რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ბლოგი
,,ველური ნუში" / მკითხველის ბლოგი
არა კაც კლა!

მკვლელის სახელით ცხოვრება ძალიან შეუძლებელია.

არა იქურდო!

ნაქურდალი არ გაგახარებს.

არა იცრუო!

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.

არა დათესო ბოროტება!

ოდესმე ორი იმდენს მოიმკი.

შენიანის არ შეგშურდეს - ბოღმა დაგაღრჩობს და ა.შ.

ეს მოთხრობა ახალს არაფერს ამბობს - ეს მხოლოდ შეგონებაა - იმაზე, რომ სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო შენზე ღირსეული, მით უმეტეს, თუ შენი სისხლი და ხორცია.

უფრო მაშინ, თუ ეკლესიური და მორწმუნე ხარ - ამ ცისქვეშ არაფერი იმალება, ცილისწამებაც გამომზეურდება და ცრუ გავლენის ქვეშ მოქცეული ,,დამქაშებიც“ მიხვდებიან, რა საშინელი შურისა და გაუტანლობის მორევში შეითრიე.

ნელის საქციელი დის მიმართ ბოროტება არ არის, არც კანიბალობაა, არც მორალური და ფიზიკური განადგურებაა, არც ფსიქოლოგიური ტერორი, არც ოჯახური ძალადობა. ეს ყველაფერი ახლადგაჩენილი სინდრომია, რომელსაც ხალხში მშიერი მგლის სინდრომი ჰქვია.

მაშ, რას ჰქვია ოჯახის წევრების ჭამია ქალს, რომელიც კედლებს აგროვებს, იმიტომ კი არა, თავშესაფარი არა აქვს, რამდენიმე ბინა გაქირავებულ-გაატსტუპნიკებული აქვს. თუ გორში, თუ თბილისში, პარალელურად, მაკლიარობს, მევახშეობს და ,,ეკლესიური“ იტყუება - ქალი აღარც ვამხილოთ.

მორალი შენთვის მომინდია მკითხველო.


მანანა გიუაშვილი
გორი, 23.07.2017

ველური ნუში

ნაშუადღევს მოვიდნენ...
დები ვართო - უფროსმა. ერთს ხვალ ოპერაცია აქვს. ვნახოთ, რომელს მიეფერებიან, შეაქცევენ, დაამშვიდებენ ხვალამდე. საწოლი გააწყვეს. უფროსი იადონის ხმისა, ფაქიზად, თბილად შესციცინებს უმცროსს თვალებში, რომელიც გაღიზიანებული, რახუნით ავსებს ტუმბოს. უფროსმა დელიკატურად მიანიშნა რაღაცაზე. უმცროსმა მიაყარა ყველაფერი, გაიჯახუნა კარი და წავიდა.
მე და დეიდამ მრავალმნიშვნელოვნად გადავხედეთ ერთმანეთს.
ალბათ, ის არის საოპერაციო და ღელავს, რა გზა აქვს დას, რომ არ მოუთმინოს. ჩვენმა გაოცებამ საზღვარი დაკარგა, როცა თავის გაწყობილ საწოლში სწორედ უფროსი - გულიკო ჩაწვა. მონუსხულ-მოთუთქული, უიმედო, დამძიმებული, ტკივილიანი ფიქრებით - პირდამუწული ჭერს მიაცივდა.
ყველაზე მიზანშეწონილი საავადმყოფოში ნაცნობობაა. ავადმყოფს ისე სჭირდება ხმის გამცემი, ტკივილის გამზიარებელი, როგორც არავის ცისქვეშეთში. მითუმეტეს ჩვენნაირ ავადმყოფს. გულიკო შეძრწუნებამდე უნუგეშო და მარტოსულია. წუთი-წუთზე გასული დის მობრუნებას ელის. როგორ შეიძლება ონკოლოგიური ავადმყოფი, ოპერაციის წინ მიატოვო. ათასი შეკითხვა გვიტრიალებს თავში, როგორ გინდა ისედაც უკიდურესად დაძაბული ქალი კითხვებით გააბეზრო, თვითონ, დახვეწილი მანერებით, აქეთ გიჩენს მოკრძალებას. ზედმეტის უფლებას ვერც ჩვენ ვაძლევთ თავს. არადა, სადაცაა უნდა ამოხეთქოს ემოციამ, ასეთ დაძაბულობას რკინა ვერ გაუძლებს.
რამდენჯერმე ადგა, გაიარ-გამოიარა, ისევ ჩაწვა. დას ელოდება, რომლის გაქცევიდან ოთხი საათი, ოთხი წუთივით გაფრინდა. ,,რა მადლია ეხლა გულიკოსათვის სიმშვიდე და ძილი. სად გავარდა და, თუ სადილად გავიდა, ოთხი საათი რასა ჭამს?“.
-რამ შეგაწუხათ ქალბატონო გულიკო?-დუმილი დეიამ დაარღვია და გულიკოს სკამზე ჩამოუჯდა.
გულიკო ერთბაშად ვერ გამოერკვა, სადღაც შორს გადაკარგულიყო ფიქრით. მერე, დამნაშავესავით მორიდებულმა, მოკლედ გვიპასუხა:
-მარცხენა ძუძუ მაქვს საოპერაციო,
-მკურნალობამ შედეგი არ მოგცათ?
-უსახსრობის გამო მკურნალობა არ მიცდია.
გაოცებამ ისევ ყალყზე დაგვიყენა თმები. ბრიყვიც კი მიხვდება, გულიკოს ღირსეული მდგომარეობითა და ცხოვრებითა აქვს არა ერთი ათწლეული ნაცხოვრები. უნაპიროდ განათლებული ახალგაზრდა ქალი რამ გაანადგურა და გამოხრა ესე.
-ოპერაციის თანხას ვინ გიხდით?
-სახელმწიფო დაზღვევა მაქვს.
გვინდა ვუთხრათ, რომ სიმსივნეს დანა არ უყვარს. იქნებ მკურნალობას დამორჩილებოდა სატკივარი. თვითონ დაგვასწრო სათქმელი.
რამდენიმე წლის წინ ნერვიულობაზე ნაადრევი მენოპაუზა დამეწყო. უსახსრობის გამო მაშინაც ოპერაცია გავიკეთე.
-თქვენ დას რა ჰქვია?
-ნელი.
-ღვიძლი დები ბრძანდებით?
-დიახ.
-არც მასა ჰქონდა საშუალება დასახმარებლად?
-ვალდებულად არ ჩასთვალა თავი.
გადაჭარბებულად მოგვეჩვენა გულიკოს ნათქვამი. უხეშად მოხვდა ყურს დისაგან ავადმყოფი დის გაწირვა. გულიკო აწრიალდა და გავჩუმდით.
აგვისტოში გვიან ღამდება. კარგად შებინდებული იყო ნელი რომ დაბრუნდა. კარი გაიღო და ყურებზე სიამოვნებაგადაფენილმა ნელიმ შემოალაჯა. უტიფარი ცინიზმითა და გამარჯვებული მხედართმთავრის მოზეიმე იერით! ,,აქ ამ დღეში ჰყავს საოპერაციო ქალი, შინ რას უზამს? რას გაუჩენია სიმსივნე გულიკოსათვის-ნაძირალა“- გავიფიქრე და დერეფნისაკენ ჩავუყევი. მაგიდასთან რამდენიმე ქალბატონი ზის, ზოგი ნაოპერაციები, ზოგი საოპერაციო.
-ახალი ავადმყოფი თქვენს პალატაში მოიყვანეს? -მეკითხება მარინა.
-ეტყობა, ვიღაც ბობოლაა. მისმა თავზემდგომმა ათკაციანი სუფრის სანოვაგე შეტვირთა მაცივარში, რესტორნის ,,სერვიროვკით“.
-მართლა? ვისთვის შეტვირთა, ამ ქალს არაფერი ეჭმევა ...
-აღელვებული ჩანხარ, ჩემო კარგო, რატომ, ჭრილობა გაწუხებს?
-ბევრი უსამართლობაა ქვეყანაზე. სხვისი უბედურების შემხედვარე, საკუთარ სატკივარზე ვეღარ ვფიქრობ.
პალატაში შევბრუნდი. ნამტირალევი გულიკო საბანგადაფარებული მოკეცილა საწოლში და კანკალებს. თავზე ბოროტებით თვალებგადმოკარკლული ,,და“ ადგას და რაღაცა ქაღალდებით ატერორებს.
-ხელი ხომ არ შეგიშალეთ? - იკითხა დეიდამ - ქალბატონო გულიკო, როგორ შეიძლება თქვენი ნერვიულობა ოპერაციის წინ? მორიგე ექიმს ხომ არ დავუძახოთ?
-მეც ვეუბნები დამშვიდდი-მეთქი. არ მიჯერებს! - კრავის სახით გამოგვეპასუხა ნელი და თითქოს გატიკულ ბურთს მოუჭირესო ხელი ძალდაუტანებლად გადმოაფრქვია თვალებიდან მლაშე წყალი. ერთ წუთში ჯალათი ქალი ანგელოზად იქცა. შემზარავი გარდასახვა ვნახეთ. ზიზღისაგან ტუჩები ჩხრიალა გველივით აეკლაკნა. თვალებში ზეიმი და სიხარული ჩაუდგა. დაბუშტული, კეხიანი ცხვირი, კარტოფილივით დაბურთულ-დაწითლებული ბოღმისაგან უფრო გაეფუყა, მაინც ჩვილის ნიღბის შენარჩუნებას ცდილობს -შემზარა და ისევ გამოვედი პალატიდან, მისი ნასუნთქი ჰაერის შესუნთქვამ ლამის დამახრჩო.
-ბინის გასაფორმებლად მადგას თავზე, ჩემი ბინა თვითონ გაიფორმა . ასეც რომ არ იყოს, შემდავებელი ვინა ჰყავს, ქმარი მყავს თუ შვილი! ანდერძი დამიწერეო, - სულს მაცლის, - ამომარცვლა გულიკომ და სახე უფერო გაუხდა.
მორიგე ექიმი საკმარისი არ აღმოჩნდა. მთელი ღამე კარდიოლოგი მორიგეობდა ავადმყოფთან. ნელი ისე ,,დასტიროდა“ მისგან ნაგვემ დას, თითქოს დანაშაული ჩვენ ჩაგვედინოს. არ გვინდოდა მისი ოთახში დატოვება, მაგრამ რა უფლებით აგვეკრძალა პალატაში ყოფნა?
-ხვალ სხვა პალატაში გადაგიყვან, - მიჩურჩულა დეიდამ.
-მე რა მიჭირს, ორი დღე მოვეხმაროთ გულიკოს, ცოდოა ფეხზე დადგეს, მარტოს შეჭამს ნელი.

