რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ბლოგი
,,ერედვი წუხელ ისევ მესიზმრა" / ბლოგი
ომი ერედვში 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. მანამდე კი, რამდენიმე დღით ადრე, გამუდმებით ისმოდა სროლა, ისეთი ხმაურიანი ღამეები იყო, დილა რომ თენდებოდა, მეგონა ყველა სახლი მიწასთან იქნებოდა გასწორებული.

დილით ყველაფერი მშვიდდებოდა. აქ ხალხი ასეთ რამეებს იყო ნაჩვევი და თავიდან შიში თითქოს არც გვქონია, მაგრამ 7 აგვისტოდან ამ ყველაფერმა უკვე გაუსაძლისი და დაუმთავრებელი სახე მიიღო. ისეთი საშინელი აფეთქებები იყო, სახლი ზანზარებდა. ღამით ყველანი სარდაფებს ვაფარებდით თავს. 7-ში დილით უკვე დაიწყეს რუსულმა თვითფრინავებმა ჩვენს თავზე ტრიალი. პირველი ბომბი სოფლის ბოლოში ჩამოაგდეს, როცა პირველს მეორე მოჰყვა, მეორეს-მესამე, მაშინ მივხვდით, რომ სოფლის “ვერდათმობის“ გამო ფეხის არ მოცვლა თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

თვითგადარჩენის ინსტიქტი უნდა აგვემუშავებინა და…ხალხიც მიხვდა, რომ უნდა დაეტოვებინათ სოფელი, ერთადერთი სიტყვა, რომელიც ყველას პირზე ეკერა, იყო “ცოცხლები გადავრჩეთო“ და სოფელში დარჩენილი ვგრძნობდი ჩემს გარშემო, რაც ხდებოდა და ღმერთს ჩუმად ვეხვეწებოდი, რომ ხალხს უვნებლად დაგვეღწია თავი ამ საშინელებისგან.

მახსენდება, როგორ მივხედეთ ლამაზ სახლს, მერე სოფელს, გული ალბათ მაინც გრძნობდა, რომ უკანასკნელად ვხედავდით ჩვენს მხარეს, თუმცა მაშინ ვერ ვაცნობიერებდით. სოფელს რომ გამოვცდით, ის უკვე იბომბებოდა, მაგრამ მაინც გვჯეროდა, რომ 2-3 დღეში ისევ დავბრუნდებოდით და იმედით ავიღეთ გეზი გორისკენ.

თვალწინ მიდგას დედა, რომელიც გაოგნებული, გამწარებული დარბოდა, რომ ჩვენ შვილები, როგორმე მოვეშორებინეთ სოფელს. მე კი მისი მეშინოდა, რომელიც თავის თავზე საერთოდ არაფერს ფიქრობდა, რამე რომ დამართოდა, მერე ჩვენ რაღა გვეშველებოდა….

ხალხმა ხელის კანკალით გადაკეტა სახლის კარები და მიატოვა თავისი ნაწვალ-ნაჯაფი სახლ-კარი, სოფელი, ახლა ვხვდები, რატომ არ მოდიოდნენ მოხუცები, რატომ უნდადათ იქ დარჩენა, იქ სიკვდილი.

დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია, ჰოდა, აი ამ წუთას ვარ ძილში და კოშმარულ სიზმარს ვხედავ: საშინელი სროლის ხმა, დამანგრეველელი აფეთქებები…

სახლს ზემოთ ბომბდამშენები, სავარაუდოდ, მტრისა უნდა იყოს, ასეც აღმოჩნდა.

თვითფრინავებიდან რაღაცები გადმოყარეს. სოფელი მტვერსა და კვამლში გაეხვია. ვხედავ, როგორ ჩაინგრა რამოდენიმე მეზობლის სახლი, დიდი ალბათობაა, ჩემსასაც იგივე დაემართოს, მაგრამ საკუთარი სახლისთვის ასეთი სასჯელი იმდენად მტკივნეულია, რომ მგონია ასაფეთქებელ ბომბს თავად ააფეთქებს ჩემი ტკივილი…

ამჯერად გადარჩა, მხოლოდ მინებია ჩამსხვრეული…ამბობენ ისევ გამეორდება…მოსახლეობა უნდა გავიყვანოთო, დედა არ მოდის, არ ემეტება თავისი ფუძე მისატოვებლად, ბებიას მარტო ხომ არ დატოვებდა? წამოსვლის კანდიდატები მე, ჩემი დები და კიდევ ჩვენს მდგომარეობაში მყოფნი დავრჩით. მანქანა მანქანას მისდევს, გაჰყავთ ქალები და ბავშვები, მძღოლები აღელვებას არ იმჩნევენ, თუმცა ყველას თვალებში თვით გადარჩინის ინსტიქტი იკითხება, ცოტაც და ყველაფერი პანიკაში გადავა. გორს გამოვცდით
თითქოს ცოტათი დამშვიდდა ყველა...

