რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
კომედიის ფესტივალის დასკვნით სპექტაკლზე მაყურებელმა დარბაზი დატოვა
გორში გამართულ საერთაშორისო კომედიურ თეატრალურ ფესტივალს ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. დასკვნით ღონისძიებაზე სამეფო უბნის თეატრის დასის მიერ წარდგენილი ,,დემონები“ გაკიცხვის საგანი გახდა. დარბაზი ათეულობით ადამიანმა დატოვა. ამის მიზეზი, მათი შეფასებით, უხამსი სიტყვები და კულტურული საზოგადოებისათვის შეუფერებელი მოქმედებების ჩვენებები გახდა.

კომედიის ფესტივალის დასკვნით საღამოზე ,,დემონების“ წადგენის ფაქტი არ მოეწონა გორის მერს კოტე თავზარაშვილს, თუმცა სპექტაკლზე ბოლომდე დარჩა. დარბაზი, მოქალაქეების გარდა, მისმა მოადგილემ, ეკატერინე სუხიშვილმაც ოჯახის წევრებითურთ, დატოვა. გორის მერი ამბობს, რომ ეთანხმება გორის კულტურული საზოგადოების მიერ გამოთქმულ შენიშვნებს:

,,მოგეხსენებათ, დასკვნით ღონისძიებას გორის კულტურული საზოგადოება ესწრებოდა და თავისთავად დიდი უკმაყოფილება გამოიწვია იმ უხამსმა სიტყვებმა და ქმედებებმა, რაც წარმოდგენილი იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ დასკვნითი სპექტაკლი რუსთაველის თეატრს უნდა წარედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა და სამეფო უბნის თეატრის დასი ჩამოიყვანეს. ახალგაზრდული თეატრი ყოფილა და, როგორც გვითხრეს, მათი სპექტაკლი თბილისში ანშლაგით ტარდება.“ - აცხადებს გორის მერი კოტე თავზარაშვილი.

მისი განცხადებით, ფესტივალის მენეჯერს მერიისთვის წინასწარ არ შეუთანხმებია რეპერტუარი. ,,ამ კუთხით, მათ სრული თავისუფლება ჰქონდათ. თუმცა, ვფიქრობ, რომ რეპერტუარის თაობაზე საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინათ შესაბამისი სამსახური,“ - აცხადებს კოტე თავზარაშვილი.

გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი ,,დემონებს“ ფსიქოლოგიურ და რთულად შესასრულებელ სპექტაკლად თვლის, თუმცა ფესტივალის დახურვის საცერემონიო ჩვენებისთვის შეუფერებლად მიიჩნევს.

,,იქ მაყურებელი სულ სხვა განწყობით მივიდა. ელოდა განტვირთვას, კომედიურ ჟანრს. ფესტივალის მიზანი ეს იყო: დაუბრუნეთ ღიმილი ნაომარ ქალაქს. მაგრამ რაც იქ მოვისმინეთ და ვნახეთ, ეს იყო შეურაცხყოფა მაყურებლის წინაშე. არ შეიძლება ასმენინო უხამსი სიტყვები ადამიანებს, რომლებიც იქ ოჯახის წევრებთან ან მშობლებთან ერთად არიან მისულები. ნაცვლად განტვირთვისა და მხიარულებისა, დასტრესილები წამოვედით. არაჩვეულებრივი სპექტაკლია თავისი შინაარსით, მანკიერი მხარეების ჩვენებით, მაგრამ თეატრი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი. პირიქით, უნდა ვასწავლოთ ხალხს ერთმანეთის პატივისცემა, სიყვარული და არა ის, რაც ვნახეთ“- ამბობს ეკატერინე სუხიშვილი.

გამოხმაურება სოციალურ ქსელში

მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს ადგილობრივი ტელევიზიის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში გორის თეატრის მსახიობმა მერაბ ჭანკოტაძემ გაახმაურა. მისი თქმით, სპექტაკლი გორის ელიტამ, დაახლოებით, 25 კაცის შემადგენლობით დატოვა.