***
გათენდა 21 აგვისტო. ოპერაციები დაიწყო. გულიკო დაძაბული ელოდება გამოძახებას. ნელიმ ჯერ ჩაი მიირთვა, გულიკოს თვალწინ, თითქოს გასაღიზიანებლად ხაჭაპური და სალათი წკლაპა-წკლუპით ჩაიყარა მუცელში. იმის ნაცვლად ექიმს დაელაპარაკოს, ავადმყოფი არ ანერვიულოს, დროზე გაიყვანონ საოპერაციოდ, მანამ ცოტა უკეთ არის, გადაუდია ფეხი ფეხზე და სკდება.
პირველი ოპერაცია დაიწყო. გულიკოს მღელვარება დაეტყო, ალბათ უთხრეს პირველს გაგიყვანთო, პატრონი რომ არ გამოუჩნდა, სხვა ჩაანაცვლეს. თავი კი უჭირავს, მეორედ გასასვლელად ემზადება. მეორე ოპერაციაც დაიწყო. გულიკომ ფერი დაკარგა. ნელი გადათხლაშულა საწოლზე და ატამს ასკდება. დეიდა ცდილობს პალატიდან გამიყვანოს, სული მელევა, ისე მინდა ნელი მივთაქო, უხსენებელივით გავუნაყო თავი. პალატიდან გავიხმე. ცინიკური გრეხვით, ფეხათრევით გამომყვა.
-რას სჩადიხართ, მიგზავნილი ხომ არა ხართ? მტერს არ გაანადგურებენ ამ დროს. ცუდად თუ გახდა ოპერაციას აღარ გაუკეთებენ, მისი სიკვდილი თუ გინდოდათ, აქ სარ მოგყავდათ, შედით, ექიმს დაელაპარაკეთ. ღამე ძლივს გაათენა, რას ელოდებით? ამდენი ჭამა რაღა უბედურებაა, ცოტა მოერიდეთ მაინც.
-თქვენი საქმე არ არის, რას და როგორ ვაკეთებ. ექიმი ფულს მომთხოვს, რა მივცე? - გასხლა ნელიმ.
-უნდა შეგახსენოთ, რომ ადამიანების საზოგადოებაში თანაცხოვრება უამრავი ვალდებულებით გვაკავშირებს ერთმანეთს, თუ მკვლელი ხართ და ამას გულიკო მალავს, იმის გამო, რომ ხვალ მე არ მომკლათ - გამხელთ. დღეს რომ არ გაუკეთონ ოპერაცია, ხვალ ფულს არ მოგთხოვენ? აღარც თქვენ დაგემართებათ კუჭში ჩაქცევა და დასთანაც მართალი იქნებით.
ქუჩაში რომ ვყოფილიყავით მცემდა. დავწყევლე და იქვე სკმზე ჩამოვჯექი. ლია გამოვიდა პალატიდან.
-როგორ არის ახალი, წუხანდელის გამო ოპერაციას, ალბათ აღარ გაუკეთებენ.
-წუხანდელი რა შუაშია. ოპერაცია შეიძლება. სხვა მიზეზი აქვს ლია, თუ წაგიკითხავს რამე კაციჭამიებზე, ან თუ გეგონა მათი არსებობა რეალურად.
-რა ვიცი, რა კაციჭამიები აგიტყდა...
-ერთი საათით შედი დეიდაჩემთან, გაფიცებ არ გამოხვიდე და ნახავ, როგორა ჭამს ადამიანის სახიანი ცხოველი დას.
-კარგი ერთი, შენც სხვა პალატაში გადადი.
-მე ჯერ ადამიანობა არ დამიკარგავს.
-ინტელიგენტი ქალი სჩანს, რაღა კანიბალი მოჰყავდა საპატრონოდ.
-აქაც ძაღლის თავი მარხია. შევალ ერთი, ცოცხალია, თუ შეჭამა გულიკო დამ...
-იყავი, შენ რას უშველი ?
-წამოდი, შენც წამოდი...
გამწვანებული გულიკო ნივთებს ალაგებს ჩანთაში. სხვას მის ადგილზე თავის მოკვლა, ან რაიმე ისტერიკა დაემართებოდა. ამ ქალის მოთმინებამ და ტაქტმა გამაგიჟა.
-გულიკო, რას აკეთებთ?
-ჩემს ეხლანდელ მდგომარეობას, სახლში სიკვდილი მირჩევნია.
ნელია თუ ვიღაც სახადი, მგონი თვალებს დავთხრი. ზურგით დამდგარა და ვიღაცას ექაქანება ტელეფონზე.
-არა, არა ყველაფერი საკმარისია, მეტიც გამოგიგზავნიათ რად მინდოდა 7000 ლარი. საზღავრგარეთ ხომ არ მიმყავდა. არა ჯერ არა, ბევრი ხალხია, გაიყვანენ ალბად, აბა სად წავალ ეს დღეები, მაგისათვის მეცლება?!...
მე და დეიდამ ერთმანეთს შევხედეთ. გულიკომ ჩაიცვა და გავიდა, ალბათ, პალატის ექიმთან გაწერის გასაფორმებლად. როგორ ზიდავს მიწა ნელისნაირ ნაგავს, საკუთარი სატკივარისათვის უნდა დახარჯოს 7000 ლარი, რამდენი ფული ჰქონია, ხალხი დედმამიშვილის გადასარჩენად საკუთარ ორგანოებს იჭრის, ღია ცის ქვეშ არჩევს ცხოვრებას, ულუკმაპუროდ რჩება, ოღონდ თავისიანს მიხედოს - ამას რას ვუყურებ. კარი გაიღო და პალატის ექიმმა მხარზე მისვეებული, გალურჯებული გულიკო საწოლში ჩააწვინა. ფანჯარას მიშტერებული ნელი არც შემობრუნებულა. დეიდა მივიდა და გაღიზიანებულმა ძალით შემოაბრუნა ,,ომელია“.
-იქნებ ყურადღება მიაქციოთ დას, ხეები და ძაღლები არ გაიქცევიან.
ნელის დაკლაკნილ ცხვირ-პირს ერთი შებღვირა ექიმმა და, ორმოც წუთში საოპერაციოდ გავიყვანთო-სთქვა. გულიკო მოთუთქული ფოთოლივითაა, ამის ოპერაცია როგორღა შეიძლება?!
რადგან არჩევანი არა აქვს, მნიშვნელობასაც აღარაფერს აძლევს. ნარკოზისტი შემოვიდა. ჩრდილდაქცეულ ავადმყოფს დახედა, თავი გააქნია, ემძიმა გულიკო, პულსი გაუსინჯა, ,,წამოიყვანეთო“- ძუნწად გამოჭედა კბილებში და ალმაცერად გახედა პატრონს. ისევ გაოცებამ მოიტანა იერიში. ნელიმ თავზე თავსაფარი შემოიგდო, ლოცვანი აიღო და დაფშვნეტილი დარდით გაქანავდა საოპერაციო საწოლის უკან. გულიკოს ჩვენც გავყევით, თითქოს ბოლო გზაზე გაცილებას აყურებინებდნენ საკუთარი თვალით. არა, შიშის გამო არა, დის სულმდაბლობის გამო, დარდის გორგალით დაგვირისტებული სულიერი ტკივილის საბანი შემოეხვია და დაცლილი თვალებით არაფერზე გვეპასუხებოდა. სასიკვდილო სარეწავზე გართხმული ქალი 15 წუთში მიატოვა დამ პალატისკენ და უტია. დერეფანშივე მოიძრო მანდილი. გაცეცხლებით ეცა გულიკოს ჩანთას, ექვსი თვალი ვუყურებდით როგორ ამოიღო ჩანთიდან გასაღებების აცმა. ტაქსი გამოიძახა და გაქრა.
-მანამ გულიკო ოპერაციაზეა, ეს ნაძირალა გასაღების ასლებს გადაიღებს, დას გაქურდავს. ნახავ დილიდან თუ კიდევ გამოჩნდება ავადმყოფთან, როგორ მოვიქცეთ?-მიჩურჩულა დეიდამ.
-ოპერაციის დამთავრებას არ დაელოდებით ნელი, რამე რომ დასჭირდეს რა ვუშველოთ?
-რა უნდა დასჭირდეს, ექიმებთან არის, ბაზარში ხომ არა, რომც დასჭირდეს მე რას ვუშველი, -გასხიპა ნელიმ.
გულიკო რეანიმაციაში ჰყავდათ გამოყვანილი, რომ დაბრუნდა. გასაღების აცმა ჩანთაში დააბრუნა, არც არაფერი უკითხავს, გამობუშტულ-გამოფერდებული კარშივე გაფეთდა.
-ამნაირი უბედურება თუ გინახავს? - ვკითხე ლიას.
პალატის ექიმი შემოვიდა. თავზემდგომი იკითხა. ავადმყოფი ნარკოზიდან გამოდის და კარგი იქნება მასთან ვინმე ჩავიდესო. სად გვეძებნა კობრა დედაკაცი, სად გაცურდა, ვინ იცის. ჩვენ ჩავედით რეანიმაციაში. გულიკო ხომ ჩვენზე კარგად იცნობდა დას, მდგომარეობას შეგუებული, ნაცარმიყრილი მუგუზალივით, საკუთარ ტკივილში ჩახარშული ხმას არ იღებდა. მდუღარე ღვარღვარება უსველებდა ღაწვებს და ნანობდა, რომ გადარჩა. ეხლა როგორ ვიცხოვროო. მთელი საათი გაგვაჩერეს მასთან. ცოტა ხანში დეიდა სანიტრებს გულიკოს ამოსაყვანად გაჰყვა. რომ ამოიყვანეს, ნელი მობრძანებული დაგვხვდა. სევდის ნაფლეთი არ აჩნდა სახეზე. იხტიბარგაუტეხელი, აფოფრილი აყმუვლდა მგელივით, ერთმანეთს გადავხედეთ, ვერ გავიგეთ რა გაითამაშა. მწუხარება, გულისწყრომა, თუ ბოღმა და რომ არ მოკვდა. კიდევ კარგი, ძილ-ღვიძილში მყოფი ავადმყოფი ყველაფერს ვერ აცნობიერებდა.
-სუდნო დასჭირდება ან პამპერსი ამაღამ, ნარკოზი შარდმა უნდა გამოიტანოს, თორემ პირღებინება დაეწყება. ექიმიც გეტყოდათ, მაგრამ არ დახვდით.
ნელი გაიძაძღა, ხარის კუდივით გაიწელა და ისევ პეიზაჟს მიაშტერდა ფანჯრიდან. ლია წყობიდან გამივიდა.
-ვერ გაიგეთ, რა გითხრეს? ავადმყოფს მოუვლით თუ სანიტარს ვთხოვოთ დახმარება.
-რა ცეცხლის კიდებაა, სუდნოს შემოტანას რა უნდა, ტუალეტში დევს. ძილში არაფერს იკადრებს, ისეთი ფიფქინაა, - ცინიზმით აიღრიჯა ,,პატრონი’’.
-სუდნო არა აქვთ, ეგ ერთი გახვრეტილი, ბინძური, რაღაც ადგია, რომელსაც არავინ ეკარება. პირველ სართულზე ორი პამპერსი უყიდეთ, კაპიკები ღირს.
-ნელიმ ყური არ გვათხოვა. აქოთებული სუდნო შემოიტანა პალატაში, პოლიეთილენი შემოახვია და გულიკოს თავთით დაუდგა.
-გაიტანეთ, ვიხრჩვებით, როცა დაგჭირდებათ, მაშინ შემოიტანეთ, -შენიშნა დეიდამ.
გალურწული ნელი დასწვდა სუდნოს და დერეფანში გადაანაცვლა. მორიგე ექთანი შემოვიდა, გულიკოს პულსი და წნევა გაუსინჯა, ნევსი გაუკეთა და გავიდა. ავადმყოფს მშვიდად ეძინა, თანაბრად სუთქავდა, ღაწვებიც შეეფერკლა. სახეზე უბიწო, შეუბღალავი ნათელი დაჰფენოდა. პალატიდან გამოვედით და დერეფანში, ძელსკამზე, სხვა ავადმყოფებს შევუერთდით.
- როგორა გყავთ ახალი? - იკითხა მარინამ.
- ოპერაციაზე დამ მარტო დატოვა? - იკითხა ქეთინომ.
- შენ რა იცი?
- და მაგიდაზე, რომ უწვა თვითნ ვიღაცის ჯიპით გაჭენდა, ეზოში ვიყავი.
- ჰო, ეჩქარებოდა. გასაღებები მოპარა დას და გავარდა.
- მაგარი ვიღაცაა, იშვიათი ვირთხა.
მაგიდასთან გულიკოს მეზობელი პალატიდან აკანკალებული, თვალებდაქაჩული ქალი მოვიდა.
-კვდება! კვდება! ჩქარა ექიმი. ჩქარა!..
ქალმა ექიმის ოთახისკენ უტია. დავიბენით ვინა კვდებოდა, სად წავსულიყავით - მოლოდინით შევყურებდით ერთმანეთს, სად შედივოდა ექიმი. ექიმმა მაგიდას ჩაუქროლა და გულიკოს პალატაში შევიდა. ორი წუთის წინ გულიკო მშვიდად ჩაძინებული დავტოვეთ. მექანიკურად შევყევით ექიმს. არც ერთი სულიერის სიკვდილი არ შეედრება მომაკვდავ ადამიანს, ან იქნებ ყველა თავისებურად კვდება. მოფართხალე ქათამი მინახავს, დაჭრილი ცხოველიც, გულიკოსათვის თითქოს დენი მიეერთებინოთო, ქალი მეტრის სიმაღლეზე ხტოდა და ფართხალებდა მთელი სხეულით. სული გამეყინა, გაშეშებული ველოდი უცნაური სურათის ბოლოს.
-რა მოხდა? - იკითხა ფერდაკარგულმა ექიმმა და მორიგე ექთანსა და კარდიოლოგს გამოუძახა, - რა გაუკეთე? - შეეკითხა ექთანს.
-საძილე დამამშვიდებელ, წესით უნდა ეძინოს, ნანა ექიმო. პულსიც მშვიდი ჰქონდა, წნევაც ნორმალური, აქვე ეძინა, არ ვიცი რა მოხდა.
-რა მოხდა? - მიუბრინდა ექიმი ნელის, რომელიც ალეწილ-აავშარებული იდგა და სიამოვნების ღიმილი ჩაჰკეცვოდა გადმოდღლაძულ თვალებში.
-გაწამებულ ქალს სიცოხლეს უთრევ და უსწრაფებ, არ გეშინია, ,,ქამელეონო მანდილოსანო’’ დაგეწვას ბიბლია და ბედი, როგორ არ იქცევა ის ტაძარი, სადაც ეშმაკებს უნთებ სანთელს-სატანავ!- წყობიდან გამოვიდა დეიდა.
-რა მოხდა, - ჩაეკითხა ექიმი.
-კარდიოლოგი, მორიგე ექიმი, ორიც სხვა და რამოდენიმე მედდა შემოვიდა ოთახში. კარდიოლოგმა გადასასხმელი მასალა გაამზადა და სასწრაფოდ ნერვოპათოლოგი ითხივა. გულიკო ისევ ფართხალებდა და ,,მომკალითო’’ ექიმებს ევედრებოდა. პალატის ექიმმა ჯიკავით გამოათრია ნელი დერეფანში და კატეგორიულად გააფრთხილა:
-ამაღამ შეგიძლიათ დერეფანში გაათენოთ, სასურველია დილას თუ არ დამხვდებით. ადამიანურ, დედმამიშვილურ ვალდებულებაზე საუბარს თქვენთან აზრი არა აქვს. პასუხისმგებლობა თუ მაინც გესმით. ორი საათის წინ თქვენი და სასკივდილო სარეცელზე იწვა, სიმსივნე ავთვისებიანია, დიდი ხნით მაინც არ შეგაწუხებთ, რატომ გეჩქარებათ მისი სიკვდილი... სახლში გეგონათ თავი?
-საერთოდ ნერვიულია ექიმო! - დაღრეჯით ჩამარცვლა ნელიმ.
-თქვენს ხელში კიდევ ღირსეულად უჭირავს თავი. რა უქენით მძინარე ქალს, ოპერაცია მარცხენა, გულის მხარეს გაკეთდა, მუშტი დაარტყით ჭრილობაზე? რა უქენით?...
ექიმმა ეტყობა სწირედ გათვალა ვარაუდი, ნელი ყვითელი მიწიდან ამოზელილ ჯინს დაემსგავსა, პირი ძაფივით გაუწვრილდა, თითქოს წამოტირებას შეეცადა, მაგრამ გაბოროტებული თვალების მუქარით ახლა ექიმის განადგურება მოინდომა. იმავე წამს ჩვენც შემოგვხედა და ხმა გაწყვიტა, საწყალი, რა ეშველება, მთელი ცხოვრება გაორებულ-გასამებული ნიღბების თამაშს გამოუჭამია.
-ოპერაციის შემდგომი გართულება არ აღენიშნებოდა. კარდიოგენური შოკი თუ განუვითარდა, ვერ გადაიტანს. ციხეში აპირებთ წასვლას, რა უქენით? თქვენ სხვა პალატაში გადაბრძანდით ამაღამ, ავადმყოფი დამძიმდა, ექიმმა სანიტარს მიმართა: - ამ ღამეს ავადმყოფთან გაათენებ, პლატაში არ შეგეპაროს დამნაშავე, მე დილამდე აქა ვარ. - და პალატაში შებრუნდა.
ნელის ენა ესარსალებოდა ყალბი, ძონძა მჩვარივით ატორღიალება და თავის მართლება უნდოდა, მაგრამ რა უფლებით?! სხვა პალატაში გავათენე. დეიდა წუთით არ მოშორებია გუიკოს, რატომა კლავს ეს უდღეური ,,ქრისტიანი’’ დას და რატომ არ ამხელს გულიკო? რატომ ფასობს ნაგავი კეთილშობილებაზე მეტად?!... ჩემი ნება, რომ იყოს ძარღვებს დავკუკენკავდი არაქალს და გულიკოს ტანზე ამჭკნარ სიკვდილს მოვანატრებდი. გვიან ღამემდე უკეთეს ავადმყოფს მანიპულაციები, გამთენიისას მიოხედა, მაგრამ ვერაფრით ათქმევინეს, რა მოხდა. თურმე რატომ ეშინოდა გადარჩენისა. ,,ხვალ როგორ ვიცხოვროო, დარდობდა. რა უანგარიშოდ აჰკვრია ბოროტი სიკეთეს, სადა ხარ სამართალო - დაბრმავდი?’’
გამთენიისას ტუალეტში გავედი. მეგონა მომეჩვენა, საპირფარეშოს მხრიდან ლანდად ქცეული გულიკო ფარფატით მოუყვებოდა კედელს. წამში ჩავურბინე მაგიდას, სადაც წესით დის მდგომარეობით შეწუხებული ნელი უნდა ყოფილიყო, სიცარიელე დამხვდა, დეიდასა და სანიტარს, ალბათ, ჩაეძნა, გულიკომ გაღვიძება იუხერხულა და საპირფარეშოში გამოიპარა-საცოდავი, კედელს მიეყუდა, ტუჩებზე თითი მიიდო, არ დაილაპარაკოო, არავინ გავაღვიძოთო-მანიშნა. მივედი, მხარზე ვაკოცე. როგორ გაბედეთ მარტო, რომ დაცემულიყავით, უარესი არ იქნებოდა-მეთქი? პალატაში არ შემიყოლა, ქალებს გააღვიძებო. ლანდივით გაუჩინარდა ღრიჭოდ დატოვებლ კარში.
რამდენი რამის გამო მოდის ბუნება წინააღმდეგობაში საკუთარ თავთან? სრული ქაოსი რომ იყოს, სამყარო დაინთქმებოდა, არადა ამდენი უსამართლობაც რა უბედურებაა! რატომ იტანჯება ყველა დროში სათნო და კეთილი? თუ სიყვარულმა შექმა სამყარო, ამდენი დესპოტი და ბოროტი ვიღამ ჩამოქნა... სხვისი გაბოროტებით საკუთარი ბედნიერების შენება, რატომ უნდა რჩებოდეთ, ერგებოდეთ. ვერავინ დამაჯერებს, რომ გულიკო ნელისთან რამით სტყუის, გამოდის ცისქვეშეთი აღვირახსნილ ბოროტებას შეუქმნია...
