რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ჟენევის მოლაპარაკებების 49-ე რაუნდზე დე-ფაქტო ხელისუფლებას ახალგორის გზის გახსნა მოსთხოვეს
2019 წლის 8-9 ოქტომბერს გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს საოკუპაციო ძალების დესტრუქციულ და პროვოკაციულ ქმედებებზე, აგრეთვე ცხინვალის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე.

თანათავმჯდომარეებმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოცემულ მონაკვეთზე უკანონო პროცესებს პირველად ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა საოკუპაციო ძალებმა ჩორჩანას ტყეში დაიწყეს ხეების მონიშვნა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესი.

საქართველოს წარმომადგენლებმა გამწვავებული ვითარების ფონზე, ხაზი გაუსვეს ადგილზე ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას და აღნიშნეს რუსეთის მხრიდან დესტრუქციული მოქმედებების უპირობო შეწყვეტისა და მოლაპარაკებების არსებულ ფორმატებში დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა.

ქართველმა მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით. მათ ყურადღება გაამახვილეს ადგილზე მიმდინარე უკანონო მილიტარიზაციასა და სამხედრო წვრთნებზე. მწვავედ დაისვა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გაგრძელება. ამ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების პროვოკაციულ ნაბიჯებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ადგილობრივმა ოჯახმა დაკარგა საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომა. განხილულ იქნა ასევე საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების შემთხვევები, როგორც ვითარების დესტაბილიზაციის კიდევ ერთი ფაქტორი.

ადგილზე არსებული მყიფე უსაფრთხოების გარემო დეტალურად მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის 2008 წლის 12 აგვისტოს შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას მაშინ, როცა საქართველო პირნათლად ასრულებს შეთანხმების ყველა პირობას.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეშ დარღვევებზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობას. საქართველოს წარმომადგენლებმა მწვავედ დასვეს ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის განუსაზღვრელი ვადით ჩაკეტვის საკითხი, რამაც მძიმე ჰუმანიტარული შედეგები გამოიწვია ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

საუბარი შეეხო ასევე აფხაზეთის რეგიონში საოკუპაციო ხაზზე გადაადგილების კუთხით დაწესებულ ხელოვნურ შეზღუდვებს ივნის-სექტემბერში. თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მონაწილეებს მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომ გახსნან ყველა ე.წ. გადასასვლელი და არ შეაფერხონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება.

განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა გალისა და ახალგორის რაიონების მაცხოვრებელთა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და შევიწროება. მწვავედ დაისვა ეთნიკური იდენტობის შეცვლაზე იქ მცხოვრები ქართველების იძულების საკითხი, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის მძიმე შედეგები. მონაწილეებმა თბილისიდან წამოწიეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის წაშლის მცდელობები, მათ შორის, სოფელ ერედვში ქართულ ნასახლარებზე ნაგავსაყრელების მოწყობის ცინიკური გადაწყვეტილება.

საქართველოს წარმომადგენლებმა კვლავ დასვეს დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. განხილულ იქნა ასევე აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას, გარდაცვალების საკითხი.

ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით, თანათავმჯდომარეებმა, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ერგნეთისა და გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის საჭიროება.

დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემას ტრადიციულად წარმოადგენდა ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები. საქართველოს წარმომადგენლებმა რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულებისკენ, იმ პირობებში როცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედრო ყოფნით რუსეთი აგრძელებს ძალის გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ. ამ კონტექსტში ქართველმა მონაწილეებმა ხაზგასმით აღნიშნეს რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად და უპირობოდ შესრულების, კერძოდ, შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა.
მოლაპარაკებების უმნიშვნელოვანეს თემას წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება. ევროკავშირის, გაეროს, ეუთოს, აშშ-ისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს ამ ჰუმანიტარულ საკითხზე ჟენევის ფორმატში საგნობრივი განხილვისა და ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე. თუმცა მონაწილეებმა მოსკოვიდან, სოხუმიდან და ცხინვალიდან კვლავ გამოიჩინეს უპასუხისმგებლო მიდგომა და დღის წესრიგის ამ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები.

მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე „საზოგადოებრივი ჯანდაცვა: გადამდებ დაავადებათა მართვის საუკეთესო პრაქტიკა“. მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების პრეზენტაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის ზამთარში გრიპის გავრცელების პრევენციის ხელოვნური საბაბით საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის აბსურდულობა.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 10-11 დეკემბერს.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები შექმნილია 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საფუძველზე. დისკუსიები მიმდინარეობს ორი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, სადაც მოლაპარაკებების მონაწილეები ინდივიდუალური სტატუსით არიან წარმოდგენილი. პირველი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხები, ხოლო მეორე სამუშაო ჯგუფში - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მდგომარება, ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებასთან დაკავშირებული საკითხები. მოლაპარაკებები იმართება ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმჯდომარეობით და საქართველოს, რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების მონაწილეობით. სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს ესწრებიან აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ისევე, როგორც ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.