგრეს" - აცხადებს ვალიაური.




თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადება


2018 წლის 31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ. კერძოდ დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის სასამართლომ არასრულწლოვანი ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო, გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში - წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკველობის მცდელობა დამაძიმებელ გარემოებაში.

ბრალდებულთა არასრულწლოვნობის გამო, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომები დახურული იყო. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასამართლომ დღეს ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობის შესახებ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისთანავე სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ დანიშნა სასჯელის დანიშვნის სხდომა, რომელიც 2018 წლის 1 ივნისს 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება.



მთავარი პროკურატურის განცხადება

სამი რამ გვსურს ვუთხრათ საზოგადოებას. პირველი: ჩვენთვის, როგორც ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ დამნაშავედ ცნო ორივე ბრალდებული, ერთი მათგანი გამტყუნდა არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილ მკვლელობაში, ხოლო მეორე მათგანი დამნაშავედ იქნა ცნობილი მეორე არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი მკვლელობის მცდელობაში.

მეორე: მიუხედავად იმისა, რომ დადგა გამამტყუნებელი განაჩენები, ჩვენ ამ განაჩენებს მაინც კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რადგან ჩვენთვის სრულიად გაუგებარია, რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლემ ასეთი გადაწყვეტილება და არა სხვაგვარი. როგორც ბრალდების მხარე, დეტალებზე ვერ ვსაუბრობთ და ველოდებით განაჩენის სამოტივაციო ნაწილს. მიუხედავად ამისა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ გადაწყვეტილება აუცილებლად გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში, რადგან პროკურატურამ ორივე ბრალდებულის მიმართ შერაცხული ბრალის დასადასტურებლად წარადგინა უტყუარი მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ ჩვენი მტკიცებულებების მხოლოდ ნაწილობრივ გაზიარება არის სრულიად გაუგებარი.

მესამე საკითხი ეხება საქართველოს პროკურატურის გეგმებს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ ეჭვქვეშ არ ვაყენებთ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს, მაგრამ რადგან დაზარალებულ ზაზა სარალიძეს და საზოგადოების გარკვეულ ნაწილს აქვს კითხვის ნიშნები ჩატარებულ ექსპერტიზებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დაზარალებულის ინტერესების დასაცავად და დანაშაულის ყველა ჩამდენის გამოსავლენად ყველა შესაძლო ზომას დღემდეც მივმართეთ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავნიშნოთ ექსპერტიზები შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მდებარე, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო სამედიცინო ბიუროში. უკვე შედგა კომუნიკაცია საქართველოს პროკურატურასა და აღნიშნულ სამედიცინო ბიუროს შორის და ექსპერტიზის დანიშვნის ვადების თაობაზე განვაცხადებთ უახლოეს დღეებში. გარდა ამისა, გვაქვს სრული მზაობა, რომ ამ პროცესში ჩავრთოთ ზაზა სარალიძე და მათი ადვოკატები, შესაბამისად მათ მიეცემათ საშუალება, მსოფლიოში წამყვან ექსპერტებს დაუსვან მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა, ეს პროცესი იქნება ღია და გამჭირვალე. როგორც აქამდე, ამიერიდანაც დაზარალებულ მხარეს კვლავ სრული წვდომა ექნება აღნიშნულ პროცესში ნებისმიერ დეტალთან, ხოლო მსოფლიოში წამყვანი საექსპერტო ბიუროს დასკვნა აუცილებლად გასცემს პასუხს არსებულ ყველა შეკითხვას.

გარდა ამისა, საქართველოს პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოძიების პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო პროკურორები.



ომბუდსმენის განცხადება

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის სრულყოფილი გამოძიება და ამ საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულება სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენს. ამის თაობაზე სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

სახალხო დამცველის განცხადებით, ამ ეტაპზე, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ადასტურებს მომხდარი ტრაგედიის შემდეგ წარმოშობილ ეჭვებს, რომ გამოძიებამ გარდაცვლილი სალარიძის მკვლელობაში დამნაშავე პირები სრულად არ გამოავლინა.

გ.ჯ.-ს ბრალი ედებოდა ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ბ.-ს – ჯგუფურად, დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობასა და არასრულწლოვანი ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში.

სასამართლომ მკვლელობის ჯგუფურად განხორციელება არ ჩათვალა დადასტურებულად და აღნიშნული, როგორც მკვლელობის დამამძიმებელი გარემოება ორივე ბრალდებულის მიმართ მოხსნა. სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო დავით სარალიძის მკვლელობის მხოლოდ მცდელობაში, რადგან დადასტურებულად არ ჩათვალა მის მიერ სასიკვდილო ჭრილობის მიყენება; გ.ბ. დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში იგი გაამართლა.

მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს გამოძიების საქმის მასალებზე წვდომა მხოლოდ განაჩენის გამოტანის შემდგომ აქვს. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში სახალხო დამცველი სრულად შეისწავლის საქმის მასალებს, რომელზე დაყრდნობითაც სასამართლომ გამოიტანა განაჩენი.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებული მხარე აღნიშნულ გარემოებაზე ღიად აპელირებდა, გამოძიება სხვა პირების მიერ მკვლელობის ფაქტზე დღემდე არ დაწყებულა და პროკურატურა გამორიცხავდა მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება მკვლელობაში ყველა მონაწილე დამნაშავის გამოსავლენად. ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს, ამ მიმართულებით გამოძიების დაწყების საფუძველი უკვე არსებობდა, ვინაიდან, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ექსპერტიზის დასკვნით, დავით სარალიძის სასიკვდილო ჭრილობა არ იყო მიყენებული გამოძიების მიერ მოპოვებული იარაღით.

კითხვები არსებობს ასევე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიების მიმართულებით, თუ რამდენად ამომწურავია პასუხისგებაში მიცემულ პირთა სია, რომლებმაც ხელი შეუწყეს დანაშაულის დაფარვას.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს პროკურატურას, გააცნოს ამ დროისთვის არსებული ყველა მიმდინარე გამოძიების მასალები ამ ფაქტთან დაკავშირებით. ასევე, მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს სხვა პირთა მიერ მკვლელობის გამოძიება და გამოძიების მასალები გააცნოს სახალხო დამცველს.



მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განხადება გადადგომის შესახებ

პირველ რიგში საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილება იყო სასამართლოს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება; სამართლებრივი პროცესი აუცილებლად გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. ამისთვის ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ - საზოგადოებამ ეს უნდა იცოდეს.

ჩემთვის, როგორც საქართველოს მთავარი პროკურორისთვის, უმნიშვნელოვანესია თითოეული მოქალაქის ნდობა ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით კი მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი რგოლის - პროკურატურის მიმართ. ამ სისტემაში მუშაობის ყოველ მომენტში, მთელი ჩემი შრომა მიმართული იყო კანონის უზენაესობის დამკვიდრებისკენ და მინდა ვირწმუნო, რომ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ ყველა ერთად შევძლებთ დავამკვიდროთ კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში.
ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამართლიანი მართლმსაჯულება მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე არასრულწლოვნების მკვლელობას ეხება.

დღეს, პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ჩემი აზრით, უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაიზიარა ეს მტკიცებულებები და ამ ძალიან მძიმე საქმეზე სამართლიანი შედეგი ამ ეტაპზე ვერ დადგა. თუმცა, ეს პროცესი გაგრძელდება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში და ვფიქრობ, ყველა დამნაშავე სათანადოდ აგებს პასუხს კანონის წინაშე.
ერთია სამართლებრივი მხარე, მაგრამ მეორეა ადამიანური დამოკიდებულება ამ საქმის მიმართ.

მინდა პირადად მივმართო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს: მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით. როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილის სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა. მინდა, იცოდეთ, რომ ყველაფერი გავაკეთე, რათა დამნაშავეებს პასუხი ეგოთ. მჯერა, ამ ნაბიჯით მაინც დარწმუნდებით, რომ ბევრი უსაფუძვლო, ბინძური ბრალდება, რაც ჩემს მიმართ ისმოდა, მიზნად ისახავდა ჩემს მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას იმის გამო, რომ ჩემი ხელმძღვანელობით საქართველოს პროკურატურამ ბევრ ყოფილ თანამდებობის პირს, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრეს სისტემური უსამართლობა, პასუხი ვაგებინეთ კანონის წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება და ბოლომდე მივა.

რადგან მინდა გჯეროდეთ იმისა, რასაც ვამბობ, დღეს ვტოვებ ჩემს თანამდებობას და დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად აღსრულდება.

აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ვისაც სურს გაუბედურებულ მშობლებს გვერდით დაუდგეს, ყველაფერი გააკეთოს გამოძიების დასახმარებლად და ითანამშრომლოს მასთან.

ბოლოს, მსურს მადლობა გადავუხადო პროკურატურის ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გვერდში მედგნენ და რომლებიც, საკუთარი უსაფრთხოების ფასად, ყოველდღიურ რეჟიმში მუხლჩაუხრელად შრომობენ მართლმსაჯულების აღსასრულებლად. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი უწყება გააგრძელებს განვითარებას და უდიდეს როლს შეასრულებს განვითარებული სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბების გზაზე.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.