სარკმელში გაცრეცილი ღამე გახერილიყო, საკუთარი გულის ბაგა-ბუგი უროსავით მირტყავდა ტვინში. ვერც პასუხი ვიპოვე და ვერც ლოგიკა ყოფიერებას. რა სასაცილოა, თუ ვინმეს ჰგონია ცხოვრების მიზანს მიაგნო, ან საკუთარ ბედსა მართავს. კაცის პრივილეგია დემონურ ძალაშია - რაღატომ ვიტყუებთ თავს, ან რატომა ყრის დემონების ხახაში ბუნება კეთილ ხალხს, დემონების სხვაგვარად გამოცდა არ მოხერხდებოდა? იქნებ ბუნებაა თვითონ გაბოროტებული?!...
ძილი არ გამეკარა. კედელზე აკრული, მომაკვდავი გულიკო აელიბრა თვალს. ავდექი, ფეხაკრეფით მივიპარე პალატის კართან, მინდოდა დამენახა, როგორ იყო არც მას ეძინა, მანიშნა წადი დაიძინეო. უთენია მემაწვნემ შემოაღო კარი. სამი ქილა მაწონი ავიღე და ვთხოვე მე-8 პალატაში არ შესულიყო, თვითონ გავყევი და გულიკოს მაწონი შევაწოდე. ერთ საათში ექიმებიც გამოჩნდნენ. ყველა მე-8 პალატაში შედიოდა. დილის მდგომარეობა აინტერესებდათ. ნელი იკითხეს, მაგრამ ვერსად ვიპოვეთ. ნასაუზმევს გულიკოს ორი მეგობარი ეწვია. ერთი გავაცილეთ, მედიკო დარჩა. გულიკომ მოიხედა, შეჭამა, გაიარა, ნაშუადღევს ნელი მოიძაძღა. ისეთი დრო შეარჩია, განყოფილებაში მორიგე ექიმის გარდა რომ აღარავინ იქნებოდა. ეტყობოდა, მეორე იერიშისათვის აღკაზმულიყო კარგად გამტყვრალ-გამოძინებული, ჩაცმულ-ასხმული, გამარჯვებული ტარტაროზის იერით, სავსე ჩანთით შემოქშუილდა. როგორც გულიკო მომჯობინებული, ფეხზე დამდაგარი, მოვლილი დაინახა, ჩაირეცხა და ჩაინაცრა. არც მოგვსალმებია, პარკი დააგდო და მობილურს ეცა. მოვისმინეთ ფაშისტური დემაგოგია.
-მე რა ვქნა, მოსახდენი მოხდება. ცხოვრება ბრუნავს - დამპალი, სუსტი, ავადმყოფი უნდა მოშორდეს ცოცხალ ორგანიზმს, მეორედ მოსვლას დაელოდოს, მე ვერაფერს შევცვლი, ღვთის ნებაა, ბევრიც რომ ვეცადო რა გამოვა.
ეს ტვინხლაკუნა, უგონო მონა, რა განსაკუთრებული ღმერთი ჰყოლია, ვინ გადაზილა ადამიანის ფორმის სატანად უბედური. თვითონ გამომხმარია და დაავადებულა, ვინ იცის რამდენი სიცოცხლე დაგლიჯა სისხლიანი ლაშებით. ადამიანს სიტყვა ჰკლავს და აცოცხლებს, სიტყვაზე ძლიერი იარაღი ვერ შეიქმნა ცისქვეშეთში, აი რითი ჰკლავდა ეს ავქეიფა ფუტურო წუხელ გულიკოს. მედიკო მიესალმა ნელის და სკამი დაუთმო.
-კარგია, მარტო, რომ არ არის. საჭმელი და ხილი მოვიტანე, ამაღამ დავრჩები, მედიკო, თუ გინდა წადი! - ამოაწყო და ამოაწყო პარკიდან:-დაქინძული თევზი, შემწვარი ვარია, დანივრული ხაში, ხაჭაპური, მხალები, ნამცხვარი, ხილი, ღვინო.
-რა ამბავია ნელი, როგორ მოასწარი მადენი, გულიკოს ესენი რომ არ ეჭმევა არ იცი? ბულიონი ხომ არ წამოგიღია?
-არა, გულიკოსათვის არ მომიტანია, ჩვენთვის წამოვიღე წყნეთის მონასტრიდან. აი გულიკოს საჭმელიც. მაგიდაზე 30-კაპიკიანი პაკეტის სუპები დაყარა.
მედიკომ წასვლაზე უარი სთქვა. ნელი აპილპილდა. კუზიანი ცხვირი აებუშტა, დაძაგრული თვალები შუბლამდე აეძაძღა. გულიკოს ცალყბა შეკითხვა მიუგდო: - რა გჭირდებაო. გულიკომ მოკრძალებით ლოგინის თეთრეული სთხოვა.
-ძალიან კარგი მაშინ საჭმელს ავადმყოფებს დავურიგებ და წავალ. ძლივს ამოვათრიე, უკან ხომ არ წავიღებ!
,,რა უნდა ამას ხალხში, ეგზოტერიუმში უნდა იჯდეს!“
იმავე წუთს გადაწყვეტლება შეცვალა. მაგიდაზე გაშალა ხორაგი და ავადმყოფებს მოუძახა პალატაში. ყველამ ხომ არ იცოდა პალატის სიტუაცია, ეგონათ, წუხანდელ ნაოპერაციებ ქალს დამ სუფრა გაუშალა. ორი ღამის ნერვებიდან დაცლილი გულიკო დაჩურჩნილი მიესვენა ბალიშს. საავადმყოფოში ქეიფი ჯერ ვინ გაიგონა, მერეც გეენაგამოვილილ ქალს სიმშვიდე და ბულიონი სჭირდებოდა. სტუმრებს ვინღა აცლიდა რამეს. ზომამორღვეული ლაყუჩებით ნელი საინებიანად ნთქავდა ხორაგს. მე და დეიდა პალატიდან გამოვედით, ცოტა ხანში მედიკოს მხარზე მისვენებული გულიკოც გამოიყვანეს დერეფანში. ავადმყოფებიც გამოიცალნენ. გულიკოს დაწოლა უნდოდა, მაგრამ ისეთი სიცილ-ხარხარი გამოდიოდა ოთახიდან, გახევებულ ქალს სკამზე მიდი-მოდიოდა ფერი. ოთახში შევედი, მინდოდა მენახა ვისთან მოილხინა ნელიმ. როკივით დარჩენილი, მოოხრებულ სუფრაზე ტელეფონზე ეღლაბუცებოდა ვიღაცას და გიჟივით მარტო ხარხარებდა.
-რა ვქნა, გენაცვალე, მთელი ღამის უძილო ვარ, კიბოიანი ავადმყოფის ატანა ადვილია?! როგორი ნერვიულია ხომ იცით. არა, აბა სად მეცალა ეს დღეები.
-ვანიშნე სუფრა აალაგე, ოთახი გამოხვეტე უნდა დავწვეთ მეთქი. თითქოს მას არ ეხებოდა გაილაჯა, გაიფხორა როდის სანიტარი შემოიყვანა, როდის სუფრა აალაგეს, როდის ოთახი გამოხვეტეს, მედიკო დაემუქრა ნელის:
-თუ კიდევ დაატერორე გულიკო რამენაირი ფორმით, თმებს აგაგლეჯ.
ნათქვამი მგონი არც გაუგია, არხეინად გაიხურა კარი და გაიბოტა. მედიკომ ბულიონზე და თბილ-თბილ ხაჭაპურზე დამპატიჟა. გულიკომაც შეჭამა, ჩირის ცხელი წვენიც დავლიეთ და დავწექით. მარტო, რომ ყოფილიყო გულიკო, ნელი უეჭველად მოკლავდა და ოპერაციას დაბრალდებოდა უსათუოდ მოსაკლავად წამოიყვანა და, თორემ რა ეტყობა, რომ რამე აწუხებს, ჩამოქნილი ქამელეონი, გახრწნილი უბედურებაა.
ღამე მშვიდად გავათენეთ. მეორე დილით მედიკო გულიკოს მეზობელმა თამრიკომ შესცვალა, რომელიც ჩემიც დიდი ხნის ნაცნობი იყო. პლატაში მომთბარმა და მოშინაურებულმა სიტუაციამ გულიკოზეც კარგად იმოქმედა. გადახვევებზე თვითონ გავიდა. თამრიკომ მოიცალა და საუზმის მომზადებას შეუდგა. მანამ გულიკო შემოვიდოდა, თამრიკო ცოტას მოგვიყვა გულიკოზე. ,,ცრემლივით წმინდაა, ალალი თხემიდან - ფეხის ფრჩხილამდე, სამართლიანი, აბსურდამდე დიდსულოვანი და მიმტევებელი. ერთგული, სანდო და სათნო ადამიანი. რომელიც თავისზე ნაკლების მეგობარია, მეტის - დამცველი. მოსისხლე მტერი, რომ იყო, არ გაგაცუდებს, იშვიათი ნიჭის პატრონი. 9 წლის ბავშვი დასა ზრდიდა. დიდი თანამდებობები ჰქონდა, და-ძმაც გულიკომ გაქაჩა, ლაფიდან ამოათრია ორივე, გზაზე დააყენა, ცხოვრება შესძინა, საკუთარი დაუთმო. მარტო ნელიმ სამჯერ ბინა გაუქურდა, გაუყიდა, რაც თავი მახსოვს, ლანძღავს და ათრევს. უთავშესაფროდ, ნერვებდახურული, გულგაგლეჯილი გულიკო არც კი ამბობდა, რა ხდებოდა. ნელიმ ორჯერ სიცოცხლეც გაუყიდა.
-როგორ?
-ორი უმძიმესი ავტოკატასტრფა გადაიტანა. ორივეჯერ ნელიმ გააკეთა დიდი ფული. გულიკოს არც გააგებინა რა ქნა, ერთი აბიც არ უყიდია მისთვის. აბა, რამე ცუდი ათქმვინე მათზე. რკინა კი არა, ფოლადის მოთმინება აქვს. ნელი ძალიან უბედურია ამდენი ქონება მოიხვეჭა და ძღომას ვეღარ იგებს - გაღორდა. ზოგჯერ მგონია მთელი სამყაროს წისქვილის ქვები ლეწა და ლეწა გულიკოს თავზე და-ძმამ თავის შესაქცევად.
-ნელი ეკლესიურია?
-დიახ, წყნეთის მამაოს სულიერი შვილია, ეკლესიაში კარგად იმალება, თორემ ღმერთი ისე სწამს, როგორც მე ნელის სიკეთე. ალბათ ერთხელაც არ უთქვამს სიმართლე აღსარებაზე. გულიკო შემოვიდა და გავჩუმდით. ექიმმა მოაცილა, წნევა გაუსინჯა, მიეფერა და გავიდა. სასაუზმოდ დავჯექით, ექიმი ისევ შემოვიდა, თამარი გაიხმო. გამაჟრჟოლა, ისევ ცუდისკენ გამიქანდა ფიქრი. გულიკო მშვიდად შეექცეოდა ჩაის, ვერ მოვითმინე და დერეფანში დავხვდი თამარს.
- გულიკოა ცუდად? - ვკითხე.
- არა, მირჩია და არ შევახვედრო, როგორ მოვიქცე?
- არ შევახვედროთ? მაგრამ როგორ?
- პალატაში შევიდეთ მიხვდება.
შუადღემდე მშვიდად მიდიოდა საქმე, გულიკოს კიდევ ერთი მეგობარი, ექიმი თამარი ეწვია. ანალიზები გადაათვალიერა. ვისადილეთ, პალატის ექიმიც შემოვიდა, თამართან რაღაცაზე გაესაუბრა, დაგვემშვიდობა და წავიდა. თამარმა ვერანდაზე, ჰაერზე გაიყვანა ავადმყოფი. ერთ საათში ექიმი თამარიც გავაცილეთ. ნაშუადღევს ჯაგარაყრილი, დაყიყვულ-დაკუნთული ,,ხარი’’ გამოგვეცხადა. თამრიკო რომ დაინახა, წამში უძვლო მედუზად იქცა, გამაოგნა ამ ქალის გარდასახვის უნარმა. ხახიდან მოგუგუნე სალამი დაგვიგვდო და მოგვიკითხა. დიდი ჩანთა კუთხეში მისდგა.
- აბა როგორა ხართ?
- რა მოგვიტნე? - ტკბილად ჩაეკითხა თამარი.
- რა უნდა მომეტანა, ესე ჩქარა შეჭამეთ სუპები?
- ხუთი პაჩკა ერთჯერადი, 30 -თეთრიანი გაზინთული სუპი სამი დღე უნდა ეჭამა ნაოპერაციებ ქალს? - გონება დამებინდა.
- თეთრეული ხომ არ წამოგიღია? - ფრთხილად შეეკითხა გულიკო.
- ცოტა გვიან შეგიცვლი, - დაიბღავლა ნელიმ - წადი, თამრო მადლობა, ამაღამ მე დავრჩები.
-არა უშავს, ხვალ დილით წავალ, ამაღამაც დავრჩები, - შეეწინაღმდეგა თამარი ნელის.
-ამაღამ მე დავრჩები, დილით თუ გინდა, ამოდი, დღე არ მეცლება.
-თამრიკომ შედავება უხერხულად ჩასთვალა, ჩაიცვა და მანიშნა გავყოლოდი.
-ინგა, გთხოვ ერთი წუთ არ დატოვო გულიკო, როგორმე ანიშნე მისი მოტანილი არაფერი შეჭამოს. მე არ მივდივარ, მიმღებში გავჩერდები, მოგვიანებით მოვალ ვითომ რამე დამრჩა და დავრჩები, ორი საათი მოითმინე. ნუ გამოხვალ პალატიდან.
-თამრიკოს მუდარა რად მინდოდა, სასწრაფოდ შევედი ოთახში, გულიკო საღამურის ამარა, ორპირ ქარში დამჯდარიყო სკამზე და ნელის აბორიალებული თეთრეულის გამოცვლას მოთმინებით ელოდა.
-ჩაწექი, გულიკო, ორპირ ქარში რად დამჯდარხარ, ხალათი მაინც ჩაიცვი.
-რა ჩაწოლა უნდა, ჰაერზე გაიარეთ.
გულიკო მიხვდა, რომ ტირანს უნდა დამორჩილებოდა. მე არ გავედი პალატიდან. ნელიმ, დილას გახეხილ-შელაგებული ტუმბო ყირაზე დააყენა, რა მოუტანა, რას ეძებდა. სადღაციდან ნათხოვარი ქურა მოათრია და ზინთის აქოთებული სუნით გაიჟღინთა ოთახი. 30-კაპიკიანი სადილი მოგვიმზადა.
-ნელი, გულიკოს დიეტური, შინაური ვარიის ხორცი, ხბოს რბილი მოხარშული, ბულიონოები, ხილი და წვენები უნდა. აგვისტოა, სავსეა ბაზარი ამ სიკეთით, კაპიკები ღირს, ამ საშინელებით ხომ მოიწამლა ძლივს გამობრუნებული ქალი.
-იცი, რამდენი რამე მინდა, ინგა?! - ამოიხრილა კურომ და გახეთქვამდე დადღაძა თვალები. - რა, პური არა აქვს?
-არ ვიცი, რაცა აქვს მანდ არის, ისე ჩვენს სართულზეც არის კაფე, ყველაფერი იყიდება.
-რომ დასჭირდება, თვითონ იყიდის.
-დაავლო ქურას ხელი და პალატიდან გავარდა.
-პარკში ხილი აქვს, იქნებ წვენი მოუხარშოთ, დატოვეთ ქურა! - მივაწიე გაგენთებულ ნელის.
-ქურა პატრონს უნდა მივუტანო! ხილს ხვალ მოვხარშავ.
-გულიკო ქალებმა შემოიყვანეს და ჩააწვინეს. სასწრაფოდ გადავეცი თამრიკოს დანაბარები.
-დილამდე არც არაფერი მინდა, ჩემო ინგა, ნუ ნერვიულობ.
-ნელი შემოვარდა, თავისი მოტანილი პარკიდან ფართხაფურთხით ამოალაგა ქოშები, ხალათი, ნასკები და გადაიცვა. პარკში ჯერ გამოცვლილი თეთრეული ჩააწყო, მერე ცარიელი პარკებით გაბერა და თავსაფარი გადააფარა. სახიდან კოსმეტიკა ჩამოიბანა, ვარცხნილობა დაიშალა და უბრალოდ შეიკრა. მოღუშული, დიდი გულშემატკივარივით დაეკოსა სკამზე. ცნობისმოყვარეობით შევცქეროდით მოვლენებს. ამ პრცედურას ან მოფიქრება არ უნდოდა, ან ესე ვირტუოზულად გათამაშება, თითქოს მთელი ცხოვრება თვალთმაქცობასა და ოინბაზობაში გაელოს, ცოტა ხანში ვიღაცამ დაურეკა.
-კი, აქა ვარ. არა უშავს. წუხელ კარგად ეძინა. მოიხედა. სად წავალ კიბოიანი ავადმყოფის დატოვება შეიძლება? ჩემს მეტი ვინა ჰყავს. მეოთხე დღეა ფეხი არ გამიდგამს. კი, კი ისე სამი საათის შემდეგ ჯობია, ექიმები არ არიან, მეტი თავისუფლებაა.
გულიკოს მუდარით სავსე თვალებმა ხმა არ ამოიღოო გამაქვავა. ცოტა ხანში გულიკოს ნათესავებმა მოაკითხეს. აი, რატომ გამოეწყო თავზემდგომის ფორმაში ავანტიურისტი ნელი. მოგვიანებით სტუმრებმა დერეფანში, რომ ჩაიარეს პალატაში შევბრუნდი. მაგიდაზე ადგილი აღარ იყო, იმდენი ხორაგი დაეწყოთ. ნელიმ გააცილა სტუმრები და ფიცხლად გადაარჩია სანოვაგე.
-იმას დაგიტოვ, რაც გეჭმევა. მაცივარში ადგილიც არ არის შესანახად. წავიღებ და, რაც დაგჭირდება, მოგაწვდი.
პარკიდან ისევ ამოყარა თეთრეული, ისევ წამოაგდო გულიკო, დასვრილი თეთრეული გადაუფარა, გარეცხილი პარკში ჩააწყო და რაფაზე შემოსდო.
-ღამე რად გინდა სუფთა თეთრეული. დილით გადაიკარი, ხოლმე, მანამ ექიმები წავლენ, მერე ისევ ძველი იხმარე - და წამლიან, ლაქიან თეთრეულში ჩააწვინა ავადმყოფი. თამრიკოც შემოვიდა.
-პირადობა აქ სადღაც ჩამივარდა, უნდა დავძებნო. როგორღა წავალ, ტრანსპორტი არღარ არის.
-ძალიან კარგი, მე მაინც მივდიოდი. დარჩი ამაღამ.
-მიდიოდი? გულიკოს მარტოს ტოვებდი?
-გულიკოს რაღა უჭრს, რად უნდა ვინმე.
-ტაქსი გამოიძახა და ხორაგიანად გაშპა. ხმა არ ამოგვიღია. ჩაი დავლიეთ და დავწექით. ნეტა სად ეფარება დღე. ბინაში ვერ მივა, ხალხს არ აალაპარაკებს. მონასტერშიც არა მგონია თავზე ხელს უსვამდნენ, თუმცა თუ იტყუება, ალბათ, ინახავენ კიდეც. ორ კვირას ვინმესთან გადაათენებს. გაწერის წინა დღეს გულიკო ექიმმა გაიყვანა. თქმა რად უნდოდა, მაშინვე იცოდა, რომ სიმსივნე ავთვისებიანი ჰქონდა. ამონაწერი შემოიტანა და ბარგის ჩალაგება დაიწყო - უღონო, დაზაფრული თითები ფაქიზად ეხებოდა ნივთებს. ცრემლები ახრჩობდა მაგრამ ჩვენს განერვიულებას მოერიდა.

