რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კოვიდაფეთქება კასპის სოფლებში - მიზეზები და შედეგები
ფოტოზე: ქვემო ჭალის ცენტრ

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქვემო ჭალაში კორონავირუსმა მოულოდნელად იფეთქა. ათობით ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. კასპში ადგილები არ ეყოთ, პაციენტებს მცხეთასა და გორში ანაწილებდნენ. 2021 წლის 25 მარტიდან დღემდე მხოლოდ ამ ერთ სოფელში 100-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი – 65 წელს გადაცილებული ქალი და კაცი.

პირველი მსხვერპლი

სოფელში ვირუსის გავრცელებას ემსხვერპლა თინა გახელაძის მეუღლე. თინა გვიყვება, რომ ინსულტგადატანილ ქმარს 8 წელი უვლიდა.

,,მეტყველების უნარი თითქმის დაკარგული ჰქონდა, მხოლოდ მე მესმოდა მისი ლაპარაკი. რომ დამირეკავდა ტელეფონზე და მეტყოდა: გოგოო! მაშინვე ვხვდებოდი, რა სჭირდებოდა: ან ტელევიზორის პულტს ეძებდა, ან საჭმელი უნდოდა, ან სიგარეტი. თუ მე არ ვიყავი სახლში,ჩემს ძმას ვეტყოდი, მგონი ტელევიზორის პულტს ეძებს და უპოვე-მეთქი. ბოლო დრომდე ჩართული იყო პოლიტიკაში. ყველა საინფორმაციო საშუალებას უყურებდა. სულ ზეპირად იცოდა, ვინ რა თქვა და ვის რას აბრალებდნენ. როცა ავად გახდა, ჯერ კასპის საავადმყოფოში მიიყვანეს და არ მიიღეს, თანმდევი დაავადებები აქვს და ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობასო. მერე გორში გადავიყვანეთ. საავადმყოფოში გაატარა 17 დღე’’, - გვიყვება თინა გახელაძე.


ფოტოზე: თინა გახელაძე

მისი მეუღლე 2021 წლის 12 აპრილს გარდაიცვალა. საავადმყოფოდან სახლში ცხედარი დახურული ჩასასვენებელით გადაასვენეს:

,,ყველაზე ძალიან გული იმაზე მწყდება, რომ დაინტანჯებოდა. მართალია, ექიმები ამბობდნენ, რომ ყველანაირი პირობები ჰქონდა საავადმყოფოში, მაგრამ მე უკეთ ვიცი, რა სჭირდებოდა და რა არა. მივდიოდი საავადმყოფოში, მიმქონდა ყველაფერი, რაც უყვარდა. შორიდან შევხედავდი პალატაში და ტირილი აუვარდებოდა. ფილტვები იმდენად არ ჰქონდა დაზიანებული, რამდენსაც ალბათ ნერვიულობდა’, - ამბობს თინა გახელაძე.

კორონავირუსი თინა გახელაძემაც გადაიტანა და თინას ძმებმაც. არ იცის, როგორ და რა გზით დაინფიცირდა, თუმცა არ უკვირს, რადგან სოფელში ისე სწრაფად გავრცელდა ვირუსი, რომ ოჯახები ამაზე დაფიქრებასაც ვერ ასწრებდნენ.

,,როგორც კი პირველი შემთხვევა გაჩნდა, მაშინვე უნდა ჩაეკეტათ სოფელი და განგაში ატეხილიყო. რეაგირება დაგვიანებით მოხდა. ჯერ ერთი ადამიანი გახდა ავად, მერე - მეორე. იმან მესამე ოჯახში მიიტანა. იმან პედაგოგი დააინფიცირა. პედაგოგმა თავისი მოსწავლე. მოსწავლემ სახლში მიიტანა და ასე. როცა გაირკვა ყველაფერი, მერე უკვე გვიანი იყო. მერე ჩაკეტეს და დაიწყეს სიცხეების გაზომვა’’ - ამბობს თინა და გამუდმებით იმაზე ფიქრობს, დრო რომ უკან დაბრუნდეს, როგორ უშველიდა თავის ქმარს.

სოფელ ქვემო ჭალაში კიდევ ერთი პაციენტი, 65 წელს გადაცილებული ქალი გარდაიცვალა. როგორც სოფელში იციან, გარდაცვალების მიზეზად ფილტვების მწვავე პნევმონია დაასახელეს.

