რედაქტორის რჩევით
კალენდარი
გამგებლის მხარდასაჭერად საკრებულოს წევრები ,,აიპიებში" დასაქმდნენ

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები გამგეობის მიერ შექმნილ არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციებში (ააიპ) დასაქმდნენ.

დასაქმებულთა შორის მმართველი, არამმართველი და დამოუკიდებელი გუნდის წევრებიც მოხვდნენ. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გამგებელმა საკრებულოს წევრების ხმები ამ გზით მოისყიდა.

 

 

,,ბაღების გაერთიანებაში" და ,,ტურიზმის ცენტრში" საკრებულოს დეპუტატების ოჯახის წევრებიც მოხვდნენ.

 

კოალიცია ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი მარლენ ნადირაძე ,,ბაღების გაერთიანებაში" იურისტ-კონსულტანტად გაფორმდა. ნადირაძე თვლის, რომ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა კანონი არ დაარღვია, რადგან საკრებულოს წევრს ასეთ ორგანიზაციებში, მხოლოდ, ხელმძღვანელ თანამდებობებზე ეკრძალება მუშაობა.

 

საკრებულოს განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარეს ზურაბ ყაჯრიშვილს ჯერ საბოლოოდ არ მოუგროვებია ყველა ,,ააპის" საშტატო მონაცემები. მისი ინფორმაციით, მარლენ ნადირაძის გარდა, დასაქმეულია საკრებულოს როგორც დამოუკიდებელი წევრები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

მაგალითად, ,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ხათუნა ხათაშვილი, ზურაბ ყაჯრიშვილის თქმით, ბაღების გაერთიანებაში მუშაობს. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კი ტურიზმის ცენტრმა ოფიციალურად აცნობა, რომ ტურიზმის ცენტრში დასაქმებულია ხათუნა ხათაშვილის შვილი, ხოლო მეორე შვილი - ბაღების გაერთიანებაში.

 

ხათუნა ხათაშვილი ამბობს, რომ მისი შვილების დასაქმება ამჟამინდელ და წარსულ ხელისუფლებაში ყოველთვის პრობლემა იყო. ის ნაციონალების პერიოდს იხსენებს, როდესაც მისი შვილები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, ხოლო სამართლიანობის აღდგენის შემდეგ სამსახურს დაუბრუნდნენ.

 

საკრებულოს, ამჟამად, დამოუკიდებელი წევრის თამარ კოდოშვილი შვილი ბაღების გაერთიანებაში კომპიუტერული სისტემების სპეციალისტად, ,,აიტიშნიკად" დაინიშნა.  თამარ კოდოშვილის განცხადებით, მისი შვილი აღნიშნულ სამსახურში 2015 წლის იანვრიდან მუშაობს:

 

,,მანამდე სწავლობდა და სამხედრო სამსახური მოიარა.  თუ ვინმეს ჩემი შვილის პროფესიონალიზმში ეჭვი შეაქვს, ეს უნდა დაასაბუთოს, თორემ ყველამ თავის სანათესაოს მიხედოს. ჩემი შვილი ამ სამსახურში თავისი ცოდნით მოხვდა. თუ რამე გასაკრიტიკებელი ყოფილა, ყოველთვის ხმა ამომიღია გამგეობის მუშაობის წინააღმდეგ. ეს არანაირიად არ მიშლის ხელს იმაში, რომ გამგეობა გავაკრიტიკო" - ამბობს თამარ კოდოშვილი.

 

გამგეობის მიერ დაფუძნებულ აიპიში დასაქმებულთა შორის, როგორც ზურაბ ყაჯრიშვილი ამბობს, მევლუდ პურიჭამიაშვილი მოხვდა, ჯერჯერობით არ ფლობს ინფორმაციას თამაზ ტერმაკოზაშვილის დასაქმების შესახებ. თუმცა საკრებულოს წევრმა ტერმაკოზაშვილმა თავად დაგვიდასტურა ერთ-ერთ აიპიში მისი მუშაობის შესახებ. საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი მურად თოფჩიშვილი კი ტურიზმის ცენტრში მუშაობს.

 

,,ნაციონალური მოძრაობა" ამ ფაქტს საგანგაშოს უწოდებს, რადგან მმის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამით გამგეობა საკრებულოში მხარდამჭერებს იძენს. ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, როდესაც გამგეობის 9 თვის მუშაობის ანგარიში  მათ შორის ,,ქართული ოცნების" დიდმა ნაწილმა უარყოფითად შეაფასა, დადებით შემფასებლებს შორის, აიპებში დასაქმებული საკრებულოს წევრები აღმოჩდნენ.

 

გარდა ამისა, თავის დროზე, სწორედ მათი ხელის აწევით შეიქმნა როგორც ტურიზმის ცენტრი, ასევე ბაღების გაერთიანება.

 

ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს კობა ბერიანიძეს აიპიებში საკრებულოს წევრების მუშაობა გაუმართლებლად მიაჩნია.

 

,,ჩემი აზრით, საკრებულოს წევრი დაკავებული უნდა იყოს თავის თემში არსებული პრობლემების შესწავლით, მონაწილეობას იღებდეს საკრებულოს ყოველდღიურ მუშაობაში და ზრუნავდეს თავის ამომრჩეველზე, და არა, დასაქმდეს და დამატებით ხელფასს ისევ გამგეობიდან იღებდეს" - ამბობს კობა ბერიანიძე.

 

ნაციონალური მოძრაობის წევრებს კი მსგავსი პრაქტიკა დამოუკიდებელმა დეპუტატებმა შეახსენეს. ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ვანო ნუსხელიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში საკრებულოს წევრები ისედაც დასაქმებულები იყვნენ, ხოლო ბევრი მათგანი ბიზნესიდან მოვიდა.

 

ამჟამად, საკრებულო 2016 წლის ბიუჯეტის პროექტზე მუშაობს. სოციალური, განათლებისა და კულტურის კომისიამ გამგეობას შენიშვნების სახით აიპიებში საშტატო ნუსხის კორექტირებისა და ხარჯების გადახედვის შესახებ რეკომენდაცია გაუგზავნა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.