***
თვენახევრის შემდეგ გულიკოს სხივური თერაპიის განყოფილებაში შევხვდი. სტაციონარი გაეფორმებინა. მარტო იყო. სხივური თერაპია - გაძლიერებულ კვებას, დადებით ემოციებსა და ათასჯერ მეტ ყურადღბას ითხოვს, ვიდრე ოპერაცია. გული ჩამწყდა - მაგიდაზე პარკში გამოკრული პური და ბოთლით წყალი ედგა. ბედისწერა თორემ, ამ მდგომარეობაში სხვა იღბლიანს სიკვდილი წაიყვანდა. ხშირად შესვლას ვერიდებოდი. ერთხელ ძღვენით მოვიკითხე, საშინლად იუხერხულა. რამოდენიმე სხივის შემდეგ გულიკო ფერდაკარგული მეჩვენა. მივხვდი რატომაც და სხვათაშორის ვურჩიე, რაც ჩემზე კარგად იცოდა და ყველა წუთს უმეორებდა ექიმი.
-გულიკო, სხივების წინ კარგად უნდა მიირთვათ, შემდეგაც. დღის განმავლობაში 3-4 ლიტრი ნატურალური წვენი და ხილის კომპოტი დალიოთ, კვირაში ერთხელ მაინც თევზი და ვარიის ხორცი, მე 400 გრამ მოხარშული საქონლის ხორცს გეახლები ყოველდღე.
გულიკო არაფერს ამბობდა. გადაჯაჭვულ თითებს იწიწკნიდა თავჩაღუნული. შემრცხვა და საუბარი სხვა კალაპოტში გადავიტანე.
-აქ, კორპუსის უკან ველური ნუშის ფერდაა. შენობაში დიდი გამოსხივებაა. დილაობით იქ სეირნობა ცუდი არ იქნება.
გულიკოს არაფერი უპასუხია, სხვათაშორის შემომხედა. ერთხელ შაბათს დაემთხვა სხივი. გულიკოს შევუარე, არ იყო. მეზობელმა პარასკევს მიდის და ორშაბათს მოდისო. გამიხარდა, სამი დღე შინ სადილს მაინც გაიკეთებს მეთქი. ორშაბათს, რაღაც ალბათ აქაც მოაქვს. მისთვის სიმძიმის აწევა ეხლა დანაშაულია. რა ტრაგიკული ქალია.
სხივებს ვამთავრებდი და გამოსამშვიდობებლად შევუარე. ფიქრიანი მისვენებულიყო ბალიშზე. სუნთქვა შემეკრა, ავფორიაქდი. ისიც აწრიალდა. ცოტაც და ავტირდებოდით ორივე. ისევ თვითონ მოთოკა გრძნობები. ისეთი მტკიცე მზერა ჰქონდა, რაღაც გადაეწყვიტა. ტუმბოდან ფურცლების დასტა გამოიღო, რამდენიმე მოხსნა და გადმომცა. გადამკოცნა, მადლობა გადამიხადა ყველაფრისათვის და გამომაცილა. მანქანაშივე დავხედე ფურცლებს. დღიურის ნაწილი ჩანდა. რამდენიმე პარალელური განცდა დამეუფლა - ყველასი და ყველაფრის რწმენა დავკარგე. სამყაროს მიმართ გამიჩნდა პროტესტი და გამძაფრებული შიში საშინელი წინათგრძობისა.
***
პირველი გვერდი.
-მთელი თვეა გამჭოლი ტკივილები მაქვს მარცხენა ძუძუში. უამრავი რამ გავიკეთე, არ გამიყუჩდა. სერიოზულად სამკურნალო თანხა არა მაქვს. ტკივილებს ვეღარ ვუძლებ. ზოგჯერ მინდა დანით მოვიჭრა ძუძუ და გადავაგდო. დიდი ხანია ჩირად აღარ მიღირს სიცოცხლე, მაგრამ ჩემი უკუღმართი ბედი, ჩემი ტანჯვით ტკბება. არ ვიცი რატომ, ძვირფას დაიკოს სამი დღის წინ ექიმთან გამოყოლა ვთხოვე. ძუძუ სასწრაფოდ საოპერაციოაო, - ტკივილს ვეღარ ვუძლებ. პოლისი კი მაქვს, საოპერაციო თანხას სახელმწიფო მიფარავს, მაგრამ პატრონი ხომ მინდა?! ექიმის შემდეგ დას არც კი დაურეკავს, არ უკითხავს, როგორა ვარ.