,,საავადმყოფოში როცა მიიყვანეს, ფილტვების ანთება გართულებული იყო. ჯერ კასპის საავადმყოფოში ჰყავდათ. უკვე ძალიან რომ გართულდა, მერე გადაიყვანეს გორის ჰოსპიტალში. ფაქტობრივად, როგორც ამბობენ, სულ დამწვარი ჰქონდა უკვე ფილტვებიო’’ - გვითხრეს სოფელში.


ვირუსის გავრცელების წყარო


ფოტოზე: სამთავისის ეკლესია

ქვემო ჭალაში კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა მრევლში. როგორც გაირკვა, სამთავისის ეკლესიის მრევლი მოსალოცად თელადგორში წავიდა.

,,სამთავისი ჩვენი მეზობელი სოფელია. ჩვენი ეპარქიის მეუფე და ეკლესიის მრევლი მოსალოცად წავიდა, დაახლოებით 200 კაცი – როგორც მე მითხრეს. მრევლში არიან როგორც ქვემო ჭალელები, ასევე, სამთავისელები, იგოეთელები და კასპელებიც კი’’, - გვეუბნება თინა გახელაძე.

როგორც მას მრევლის წევრებმა უთხრეს, მოსალოცად წასულ მრევლს შემდეგ ტრაპეზიც გადაუხდია. ასეთი მჭიდრო კონტაქტის წყალობით კი ვირუსი მრევლის წევრებს შორის სწრაფად გავრცელდა.

,,ახლა ეგ არავინ იცის, იმ დროს ვის ჰქონდა ვირუსი, აქაურებს თუ სხვა სოფლის მცხოვრებლებს. თუმცა, ფაქტია, რომ მეუფესაც დაუდასტურდა და დედაოებსაც და მგალობლებსაც. როგორ გითხრათ, ძალიან ცუდი სიტუაცია იყო. ახლა ცოტა მიწყნარდა სიტუაცია და გავრცელება შემცირდა, მაგრამ დღესაც წაიყვანეს ორი ადამიანი’’, - გვიყვება თინა.

სოფლის მცხოვრებლები კი ცდილობენ, მაქსიმალურად დაიცვან თავი და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინონ. სოფლის ცენტრში განთავსებულ სავაჭრო მაღაზიებში ყველა პირბადით შედის. ტრანსპორტის მოსაცდელთანაც მგზავრები პირბადით დგანან. ეპიდემიის გავრცელებისთანავე მოსახლეობა პირბადეებით მოამარაგეს.

რამდენი ადამიანი დაინფიცირდა ზუსტად, არ იცის კასპის მერის წარმომადგენელმა სტეფანე მესროფაშვილმა, რომელიც თვითონაც თვითიზოლაციაშია. როდესაც დავუკავშირდით, გაოცებულმა გვკითხა, მე რატომ მეკითხებითო.

ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობა არ იცის არც სოფლის დეპუტატმა.

,,სადღაც 40-მდე ინფიცირებული იქნება ამჟამად. ნაწილი სახლში მკურნალობს, ნაწილი კი, - საავადმყოფოში“, - გვითხრა დავით მუხიაშვილმა.


პანდემიის გავლენა სოფელზე


25 მარტიდან პირველი ორი კვირის განმავლობაში სოფელში შემსვლელ-გამომსვლელთა თერმოსკრინინგი დაიწყეს. როგორც კასპის მერის წარმომადგენლის მოადგილე, მარეხ ყამბეგაშვილი აცხადებს, ამ პროცესმა მაქსიმალურად ხელი შეწყო ინფიცირებულთა გამოვლენას. მან სპეციალური მიმართვაც კი გაავრცელა სოციალურ ქსელში, რომ საეჭვო სიმპტომების გამოვლენისთანავე, მიემართათ სოფლის ამბულატორიისთვის ნ პირადად მისთვის.

2021 წლის 25 მარტიდან სოფელ სამთავისის შესასვლელში საპოლიციო მობილური ჯგუფი განთავსდა. ისინი მძღოლებს და მგზავრებს სიცხეს უზომავდნენ. დღეს ხალხს სიცხეს აღარ უზომავენ, თუმცა მობილური ჯგუფი სამთავისის შესასვლელში ისევ დგას.

