რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ბოლშევიკებთან მებრძოლი 36 მენშევიკის ამბავი გორის სოფლებიდან
არსებობს უნიკალური მასალები, რომელიც გორის სოფლებში, ბოლშევიკებთან მებრძოლი მენშევიკების დევნას ადასტურებს. სოფლებიდან განდევნილი მენშევიკები ძირითადად აზნაურები არიან. ისინი 1919 წელს, ბოლშევიკების მიერ მოწყობილ აჯანყების ჩაქრობაში მონაწილეობდნენ. 1923 წელს გორის აღმასკომისადმი მიწერილ წერილებში ,,დამსმენები“ უთითებდნენ კონკრეტულ ფაქტებს.

Qartli.ge-ს ეს მასალები გორის არქივის მეცნიერ-თანამშრომელმა, ქეთევან მაჭარაშვილმა გააცნო. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ სოფლიდან განდევნილთა სიაში ერთი ოჯახის წევრებიც არიან. განსაკუთრებულ ყურადღებას მაინც 1919 წლის მოვლენები იქცევს. ,,დამსმენებისთვის“ 1919 წლის ბოლშევიკების აჯანყების ჩაქრობა კვლავ დაუვიწყარ ფაქტს წარმოადგენდა.

ეს სიები გორის სამაზრო აღმასკომის მიერ 1923 წელს შედგენილ დოკუმენტებში ინახება.



მეჯვრისხევი

1. ეკატერინე ერისთავი - როგორც ძველი მემამულე, თავადი, რომელიც იმონავებდა მთელ მშრომელ ხალხს და ჩაგრავდა გლეხობას, მისი შვილები გაქცეულნი არიან საზღვარგარეთ.
2. კოტე ლევანის ძე თულაშვილი - როგორც აზნაური არამშრომელი და ჯალათი, რომელიც ყვლეფავდა გლეხობას თავისი მამულით და არასაიმედო პირი საბჭოთა ხელისუფლებიასთვის.
3. ვასილ ბათიევი - როგორც არამშრომელი და ძველი ჯალათი და მყვლეფავი ხალხისა.
4. სიკო ველისარიონის ძე ყანჩაველი - 1919 წელს ბოლშევიკების გამოსვლების დროს, მისი შვილი თამაშობდა როგორც გვარდიის ნაწილში, სადაც საველე სასამართლოსთან ერთად მივიდა სიკო ყანჩაველი, სადაც სიკო ყანჩაველის ჩვენებით და მისი მითითებით იყვნენ დაპატიმრებულნი გამოსვლებში მონაწილეები და შემდეგ გამოსვლების დროს, როცა დამარცხდა ოსეთი, თავისი შვილების საშუალებით არბევდა ოსებს, მოყვანდათ პირუტყვი, საქონელი და ხოცავდა და ყოფდა ხორცს სხვა და სხვა სოფელში; როგორც აზნაური და ძველთაგან ძველი ჯალათი.
5. გიორგი ქოქოშვილი - როგორც ვექილი სისხლის მწოველი გლეხობისა და ჯალათი.
6. ალექსანდრე სოკაევი - როგორც მოიჯარადე და მოურავი თავადებისა და ქონება არ შეადგენდა მის საკუთრებას.
7. მიტა ჩიკოიძე - როგორც აზნაური და არამშრომელი და მტერი მუშებისა და გლეხობის წინათ და ეხლაც.
8. ზურაბ ჩუბინიშვილი - როგორც აზნაური, გლეხების სისხლის მწოველი და ჯალათი.
9. მიხეილ ჩუბინიშვილი - როგორც აზნაური, ჯალათი, შპიონი და სისხლის მსმელი გლეხებისა.
10. როსტომ ჩუბინიშვილი - როგორც აზნაური და ჯალათი გლეხობისა.
11. ბესარიონ ავთანდილის ძე სრესელი - როგორც აზნაური, შპიონი და მტერი გლეხობისა.
12. გიგა ლოლაძე - როგორც აზნაური, ჯალათი და სისხლის მსმელი წინათაც და ეხლაც.
13. მანია კოტეს ასული ელიოზიშვილი - როგორც თავადიშვილის ქალი, მემამულე და მშრომელი ხალხის მომწამლავი.
14. თონიკო ველისარიონის ძე ყანჩაველი - როგორც აზნაური, მემამულე, ბოლშევიკური გამოსვლების დროს მიიღო აქტიური მონაწილეობა გლეხების დარბევაში და მათი ქონების მითვისებაში, კერძოდ, 1919 წელს.
15. ალექსანდრე ილიას ძე ჩიკოიძე - როგორც აზნაური, მემამულე და სისხლის მწოველი გლეხობისა.
16. ბაგრატ და ნიკო გრიგოლის ძე ჩიკოიძე - ბაგრატი მსახურობდა მენშევიკების დროს განსაკუთრებულ რაზმში და იგი ღებულობდა აქტიურ მონაწილეობას ბოლშევიკური გამოსვლების წინააღმდეგ იარაღით ხელში ახალქალაქის, ცხინვალის და აჭარის გამოსვლებში.
და ნიკო მსახურობდა განსაკუთრებულ რაზმში და 1919 წელს ბოლშევიკური გამოსვლების დროს იყო ს. მეჯვრისხევში, რომელიც გაიქცა ქალაქ გორში და იგი იქიდან მოყვა იარაღით ხელში გამოსვლების ჩასაქრობად გვარდიელებთან ერთად.