***
ნებისმიერი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში სტრესია. ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას შესაბამისი ძალისხმევა უნდა. უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინ გიწვდის ამ დროს დახმარების ხელს. ვინ გიდგას მხარში, რამდენად საიმედოა მასზე დაყრდნობა, ამ დროს სიტყვას კი არა, გამოხედვასაც მომაკვდინებელი ძალა აქვს. მარტოხელა ქალს, გაგანია პოლიტიკურ ომში, უსახსროს გეუბნებიან სასწრაფო ონკოლოგიური ოპერაცია გჭირდება. თავს თუ არ მოიკლავ, როგორც მინიმუმი აგონია გაქვს. თუ ვინმე გაბადია ქვეყანაზე, ეხლა გინდა თანადგომა, მითუმეტეს იმისი, ვისზეც ამაგი და ღვაწლი გაგიწევია.
-რა გნებავს, რისთვის დამიბარე, დროზე მომახსენე, არა მცალია - ამრეზილი, შხამით სავსე ხმა ,,დაიკოსი’’.
-,,მოვახსენე’’.
-მერე მე რა შუაში ვარ? ოპერაცია უფასოა, წადი და გაიკეთე,
-სამზარეულოში მიიზაქება, ალბათ, ისევ დანა-ჩანგალსა და ჭურჭელს მომპარავს, ხელსაყრელი დრო აქვს.
მეზობელი შემოვიდა ცისია.
-რა კარგია, რომ გამოჩნდი ნელი, სამი დღეა კარს არ გვიღებს, ლუკმა არ გაუღეჭავს, ხო რჩები. საჭმელი კი შემოვუტანე, მაგრამ, კითხე რა უნდა და გაუკეთე, იქნებ შეჭამოს, ჩაიც აქ დავლიოთ კარგი?
-თქვენი აცქა-ცუცქა თამაშისათვის არა მცალია, - კარში გახერილი ნელი ძალით შემოაბრუნა ცისიამ.
-შენ ადგილზე ნელი, წუთით არ მოვშორდებოდი დას, ამას ეხლა გამხნევება და პატრონობა სჭირდება. სამი დღე, და არ უნდა მოგეკითხა, რატომ იყო ჩაკეტილი არ გაინტერესებს, თავის მოკვლა სცადა!!! ამგვარ მდგომარეობაში დატოვება როგორ იქნება? სასწრაფო საოპერაციოა რაღას უცდი...
-პატარა ხომ არ არის, თვითონ გადაწყვიტოს, რა უნდა, თუ სიკვდილი უნდა გზა აირჩიოს, თუ ოპერაცია გაიკეთოს. ჩაის უჩემოდ ვერ დალევთ?! - ნელი კარში გაიძაძღა და აორთქლდა.
-ერთი სული აქვს როგორ გაგიხეთქოს გული. რა დროს თავის მოკვლა იყო, ოპერაცია უნდა გაიკეთო და უნდა გათხოვდე. რისთვის აკლავ თავსა და ნერვებს ამ ნაძირალას, შვილი რომ გაგეჩინა, შენი გაჩენილი ხომ შენ დაგემგვანებოდა. 9 წლისა ნელის დაათრევდი, სკოლაში შენი და-ძმის პრობლემებს აკლავდი თავს. ინსტიტუტი არ შეგარჩინეს და სამსახურები, მთელი ცხოვრება ლაფში ნათრევი ლოთი და ბოზი ქაჩე, რით გადაგიხადეს?! კუზიანს სამარის მეტი არაფერი ასწორებს, გულს ნუღარ იხეთქავ, თვითონ გადახდებათ მისხალ-მისხალ ყველაფერი და უფრო მძიმედ იცოდე. რა უყავი აბები, აღარაფერი დალიო, გეხვეწები. ვნახოთ ხვალ-ზეგ თუ წაგიყვანს საოპერაციოდ, თუ არა, ჩვენ მოგხედავთ. ნუ ნერვიულობ. მარტო არ უნდა გამოკეტილიყავი, შენი ბუნებისა და ინტელექტის ადამიანი.
ცხოვრება შესწირა ამას, ეს შედეგი, რომ მიეღო. ყოველთვის ჰყავდა თავზეხელაღებული ქალ-კაცების ბრიგადა, რომლებსაც რაღაცა დაინტერესების სანაცვლოდ იყენებდა. ნახევრად ბრიყვი ხალხი, ან მშიერი, ან სულელი, ენით, ფულით, მუქარით ჯერ სულში ჩაგიძვრება, რაღაცით თანაზიარს გაგიხდის ფსიქოლოგიურად. მერე კლანჭებში ჰყავხარ ჩაბღუჯული - ყნოსვა აქვს ნაძირალებზე.
-როგორ გავჯიბრებოდი? მაგის მგელ-ბაზარა დაქალებს. გამუდმებით ჩემი მოთხრით იყვნენ დაკავებული, ზოგი არც მიცნობდა ფიზიკურად, მაგრამ ესეთი დავალება ჰქონდა. ჩემი თავმოყვარეობის გამო, ვერასოდეს ვამხელდი რა გეენაში ვიხარშებოდი, თვალი რომ ჩაიშლება თუ არ შეაჩერე მთელ ნაქსოვს ჩაშლის, ამას, სამწუხაროდ, გვიან მივხვდი. ჩემი კუთხეც არ შემარჩინა, რა დანაშაულის გამო? საკუთარი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების განადგურებაში გამოუღამდა.
-შენ უბიწო, სიკეთის ხატი ხარ. როგორ გამოეჯიბრებოდი?!
-რა გითხრა, ბევრი ალოგიკურობაა სამყაროში, ბოლოს და ბოლოს ისიც სიკეთისა და ბოროტების სინთეზია. ბოროტი ვის ებრძვის - კეთილს. ცუდი ის არის სიკეთე ვერასოდეს იმარჯვებს, ან ისეთი დაგვიანებით, აზრი აღარა აქვს. ეს ჩემი შემთხვევაა.
-არა ხარ მართალი, მეტისმეტად ფაქიზი ხარ, ამდენ უბედურებას ისე იკლავ გულში, არც იმჩნევ. რა გგონია მარტო მტერი გყავს, ან რამე იმალება? ან ამ ,,ხარ-კატას’’ შერჩება რამე?
-რა ვქნა, ვერავის შევაწუხებ, თუ გამომყვება ოპერაციაზე, ეს უნდა გამომყვეს.
-ფულს გააკეთებს შენი ოპერაციით, იქ მოგთხრის და მოგანიავებს, აქ გაგქურდავს და მიგასიკვდილებს, აი რას უკეთებ საკუთარ თავს.
-ვინ დავავალდებულო, მიპატრონოს?
-,,ხარ-კატა’’ ხომ ისე გიპატრონებს, რომ... არ უნდა მოგეწყო ინსტიტუტში. მის მაგივრად შენ არ დაგემთავრებინა, სამსახურები მაგის ხუშტურებზე არ გეშოვა, მთელი შენი ნაშრომი მაგას არ ენიავებინა თავის ჭკუაზე, აქ რაღას უშვებდი? - საცვალი აღარ დაგიტოვა, ცხელება აქვს, მანამ სულს ამოგხდის. რა გაცინებს? დედაშენი ლოგინიდან არ უშვა, არ გაახარა, შენ წასული იყავი და არაფერი იცი, მანამ მისი სული არ მიიბარა, ძმას შვიდჯერ დაუნგრია ოჯახი, რაც თვითონ ვერ წაართვა, მამამისით გაანადგურა. შენ აჩუქე ბაბოს წილი, ისიც წაართვეს - იმასაც გული გაუხეთქეს. მამაშენი? 130 კილო კაცი, კუბოში ძვლები ეყარა - ხო ნახე, ნახევარზე გაგდებული ჰყავდა სახლიდან, უბედური. ერთხელ თავსაც იხრჩობდა, რატომ არ გაკარებდა მოსავლელად, კარჩაკეტილში რას უშვებოდა იმ საცოდავს. კვირაში ერთხელ ბორშს გაუკეთებდა, დაბანდა და ათ მღვდელს მიიყვანდა, აქაოდა, რა გოგო ვარო, როგორ ვუვლი მშობელსო, ფაქტიურად ცოცხალი აკურთხებინა, რა მისცა იმ სამ დღეში, რითი წამლავდა, საწყალი, ღმუოდა, ყმუოდა, მიშველეთო - კარებს ფხოჭნიდა, როგორ გვეშველა? მანიაკია ეს ნაძირალა - ყოჩაღად იყავი, ფხიზლად იყავი, ნუ ენდობი, შოშიასავით მაგის მოტანილს ნუ ჭამ. ეკლესიებსაც იმიტომ იცვლის, ერთგან დააშავებს, მანამ გაიგებენ რა ნაძირალაა, უკვე სხვა ეკლესიას ბურღავს, მანიაკს ერთი სიავე ხომ არა ჰყოფნის. ეკლესიით ვაჭრობს, ფულს აპროცენტებს. რამდენს იპარავს, ვინ უანგარიშებს, მე შენ გეტყვი მსგავსი მღვდლები ცოტა ჰყავს ეკლესიას? რა ჯანდაბად უნდა ამდენი კედელი, ამდენი ფული ზუსტად მაგის გამო შეჭამენ ძმიშვილები?! მარტოხელა მრევლს დაერია და ბინებს იანდერძებს - მაკლიარობს - იცოდი?
-არა, ცისია, ხვალაც დაველოდები, შევხედავ რას იზამს, მერე როგორც განგება ინებებს, ჩემი სიხოცხლე ჩემი ნება არა ყოფილა.
***
20 აგვისტო.
-დილას სდრე გამეღვიძა. მშია, მაგრამ არაფერის თავი არა მაქვს. ერთ ყლუპ ცხელ ჩაის, რომ მომიტანდეს ვინმე. ესე მომჩვარულს სად წასვლისა და ოპერაციის თავი მაქვს?! ერთხელაც ხომ არ მესინჯა აბები, არა, სადღაც ძველი მადუღარაა ჩავრთავ და დამთავრდება წამება. ძალა მოვიკრიბე, ავდექი, ვიპოვე მადუღარა, ვედროში წყალი ჩავასხი და ჩავრთე, ჩავიცვი, პირი დავიბანე, ლოგინი მივალაგე, მკვდარი საჭორაო რომ არ გამხდარვიყავი. არქივი მეგობარს დავუტოვე ბარათით ჩემი სიკვდილის შემდეგ სად უნდა წაეღო და აბაზანაში, რეაქციის გარეშე ჩავყავი ხელი მადუღარიან წყალში. ჰოი, საოცრებავ, ცოცხალი ვარ. იქნებ მადუღარას უნდა შევხებოდი, ისევ ჩავყავი ხელი და პირდაპირ მადუღარას დავადე, დამეწვა მაგრამ არ მოვკვდი, აღარ ვიცი, რა ვქნა, ორივე ხელი ჩავყავი, ელექტრო-გაუმტარი ვარ თუ რა ჯანდაბაა, ისტერიკა დამეწყო, ვწყევლი გაჩენის დღესა და ყველაფერს, რასაც ვხედავ, მეზიზღება სიცოცხლე.
-კარზე დააკაკუნეს. აშკარად მესმის კარზე აკაკუნებენ, ვედროში ხელჩაყოფილს დამადგა ცისია, თვალები შუბლზე აუვიდა.
-რას აკეთებ გულიკო?
-მინდა გადავივლო.
-გამოდი დამენახვე, ხელებს იბან ვედროში?
-არა, წყალს ვანელებ...
-ჩართულ მადუღარაში ანელებ წყალს?
-ჰო რა იყო?
-არაფერი, პლასტმასის ვედროში დენი არ გადადის, გამოდი, ჩაი დავლიოთ.
,,აი თურმე რატომ არ დამარტყა დენმა’’.
-კარგი მოვალ.
-ცისია ჩაის აწყობს. როგორ იკლავენ თავს რა ვქნა, აღარ ვიცი. ჩაი დავლიეთ. ცისია წავიდა, ჩავწექი, მამცივნებს, ვერ ვიძინებ, ვშფოთავ, კიდევ რა მოვსინჯო. კანიბალებშიც სხვაობაა. ყველა კაცისჭამიაა, მაგრამ ზოგი კეთილია - უცბად შეგჭამს, ზოგი სულს გაგიმწარებს ნაწილ-ნაწილ სიკვდილით. მანიაკი კანიბალებიც არიან, წარმოუდგენელი სისასტიკით მიგასიკვდილებენ, გონდაკარგულს და არ შეგჭამენ, მოგასულიერებან და რამეს მოგახრავენ, ისევ მიგასიკვდილებენ და ა. შ. აი ესეთი ომელიაა კანიბალია ნელი. მთელი ღამე ოთხ კედელში სიკვდილთან გამოკეტილმა გავატარე, მაგრამ სიკვდილიც გაჯიუტდა. დილას კარგად გამოძნებული, ცხიმით ლაშებაპრიალებული, გაბერილ-გაპრანჭული, ბაზრობაზე წასასვლელად აზიზილ-აპიპილებული ნელი მოიძაძღა.
-აბა, როგორ არის საქმე? - ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფიებლად იკითხა და სამზარეულოში გავარდა. ეტყობოდა, კიდევ რამე დარჩა მოსაპარი, თორემ თვითონ არაფერი მოუტანია მე კი რისი მომზადების თავი მქონდა. პოლიეთილენის ჭრაჭუნი და ჯამ-ჭურჭელის ჩხრიალი ატყდა. პარკი შემოსასვლელში დააზღერთა და მომიბრუნდა - აბა, თავი ვერ აგიწევია, ოპერაციის გადამტანი ხარ? გადავდოთ თუ წავიდეთ, ავტობუსში ვინ ჩაგდებს. სანავიოს გამოვიძახებდი უფასოა, მაგრამ მძღოლს რაღაცა მაინც უნდა ვაჩუქო. მამაოსათვის აკრეფილი 9000 დოლარი მაქვს, იმას ხომ არ მოვაკლებ, გასაპროცენტებელი ფულიც მიდევს, მაგრამ ვერ დავხარჯავ. რომ ვისესხო 30 ლარი სიცილით დაიხოცებიან, თვითონ ფულში იხრჩობა, დის წასაყვანად 30 ლარი გაუქრაო. მე ბაზარზე უნდა ავიდე, ვნახოთ რა ხასიათზე ვიქნები.
სიცხისაგან დაშაშაშრულ ადამიანს უდაბნოში წყალი, რომ მოსწყურდება, ისე მწყურია სიკვდილი.
-იქნებ მანქანა გენახა და გადაწყდებოდა ან ასე, ან ისე.
-არ ვიცი, ვანახოთ, რა მანქანა გინდა, უფასოა სანავია, მაგრამ თუმანი მაინც ხომ უნდა მივცე მძღოლს, შენ რომ გამოიძახებდე, მარტო გაჰყვებოდე, მე ვინმეს მანქანით უკან გამოგყვებოდი, მძღოლი რომ წამოვიდოდა, მოგხედავდი საავადმყოფოში.
-რა მანქანით გამომყვებოდი, მაგის საშუალება თუ გვაქვს, სანავია რად გვინდა?
-საშუალება იმდენი მაქვს, ვერც კი წარმოიდგენ, მანქანას თუ მინდა ათს ავიყვან და ჩამოვიყვან ლისზე, ეკლესიაში მანქანების მეტი რა არის, მაგრამ შენ როგორ გამოგაჩინო?! მოკლედ, მოვიფირებ, რაღას გეღადავები, ვანახოთ...
შემოსასვლელში პოლიეთილენის მძიმედ დატვირთული პარკი გაახრიალა და კარში გაიზორტა. წუთებში ცისია დამადგა სავსე ჩნათით.
-აქ ყველაფერია შენი საცვლების გარდა, რა ჩაგიწყო, პირი დაიბანე, ბორისი მზად არის საავადმყოფოში მივდივართ.
-მოსახდენი მოხდეს, ცისია. დავიცდი, მანამ შევძლებ. თქვენი სიკეთე ციდად არ შემოგიბრუნოთ ომელიამ.
-ყველაფერზე შენ ნუ ფიქრობ. ამ წუთში შენა ხარ მისახედი, მერე რა მოხდება, ვინ რას იტყვის, წინასწარ ტვინს ნუ იხეთქავ. ჩაალაგე რა გინდა, მივდივართ! ეზოში ჩასულმა ომელიამ ბორისის მანქანა, რომ დაინახა, ალბათ, ისირცხვილა, მეზოლბლების დასანახად ეზოდან ტაქსით გამიყვანა 1,20 თეთრად, ჩამაგდო დანჯღრეულ ავტობუსში და ცოცხლა-მკვდარი მიმიყვანა საავადმყოფოში.