პანდემიამ ყველაზე მეტად სკოლის მოსწავლეები აზარალა. ქვემო ჭალის სკოლაში სწავლა მაშინვე დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

,,სამთავისში იმდენად არ გავრცელებულა, როგორც ჩვენთან“, - გვითხრა ქვემო ჭალის დეპუტატმა დავით სუხიაშვილმა, - ,,ეს იმიტომ, რომ ჩვენთან უფრო ბევრი ხალხი ცხოვრობს და თან მჭიდროდ. სწორედ, ესაა ალბათ მიზეზი, რომ ქვემო ჭალაში უფრო გავრცელდა“.


ფოტოზე: დაკეტილი სკოლა

ორი თვით კლასებში სწავლა შეწყდა სამთავისის სკოლაშიც.

,,სკოლიდან 29 მაისამდე დაგვითხოვეს“, - გვითხრა ერთ-ერთმა მე-11 კლასელმა. ის და მისი თანატოლები სკოლის წინ იყვნენ შეკრებილნი და თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ.

,,მე პირადად გადავიტანე კორონავირუსი. ჩემი ოჯახის ყველაზე წევრმაც, სხვათაშორის, ძალიან იოლ ფორმებში. ჩემ ოჯახში 7 ადამიანი დაინფიცირდა. ძალიან ბევრნი ვართ სახლში“, - გვითხრა მოსწავლემ. წუხს, რომ ამდენი ხნით უწევთ სახლში ყოფნა, თუმცა უხარია, რომ თანაკლასელები მაინც ახერხებენ შეხვედრას.

სამთავისის სკოლის წინ გახსნილი მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ პანდემიას მისი ოჯახის შემოსავალზე გავლენა არ მოუხდენია, რადგან მუშაობას აგრძელებს, ხალხს პროდუქტი სჭირდება. იგივე გვითხრა ქვემო ჭალელმა თინა გახელაძემაც, რომელიც ასევე მაღაზიას ფლობს:

,,ერთი შეხედვით, შეიძლება მაღაზიაში შემომსვლელთა რაოდენობა შემცირდა, მაგრამ დღის ბოლოს რომ დავიანგარიშებ ხოლმე შემოსავალს, ვნახავ რომ ზარალი არ მქონია. ვცდილობთ, ყველანაირი წესი და რეგულაცია დავიცვა. ის უფრო ცუდი იქნებოდა, დამეკეტა მაღაზია, არც მე მექნებოდა რამე და ხალხიც შორს იქნებოდა წასასვლელი რაიმეს საყიდლად“, - ამბობს თინა.

სოფელ ქვემო ჭალის განაპირას ცოლ-ქმარი, გიორგი ჩიმახაძე და თამარ კობაური ცხოვრობენ. ორივეს გადაადგილება უჭირს.


ფოტოზე: 88 წლის თამარ კობაური მეზობელთან ერთად

,,მე 88 წლის ქალი ვარ, ჩემი მეუღლე ცოტა პატარა. ეს ფეხები რომ არ მტკიოდეს, არავისი დახმარება არ მინდა. ჩვენ თვითონაც მოვუვლიდით თავს, მაგრამ რა ვქნა? აგერ ორ ნაბიჯზე წყალი არ მოდის. მეზობლის ბავშვები რომ არ იყვნენ, რა გვეშველებოდა? შემოირბენენ ხოლმე, თამარა ბაბო, რამე ხომ არ გინდა? ხან პურს ამომიტანენ, ხან წყალს“, - გვიყვება თამარა კობაური.


ფოტოზე: 85 წლის გიორგი ჩიმახიძე

,,ჩვენზე მეტად, რა თქმა უნდა, ასეთ ხალხს უჭირს. არც გადაადგილება შეუძლიათ, არც ვინმეს თხოვნა. ხან ერთი მეზობელი მივაწვდით რამეს, ხან - მეორე. ვფრთხილობთ კიდეც, რომ ვირუსის ასეთი გავრცელების პირობებში, მოხუცებს გავუფრთხილდეთ.“ - გვეუბნება მეზობელი, რომელიც ასაკოვანი ცოლ-ქმრის მოსაკითხად იმ დროს მოვიდა, როდესაც თამარა კობაურს ვესაუბრებოდით.

თამარას და გოგიას სახლში ტელევიზორიც კი არა აქვთ:

,,რად მინდა ტელევიზორი? ჩართავ და რას მოისმენ? ხან ის მოკლეს, ხან ის შეაცდინეს, ხან ის გადააგდეს წყალში. საერთოდ, არ გვჭირდება ტელევიზორი. თვალებსაც ვუფრთხილებდი. ტელევიზორს რომ ვუყურო, თვალები მეტკინება და დავბრავმდები“, - ამბობს თამარა კობაური და თავის ბოლო სიტყვებზე თვითონვე ეცინება.