გზად სამხედრო კოლონიებმა შეგვაყოვნეს, მიდიან და მიდიან…ბოლო არ უჩანთ, სამხედრო მანქანები სავსეა ჯარისკაცებით, ვცდილობ, თვალებში ჩახედვა მაინც მოვასწრო, მაინტერესებს რას გრძნობენ…ხომ იციან, სად და რისთვის მიდიან, ნეტავ რად აქვთ მომღიმარი სახეები?! გული იმედად მევსება, მაგრამ უფრო მეტად ღრმავდება ტკივილი, როცა წარმოიდგენ, რომ აი, ის…საშუალო ტანის ბიჭი, სამხედრო სამოსი ასე რომ უხდება, უკან აღარ დაბრუნდეს…ან აი, ის მაღალი, ვინ იცის დედამისმა უკანასკნელად ნახა…ან კიდევ შავგვრემანი…ნებისმიერმა იცის, რომ მტრის ტყვია არც ერთ მათგანს არ შეიცოდებს…

ჩამოვედით….თბილისში მერიასთან და პარლამენტის წინ უამრავ ადამიანს მოუყრია თავი, ყველა მათგანი ომს გადმოუსროლია აქ. თავშესაფარს ითხოვენ, უმეტესობას ხელში პატარა შვილი უჭირავს. ყველა ტირის, ზოგს უკვე შეუტყვია თავისიანის დაღუპვა, ზოგიც ყურიდან არ იშორებს ტელეფონს, იქნებ რამე გაიგოს ქმარზე, შვილზე, ძმაზე…ასეთ მდგომარეობაში სამე დღე და ღამე უწევთ ქუჩაში გათენება, თავშესაფარი სჭირდებათ, მაგრამ არ აქვთ. შიათ, სწყურიათ, ეძინებათ…

მათი დეპრესია ბოლოს აგრესიაში გადადის და თავშესაფრის საშოვნელად მიდიან, აღმოაჩინეს ასეთი შენობებიც, რომლებში შესვლაც ქუჩაში დგომა სჯობია. ძალით შედიან, ამდენ უბედურებას ძალა მიუცია მათთვის…ძალით ამტვრევენ კარებს და შედიან…ომს მათთვის დაბრკოლების გადალახვა უსწავლებია. შიდა ქართლში კი ომს ბოლო არ უჩანს, ყველა ჩარჩენილი ქართველი გამოჰყავთ.

ბოლოს გამოსულები გვიყვებიან, თუ როგორ გაზიდეს ჩვენი სახლებიდან ნივთები, როგორ გაიტანეს კამაზებით და როგორ გადაწვეს ჩვენი სახლები.

შეუძლებელია…წარმოუდგენელია, ეს ყველაფერი სიზმარი იყოს, ვხუჭავ თვალებს და მინდა წარმოვიდგინო ჩემი სახლი დამწვარი, ცეცხლისგან გაჭვარტლული, დანგრეული, მაგრამ არ გამომდის…ძნელია დაიჯერო, რომ ცხელ ზაფხულს იქ ვერ გაატარებ, ვფიქრობ დაბრუნებაზე…გვეუბნევიან დაბრუნება იქნებაო….სადღაც იმედი მაქვს, რაც აქამდე მაძლებინებს…

თბილისის ქუჩებში ბევრი ნაცნობი მხვდება, თითქოს ყველა ათი წლით დაბერებული მეჩვენება…წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომით შექმნილი ცხოვრება გაუნადგურეს და ცის ქვეშ დატოვეს…მიატოვებინეს მიცვალებულთა საფლავები (მამაჩემის საფლავი). ახალი ცხოვრები დასაწყებად, ძალას ვეღარ იკრეფენ…მზად არ იყვნენ…და მიყუჩების ნაცვლად ღრმავდება ტკივილი, შემდეგ ალბათ, მონატრება დაიწყება, გაუსაძლისი მონატრება, აი ისეთი, სისხლი რომ გაგეყინება, შენი მიწის სუნი რომ მოგენატრება, მაგრამ ვერ დაკმაყოფილდები, წამიერი მონატრება იქნება და.. მეტი არაფერი, ტკივილს მგონი გადავიტანთ, მაგრამ ამ მონატრების მეშინია…