***
შუაღამე გადავიდა. ვეღარც ვკითხულობ, ვეღარც ვეშვები. არც მეძინება, ისე დავითეთქვე, თითქოს მთელი დღე ერთი ტონა რიყის ქვა მეზიდოს. უბედურების ბურუსში ჩაძირულს გული მეთუთქება, რომ გულიკოსათვის შველა არ შემიძლია. ბოლომდე ვკითხულობ ორ ფურცელს იმ იმედით, რომ რაიმე სიკეთით დავიმშვიდებ გულს.
15 სექტემბერს გამწერენ, დღეს 13-ია, გაწერილ ავადმყოფებს ვაკვირდები. ვხედავ, როგორი ზარ-ზეიმით მიჰყავთ შინაურებს, მოკეთის სიცოცხლის გაგრძელება უხარიათ, მათ ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. ერთი რაც კითხვად ამყვა - არც ერთ ავადმყოფს საკუთარი ჩანთაც არ უჭირავთ ხელში. პალატის მეზობელმა ამიხსნა
-უჯრედის სტრუქტურის დარღვევას სიმძიმე, ნერვიულობა, მკვეთრი ტემპერატურა იწვევს. ექიმი პირველი ექვსი თვე თქვენც აგიკრძალავთ ისეთი ბანალური სიმძიმის აწევას, როგორიც ჩაის ჭურჭელია, აკრძალულია ცივი და ცხელი წყლის მკვეთრი მონაცვლეობა, სასურველია რაიმე სტაბილურ ტემპერატურაზე ჩამოყალიბდეთ ხელ-პირის დასაბანად, ჩვენი ყველაზე დიდი მტერი სიმძიმე და ნერვიულობაა.
ხვალ დილას ექიმი ,,ფორმა ოცდაშვიდს’’ მომცემს, ზეგ გავეწერები. უნდა მიხაროდეს, თუ უნდა მწყინდეს მომავალი, ვერ ვაცნობიერებ.