რა ხდებოდა მეჯვრისხევში მენშევიკების მთავრობის დროს?

მეჯვრისხევი ერთ-ერთი პირველი თემია, სადაც საბჭოთა ხელისუფლება თბილისის აღებამდე დამყარდა. საბჭოთა ისტორიოგრაფიის ცნობით, 1919 წლის 9 ნოემბერს გორის მაზრის აჯანყებულმა გლეხებმა სოფელში შეკრეს გზები, დააპატიმრეს ადგილობრივი ხელისუფლების მეთაურები და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს.

მანამდე, 1918 წლის 1 იანვარს, მეჯვრისხევში, ახალწელიწადს ღამით, ბოროტ-გამზრახველებმა ცეცხლი გაუჩინეს ორ-სართულიან სახლს კოტე და რომა ჩუბნიშვილებისას. გაზეთ ,,ერთობის" ცნობით, გულშემატკივარმა ხალხმა ხელი მიჰყვეს მის გაქრობას და ქვედა ნაწილი სახლისა გადაარჩინეს დაწვისაგან. მიუხედავად ამისა, ზარალი 5000 მანეთამდეა. სამწუხარო ის არის, რომ ზოგიერთმა ნაძირალამ, ნაცვლათ იმისა, რომ დახმარება აღმოეჩინათ ცეცხლის ჩაქრობაში, ისარგებლეს შემთხვევით და რაც ცეცხლს გადაურჩა, დაიტაცეს.

1918 წლის 14 იანვარს სოფელ მეჯვრისხევში ადგილობრივ ბოლშევიკების ინიციატივით შედგა კრება, რომელზედაც საგანგებოთ იყო მიწვეული თფილისიდან ბოლშევიკი ვ. რუხაძე. ყველა ორატორი, გარდა ბოლშევიკ ვ. რუხაძისა, ხალხს მოუწოდებდნენ ერთობის და დამფუძნებელ კრების მხარდაჭერისკენ.

14 იანვარს საღამოს 9 საათზედ დ. ერისთავის ოჯახს თავს დაესხნენ ქურდები, რომელთაც სახლში მყოფმა ერისთავის დამ მალე გაუგო და აცნობა მახლობელს მილიციას. მილიციონერები ჩაუსაფრდნენ და ერთი ქურდთაგანი დასჭრეს კიდეც. წაღება ვერაფრისა ვეღარ მოასწრეს; თუმცა კი ზოგიერთი ნივთები წასაღებათ უკვე გაემზადებინათ.


ჯარიაშენი

1. ბესარიონ სრესელი ავთანდილის ძე - როგორ აზნაური და მასთან მემამულე და გარდა თავისი მამულისა, იგი იყო მოიჯარადე სხვისი მამულისა და არ თანხმდებოდა კანონიერ ღალას, არამედ თავისი ძალით იტაცებდა მინდვრიდან, რამდენიც თავისი ნება იყო და ეხლაც 1922 წელს მოიტაცა ღალა გლეხისაგან ნებადაურთველად აღმასკომისაგან და მასთან 1919 წლის გამოსვლების დროს მის მიერ იყო დაპატიმრებული ამხ. ვასო ფსიტიძე გადაგზავნით კატორღაში და გამოსვლების დროს 1919 წელს ბოლშევიკების გამოსვლების დამარცხების შემდეგ გამოაჩინა ტყვიის მფრქვეველი და ჩააბარა გვარდიელებს გლეხებზე საბრძოლველად.
2. დათიკო ავთანდილის ძე სრესელი - როგორც არამშრომელი აზნაური და ძველი პოლკოვნიკი, რომელმაც თავისი ხელით დახვრიტა თავისი ნაწილის შვიდი ჯარისკაცი, როდესაც წითელ ჯარს ებრძოდნენ.
3. რომან ბესარიონის ძე სრესელი - როგორც აზნაური და 1919 წელს ბოლშევიკური გამოსვლების დროს, მეჯვრისხევში იგი უმასპინძლდებოდა გლეხებს ტყვიამფრქვეველით თავის ხელით, მტერი გლეხობისა, როგორც მემამულე.
4. სანდრო ნიკოლოზის ძე სრესელი - რომლისგანაც 1919 წელს ბოლშევიკური გამოსვლების დროს მისგან იყო გამოწყვანილი ერთი ცხენი, რომელმაც ამ დროსვე დაიკარგა და აღნიშნული ცხენი დამარცხების დროს გადაახდევინა ერთი სამათ გლეხებს და უთითებდა გამოსვლებში მონაწილეების დაპატიმრებაზე, რომლის მხრიდან იყო დაპატიმრებული რამდენიმე ამხანაგი. როგორც აზნაური და გლეხობის სისხლის მწოველი თავის მოქმედებით.
5. სერგა სრესელი - როგორც აზნაური და ჯალათი სისხლის მწოველი წურბელა გლეხებისა.
6. შაშა მაჭავარიანი - როგორც აზნაური, დაუძინებელი მტერი გლეხობისა და მემამულე.
7. სიკო სრესელი - როგორც აზნაური, ჯალათი და დაუძინებელი მტერი გლეხობისა.