სპექტაკლის შესახებ:

,,სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ თანამედროვეობის უდიდესი შვედი დრამატურგის, ლარს ნურენის შავი იუმორით სავსე პიესის პირველ დადგმას საქართველოში.“ - აღნიშნულია თეატრის განცხადებაში. - ,,ფრანკს შინ გარდაცვლილი დედის ფერფლი მოაქვს. დაპირების მიუხედავად, ცოლს სახლი არ დაულაგებია, არც ძმა და რძალი გამოჩნდებიან, რათა ერთად გამოეთხოვონ დედას. შეკავებული გრძნობები ერთიანად ამოხეთქავს, როცა მათთან სტუმრად მეზობლად მცხოვრები ოჯახური წყვილი ამოდის. ეს თითქოს ჩვეულებრივი საღამო თავშეუკავებელ, დამამცირებელ და სასტიკ დაპირისპირებაში გადაიზრდება, სადაც ორი ქალი და ორი კაცი საკუთარ დემონებს სრულ თავისუფლებას მისცემს.“



სპექტაკლის ხილვის შემდეგ საკუთარი მოსაზრება სოციოლოგმა იაგო კაჭაკაჭიშვილმაც გამოთქვა სოციალურ ქსელში:

,,ნევროტული, დეპრესიული და დესტრუქციული ადამიანების შეხლას ვუყურებთ და ვუსმენთ დაახლოებით 2 საათის განმავლობაში. ამ უშეღავათო ომში ყველაფერია „ჩაყრილი“: შურისძიება, პატიება, სიძულვილი, სიყვარული, შიში, გამბედაობა, სისულელე, სიბრძნე, ღალატი, ერთგულება... ვერავინ გაიგებს, სად მთავრდება ერთი თვისებრიობა და სად იწყება მეორე; ყველაფერი ერთმანეთში გადადის, ერთმანეთშია აზელილი და აბსურდულ ქაოსს ქმნის. ერთადერთი საყრდენი წერტილი დედაა, უფრო სწორად – გარდაცვლილი დედის ფერფლი, რომელიც ამ ვაკხანალიაში ბავშვობის, ზოგადად, გადაუფასებელი და მდგრადი ზრუნვის მიმართ ნოსტალგიას ბადებს. თუმცა, საბოლოო ანგარიშით, ეს ფსევდო საყრდენი წერტილია, რადგან დედაც უკვე ფერფლია, რომელიც იფანტება, ილევა, ქრება. და ამ დაშლილ სამყაროში ყველაფერი ფუჭია, აუწყობელი – ბევრი მცდელობის მიუხედავად ჯვარცმა არ და ვერ შედგება, რადგან ჯვარცმას სჭირდება ჭეშმარიტება, რომელიც, დღეს, უბრალოდ, არ არსებობს.” - წერს სოციალურ ქსელში იაგო კაჭაკაჭიშვილი, სოციოლოგი.

გორის თეატრის სცენაზე დადგმული სპექტაკლის კრიტიკის ისტორია - 100 წლის წი

გაზეთი ქართლის, 1912 წლის 20 ივლისის ნომრის მიხედვით, გორში, თბილისის დრამატულმა კოლექტივმა წარმოადგინა ჩირიკოვის პიესა ,,ჯადოსანი”. ამასთან დაკავშირებით, იბეჭდება რეცენზია, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული არა მარტო ავტორი პიესისა, არამედ მისი ,,გადმომქართულებლებიც” და ჩამომტანიც. პირდაპირ შეგვიძლია წავიკითხოთ რეცენზენტის მოსაზრება:

,,სწორედ საზიზღარი სანახავი იყო მთელი ტანის უზნეოდ მრხეველი, თითქმის ტიტველა ქალი. რამ აფიქრებინა ბატონ ქიტიაშვილს ამ ქალის მოპატიჟება? გორის საკრბულო კაფე ,,შანტანი” ხომ არ არის? ან თუ მოიწვიეს, რატომ მოწაფე და ახალგაზრდობა დარბაზიდან არ დაითხოვეს? რას აკეთებს გორის სახალხო უნივერსიტეტის გამგეობა? რატომ გვერდში არ ამოუდგება კლუბის მამასახლისებს და არ ასწავლის მათ: როგორი გასართობებია საჭირო ხალხისთვის!” – ციტატის დასასრული.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.