***
ექიმთან ორივე შევედით. ახალი არაფერი უთქვამს. დიაგნოზი ვიცოდი. ნელის გაუყარა თვალი თვალში და კატეგორიულად გააფრთხილა:
-უჭკვიანესი და შესაშური და გყავს, ძალიან გაუფრთხილდი. შენი ბოროტობით ნუ მოუსწრაფებ სიცოცხლეს. როგორც კი გულიკოს ცუდ მბავს გავიგებ, პირადად მე გიჩივლებ დის მკვლელობის მცდელობაში, მოწმეები ბევრი მყავს, იცი, ხომ? აბა შენ იცი, გულიკოს სისხლის დალევა, რომ მოგინდეს, თითი გაიჭერი და საკუთარი მიირთვი, უფრო შეგერგება. გულიკო, საყვარელო, ერთი თვე ისვენებ, ლიმფაზე ათი პროცედურა დაგრჩა, ამას ვამთავრებთ, დღე არ უნდა ჩამიგდო, ლიმფას ვამთავრებთ და ვაგრძელებთ სხივურში-ინფილტრატზე. დილით წასვლამდე გნახავ. ეხლა წამოწექი, დაისვენე.
აღარავინ გამიფრთხილებია, რადგან ნელიმ ბრძანა ათ საათზე გაგიყვანო. ჩაცმულ-ალაგებული ველოდები 10-11-12. რამდენჯერმე ექიმი შემოვიდა: რატომ არ მიდიხარო? ,,ხარ-აქლემა’’ ტელეფონზე არა მპასუხობს. რა ვქნა, მარტო როგორ ავიჩონჩხლო ამდენი ტვირთი და ამოწყვეტილივით, საპალნეაკიდებული გავიდე საავადმყოფოდან. მეტი გზა არ არის. ნაწილს აქ დავტოვებ, რასაც მოვერევი შებინდებისას ტაქსით წავიღებ სახლში.
ჩაბნელებულ კიბეებზე ტაქსის მძღოლი მომეხმარა. კარი გავაღე და ხროტინი ამომხდა. ექიმის გაფრთხილებამ გაჰკვესა გონება. ,,ვერაფერი მოგერევა, თუ სიცივეს, სიმძიმესა და ნერვიულობას მოერიდებიო’’. ოთახი ამოეყირავებინათ, რაც ვერ წაეღოთ, იატაკზე ეყარა იავარქმნილი. თეთრეული, ტანსაცმელი, წიგნი, ტაფა და ტუფლი ერთმანეთში აეზილათ, თითქოს ქურდობა ქურდობისთვის კი არა, გულის გასახეთქად მოეწყოთ. გაბოროტებამ გამთიშა, გონზე ისევ ტკივილმა მომიყავანა. ეტყობა, გულწასულს მძღოლი ასაწევად დამწვდა, მარცხენა მხარეს ზუსტად ოპერაციზე შემეხებოდა, საშინელმა ტკივილმა გამომაფხიზლა, მძღოლს ფული გადავუხადე და მეზობელთან დავაძახებინე. მეზობელზე ადრე ნელი შემოიძაძღა, სადღაც იყო ჩასაფრებული სახლში. სანახაობით გაბედნიერებულმა ჭიქით წყალი მომიცუნცულა. ის იყო უნდა დამელია...
-არ დალიო გულიკო! - იკივლა კარში ასვეტილმა ცისიამ, - არ დალიო!...
-ცისიამ ჭიქა ხელიდან გამომგლიჯა და გადაღვარა. ნელი მოჩვენებასავით გაქრა. მეზობლები შემოვიდნენ, პირკატა ეცათ სანახაობაზე. რეაქციის უნარი აღარა მაქვს. მესმის ფრაზა:
-რა ამბავი დაუტრიალებიათ? ვინ ჩაიდინა? ვინ გამოგიყვანა საავადმყოფოდან?
ქალები კარში ავად აჩოფრილ ნელის მიუბრუნდნენ, რომელიც უშფოთველის ნიღბით თვალებაძგიბული, ვითომ პირველად ხედავდა მდგომარეობას. ბოროტებით აჩუხჩუხებული სისხლი მოვლენების განვითარებით ხომ უნდა ჩაეცხრო. ცისია მიხვდა სიტუაციას და მომიბრუნდა:
-ადექი გულიკო, ჩემთან დაწექი აქ მილიციას უნდა გამოვუძახოთ.
-მილიცია ბინას მიგილაგებთ, დაიძინებს და მივალაგებ აქაურობას: - დაისისინა ნელიმ. - ძილში ნაქურდალი დაბრუნდება თუ რა?
-რანაირად უნდა შემოსულიყო ქურდი. ვინც არ უნდა იყოს, ამის ჩამდენი უნდა დაისაჯოს! არა მშვიდდება ცისია.
-უცხო არავინ გამოჩენილა სადარბაზოში.
-სწორეა. ყველა ყურადღებით ვიყავით.
-ბინა გასაღებით არის გაღებული. რადგან ვერავინ ვერაფერი გავიგეთ.
-გულიკო გასაღები ვინმესთან გქონდა დატოვებული?
-თვითონ დარჩა ბინა ესე, ოპერაციის წინ რა დღეში იყო, არ გახსოვთ?! - მოყირჭებული ირონიით ამოახრჩოლა ნელიმ.
-ცოტაც და სისხლი ჩამექცევა ტვინში.
-წადი აქედან ნელი!
-წავალ, ოპერაცია ხომ გაგიკეთე, რაღაში გჭირდება ნელი...
-გულიკო წამოდი ჩემთან. აქ მილიცია უნდა მოვიდეს! - კივის ცისია.
პირი მიშრება. ნასოსი ჩართეს არ ჩაირთო. ლევანი ჩავიდა სარდაფში და ნასოსიც ახსნილი აღმოჩნდა. ცისიამ მიიხედ-მოიხედა, ნელი გამქრალიყო. ცოტა ხანში დიდი ჩანთით აკიდებული მოგვადგა.
-აქ შენი ნივთებია. გასარეცხი თეთრეული და ჭურჭელი საავადმყოფოდან რომ გამომატანე.
სახტად დავრჩი ამდენ ჭურჭელს საავადმყოფოში რა უნდოდა. მეორეც როდის გამოვატანე რამე. რაც იყო, თვითნ მოვათრიე. ცისიამ თვალი ჩამიკრა - გაჩერდიო და თვითონ შეეარკლა ნელის.
-გასარეცხი თეთრეული ამდენ ხანს რომ არ შეგენახა - გაგერეცხა, ნაოპერაციები ქალი როგორ გარეცხს, ნასოსიც, რომ აუხსნიათ ვერ გაიგე?! აქ უცხო არავინა ვართ ნელი. ეს შენი ნავაჟკაცარია, რაც წაიღე მოიტანე, - დაბერდი ქალი ქურდობას აღარ უნდა გადაეჩვიო?! ექიმმა ეს გითხრა დას გული გაუხეთქე, საავადმყოფოდან გამოვა თუ არაო?! სანთელს მრუდი ხელით როგორ ანთებ, ან ამდენ ხანს როგორ ვერაფერი შეისმინე.
ეკლესია ხელმრუდებისა და ბოზებისაა, თქვენ რად გინდა სანთელი, ეს დიდი ხნის ცის ანგელოზი უნდა იყოს.
დამანჭული თითი ჩემსკენ მობრიცა ნელიმ და ჩაიხვივინა.
-როგორ უნდა გძულდეს ადამიანი, მითუმეტეს, სალოცავი და რომ ყოველ წუთს სიკვდილის მახე უგო. რატომ არ გამოიყვანე დღეს საავადმყოფოდან - დაამცირე, ეკლესიაშიც დიდ ვაჟკაცობად მიგაჩნია მისი თრევა, არაფერი გამოგივა. ვინც იცნობს გულიკოს გვიყვარს და ვეთაყვანებით, მეორეც დაფარული და უთქმელი არაფერი რჩება, არ იცი? შე უდღეურო, გულიკო, რომ გაჩუმებულია, გგონია, ვერავინ ვერაფერს გამჩნევს, ან არა გჭორავენ?
* * *
მოდღევებულიყო, რომ გამოეღვიძა. ოთახი მიელაგებინათ. სადილის გემრიელმა სუნმა შემიღიტინა ცხვირში - წუხანდელის შემდეგ მომშიებოდა. სამზარეულოში ცისია მეგონა, თამრიკო მოსულიყო.
-მშვიდობა შენს კეთილად დაბრუნებას! წუხელ გვიან დავრეკე საავადმყოფოში და მითხრეს, ტაქსით წავიდაო, რატომ არავის დაგვირეკე, შე გამოუსწორებელო ყანთელო შენა? მომესალმა თამარი.
ტაბლაზე გაწყობილ სუფრაზე სასალათეებსა და საინებს თავზე ხელსახოცები აფარია.
-რაო, თამრო, ქვაბის თავსახურებიც აღარ დაგვიტოვა ქურდმა?!
-კარგი ერთი, პირველად ხომ არ გაგქურდა. იქნებ ნასოსი დავაბრუნოთ, დანარჩენს ეშველება. ადექი, შეჭამე, პროცედურაზე უნდა წავიდეთ, გაცდენა, რომ არ შეიძლება, ხომ იცი?
დარუმბებული ხელი ვერ დავძარი. ის დღეც გამიცდა და მომდევნო ორიც, მანამ პროცედურა შინ არ გამიკეთეს. ლამის ხელახლა გასაკვეთი გახდა ჭრილობა. ჩადედებული ლიმფა ნევსს არ ემორჩილებოდა. ,,გრელკა“ და ჩემი საკუთარი სუდნოც კი მოეპარა ნელის. არც ნასოსი დაგვიბრუნა, დღემდე ცისიასაგან გამოყვანილი მილით ვიმარაგებ წყალს.
-რაც წაიღო, საიქიოში გავატანოთ 100 წლის შემდეგ, იქ მაინც აღარ იქურდოს.
ნელი ალბათ კარზე მოყურადებული გვისმენდა, როგორც ყოველთვის. უცხო თესლის ეგერივით მოჩოლპოტებული, ცალფერდად ჩამრეზილი სიფათით შემოალაჯა. კისერწაგრძელებული თავი გადრიკა და ჩაისისინა
-როდის გაძღებით ჩემზე ჭორაობით?!... - ვითომ მეტის ღირსი არ იყო, ან რამეს ვუგონებდით.
-როცა შენ გაძღები ქურდობითა და შინაურების ჭამით.
-სკამზე რაღაცა პარკი დააგდო მძიმედ, იქვე შებრუნდა და გაინთქა.
-მოდი, ვნახოთ რა მოგვართვა? - პარკში ლია ჩაძვრა.
დაკუჭულ-დაკუჭული ძველი გაზეთების გორა დავაყენეთ, ამოვიღეთ, როგორც იქნა პარკი, ძირში ალბათ სამი დღის ჩაობებული პური ჩაედო ,,დედა მარჩენალს’’. სიცილით დავიხოცეთ.
-ფსიქიურად ავად რომ იყო, მშობლელბი ვერ ამჩნევდნენ?! ეხლა მკურნალობა მაგისთვის დაგვიანებულია, რომ არც მოგეშვება, მანამ სულს არ ამოგხდის ეს მანიაკი, რა გინდა ქნა, თვითონ, როცა დაიღლება, ათ თავისზე ნაძირალას მოგისევს ,,მეგობრებს“ რა დაულევს როდისმე კი გადაგხდება, მაგრამ რად გინდა ცხოვრებას არ გაცლის და. ცისიას უნდა დავუძახო, რომ არ იჯერებს რა მოაქვს ხოლმე გატენილი პარკებით ნელიკოს.