ალბომები მენანება…ვერასოდეს გავიხსენებ, როგორები იყვნენ ჩემი მშობლები ახალგაზრდობაში…ვინ იცის, იქნებ ჩემი წინაპრის შავ-თეთრი ფოტოები ცეცხლის დანთებაში დაეხმარა მტერს…როგორ, როგორ დავარქვა ამ ყველაფერს რეალობა და რასაც ყოველ ღამით ვხედავ, იმას სიზმარი? როგორ დავიჯერო, რომ ეს ყველაფერი ჩემს თავს მოხდა? ვიცი…ვიცი არა, შეუძლებელია ეს რეალობა იყოს…იქნებ…მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურებ? არა, არა, ნამდვილად სიზმარია, მაგრამ…რომ არ მთავრდება?… წუხელ ისევ მესიზმრა…ისევ იქ ვიყავით…ყველაფერი ძველებურად იყო…

ჩვენი სახლი, უბანი, ეზო. ყვავილებიც ისევ ყვაოდა, ძაღლიც მისთვის ჩვეულ პოზაში იწვა და მზეს ეფიცხებოდა.

ერედვი ყველაზე დიდი სოფელი იყო პატარა ლიახვის ხეობაში და მთავარი დამაკავშირებელი გზა ცხინვალთან და დანარჩენ სოფლებთან გადადიოდა. ოსურ სოფლებშუა მოქცეული, მუდამ ამაყად გამოიყურებოდა. მთის ძირში მოთავსებული ჩემი სოფელი 5-6 კილომეტრ-ფართობზე იყო გადაჭიმული, რომელიც სამ სოფლისგან შედგებოდა: არგვიცი, ბერულა, ერედვი…

ძალიან ლამაზად იღვიძებდა სოფელი, ღამის შავ სამოსში მყოფი ვარდისფრად და ოქროსფრად ფერადდებოდა და მზის სხივებს ეგებებოდა. შრომით დაღლილი ხალხი იღვიძებდა და ცისკრარს “დილამშვიდობით“ ხვდებოდა, ერთმანეთში. ,,გზამშვიდობისას“ უსურვებდნენ და ყველა აქეთ-იქით ხალისიანად გარბოდა; ზოგი ნახირს მიერეკებოდა, ზოგი-ცხვარს, ზოგი მინდორში მიდიოდა სამუშაოდ, ზოგიც სკოლაში. ეს იყო სოფელი, რომელშიც არსებობდა თანამედროვე საშუალებით აღჭურვილი ორი საჯარო სკოლა, მრავალპროფილიანი დიდი კულტურის სახლი, სადაც ეწყობოდა სხვადასხვა ღონისძიებები, სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიოდნენ მსახიობები და მომღერლები, იყო დიდი ემოციები და და აზრთა გაცვლა-გამოცვლა, მუსიკალური სკოლა, სპორტ სკოლა, მუნიციპალიტეტი, პოლიცია, ამბულატორია, საბავშვო ბაღი, ეკლესია-მონასტრები, ბერის საყდარი…

ამბობენ, ილია ჭავჭავძის პოემა „განდეგილში“ სწორედ ამ ბერის საყდრებზეა საუბარიო…

როგორც ამბობენ, ერედვის არცერთი ეკლესია არ არის დანგრეული, ისინი ბომბსაც გადაურჩნენ და მტერსაც. ეს ღვთის ნება იყო.

ძნელია ყველაფერ ამაზე აუღელვებლდ ფიქრი, როცა სოფლისთვის სახელიც კი აღარ დაუტოვებიათ და ერედვის მაგივრად „ირონყაუ“ დაურქმევიათ, რაც მათ ენაზე „ოსთა სოფელს ნიშნავს“. ძნელია, სადაც ჩემი ბავშობის 14 წელი გავატარე, ვიფიქრო, რომ იქ აღარასდროს მივალ. ეხლა მივხვდი, რა ძალიან მყვარებია.