მათი შვილები ცალკე ცხოვრობენ - ერთი ბათუმში და მეორე გორის მუნიციპალიტეტში. სოფელში იშვიათად ჩადიან, ამიტომაც, ცოლ-ქმარი ისევ მეზობლების იმედზეა.

,,ჩვენ მთავრობა გვეხმარება, თორემ სოფლის საბჭოს ხალხი აქ არც მოდის. მთავრობა რომ პენსიას არ გვაძლევდეს, ჩვენ დიდი ხანია გადაგვაგდებდნენ“, - ამბობს თამარა კობაური.

ვაქცინაციაზეც ვკითხეთ. როგორც გვეუბნებიან, მიუხედავად იმისა, რომ სოფელში პანდემია მძვინვარებს, მათთვის ვაქცინაცია არავის შეუთავაზებია.

სოფლის ერთ-ერთ კუთხეში მდებარე სახლის სარდაფში ლუდის ბარია, თუმცა ამჟამად დაკეტილია. შენობის მეორე სართულზე კი სამკერვალო სალონისთვის ოთახები დაუქირავებიათ, სამკერვალოც დაკეტილია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დასვენების დღეებში სოფელს კიდევ მეტი ადამიანი დაუბრუნდება. მითუმეტეს, სააღდგომო დღესასწაულები მოდის.

აღდგომამდე კი, გაზაფხულის მზიან დღეებში, ადგილობრივები საკუთარ ნაკვეთებში სამუშაოდ ეშურებიან. 4 მაისიდან უქმე დღეები იწყება. ლეხურის ხეობის ულამაზესი სამთავისის ტაძარიც კვლავ თავის მრევლს ელოდება.



ფოტოზე: დაკეტილი ლუდის ბარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, 15 აპრილს 5 მთავარი ფაქტორიც დაასახელა, რის საფუძველზეც პანდემიის დაძლევაა შესაძლებელი:

„ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის დაძლევაში მხოლოდ ეს ხუთი საშუალება დაგვეხმარება: პირველი - ეს არის პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან - ღია თუ დახურულ სივრცეში; მეორე - დისტანციის დაცვა; მესამე - სანიტარული წესრიგის დაცვა ყველგან; მეოთხე ძალიან მთავარი და სპეციფიური ჩვენთვის - დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, ყველანაირი საბედნიერო და სამწუხარო სუფრების გამართვა უნდა გადავდოთ გვერდზე. მოგეხსენებათ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველაზე დიდი დღესასწაული - აღდგომა ახლოვდება. ამიტომ, ძალიან მოკრძალებულად უნდა ვეცადოთ ამ დღესასწაულის აღნიშვნას. აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულში, საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს. რაც შეეხება მეხუთე საშუალებას, რომელიც დღეს მთავარი თემაა - ეს არის აცრების პროცესის ინტენსიფიკაცია. ამ ეტაპზე, ქვეყანაში, დღეში მხოლოდ 1400 აცრა კეთდება, რაც ძალიან ცოტაა. ეს რიცხვი, სულ მცირე, 3 000-4 000-ს მაინც უნდა შეადგენდეს. ივლისიდან კი, უნდა გვქონდეს 10 000 -12 000 ათასი აცრა დღეში, რომ სამიზნე მაჩვენებელზე გავიდეთ წლის ბოლოს, დავამარცხოთ ეპიდემია და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს“.



ფოტოზე: ქვემო ჭალა

რას ამბობს ეკლესია

როგორც ქვემო ჭალაში გვითხრეს, მრევლი თელადგორში მოსალოცად იყო წასული და ტრაპეზი გამართეს. თელადგორი კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის თემში მდებარეობს. წინარეხის წარმომადგენლის, ესტატე აბულაძესთვის უცნობია, იყო თუ არა თელადგორის ეკლესიაში სამთავისის მრევლი:

,,მე ამ ინფორმაციას ვერ გადავამოწმებ, იმიტომ, რომ ჩვენი სოფლების მოსახლეობა შედის ქვათახევის ეკლესიის მრევლში. შესაბამისად, ისინი არ დადიან სამთავისის მრევლთან ერთად. ჩემთვის უცნობია, სად იყვნენ სამთავისის მრევლის წარმომადგენლები. ჩვენი მრევლი რომ მათთან ერთად ყოფილიყო, აქაც გვეყოლებოდა ინფიცირებულები'' - აცხადებს ესტატე აბულაძე.

