დაგეგმილი იყო შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერთან, ზურაბ ჯირკველიშვითან, მაგრამ ბატონ ზურაბს თბილისში მოუხდა წასვლა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრთან შესახვედრად ქალაქ გორისთვის მნიშვნელოვან საკითხზე (რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საკითხი უკავშირდება 2017 წელს 19 წლამდე ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარებას).
იმის მიუხედავად, რომ შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი არ დასწრებია, საუბარი ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა თემას შეეხო. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმ შედეგებზე, რომლებისთვისაც ახალგაზრდული საბჭო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები თავდაუზოგავად ვმუშაობდით, ბატონ ზურაბ ჯირკველიშვილთან ერთად. ის პრობლემები, რომლებიც ამჯერად დავამუშავეთ და წარვუდგინეთ გორის მერსა და მის მრჩეველს, იყო ტრანსპორტის არარსებობა საღამოს საათებში, არარსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები და სკვერებში უფასო ინტერნეტის პრობლემა (ე.წ wi-fi).
ბატონმა შალვა ტლაშაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ გორში არსებული საზოგადოებრივი სატრანსპორტო საშუალებები კერძოა და მუნიციპალიტეტი მის კომპეტენციაში ვერ შეიჭრება. ასე რომ, გადაწყდა, მერიამ და საკრებულომ ერთობლივი რეკომენდაცია გაუწიონ კერძო კომპანიებს, რათა ქალაქ გორში ერთი წრიული რეისი დაინიშნოს 22:00 საათზე, რაც ქალაქს მეტ-ნაკლებად გამოაცოცხლებს და ახალგაზრდებს გაააქტიურებს.
რაც შეეხება საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემას, მისი გადაჭრა ამგვარად იგეგმება: ხალხმრავალ და ტურისტებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას გაიხსნება სამი სანიტარული პუნქტი, რომლებსაც ექნება საშხაპე კაბინები, ბარგის შემნახველი საკნები და, რა თქმა უნდა, საპირფარეშოები. ამ პუნქტებში იქნება ექთანიც, რომელიც პირველად სამედიცინო დახმარებას გაუწევს მსურველებს. ეს სანიტარული პუნქტები ძალიან წაადგება ჩვენს ქალაქს და მას უფრო კომფორტულს გახდის არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ, ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც.
უფასო ინტერნეტი შესახებ გადაწყდა, რომ ერთ-ერთი ზონა „ახალბაღის“ ტერიტორიაზე მოეწყობა. ხოლო ე.წ. თეატრისა და სტალინის ბაღები მოუხერხებელია უფასო ინტერნეტის დაყენებისთვის, ვინაიდან wi-fi ხელმისაწვდომი იქნება არამარტო პარკის ვიზიტორებისთვის, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე კორპუსების ბინადრებისთვისაც, რაც ინტერნეტის ხარისხს უკიდურესად შეამცირებს. ამ პრობლემის გადასაჭრელად გორის მერის მრჩეველს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს შევთავაზეთ, რომ შესაძლებელია, უფასო ინტერნეტი თითო მომხმარებლისთვის ჩაირთოს 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 1 საათით სარგებლობისთვის, რათა სიხშირე იყოს ხარისხიანი და უფასო ინტერნეტი - ყველასთვის ხელმისაწვდომი.
შეხვედრის ბოლოს ბატონ შალვა ტლაშაძესთან და ქალბატონ ნინო ზურაბიშვილთან ვისაუბრეთ მიუსაფარ ძაღლებზე, რაც, გორში არსებული მუნიციპალური თავშესაფრის მიუხედავად, ქალაქის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მათ მოგვცეს რეკომენდაციები და გამოთქვეს მიუსაფარ ძაღლებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ჩვენს საინიციატივო ჯგუფთან თანამშრომლობის სურვილი.
24 აპრილს დაგეგმილია ხუთი ქალაქის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების შეხვედრა და ჩვენი ქალაქების მერებთან ექვსთვიანი თანამშრომლობის შედეგების ერთმანეთისთვის გაცნობა. შეხვედრაზე, ახალგაზრდებთან ერთად, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისისა და ზუგდიდის მერებიც არიან მიწვეულნი. იმედი გვაქვს, რომ მანამდე ქალაქ გორის მერი, ბატონი ზურაბ ჯირკველიშვილი დააფუძნებს თავის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდულ საბჭოს. ეს ახალგაზრდების და მერის თანამშრომლობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.
დავით ყაზარაშვილი
ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის წევრი
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","
სტატიის გამოყენების პირობები