უკვე ცხრა წელი, რაც ჩემი სოფელი არ მინახავს. ტკივილი კი მიყუჩების მაგივრად ღრმავდება, მას მონატრებაც ემატება. აი, ისეთი მონატრება, სისხლი რომ გაგეყინება, მამა-პაპის საფლავი რომ მოგენატრება…

უკვე ცხრა წელია მამის საფლავზე სანთელი არ ამინთია… ცრემლი არ ჩამომიგდია, ბალახი არ მომიკრეფია და წყალი არ ამიტანია. ძნელია ყველაფერი გადმოგცეთ ფურცელზე, რასაც განიცდი, რასაც გრძნობ…

ამჟამად, გორში ვცხოვრობთ, გერმანელების მიერ აშენებულ „კოტეჯებში“. ძნელი იყო ახალ ცხოვრებასთან შეგუება, მაგრამ ეს ხომ რელობაა…იქნებ ტკივილი გადავიტანო, მაგრამ მონატრების მეშინია…

მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილი“ წავიკითხე, გულზე მომხვდა, მთელი სხეულით შევიგრძენი, გამაჟრჟოლა. გავიზიარე იმ ადამიანის ბედი. მერე ჩემთვის ჩავფიქრდი და დავასკვენი: ჩემი მდგომარეობა უფრო რთულია.

უცხო ქვეყანაში მყოფს სამშობლო ენატრებოდა. მე კიდევ ჩემს სამშობლოში მყოფს ჩემი მშობლიური მხარე მენატრება, ხომ გაგიგონიათ „სადაც ვშობილვარ გავზრდილვარო“. მამიდა იხსენებდა, სოფლიდან ახალგამოსულმა როგორ ჩამოფერთხა მანქანის ბორბლებიდან სოფლის მიწა და სათუთად შეინახა. ფიქრები ძალიან მომეძალა, ვეღარ გავუძელი და წამოვხტი ლოგინიდან. გარედან ცრემლნარევი მეზობლის ღიღინი შემომესმა: “ჩვენს ნასახლარზე ოდესღაც ბალახი აბიბინდება“… დედას შევხედე, ცრემლი ჩამოსდის, მე არაფერს ვიმჩნევ და გარეთ გავდივარ, თან გულში ვიქადნებდი:

„ნუ გაიგლიჯე გული, მამულო,
ცოტახანს კიდევ გაძელი,
არ დაადუმო შენი „ლილე“ და
მოვალ, აგინთებ კანდელს…
თუგინდა ფეთქვით, ოღონდ დამიხვდი,
არ დაიშრიტო თვალი,
ოღონდ მელოდე, ოღონდ მიწამე,
მოვალ იმედად ხვალის!
შენი ცოტნე ვარ, შენი თამარი,
მოვალ დავითად, საბად,
დიდი ხანია, რომ გენატრება
მოვალ იმ ქართველ კაცად.
შენი გუთნის და შენი ურმულის,
შენი ქართული ოდის,
შენი მამულის მადლი რომ იცის,
სწორედ ის ბიჭი მოდის!“.

_ დიახ, მოდის ბიჭი, მოდიან ბიჭები… იმას მაინც შევძლებთ, თუნდაც მფეთქავი დავიბრუნოთ მამული, იმედი მაქვს, რომ დედა ისევ დარწევს ერედვში აკვანს, „ფერხულსაც“, ;ვეფხისტყაოსანსაც“ ისევ ისწავლის ქართველი, იცეკვებენ და აღარც „ძმაო ძმითა ხარ ძლიერი“ იქნება უცხო.

ჩვენ გვქონდა წარსული, გვექნება მომავალი, აწმყოს კი, ვუძლებთ იმ იმედით, რომ აუცილებლად დავბრუნდებით, დავბრუნდებით! დიახ, დავბრუნდებით!..

შმაგი ბერუაშვილი, 23 წლის
ვერხვების დევნილთა დასახლება
7 აგვისტო, 2017

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად
განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი

როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი

12:19 / 29.07.2019
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური
ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის
აბსტრაქტული.

ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.

13:35 / 28.05.2019
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ
არის, მოყვარეა ჩვენი თუ

,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","

11:55 / 13.05.2019
ეს მოთხრობა ახალს არაფერს ამბობს - ეს
მხოლოდ შეგონებაა - იმაზე, რომ სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო შენზე
ღირსეული, მით უმეტეს, თუ შენი სისხლი და ხორცია.
ეს მოთხრობა ახალს არაფერს ამბობს - ეს მხოლოდ შეგონებაა - იმაზე, რომ სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო შენზე ღირსეული, მით უმეტეს, თუ შენი სისხლი და ხორცია.
21:22 / 24.07.2017
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.