რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გოგშელიძე VS სხირელი - დაპირისპირება გორში
29.01.2015 ორი დღის წინ, 27 იანვარს, მოსამართლე შალვა კაკაურიძის წინაშე  გიორგი გოგშელიძე და  ნუგზარ სხირელი ჩვენების მისაცემად წარსდგნენ. პროკურატურის განცხადებით, გიორგი გოგშელიძეს ბრალი  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში ედება. ბრალდების ეს მუხლი ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რომელმაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დაზარალებული კი ნუგზარ სხირელია.

 

ცნობილ ქართველ სპორტსმენსა და მწვრთნელს შორის დაპირისპირებამ პიკს 2014 წლის შემოდგომაზე მიაღწია. ,,თავისუფალი ჭიდაობის" ახლადაშენებული შენობის დასათვალიერებლად მისულმა გიორგი გოგშელიძემ გასაღები მოითხოვა. დარაჯმა გასაღები არ მისცა და ეს ამბავი მწვრთნელს ნუგზარ სხირელს შეატყობინა. ნუგზარ სხირელი ადგილზე მივიდა და გიორგი გოგშელიძეს უთხრა:

- ,,მანდ შესვლის მორალური უფლება არ გაქვს, იმიტომ, რომ შეჯიბრზე გორელის დამარცხება გაგიხარდა და ცერა თითები მოწონების ნიშნად აწიე".

,,ტყუნის დედა...." - უპასუხა გოგშელიძემ.

,,დედაჩემი გარდაცვლილია, ხოლო დედაშენი - ცოცხალი" - მიუგო სხირელმა.

სწორედ ამის შემდეგ იწყება ,,ის ფაქტობრივი გარემოება", რომელსაც მხარეები სადავოდ ხდიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების დასკვნით, გიორგი გოგშელიძემ ნუგზარ სხირელი ცემა.

გიორგი გოგშელიძის ინტერესების დამცველის ზაზა მინდიაშვილის თქმით, ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზაზა მინდიაშვილი: ,,პიროვნებას, ვის ინტერესების დაცვასაც ვახორციელებ, აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა მხოლოდ შელაპარაკებას. ეს განაცხადა კიდეც გიორგიმ სასამართლო პროცესზე. შელაპარაკება იმ სიტყვიერმა შეურაცხყოფამ გამოიწვია, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ".

გიორგი გოგშელიძის ადვოკატი  ბრალდებულის სრულ გამართლებას ითხოვს: ,,მოწმემ (დარაჯმა) პროცესზე განაცხადა, რომ მანქანის გარეთ ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია, ხოლო ის ფაქტი, რომ თითქოს მანქანაში ნუგზარ სხირელს ყელში წაუჭირეს, სიცრუეა. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა პროცესზე განაცხადა, მან ნუგზარ სხირელი, მხოლოდ, ტანსაცმლის საყელურით მოქაჩა და უთხრა, შეურაცხყოფას ნუ აყენებდა. საყელურის მოქაჩვა ძლიერ ტკივილს არ იწვევს. აქედან გამომდინარე, სრულიად გაუმართლებელია 125-ე მუხლი" - განმარტავს ადვოკატი.

ნუგზარ სხირელი ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ გიორგი გოგშელიძემ მას ხელი ჯერ ყელში წაუჭირა, შემდეგ ცდილობდა თავი მანქანის სალონისთვის დაერტყა.

,,წარმოიდგინეთ, რა დღეში ვიქნებოდი. მანქანაში ვზივარ, ღვედი გადაჭერილი მაქვს და ყელში წამიჭირა. უკვე სუნთქვა მიძნელდებოდა. ერთხელ სცადა მანქანის სალონზე ჩემი თავის დარტყმა, მეორე მცდელობაზე შუბლს ხელი ავაფარე და ისე დამარტყმევინა თავი. ხელის მტევნებიც დაზიანებული მქონდა." - აღნიშნავს ნუგზარ სხირელი.

გიორგი გოგშელიძე თავის ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ ნუგზარ სხირელს სურდა მისთვის მეტალის ნივთი დაერტყა: ,,გარდა იმისა, რომ გოგშელიძეს შეუგინა ოჯახის წევრი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ასევე უთითებს, რომ ნუგზარ სხირელი რაღაც ნივთსაც არტყამდა" - აღნიშნავს ადვოკატი.

ნუგზარ სხირელი აცხადებს, რომ მეტალის ნივთი მან მას შემდეგ აიღო, როდესაც გოგშელიძემ მანქანის სალონზე თავი დაარტყმევინა.

,,ავიღე ეს ნივთი, გადმოვედი მანქანიდან და თავის დაცვა ვცადე. მიდი, მიდი, დამარტყიო... მითხრა გოგშელიძემ. მე ვუთხარი, შენ ამას არ დაგარტყავ-მეთქი. ამ დროს მუშტი სამჯერ ამომარტყა და გადავვარდი." - აცხადებს ნუგზარ სხირელი. მართალია, სასამართლო პროცესზე ინციდენტის ამ ნაწილს დარაჯი არ ადასტურებს, მაგრამ ნუგზარ სხირელი დარწმუნებულია, რომ მას ეს დადასტურებული აქვს წინასწარ გამოძიებაში. წინასწარ გამოძიების დროს მიცემული დარაჯის ჩვენება და საქმის სხვა მასალები ნუგზარ სხირელს არ აქვს, ხოლო ზაზა მინდიაშვილმა, გიორგი გოგშელიძის ნებართვის გარეშე, საქმის მასალების გაცნობის საშუალება არ მოგვცა.