***
არ მახსოვს, რამდენი მეძინა, მეძინა თუ არა საერთოდ. იქნებ საშინელ ბურანში მესიზმრა წარმოუდგენელი ტრაგედია გზააბნეული სამართლისა. უთენია ავიჭერი საავადმყოფოში ... პალატა ცარიელი დამხვდა. მუხლი მომეკვეთა. სულზე ჩამოცემული საფლავის ქვის მონოტორულმა რახუნმა დამიკენკა გონება. სისხლისაგან დაცლილი ძარღვები გამეყინა. არ ვიცი რატომ, ველური ნუშის ფერდისაკენ ვუტიე. ნუშის ხეებს ჯერ კიდევ სუსხიანი ღამე ეხურათ. ერთი ხის ძირში, დაჩაგრული კეთლშობილება აეტირებინა უსამართლობას. დიდი ადამიანობის გამო დაეჯიჯგნა და დაენაცრა იგი. კეთილშობილება ტიროდა, ცრემლებს ღრუბლები უსვამდნენ. მართლა ტიროდა კეთილშობილება, მართლა ლოშინდა ღრუბელი ცრემლებს. გაარავებული სხეული კეთილშობილებისა, ფაქიზ კონტურად აჰკვროდა ტატნობს და მძლავრად მოვარდისფერებულ ცისკარს დარდის პატარა ნაფლეთად ატორღიალებდა.
ველური ნუშის მწკლარტე სუნმა ნესტოები ამიწვა, ერთხელ კიდევ გავხედე ნაწამებ კეთილშობილებას, რომელიც გულიკოს მშვიდი, ჭკვიანი დიდსულოვანი თვალებით იღიმებოდა, იღიმებოდა... ჰო, ეს ნაწამები სული იღიმებოდა!!!... სულდანაცრული, გაავებული ვწყევლიდი მიწას, რომელიც გულგაფეთილი ერთნაირი მოთმინებით ზიდავს მგელსა და კრავს, არც გადაფირუზისფრებულ ცას ენაღვლება ვის ათოვს მისი ნათელი. მზეც უდარდელად უძვრება უბეში მრუდსა და მართლას. შემზარა... იმ წუთში მე ვინატრე სიკვდილი, მაგრამ სურვილების აცხადება ხომ ბოროტთა უპირატესობაა.
ისევ ამიწვა ნესტოები ველური ნუშის სიმწლაკემ. თვალებიდან ცხელი ღვარღვარება მოსკდა და წამლეკა.
მხარზე თბილი, მონუგეშებული მოთათუნება ვიგრძენი, მიწა გამეცალა სიხარულით. შევბრუნდი, გულიკოს დანახვას ველოდი, მსუბუქი სიცარიელე იდგა ზურგსუკან, გამჭვირვალე სიცარიელე, რომელშიც გულიკოს კეთილი სული ჩასახლებულიყო და უსიტყოდ მამშვიდებდა.
ისეთი დიდი და ამაყი ვბრუნდებოდი უკან, უსაჩინოესი და უდიდებულესი კეთილშობილება მახლდა მეგზურად.
განა ყველას ბოლო სამყაროში განთქმა არ არის?! კეთილშობილებად განთქმაა გვირგვინი სულისა. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ გულიკოსი ოდესმე რამე შემშურდებოდა მისი სულის სიწმინდე ვინატრე, შემრცხვა, დავიძაბე უგონო ფიქრისაგან და ღრმად, სიყვარულით ჩავისუნთე კამკამა ჰაერი გარიჟრაჟისა.
ავივსე ალალი სიწმინდით.
დიდებულია... გულიკო ეხლა მაინც ვეღარსად წავა ჩემგან. ერთი ამოსუნთქვაც ვერ დავრჩები უმისოდ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად
განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი

როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი

12:19 / 29.07.2019
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური
ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის
აბსტრაქტული.

ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.

13:35 / 28.05.2019
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ
არის, მოყვარეა ჩვენი თუ

,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","

11:55 / 13.05.2019
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე
იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
01:23 / 07.08.2017
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.