ახალუბანი

1. მიხეილ ბესარიონის ძე სრესელი - როგორც აზნაური და არამშრომელი, რომელიც 1919 წელს ბოლშევიკური გამოსვლების დროს, მიმართავდა გლეხობას პულემიოტით.
2. ზაქარია დიმიტრის ძე კობახიძე - როგორც მემარჯვენე ფედერალისტი და გლეხობასთან ფარული აგიტაციის გამტარებელი, რომელიც კომუნისტური პარტიის წევრებს უწოდებდა ყაჩაღებს.
3. სიკო დიმიტრის ძე კობახიძე - როგორც აზნაური და აგრეთვე როცა მოხდა გამოსვლები ცხინვალში, როგორც გვარდიელი, დაარბია გლეხობა და ებრძოდა იარაღით.
4. ლადო ქაიხოსროს ძე კობახიძე - როგორც აზნაური და სისხლის მწოველი გლეხობისა მკვლელობით. მავნე ელემენტი, შპიონი 1919 წ. იგი უთითებდა გვარდიელებს გამოსვლებში მონაწილეებზე დასაპატიმრებლად, რომლის მხრიდან იყო დაპატიმრებული რამდენიმე ამხანაგი.

აძვი

1. კოლია მიხეილის ძე ხმალაძე - როგორც აზნაური, მემამულე, არამშრომელი მტერი გლეხობისა, პროვოკატორი მთელი წარსულით და მომავლით.
2. სოლიკო ჩახნიაშვილი - როგორც მოურავი აზნაურებისა და ლაქია და არამშრომელი.
3. სანდრო ხმალაძე - როგორც აზნაური, მემამულე, არამშრომელი და მტერი გლეხობის. 1919 წლის გამოსვლების დროს, იგი გვარდიელების შემოსვლის დროს, უთითებდა გამოსვლებში მონაწილე ამხანაგებზე და ატუსაღებინებდა თავისი ტყუილი ცნობებით ვითომდა ყაჩაღები იყვნენ გამოსვლებში მონაწილე გლეხები.
4. ლადო სანდროს ძე ხმალაძე - როგორც აზნაური და ჯალათი, რომელიც 1919 წელს ბოლშევიკების გამოსვლებისას ატუსაღებდა გლეხობას და გზავნიდა თავისი ენით კატორღაში და ეგზეკუციას უწყობდა გლეხობას.
5. გოლა სანდროს ძე ხმალაძე - როგორც აზნაური და დაუძინებელი მტერი გლეხობისა, როგორც ხმალაძე ჯალათა და პროვოკატორი.

ახრისი

1. რობიზონ რევაზის ძე ყანჩაველი - როგორც აზნაური, მემამულე, არამშრომელი და მტერი გლეხობისა. იგი იყო მჩაგვრელი მშრომელი გლეხობისა, არ აძლევდა საშუალებას გლეხობას, რომ საქონელს გაევლო მინდორზე თავისუფლათ და იგი იტაცებდა ნახირს მთელი სოფლისას.
2. ჟორჯიკა რომანის ძე ყანჩაველი - 1919 წელს ბოლშევიკების გამოსვლების დამარცხების დროს იგი ღებულობდა მონაწილეობას გლეხების წინააღმდეგ იარაღით ხელში და მისი ცრუჩვენებით იყვნენ გადასახლებულნი ამხანაგები და დაპატიმრებლნი საპყრობილეში.
3. კოლა დიმიტრის ძე ყანჩაველი - როგორც აზნაური და იგი მსახუბრობდა მენშევიკების დროს განსაკუთრებულ რაზმში, იყო ფარული აგენტი და მასთან ერთად ბოლშევიკების გამოსვლების დროს, იგი მოუწოდებდა გვარდიელებს გამოსვლებში მონაწილე გლეხების სახლების დარბევას და ღებულობდა მონაწილეობას იარაღით.




მარცხნიდან სხედან: გიორგი (გიგუშა) ერისთავი; იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ყოფილ ადიუტანტი. ქსნის ერისთავი. მერი შერვაშიძის მეუღლე.

მის წინ, გიგუშას მამა - გენერალი ნიკოლოზ ერისთავი, გენერალ-ლეიტენანტი;

თამარ კაბენინა; - ივანე ელიაშვილის მეუღლე.

კონსტანტინე ერისთავი,

ბაბო ერისთავი,

ალექსანდრა ერისთავი,

ოლღა დადიანი-ვაჩნაძე.

უკან ზის კატო ერისთავი, კიტა აბაშიძის და.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.