სასამართლოს ამჯერად ექსპერტი ჰყავს დასაკითხი, რომელიც იმ ინფორმაციას გააჟღერებს, თუ რა დაზიანებები მიადგა დაზარალებულს და რა ვითარებაში.

ამის შემდეგ გამოძახებულ იქნა პოლიცია, შემთხვევის ადგილზე პატრული მივიდა. გიორგი გოგშელიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. სამედიცინო დასკვნის აღების შემდეგ გიორგი გოგშელიძე ბრალდებულად სცნეს, ხოლო აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლემ გირაო 2 ათასი ლარი შეუფარდა. 27 იანვარს  სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. ზაზა მინდიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე გოგშელიძეს  გაამართლებს. ნუგზარ სხირელი კი პატიებას არ აპირებს.

 

 

ვის აქვს დარბაზში შესვლის უფლება?

,,თავისუფალი ჭიდაობის" ახალი დარბაზი 2012 წლის შემდეგ აშენდა. ნუგზარ სხირელი მის აშენებას 2010 წელშიც ითხოვდა. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ვრცელი ინტერვიუ იმ დროს მისცა, როდესაც მაშინდელმა გამგეობამ ახალი საჭიდაო დარბაზისთვის გამოყოფილი თანხა მოხსნა და სხვა მიმართულებით წაიღო. მთავარმა მწვრთნელმა ეს ფაქტი გააპროტესტა.

დარბაზის მშენებლობა 2 წლის შემდეგ დაიწყო და 2014 წლის ოქტომბერში დასრულდა. ნუგზარ სხირელი ამბობს, რომ მშენებლის ფუნქციას ითავსებდა და საკუთარი რესურსებიც კი დაახარჯა. ამ ეტაპზე ობიექტი მერიას ჩაბარებული არა აქვს. აიპი ,,თავისუფალი ჭიდაობის სკოლა" ქალაქის საკრებულომ ერთი თვის წინ დააფუძნა. დირექტორის დანიშვნას კი ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი არ ჩქარობს.

,,თუ არ შერიგდნენ, არაფერი გამოვა. ასეთი დაპირისპირება არ უნდა არსებობს ამ სფეროში, ეს დააზარალებს სკოლასაც და საერთო საქმესაც" - აცხადებს ზურაბ ჯირკველიშვილი. ის გვიდასტურებს, რომ ,,თავისუფალი ჭიდაობის სკოლის" დირექტორის თანამდებობაზე ორივე კანდიდატურას მხარდამჭერები ჰყავს.

,,არ მინდა ამ პროცესებში მხარე გავხდე. ამ სიტუაციაში თუ ერთ-ერთ მათგანს დავნიშნავ, გამოდის, რომ მის მხარეს ვიჭერ. დასრულდეს სასამართლოს პროცესი, ჩამოართვან ერთმანეთს ხელი და ამის მერე კანდიდატურების განხილვა ემოციების გარეშე წარიმართება. არ არის გამორიცხული სხვა მესამე კანდიდატურაზეც ვიფიქროთ" - განმარტავს გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.

ქალაქის მერი რთული არჩევანის წინაშეა. ნუგზარ სხირელი, დირექტორობის შემთხვევაში, ,,თავისუფალი ჭიდაობის" სკოლაში, დაახლოებით 7 მწვრთნელის შეშვებას არ აპირებს, რომლებიც ამჟამად ,,სასპორტო სკოლაში" მუშაობენ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს ავარჯიშებენ.

,,იყოს ორი სკოლა, ეს საქმეს, პირიქით, წაადგება. კონკურენცია იქნება" - ამბობს ნუგზარ სხირელი.

დანარჩენი მწვრთნელები ქალაქის მერს არწმუნებენ, რომ თაობების გაყოფა მოჭიდავეებისთვის ცუდია. მერს ისიც უთხრეს, რომ საუკეთესო მოჭიდავეთა თაობა ნუგზარ სხირელმა თავისთან წაიყვანა. ძლიერმა და სუსტმა მოჭიდავეებმა თუ ერთმანეთთან არ ივარჯიშეს და იპაექრეს, საუკეთესო შედეგებს ვერ მიაღწევენო.

ნუგზარ სხირელი, სწორედ, ამ საუკეთესო თაობის შედეგებით ამაყობს.

,,საქართველოს ნაკრებში 22 კაციდან 9 მოჭიდავე ჩემთანაა, ისინი, ამჟამად, ბაკურიანში მზადებას გადიან. სულ რამდენი წელიღა დამრჩა სიცოცხლე? ვუთხარი კიდეც ადგილობრივ მთავრობას, რომ ბავშვების გაზრდის შესაძლებლობა მე აღარ მაქვს, ამიტომ დამტოვონ  უფროსს თაობასთან და სანამ შემიძლია, მე მივხედავ. ვიდრე ცოცხალი ვარ, ამას არ დავთმობ" - აცხადებს ნუგზარ სხირელი.

p.s. ეს საკითხი, სავარაუდოდ, კიდევ ერთი თვე არ გადაწყდება. სასამართლო პროცესი უახლოეს ერთ თვეში განახლდება. ადგილობრივი მთავრობა კი მის დასრულებას ელოდება.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.