რა ხდებოდა თელადგორში მარტის თვეში? ეპარქიას წერილი მივწერეთ იმის დასადასტურებლად, აღნიშნეს თუ არა ,,თევდორობა''? თუმცა, პასუხი არ მიგვიღია.

,,თევდორობა'', სწორედ, თელადგორში აღინიშნება. დღესასწაული მოძრავია და ყოველი დიდმარხვის პირველ შაბათს იმართება. წელს დიდი მარხვა 15 მარტს დაიწყო, შესაბამისად, ,,თევდორობა'' - 20 მარტს გაიმართა.

მედიკოსების თქმით, კოვიდის სიმპტომები ინფიცირებიდან პირველ ხუთ დღეში ვლინდება, სამთავისის ეკლესიაში პირველი დადასტურებული შემთხვევა კი ,,თევდორობიდან'' მეხუთე დღეს - 25 მარტს გამოვლინდა.

ეპარქიამ ამასთან დაკავშირებით განცხადება 30 მარტს გაავრცელა:

,,ვაცხადებთ: სამთავისის დედათა მონასტერი პანდემიის პირობებში იყო დაკეტილი, სასულიერო დასი იცავდა და იცავს ყველა იმ რეკომენდაციას და რჩევას, რომელსაც მთავრობა და ეპიდემიოლოგები იძლევიან. ეს იქნება დეზიმფექცია, ტესტირება, დისტანციის დაცვა, თვითიზოლაცია თუ სხვა... 24 მარტს ჩატარდა პირველშეწირულის ლიტურგია, ამის შემდეგ 25 მარტს დაუდასტურდა კოვიდ ვირუსი მონასტერში მცხოვრებ პირველ ადამიანს. ეპარქიაში მსახურობს მხოლოდ 17 სასულიერო პირი. რომელთაგან მხოლოდ ორია ინფიცირებული. ხოლო სამთავისის დედათა მონასტერში ცხოვრობს ოთხი მონაზონი და მათგანაც მხოლოდ ორია კოვიდით დაავადებული.'' - აღნიშნულია ეპარქიის განცხადებაში.

ეპარქიის წარმომადგენლებისთვის უცნობია პირველწყარო: ,,დაზუსტებულად შეუძლებელია ითქვას, ვისგან ან, რომელი წყაროდან გავრცელდა ვირუსი, მაგრამ ერთი რამ ცხადია: მის გავრცელებაში ეკლესიის დადანაშაულება არ შეიძლება, მითუმეტეს ჯანდაცვის ცენტრის წარმომდგენელი ვარაუდით ამბობს, რომ ვირუსი ერთ-ერთი მრევლისგან გავრცელდა. აქვე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სოფელ ქვემო ჭალაში ბევრად მეტი ადამიანია ინფიცირებული, ვიდრე სოფელ სამთავისში. და უფრო მეტიც, აღნიშნული სასულიერო პირები და მონაზვნები ყოველ კვირას იკეთებდნენ ტესტირებას, პირველი ადამიანის კოვიდ ინფექციის დადასტურებიდან, რომელიც იმყოფებოდა ტაძარში, სასულიერო პირები გადავიდნენ თვითიზოლაციაში და ტესტირებას იკეთებდნენ ყოველ დღიურად, ხოლო დადასტურებულ შემთხვევებში გადაყვანილ იქნენ სტაციონარში. რაც შეეხება, ინფიცირებული სასულიერო პირების ჯანმრთელობას და მათ სიმპტომებს, ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ.'' - ასე ეხმაურება ეპარქია ეპიდაფეთქებას სამთავისსა და ქვემო ჭალაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის
განმავლობაში ასეთი იყო:

სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:

21:46 / 20.11.2024
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტის მოპოვება

849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება

01:40 / 19.11.2024
მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად
მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

მერის წარმომადგენელი როზა ედილაშვილი გვეუბნება, რომ ამჟამად მოსახლეობა კვლავ ჭებით სარგებლობს.

16:04 / 18.11.2024
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის
კარვები წუხელ, 20:00 საათისთვის "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრებმა გაშალეს.
12:36 / 18.11.2024
ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული
აქვს 11 409 ხმა.

ამ ოქმების მიხედვით, ქალაქ გორში, ,,ქართულ ოცნებას'' მიღებული აქვს 11 409 ხმა.

11:30 / 18.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.